კახეთში კომპენსაციების დარიგების პარალელურად საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. დაზარალებულთა ნაწილი დაშოშმინებას არ აპირებს. უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ შექმნილი არეულობის უკან ყოფილი მაღალჩინოსნები დგანან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც ამავე დროს კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელია, კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. იგი პირადად შეხვდა კახეთის სტიქიით დაზარალებულ პირებს და დაესწრო კომპენსაციების გაცემის პროცესს.
შერგელაშვილმა კომპენსაციის ასაღებად მოსულ გლეხებს დეტალურად განუმარტა საკომპენსაციო თანხის დათვლის მეთოდოლოგია და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენ ეტაპად განხორციელდება კომპენსაციების გაცემის პროცესი. ამის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილი თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ეწვია, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდა.
კახეთში კომპენსაციების გაცემის პროცესი უკვე 3 დღეა მიმდინარეობს და კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ინფორმაციით, კუთვნილი კომპენსაციების აღება მოსახლეობას შაბათ-კვირასაც შეეძლება. საწყის ეტაპზე ბანკ „ქართუს“ რეგიონული განვითარების სამინისტროდან 2768 ადამიანისგან შემდგარი სია გადაეგზავნა, რომელსაც 24 იანვარს 2 000 დაზარალებულის სია დაემატა.
თუმცა ლაგოდეხსა და ყვარელში მცხოვრები მოსახლეობა სტიქიით დაზარალებულებისათვის კომპესაცის გაცემის პროცესით უმაყოფილოა. ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენის მოსახლეობამ ადგილობრივ გამგეობასთან საპროტესტო აქია გამართა და გაცემული კოპესაციების თანხის სიმცირე გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით, სტიქის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა სრულად არ მოხდა, რის გამოც მათ კომპესაციის სახით უმნიშვნელო თანხა აიღეს.
„კომისიამ მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთი აღწერა. სტიქიამ ვენახები მთლიანად გაგვინადგურა. ეს ზარალი კი არ გაითვალისწინეს და მოხლოდ 100-200 ლარის ოდენობის თანხა გაიცა“, - ამბობენ უკმაყოფილო აფენელები.
მოგვიანებით, სოფლის მოსახლეობა ლაგოდეხის რაიონის გამგებლის მოადგილეს გიორგი ბიჭიაშვილის შეხვდა და კომპესაციის სრულად გაცემა მოითხოვა. გამგებლის მოადგილის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც აფენის ზარალს თავიდან დაითვლის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კომისიის წევრმა ზარალი არასწორად დაითვალა, შესაძლოა, მათი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხიც კი დადგეს.
თუკი სტიქიით მიყენებული ზარალი სრულად არ ანაზღაურდება, აფენელები გურჯაანი-თბილისის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
გაცემული კომპესაცია გააპროტესტეს ყვარელშიც. ლაჯერაშვილების ოჯახმა ზარალის ანაზღაურების სახით 75 ლარი მიიღო. სოფელ გავაზში მცხოვრები ოჯახი საპროტესტო აქციებით იმუქრება.
პარტია „საქართველოს გზის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩილ ჯორჯაძის აზრით, კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის საკითხის ირგვლივ შექმნილი არეულობის უკან კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გიორგი ბოტკოველი დგას.
„21 იანვარს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ინფორმაციამ კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტში ვნებათაღელვა და არეულობა გამოიწვია.
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში და გამგეობასთან აქციები გაიმართა. მოქალაქეებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს და გამგეობის შენობაში შეიჭრნენ. გადამოწმებული ინფორმაცია მაქვს, რომ ამ ქმედებების უკან დგას გიორგი ბოტკოველი“, - აცხადებს ჯორჯაძე.
მისი თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აპარატის უფროსის და გამგებელის მოადგილის პოზიციაზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში წინა ხელისუფლებასთან და კერძოდ კი, ბოტკოველთან ერთად სხვადასხვა ტიპის ქმედებებში მონაწილეობდნენ, რაც ადამიანთა დაშინებასა და მათი უფლებების შეზღუდვას უკავშირდება.
„მივმართავ თელავის გამგებელს, ყურადღებით შეისწავლოს და გადახედოს საკადრო პოლიტიკას და ასევე, მივმართვავ გუბერანატორის მოადგილეს ბატონ ბოტკოველს, ახლა მაინც სამართლებრივ ჩარჩოებში იმოქმედოს და მასზე დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს“, - განაცხადა ჯორჯაძემ.
ფონდი „ქართუს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკო ჩხეტიანი კი აბსურდულს უწოდებს კახეთის მოსახლეობის იმ ნაწილის ბრალდებებს, რომელიც კომპენსაციების მიმღებთა სიის გარეთ დარჩენას აპროტესტებს. მისი განმარტებით, თავად ფონდმა 2700-კაციანი სია მხოლოდ ორშაბათს მიიღო და დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი იმ დღეს, როცა აქციები გაიმართა, ამ სიებს ფიზიკურად ვერ ნახავდა.
ფონდ „ქართუს“ აღმასრულებელი დირექტორი არ გამორიცხავს, რომ აქციები, შესაძლოა, ხელოვნურად მართული ყოფილიყო. მისივე თქმით, სიაში მოხვედრის კრიტერიუმები არა „ქართუს“, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების, კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან დადგინდა და მას სპეციალისტები დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ადგენდნენ.
„ამ დროისთვის ფონდის მხრიდან 2700 ბენეფიციარზე 10 მილიონი ლარი გადაირიცხა და დაზარალებული მოსახლეობის სახელზე ბანკმა „ქართუმ“ ანგარიშები 2 დღეში გახსნა. ამ თანხებიდან ზოგმა ოჯახმა, შესაძლოა, 8000-ლარიანი ან 13000-ლარიანი კომპენსაციები მიიღოს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურად მიყენებული ზარალის მიხედვით განისაზღვრება“, - აცხადებს ჩხეტიანი.