მიმდინარე წლის 6 თებერვალს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველები ბოლო წლების მუდვივ მეტოქე ალბანეთს სტუმრად ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.
საქართველოში ფეხბურთი სპორტის უპირველესი სახეობაა. სამწუხაროდ ჩვენებური მობურთალნი გულშემატკივრებს ვეღარ გვახარებენ და ამისი ნათელი დადასტურება გასული წლის მიწურულს, ეგვიპტესთან მატჩისას სტადიონზე მოსული მცირერიცხოვანი მაყურებელია.
1995 წლიდან ქართველი გულშემატკივარი ნაკრების მომავალი წარმატებების მოლოდინით ცხოვრობს. იწყება ევროპისა თუ მსოფლიო პირველობების მორიგი შესარჩევი სტადია და რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ეს იმედები წყალს მიაქვს. განსხვავება ერთია. თუ ალექსანდრე ჩივაძის ფორმაციის გუნდი სანახაობრივ თამაშს უჩვენებდა, თემურ ქეცბაიას კრებული დაცვაში ჩაკეტილ შეშინებულ მოთამაშეთა ჯგუფს წარმოადგენს რომლის უპირველესი ფუნქცია საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.
25 მატჩი: 9 მოგება, 8 ფრე, 8 წაგება. ბურთების შეფარდება 22:22. ასეთია თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ნაკრების მონაგარი. ქეცბაია 2010 წლის დასაწყისში ჩაუდგა გუნდს სათავეში და პირველი წელიწადი წაუგებლად ჩაატარა, წარმატებული სერია 2011 წლის აპრილამდე გააგრძელა და შემდეგ მარცხიანი პერიოდი დაუდგა, რომელმაც ნოემბრამდე გასტანა.
2012 წელი განსაკუთრებული არ ყოფილა.
2010 - 8 მატჩი: 3 მოგება, 5 ფრე, 0 წაგება, ბურთები 7:4.
2011 - 9 მატჩი: 3 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება, ბურთები 8:9.
2012 - 8 მატჩი: 3 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება, ბურთები 7:9.
რითი გაგვახსენდება გასული წელი? ალბათ, ოქრიაშვილის ბელარუსთან გატანილი ლამაზი გოლით და ესპანეთთან გამოვლენილი საერთო ეროვნული შემართებით. მეტი არაფრით.
ვისი ბრალია, რომ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების თამაშის ცქერა აღარ სურს - ქეცბაიასი? ფეხბურთელების? ფედერაციის? ალბათ ცოტ-ცოტა ყველასი, მაგრამ გამოსავალი რომ არ ჩანს? ქეცბაია ემოციური ადამიანია და ხშირად ფეხბურთელებთან, ჟურნალისტებთან თუ ვეტერანებთან ზომაზე მეტად ხისტია. მის პიროვნულ თვისებებზე საუბარი მართებული არ იქნება, მაგრამ ფაქტია რომ ამ პიროვნებას წინამორბედების მსგავსად შედეგი არ აქვს. ნაკრები იშვიათად კი აგებს მაგრამ ქართველთათვის დამახასიათებელი სათამაშო სტილი სადღაც აორთქლდა და მის დაბრუნებას უშედეგოდ ვცდილობთ.
მიმდინარე წელი თემურ ქეცბაიასთვის გადამწყვეტია. ამ პიროვნებამ უნდა დაამტკიცოს რომ მის მიერ არჩეული გზა სწორია და ბოლო დროს მომრავლებულ ოპონენტებს საკუთარი სიმართლე საქმით დაუმტკიცოს.
მოწინააღმდეგეები კი საკმაოდ მოუმრავლდა ბატონ თემურს. ამის მაგალითად ის ციტატები გამოდგება რომლებშიც ქართველი გულშემატკივრების აზრი ნათლად მოჩანს და რომლებსაც წერილის მეორე ვრცელ ნაწილში წარმოგიდგენთ.
„ქეცბაია უნდა გამოდიოდეს და ლაპარაკობდეს ყველაზე და ყველაფერზე ანუ რა ხდება გუნდში და ასეთ ვაკუუმში აღარ ვიქნებით როგორც ეხლა ვართ. შესაბამისად მის მიმართ ნაკლები კითხვები გვექნება. ისიც არ ვიცით რატომ არ არის პრესაში მასზე სტატიები ხშირად, როგორც სხვა ნორმალურ ქვეყანაში ხდება“.
„ქართული ფეხბურთი ისეთი საოცარი თემაა რომლის ამოხსნაც და განმარტებაც მე პირადად ძალიან გამიჭირდება.“
„ქეცბაიას თუ შედეგი არ ექნა, მტრისას... ტოპმიოლერის ლანძღვა მონაგონი იქნება“.
