რაც ძველი მთავრობის მოხელეებმა თანამდებობები დატოვეს, მას შემდეგ ტურიზმის ქება-დიდება და რეკორდული სტატისტიკური მაჩვენებლების წაღმა-უკუღმა ტრიალი წარსულს ჩაბარდა. ასე რომ, ძნელი გასარკვევია ესა თუ ის ტურისტული სეზონი „წარმატებულია“ თუ არა.
სულ ცოტა ხნის წინ კი მთელი მთავრობა დღე და ღამ კურორტებზე დამსვენებლების მოზღვავებაზე საუბრობდა, ადგილობრივები კი მუდამ ტურისტების ნაკლებობას უჩიოდნენ. ახლა ვითარება შეიცვალა. მთავრობას ტურიზმი თითქმის აღარ ახსოვს და მაინცდამაინც არც ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები წუწუნებენ.
მიუხედავად თოვლის სიმცირისა, ახლა „თეთრი ტურიზმის“ შუა სეზონია. თუმცა, საქართველოში ოდითგანვე ასე იყო, რომ ბაკურიანისა და გუდაურის გარდა, ზამთრის სხვა კურორტებს ტურისტები თითქმის არ ცნობენ. აქტიური სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, დამსვენებლების სიმცირეა ყაზბეგში, მესტიაში, ბეთანიასა და გომარდულში.
ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 22 დეკემბერს გაიხსნა. საქართველოს ზამთრის კურორტებზე ერთდღიანი დასვენების ფასი 30-დან 350 ლარამდეა. ათდღიანი დასვენება საოჯახო სასტუმროში 800 ლარი ღირს, მაღალი კლასის სასტუმროში - 3500 ლარი, ხოლო კოტეჯში - კვების გარეშე დასვენების ფასი 300 ლარია.
კურორტებზე დასვენების ღირებულებას სერვისი განსაზღვრავს. საქართველოს ზამთრის კურორტებს შორის დასვენება 2012/13 წლის სეზონზე ყველაზე ძვირი გუდაურშია. მაგრამ მოთხოვნაც ყველაზე მეტად სწორედ ამ კურორტზეა. განსაკუთრებით უცხოელებში.
„გუდაურში, ტრადიციულად, უცხოელი ტურისტები აქტიურობენ. ბევრია სომეხი, რუსი, უკრაინელი, პოლონელი და ფრანგი დამსვენებელი. შარშანდელთან შედარებით, მეტია აზერბაიჯანელი ტურისტიც. საახალწლოდ ჩვენმა სასტუმრომ მაღალი დატვირთვით იმუშავა. უფრო მეტად უცხოელები ისვენებენ, ადგილობრივი ტურისტები - ნაკლებად. სხვაობა თითქმის არ იგრძნობა შაბათ-კვირას, რადგან გუდაურს ძალიან ბევრი თბილისელი სტუმარი აკითხავს“, - ამბობს საოჯახო სასტუმრო „თრუსოს“ მენეჯერი ლევან კარიჭაშვილი.
სამაგიეროდ, პრობლემებია სხვა სამთო კურორტებზე. დიამეტრალურად განსხვავებული ვითარებაა მესტიაში. ადგილობრივ სამთო კურორტზე ერთადერთი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „თეთნულდი“ ტურისტების ნაკლებობას უჩივის. სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალი წლის დღეებში სასტუმრო „თეთნულდმა“ 50 ვიზიტორი მიიღო და დაახლოებით დამსვენებლების იგივე რაოდენობა დაფიქსირდა საოჯახო ტიპის სასტუმროებშიც.
ამ პერიოდში ბაკურიანი, როგორც წესი, დასვენებლების ნაკლებობას არ უჩივის. საახალწლოდ იქ 12 ათასამდე ტურისტი ჩავიდა. ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე კურორტზე 9-10 ათასამდე ტურისტი ისვენებს, ფასები საახალწლოდ გასული წლის ანალოგიურად საოჯახო სასტუმროებში 50 დოლარს, ხოლო სასტუმროს ორკაციანი ნომრის ღირებულება 300 ლარს შეადგენდა.
სამაგიეორდ, აქ სხვა პრობლემებია. ბაკურიანში გასართობი დაწესებულებების ნაკლებობაა. ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა მანკიევის თქმით, ზამთრის კურორტზე არცერთი დისკო ბარი არ მუშაობს და ახალგაზრდები, რომლებიც ბაკურიანში დასასვენებლად ჩამოდიან, მსგავს ადგილებში გართობას ვერ ახერხებენ.
მანკიევის თქმით, მაღალი კლასის სასტუმროებში დისკო ბარები მუშაობს, თუმცა ის პირები, რომლებიც ამ ამ სასტუმროებში არ ისვენებენ, შესაძლოა, ბარში არ შეუშვან.