მტკიცებულებების მოპოვების სირთულის გამო გახმაურებულ საქმეებზე გამოძიების გაჭიანურება კიდევ დასაშვებია, მაგრამ საინტერესოა, რომ ჩვეულებრივი სამოქალაქო დავების შემთხვევაში, როცა აშკარად ჩანს დოკუმენტის ფალსიფიკაცია, პროკურატურა საბოლოო ვერდიქტისგან თავს რატომ იკავებს და ეს ხომ არ უკავშირდება ადეიშვილისდროინდელი პროკურორების საბოტაჟს. რიგითი გამომძიებლები პირად საუბარში არ მალავენ, რომ მათი დიდი სურვილია, გაყალბებების საქმე სამართლიანად გამოიძიონ, თუმცა ზემდგომ პროკურორებს ექვემდებარებიან და მათ გარეშე ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს პროკურორები კი ისევ ძველი კადრებია და, ცხადია, უსამართლოდ გამოძიებულ ძველ საქმეებს ბლოკავენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილი ნიჰილისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ აზრიც არ აქვს სარჩელების შეტანას და თავიდან გადასინჯვას, თუკი ძველი კადრი ისევ პროკურატურაშია.
For.ge უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს მერაბ ტურავას ესაუბრა.
გაყალბებული დოკუმენტების გამოძიებისგან, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები აშკარად იკვეთება, პროკურატურა თავს რატომ იკავებს?
- რა თქმა უნდა, პროკურატურას სამართლიანი გამოძიებისთვის ცოტა დრო კიდევ დასჭირდება. ამიტომაცაა, რომ ახალი ხელისუფლება აჯანჯლებს საქმეების გადასინჯვის პროცესს, რადგან დღეს რომ საქმეების გადასინჯვა დაიწყონ, იმავე იუსტიციის საბჭოს, იმავე ძველი პროკურატურისა და მოსამართლეების პირობებში ეს ვერ მოხერხდება. ცხადია, ისინი მათ მიერვე განხილულ საქმეებზე უარს აღარ იტყვიან. პირიქით, დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ეს ყველაფერი კანონიერად მოხდა. ამიტომ ცვლილებების პირველი ტალღა უნდა დაიწყოს და საამისოდ თებერვლიდან პარლამენტი იწყებს კანონშემოქმედებით საქმიანობას.
მაგრამ ეს ყველაფერი დროში უსაშველოდ არ გაჭიანურდება?
- მაინც მგონია, რომ იგივე საერთაშორისო ფაქტორიც მოქმედებს. სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები და ექსპერტები მოვლენებს გარედან უყურებენ. ამავდროულად, ყოფილი ხელისუფლება თავისი პიარკამპანიით ცდილობს დააჯეროს დასავლეთი, რომ თურმე უტევენ სასამართლო ხელისუფლებას. ეს ყველაფერი დასავლეთზე ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს. ამიტომ ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა იბრძოლოს ორ ფრონტზე, ქართულ საზოგადოებას არ დაუკარგოს სამართლიანობის ზეიმის იმედი. ასე რომ არ მოხდეს, გამორიცხულია, რადგან სწორედ ეს არის ხალხის მოლოდინი და „ქართული ოცნების“ დაპირება.
როდესაც თებერვალში მიიღება კანონი, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზის დადგენისა და კანონიერების აღდგენის სამართლებრივ პროცედურასა და ვადებს განსაზღვრავს, მაშინ ეს იქნება ორგანო, რომელიც პროკურატურაში შესულ ათასობით საჩივარს სამართლიანად დააკმაყოფილებს, დღეს კი ამ საქმეების რეალურად განხილვის არავითარი საშუალება არ არსებობს.
უფრო მეტიც, გაუხმაურებელ საქმეებზე ახალი პროკურატურის პასუხებიც თითქმის იგივეა, რასაც ძველი პროკურატურა იძლეოდა, ანუ დაზარალებულებს პასუხის გარეშე ისტუმრებდნენ მაშინაც და ახლაც.