„დღეს ნაკრებს დისციპლინა სჭირდება პირველ რიგში. ჯობია დისციპლინირებული ფეხბურთელი გყავდეს გუნდში და ნაკლებად თამაშობდეს ვიდრე უდისციპლინო. ქეცბაია დისციპლინაზეა ორიენტირებული და ამ კაცის იმედი მაქვს. უბრალოდ ფეხბურთელების ნაკლებობა გვაქს ჯერ-ჯერობით. ნელ-ნელა განახლდება გუნდი და ეგებ რამე გამოვიდეს. უცებ არაფერი იქნება“.
„ვერც ქეცბაია ვერ ბრწყინავს ურთიერთობებში და როგორც ჩანს არც გუნდშია აწყობილი მდგომარეობა“.
„ლაპარაკია იმაზე, რომ მწვრთნელმა არ უნდა გააჩინოს ჯერ თვითონ მოთამაშეებში და მერე გულშემატკივრებში უსამართლობის განცდა. აბა მიდით და აუხსენით სირაძეს, რატომ არ თამაშობს ის, როცა ნაკრებში დაუშვილია (ვაფიქსირებ, რომ ამ ბიჭს არაფერს ვერჩი). აბა აუხსენით გოგუას, რომ ის ყველაზე სუსტი იყო ნაკრებში, ხიფათსაც კი ვერ უქმნიდა მეტოქეს და ამის გამო გააგდეს. აბა აუხსენით შაშიაშვილს, რომ ყველა ვინც ნაკრებშია, მას ჯობია. აბა აუხსენით დვალს, რომ მას თურმე შანსი მისცეს და ვერ გამოიყენა. აბა აუხსენით ადამიას, რომ მისი გამოძახება შანსი იყო, როცა ამხანაგური მატჩის 18-კაციან განაცხადშიც კი ვერ მოხვდა...
„კარგად ვიცი, რომ ას ფეხბურთელს 18 კაცში ვერ მოახვედრებ, მაგრამ ვისაც გარეთ ტოვებ, მათზე კითხვები არ უნდა რჩებოდეს. ნაკრები ნიშნავს საუკეთესოთა კრებულს და არა სხვა რამეს! გოგუამ თვითონაც კარგად იცის, რატომ მოკვეთეს ნაკრებიდან და შიდა სამზარეულო გარეთ რომ არ გამოდის და ის არ იწერება და ითქმება ზუსტად, რა სიტყვებით მიმართა ერთმა მეორეს, ეს შეიძლება კარგია, შეიძლება ცუდი, ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. გამოვიდეს გოგუა და თქვას, რატომ ტოვებს მისი აზრით ქეცბაია ნაკრებს მიღმა, რა მოხდა საერთოდ იმ დღეს, როგორ ფიქრობთ, დეტალებს იტყვის?“
„დააკვირდით ჩვენს წარმატებულ ფეხბურთელებს. ისინი ნიჭით კი არ გამოირჩეოდნენ სხვებისგან არამედ ჭკუით. არველაძე, კალაძე, კობიაშვილი.“
„მე ქეცბაიას დარჩენის მომხრე ვარ მაგრამ ეგვიპტესთან თამაშის შემდეგ კითხვა გამიჩნდა: გასაგებია რომ ამ მსოფლიო შესარჩევს შეთამაშებისთვის ვიყენებთ და ჩვენი მიზანი ევრო 2016 ზე მოხვედრაა, მაგრამ ასეთი დაცვითი სტილით ვაპირებთ ევროზე თამაშს?“
„კაცო??? სამი წელია ამ ნაკრებს ვუყურებ. არანაირი ფანტაზია თამაშში არ ჩანს. არც ერთი გამონათება ამ დროის მანძილზე... კონფლიქტები... კონფლიქტები... კონფლიქტები.... არ დამიწყოთ საქართველოს ჩემპიონატიდან რომ მიიწვია ფეხბურთელები, მაგის ბრალიაო. ეგ ხალხი ჩვენ ჩემპიონატს წარმოადგენენ და საჭიროა რომ ნაკრებში იყვნენ. ბევრი ლეგიონერი ვერ შეედრება რამდენიმე მათგანს. მწვრთნელი მაშინაა კარგი, როცა ფაქტიურად არაფრისგან ქმნის წარმატებას და ჩვენ გვაქვს წარმატება რაიმე???“
„სომხებმა ისწავლეს უკვე ფეხბურთის თამაში. მთავარია რომ ნებისმიერი მეტოქის შიში მოიხსნეს და იღბალს შეტევაში ეძებენ. წინა შესარჩევ ტურნირში იტალიას ეპიზოდებში სჯობნიდნენ კიდეც. ჩვენ კიდევ 7 მცველით, 2 ჩამშლელი ნახევარმცველითა და ერთი დაცვაზე ორიენტირებული თავდამსხმელით ვთამაშობთ, ასე შეიძლება ვიღაცას ფრე გაუგორო და თუ გაგიმართლა იქნებ მოიგო კიდეც, მაგრამ ფეხბურთის თამაშს ვერასდროს ვერ ვისწავლით“.
