მძღოლებს საპროტესტო ენერგია ისევ მოუზღვავდათ

მძღოლებს საპროტესტო ენერგია ისევ მოუზღვავდათ

ნაახალწლევს მძღოლებმა ძალები მოიკრიბეს და საპროტესტო აქციების ორგანიზებას განახლებული ენერგიით შეუდგნენ. მათი აქციები მხოლოდ დედაქალქში არ იგეგმება, რეგიონებშიც მძღოლების უკმაყოფილება მუდმივად მზარდია.

თბილისში, გლდანის ხაზის მიკროავტობუსების მძღოლები 25 იანვარს გაფიცვას გეგმავენ. როგორც პარტია „საქართველოს გზის“ წევრი მამუკა ბალიაშვილი აცხადებს, მას მძღოლები დაუკავშირდნენ და მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ბალიაშვილის ინფორმაციით, გუშინ დილით, გლდანის ავტოპარკის ხელმძღვანელებმა N61-ე და N111-ე მიკროავტობუსის რამდენიმე მძღოლს მიკროავტობუსის გასაღები წაართვეს და გაფიცვის შემთხვევაში სამსახურის დაკარგვით დაემუქრნენ. მძღოლები ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის გაუქმებას, ნორმალური შრომის პირობების შექმნასა და დღიური გეგმის შემცირებას ითხოვენ.

საპირისპიროს ამბობენ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“.  ისინი ამტკიცებენ, რომ გლდანის ხაზის მიკროავტობუსის მძღოლები გაფიცვას არ აპირებენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა თეონა ნიორაძემ განაცხადა, ამჟამად „სიწყნარეა, სიმშვიდეა და ყველა მანქანა ხაზზეა“.

ნიორაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია გლდანის ავტოპარკის ხელმძღვანელობის მხრიდან მძღოლებისათვის გასაღების წართმევისა და სამსახურიდან გათავისუფლებით დამუქრების შესახებ.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა ნიორაძემ.

გლდანის ავტოპარკში ყვითელი მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლები მათი პრობლემებით დაინტერესებისკენ გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებენ.

მძღოლები ჯაჭვლიანისგან მოითხოვენ რომ მოვიდეს ადგილზე და გაეცნოს სიტუაციას. ისინი ასევე ამბობენ, რომ სოსო ჯაჭვლიანმა ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რათა დაეხმაროს მათ პრობლემების მოგვარებაში.

მძღოლები რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ.

კერძოდ, მძღოლები მოითხოვენ დღიური გეგმის, სამუშაო საათების შემცირებას და ანაზღაურების მომატებას. ისინი ასევე მოითხოვენ, გაუქმდეს ბუღალტრის გადასახადი, მოეხსნათ ინდმეწარმის სტატუსი და გაუქმდეს ინდმეწარმის გადასახადი, რაც თვეში 43 ლარს შეადგენს.

მძღოლების ერთ-ერთი მოთხოვნაა, მერიამ აღუდგინოს სოციალურად დაუცველებს შეღავათები მიკროავტობუსებზე.

დღეს, დილის 08.00 საათიდან, გლდანიდან და თემქადან მომავალი ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცული მძღოლები გლდანის ავტოპარკში, ქერჩის ქუჩაზე არიან შეკრებილი მძღოლების ინფორმაციით, სულ 600-მდე მანქანის მძღოლია გაფიცული და მათ გაფიცვას უერთდებიან სხვა ავტოპარკებიც.

მძღოლების გაფიცვა მარტოოდენ დედაქალაქისთვის არ არის დამახასიათებელი. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებშიც სატრასპორტო სფეროში დასაქმებული ადამიანები დრო და დრო საპროტესტო გამოსვლებს მართავენ. ამ რამდენიმე დღის წინ მძღოლებმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის - ქუთაისის - ხელმძღვანელობა ააფორიაქეს.

იმერთქალაქში სხვადასხვა საავტობუსო ხაზებზე მომუშავე მძღოლებმა გამარფრთხილებელი აქცია გამართეს და უფრო მასშტაბური გამოსვლით დაიმუქრნენ. მძღოლები ქალაქში გზის დაზიანებული საფარის აღდგენას მოითხოვენ და მიკროავტობუსების რიცხვის ზრდასაც აპროტესტებენ.

„არ შეიძლება ასე მუშაობა. დაგვენგრა ტრანსპორტი. ორმოებს ვუფრთხით, მაგრამ თუ მაინც ჩავარდი, ისე ვარდები, გგონია, რომ ტრანსპორტმა რომელიმე ნაწილი შიგნით დატოვა”, - ამბობენ მძღოლები.

„მიკრტოავტობუსების გამო ჩვენ ვეღარ ვმუშაობთ. ზოგჯერ გრაფიკით გაწერილზე მეტი ტრანსპორტი გამოდის სამუშაოდ. ჩვენ რა ვქნათ, საწავავის ხარჯსაც ვერ ვიღებთ. ქალაქის მერიაში იყო მძღოლების შეხვედრა და პრობლემის მოგვარებას დაგვპირდნენ“, - ამბობს მძღოლი მურთაზ სულაგაძე.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ გზასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას წარმოადგენს. რაც შეეხება მიკროავტობუსების რაოდენობას, მძღოლების პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიაჩნიათ.

„ჩვენ პირიქით, მათთან გვაქვს პრეტენზიები. ტრანსპორტი არის მოძველებული და თუ არ გამოცვლიან, კონკურენციის პირობებში მაგ ტრანსპორტს მგზავრი არ ეყოლება. 1983 და 1984 წლებში გამოშვებული ტრანსპორტით დადიან. ზამთარში საერთოდ უფუჭდებათ. ჩვენ არ ვთხოვთ მაგათ ახალ ავტობუსებს. შემოგთავაზონ მაღალი ხარისხის მომსახურება, განახლებული ავტოპარკი და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, შევამცირებთ მიკროავტობუსებს. მაგათ ანგელოზებად რომ მოაქვთ თავი, არაკონკურენტუნარიანია მათი სატრანსპორტო საშუალებები“, - ამბობს მერიის ტრანსპორტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი დავით კბილაშვილი.

რაც შეეხება მძღოლების მიერ დასახელებულ გზის პრობლემას, კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული გზა ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა შეაკეთოს. როგორც ჭანჭალეიშვილი ამბობს, გზა დაპროექტებულია და ბიუჯეტში პროექტის განხორციელებისათვის საჭირო 2.5 მილიონი უკვე დევს.