- ამ ეტაპზე, როგორც სამართლებრივი საკითხების ექსპერტი, ზუსტად ასევე ვეუბნები იმ ადამიანებს, რომლებიც სარჩელებს ამზადებენ, და ისინი ამას გაგებით ეკიდებიან, რომ დღეს და ხვალ, სანამ პარლამენტი არ შექმნის ორგანოს და არ მიიღებს კანონს, რომელსაც ერქმევა მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი ორგანო და კანონიერების აღდგენის კოლეგია, სანამ სასამართლო სისტემა არ დაკომპლექტდება ახალი მოსამართლეებით, მანამდე ძველი შემადგენლობითა და ძველი მეთოდებით იმის თქმა, რომ დღეს დავიწყოთ განაჩენების გადასინჯვა, აზრს კარგავს. ეს განაჩენები მაინც ხელმეორედ იქნება გადასასინჯი. ამდენად, პროკურატურაში ამ ეტაპზე სარჩელების შეტანა არ არის ეფექტური და თვითონაც ამავე პასუხს იძლევიან, რომ უნდა დაველოდოთ იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა თებერვალში უნდა მიიღოს.
მაგრამ, ვინც უკვე შეიტანა პროკურატურაში სარჩელი და იგივე პასუხი გასცეს, რასაც სააკაშვილის დროინდელი პროკურატურა იძლეოდა, ისინი დაზარალებულები ხომ არ აღმოჩნდებიან? ამ ადამიანებს ერთი და იმავე სარჩელით განმეორებით მიმართვის უფლება თუ აქვთ?
- ყველა ვარიანტში, პასუხები იმიტომ იყო ამ ეტაპზე უარყოფითი და იმიტომ არ იხილავდნენ მათ საჩივრებს, რომ, პრაქტიკულად, ორგანო არ არსებობს და არ არსებობს კანონი, რომელიც უფლებას მოგვცემს, კუბლაშვილის მიერ საბოლოოდ ბეჭედდასმული განაჩენი გავაუქმოთ ან შევცვალოთ. ახლა პოლიტიკური პატიმრები გამოვიდნენ, მაგრამ კიდევ არის განაჩენები, რომლებზეც მსჯავრდებულებს დიდი პრეტენზიები აქვთ. ალბათ, ეს განაჩენები კანონიერების აღდგენის კომისიას გადაეცემა, რომელიც ეფექტური უნდა იყოს. იმდენ ადამიანს წაართვეს საკუთრება, იმდენი ადამიანი კიდევ ზის ციხეში და ზოგიერთი თავისუფლებაზეა საპროცესო შეთანხმებით, იმდენი ბინაა გაყიდული, უამრავი მტკიცებულებაა გაყალბებული, რომ სანამ სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი ადამიანები არ შეისწავლიან ამ დარღვევებს, მანამდე ძველი კანონმდებლობით ვერაფერს გახდებიან.
დამნაშავე პროკურორებისა და მოსამართლეების პირობებში როგორ გესახებათ თუნდაც კოტე კუბლაშვილის საქმის რეალური გამოძიება, მისი იმპიჩმენტის შემთხვევაში? ისინი ხომ რეალურად თანამზრახველები იყვნენ?
- მესმის, ისინი თანამზრახველები იყვნენ, მაგრამ ალბათ, პროკურორებსა და მოსამართლეებში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას სწორად შეხედავენ, რადგან სასამართლო სისტემა იმიტომ დაზარალდა, რომ დღესაც კი კოტე კუბლაშვილი, მისი მოადგილეები, იუსტიციის საბჭოს მდივანი მოსამართლეებს ექაჩებიან და აიმედებენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ისევ დაბრუნდება. მაგრამ საბედნიეროდ, ზოგიერთი მოსამართლე სწორად აფასებს მოვლენათა განვითარებას, მან იცის, რომ უკანონო გადაწყვეტილებების მიღების პროცედურას თუ გააგრძელებს, ეს არაფრით არ დამთავრდება სააკაშვილის, ადეიშვილის და კუბლაშვილის რეინკარნაციით. პირიქით, დღეს ბევრს უხარია, რომ არ აქვთ ის დიქტატი, რაც აქამდე მათზე ხორციელდებოდა, მაგრამ იმავდროულად, ისინი წარსულის ინერციით ვერ გათავისუფლებულან, რადგან ჯერ კიდევ კუბლაშვილია სასამართლო ხელისუფლების სათავეში. ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად ძნელია მონობის სისტემიდან გამოსვლა, ადამიანის მონობიდან გამოსვლას ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი სჭირდება.