„ქეცბაიას მოსვლის შემდეგ ნაკრებს არ შეუტევია. ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩი იყო, აქ მაინც ეთამაშა შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი. კარგია აწყობილი დაცვა, მაგრამ დაცვით ტაქტიკას რომ თამაშობ და არც დაცვაში ვარგიხარ, მაგას ჯობია გაგიტანონ და გაიტანო, ლამაზი საყურებელი მაინც იქნება. უნდა მიხვდეს ეს კაცი, რომ არ აქვს შედეგი ამ ყრუ დაცვას. იმ ფეხბურთის დედა ვატირე გოლის გატანაზე მეტად 90 წუთი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე რომ ზრუნავ.“
„ჩემი აზრით, ქეცბაიამ კობიაშვილი უნდა დააბრუნოს დისკვალიფიკაციას რომ მოიხდის, რადგან მის გარდა ვერავის ვხედავ ვინც თამაშს გაშლის და ბურთს დაიჭერს (ყენია შეიძლება ფორმაში თუ შევიდა, მაგრამ კობი მაინც გამოცდილია).“
„ქეცბაიას მთავარი პლიუსები ის არის რომ: 1) გუნდი ბოლომდე იბრძვის! 2) დისციპლინაა გუნდში! 3) წაგებულის ფსიქოლოგია აღარ აქვთ ფეხბურთელებს. ეს კარგია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ძალიან ბევრს ნიშნავს!“
„ფეხბურთის აზრზე ნამდვილად არაა ქეცბაია. ძალიან ცუდ დღეში ვართ და ჩვენდა სამწუხაროდ გამოსავალი არ ჩანს. არც ბიძინას მოსვლამ უშველა ამ ყველაფერს და მოკლედ მგონი ჭაობში უფრო ღრმად შევდივართ. ფაქტი ერთია რომ უკვე მეოთხე თამაშია გოლი ვერ გაგვაქვს. ფინეთთან დამეთანხმებით შემთხვევით შევარდა ის ბურთი, ეგ არ ითვლება გოლის გატანად. ესპანეთთან რა თქმა უნდა ნოლი, ბელარუსთანაც ნოლი და აგერ ეგვიპტესთან ნოლი. შეტევაში გვიჭირს სასტიკად. სამწუხაროდ თემური არაა განსწავლული იმ დონეზე რომ რაიმე ცვლილება გააკეთოს ან ტაქტიკა შეცვალოს (თუ არის საერთოდ ესეთი რამე). ვერ ვხვდები რატომ უნდა ათამაშო მაგალითად კაშია "აპორნად". ეს კაცი მთელი ცხვორებაა თამაშობს მცველის პოზიციაზე, „ვიტესში“ არის მარჯვენა-ცენტრი ან მარგვენა მცველი, საიდან ძერწავს ეს თემო "აპორნობას" ამ პიროვნებისგან. კობახიძემ პირწმინდად ჩააგდო ბოლო 2 თამაში ეროვნულ ნაკრებში, მაინც ძირითადში დააყენა და აქაც ჩააგდო. ე ბიჯო, ვინმე სხვა დააყენე არ გაინტერესებს რას წარმოადგენს? გავიგეთ ეს თარგამაძე, ისევ ძირითადში? ვინმე ახალი დააყენე არ გაინტერესებს? გამოცადე! მოკლედ ამ პიროვნების ხელში პროგრესი შეუძლებელია
რა თამაშის სტილი, რა შემტევი, რა დაბალანსებული, რა ბურთის კონტროლი
რეებს ითხოვთ ხალხო? საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელი სანთლით საძებარია ჩვენს ნაკრებში, რა შეტევა და დაცვა, ნაკრების წარუმატებლობას განაპირობებს ფეხბურთელების დონე და შემდეგ მერე მწვრთნელი“.
„ქეცბაია უნდა წავიდეს. მის მიერ დანერგილი თამაში არ არის ჩვენი სტილი. სჯობია წავაგოთ, მაგრამ ვითამაშოთ, შევუტიოთ და უფრო ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ“.