საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მესვეურები სახელმწიფო ბიუჯეტს საკუთარ ჯიბედ რომ თვლიდნენ და მას სწორედ ამ დემოკიდებულების შესაბამისად ექცეოდნენ, ამის დასტურად თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტის მოყვანა არის საკმარისი, რომ თბილისის მერიის თანამშრომლები სტრიპტიზკლუბში სტუმრობის საფასურს მერიის ბიუჯეტიდან ფარავდნენ, თუმცა ასეთი ფაქტები საგულდაგულოდ იყო დამალული. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით ასევე ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო, ბოლო წლებში, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები იყო. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული ფონდებიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მხოლოდ ხანგრძლივი სასამართლო დავების შედეგად ხდებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი.
ვინაიდან სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა დღემდე საზოგადოების ყურადღების საგანია, თემისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აქვეყნებს ინფორმაციის ნაწილს საქართველოს 2010-2012 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის ზოგიერთი მიმართულების შესახებ. ამასთან, უახლოეს მომავალში საია საზოგადოებას წარუდგენს უფრო ვრცელ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის 2010-2012 წლების სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ. მათ შორის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახარჯული თანხების შესახებაც.
„საკითხის შესწავლისა და ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2010-2012 წლებში, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვა არაერთი მიმართულებით ხდებოდა. მსგავსად საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვისა, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდანაც ფინანსდებოდა ისეთი ტიპის ხარჯები, როგორიცაა: მივლინებები, კონცერტები, საახალწლო ღონისძიებები და სარეკლამო რგოლების მომზადება, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივართა ჯგუფების გამგზავრება. ასევე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ების კაპიტალის გაზრდა და რეიტინგულ უცხოურ გამოცემებში საქართველოს მთავრობის შესახებ სტატიების დაბეჭდვა“, - ნათქვამია „საიას“ განცხადებაში.
მაგალითად, 2010 წელს ერთი განკარგულებით, საქართველოს საზაფხულო კურორტების შესახებ სარეკლამო რგოლების მსოფლიოს სხვადასხვა ტელეარხებზე განთავსების მიზნით 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. საყურადღებოა ასევე, 2011 წელს „MTV Georgia Live“-ის ერთი კონცერტისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც, რომელიც ჯამში მილიონ ცხრაასი ათას ლარს აჭარბებს, ხოლო 2012 წელს ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივართა ჯგუფის გამგზავრებისა და დასწრების ხარჯების შემთხვევაში 650 000 ლარს.
ამასთან, საიას განცხადებით, როგორც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2010-2012 წლებში გამოყოფილი თანხების შესწავლის შედეგად ხდება ცნობილი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2010-2012 წლებში, სამი განკარგულებით 3 მილიონი ლარით დაფინანსდა ააიპ „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი“. აღსანიშნავია, რომ ფონდის ვერ-გვერდის ინფორმაციით, მისი სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი სახე, ჩიორა თაქთაქიშვილი.
საიას მოსაზრებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 2010-2011 წლებში გამოყოფილი თანხების ოდენობა, რომელიც ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტია. მათ შორის მარტო ერთი განკარგულებით 13 მილიონი ლარი საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის (ПИК) დაფინანსების მიზნით იყო მიმართული.
„გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მიუხედავად მასშტაბური დაფინანსებისა საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხმა, 2012 წლის ოქტომბრის თვიდან მაუწყებლობა შეწყვიტა“, - აცხადებენ საია-ში.
ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივნისის განკარგულებით ქალაქ ბათუმში სტივ უანდერის კონცერტთან დაკავშირებულ ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს 2 549 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში) გამოეყო. 2011 წლის 24 თებერვლის განკარგულებით კი ამავე წლის 3-10 მარტს მესტიაში „ექსტრემალური კვირეულისა“ და „ყინულის ფესტივალის“ ჩატარების და მასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 130 000 ლარი გამოეყო. 2011 წლის 21 მარტის განკარგულებით ქ. მესტიისა და ქ. ბათუმის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანების ორგანიზების და ფრენების დაუბრკოლებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ კაპიტალის გასაზრდელად 740 000 ლარი გამოეყო. 2011 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებით ქალაქ ბათუმში საახალწო ღონისძიებების ჩატარების მიზნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 1 735 296 დოლარი (ექვივალენტი ლარში) გადაეცა.
2011 წლის 24 ნოემბრის განკარგულებით საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ქართულ-ლიტვური სერიალის მოსამზადებლად და მისი ლიტვისა და საქართველოს ტელეეთერში განთავსების ხარჯების დასაფინანსებლად, სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს“ 200 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში) გამოეყო. 2011 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დავალიანების დასაფარად, საზოგადოებრივ მაუწყებელს 350 000 ლარი გადაეცა.
„არსებული საკანონმდებლო რეგულირება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან (ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან) თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებულ რეგულაციებს არ ითვალისწინებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ფაქტობრივად, თანხების გამოყოფის თაობაზე სრულ თავისუფლებას ანიჭებს. თუმცა, სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობა არაერთ კითხვას ბადებს. აღნიშნული გარემოება კი, კიდევ ერთხელ მიუთითებს არსებული საკანონმდებლო ნორმის ცვლილების აუცილებლობაზე“, - აცხადებენ საია-ში.