ხომ არ სჯობდა, დროულად მოეშორებინათ ეს კადრი და პრობლემაც დამთავრდებოდა, რადგან უფლებადამცველები ამბობენ, რომ პროკურატურაში მხოლოდ 20 % თუ იქნება დასატოვებელი და 80 % გასაყრელია.
- ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა შორიდან გიპასუხებთ. 13 იანვარი ეს იყო ისტორიული დღე. 190 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს და მათ ოკუპაციის მუზეუმში ჰქონდათ შეკრება, სადაც ყვებოდნენ იმ უსაზიზღრესი ქმედებების შესახებ, რაც მათ მიმართ პროკურორების, მოსამართლეების, ციხის ჯალათების მიერ ხორციელდებოდა. 13 იანვარი ასევე კუბლაშვილის სასამართლოს განაჩენია. ამ 190 კაცის მიმართ განაჩენი ხომ მოსამართლეებს ჰქონდათ მიღებული? ამიტომ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ 13 იანვრის შემდეგ, ყველა ვარიანტში, უნდა დადგეს ყველა იმ მოსამართლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ადამიანების მიმართ უკანონო განაჩენები გამოჰქონდათ სამივე ინსტანციაში. ეს არ იქნება მოსამართლეების პოლიტიკური დევნა, როცა შენ მათ ეუბნები, რომ იმ უკანონო გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც ღებულობდი და ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ასეთ უკანონო გადაწყვეტილებებს კვლავაც დიდხანს მიიღებდი, ასეთი ადამიანები სამართლებრივად და მორალურად არ არიან უფლებამოსილნი, სასამართლო ხელისუფლებაში გააგრძელონ მოღვაწეობა. ასევეა პროკურატურაშიც, ნებისმიერ ადვოკატს, ნებისმიერი პროცესის მონაწილეს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, ყველაზე ჯალათი პროკურორები ვინც იყვნენ.
მაშინ რატომ ინარჩუნებენ ამ კადრს, დასავლეთის მითითება ნუთუ ასეთი გადამწყვეტია?
- მე მაინც მგონია, რომ ეს გარდამავალი პერიოდია, თვითონ ხელისუფლებასაც სჭირდება დრო. მათ, ვინც იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის სათავეში მოვიდნენ, ხომ არ აქვთ თავიანთი კადრის შესახებ სრული ინფორმაცია?! ვფიქრობ, ახალმა ხელისუფლებამ ეს დრო იმისთვის აიღო, რომ კონკრეტული პროკურორების ჯალათური მოქმედებების, კონკრეტული მოსამართლეების არაადამიანური ქმედებების შესახებ ინფორმაცია მიიღონ და გადახარშონ. ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. დღეს არ არის ინფორმაციის მოპოვება ძნელი საქმე. დღევანდელი პროკურატურა მუშაობს ისეთ რეჟიმში, რომ, ერთი მხრივ, იძიებს დანაშაულებს და პარალელურად სისტემის შიგნით ფილტრაციის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. ვფიქრობ, ასეც ხდება. იმისთვის, რომ სისტემა მეტ-ნაკლებად ჭკუაზე მოვიდეს და ძველისგან განსხვავდებოდეს, გარკვეული პერიოდია საჭირო. შემოდგომისთვის ველოდები, რომ სამართალდამცავ სისტემაში, სასამართლო ხელისუფლებაში ბევრი რამ პოზიტიურად შეიცვლება, განსაკუთრებით, ველი კანონპროექტებს და იმ ცვლილებას, რასაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, რაც კოტე კუბლაშვილის სამსახურეობრივი უფლებამოსილების დემონტაჟს და მისი მრავალი ფუნქციის ჩამორთმევას გულისხმობს.