საქართველო დავოსის შედეგებს ზაფხულში ელოდება

საქართველო დავოსის შედეგებს ზაფხულში ელოდება

დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ახალი ხელისუფლება უცხოელი ინვესტორების, მათ შორის, რუსი ბიზნესმენების დაინტერესებას ცდილობს და მნიშვნელოვან შედეგებს უკვე ივნისისთვის ელოდება. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა.

ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის მნიშვნელობაზე, რომელიც მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სფეროში. ამ ფონზე საქართველო ჩართულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელთა მიზანი არა მარტო დასავლეთის და აღმოსავლეთის ბაზრების დაკავშირებაა, არამედ კომუნიკაციების, ვაჭრობის, ტრასნპორტისა და  ტექნოლიგიების განვითარებასაც წარმოადგენს. ამასთან, პრემიერმა იმ მილსადენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის და ევროპის ენერგოუსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი დავოსში, არაოფიციალურ გარემოში 23 იანვარს გაესაუბრნენ ერთმანეთს. ეს ინფორმაცია დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და მასპინძლის მიერ ორგანიზებულ სადილზე ივანიშვილი და მედვედევი ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ და ამ შეხვედრას ყველა დელეგაციის პირველი პირი ესწრებოდა.

ფანჯიკიძემ განმარტა, რომ რუსეთის პრემიერთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა.

„ეს იყო ჩვეულებრივი თავყრილობა, სადაც იყვნენ პირველი პირები და მის ფარგლებში მოხდა მათი შეხვედრა. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, გაეცნენ, ერთ-ორი წუთი ისაუბრეს, მეტი არაფერი ყოფილა. ეს იყო მხოლოდ მისალმება, შეუძლებელიც იქნებოდა იმ ვითარებაში სერიოზულ თემებზე ემსჯელათ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

თუმცა ეს მარტო მისალმებაც არ ყოფილა, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავოსში რუსულ საუზმეზე მიიწვიეს. საუზმეს ესწრება რუსეთის ბიზნესელიტა და ბიძინა ივანიშვილს საგანგებო სტუმრის სტატუსი გააჩნია.

„მას ძალიან აინტერესებს ეს შეხვედრა, რადგანაც იქ შეიძლება შეხვდეს პოტენციურ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკით დაინტერესდებიან“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.   

კითხვაზე, ხომ არ იქნება ამ შეხვედრაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევიც, მინისტრის თქმით, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, იქ არ უნდა იყოს არც ერთი წარმომადგენელი რუსეთის პოლიტიკური წრეების და „წესით, არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი მედვედევიც“.

დამატებით ცნობილი გახდა, რომ გაზაფხულზე საქართველო რუსეთ-საქართველოს ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ურთიერთობების გაუმჯობესებას ორ ქვეყანას შორის. მინისტრი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები:

„ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის - იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი ადამიანი დასაქმდეს. ძალიან საინტერესო შეხვედრები იგეგმება რუსულ კომპანიებთანაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმ პოლიტიკური პრობლემებისა, რაც გვაქვს ჩვენ დღეს რუსეთთან, ყველანაირი პოლიტიკური კომპრომისის გარეშე, ჩვენ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ეკონომიკური თანამშრომლობა“, - აღნიშნავს კვირიკაშვილი.

რაც შეეხება გლობალურ საკითხებს. ეკონომიკურ ფორუმზე, რა თქმა უნდა, უმთავრესი საკითხი გახლავთ თუ როგორ შენარჩუნდეს ეკონომიკური სტაბილურობა და გაუმჯობესდეს მსოფლიოს მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა. ფორუმს 2000-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ესწრება. ფორუმის მთავარ დევიზს კი „მდგრადი დინამიზმი“ წარმოადგენს.

„ის, რასაც ახლა მე ვხედავ, არის ე.წ „ბერნ-აუტ სინდრომი“, რასაც ბევრი პოლიტიკოსი განიცდის და რომელთან გამკვლავებაც მათ ვერ შეძლეს. აუცილებელია ისინი კვლავ ჩაებნენ ბრძოლაში და მომავალიც განჭვრიტონ. სწორედ ეს ამოცანები დგას ახლა ჩვენს წინ“, - აცხადებს მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის დამაარსებელი კლაუს შვაბი.

ეკონომიკის ექსპერთა განმარტებით, ფორუმზე მსოფლიო ტოპ-ეკონომისტები აუცილებლად განიხილვენ საბიუჯეტო დეფიციტს მსოფლიო ეკონომიკაში და იმსჯელებენ მსოფლიო ეკონომიკის კრიზის გადაწყვეტის გზებზე, თუმცა ვერც გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის „მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღება“, რომლის განხილვასაც ის ეკონომიკურ ფორუმზე აპირებს და ვერც ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი ქვეყნის უკმაყოფილება, გერმანიის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებთ, 2013 წელს სიტუაციას ვერ შეცვლის.