ეკა ქევანიშვილი,"radiotavisupleba.ge"
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა შემაშფოთებელ სახეს იღებს. GRASS-ის გარდა, საფრთხის შემცველი სიგნალების არსებობაზე კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ლაპარაკობს, მათ შორის, „თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი“, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი“, „კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი. ამ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ”საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხრიდან ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც საგარეო პოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილებაზე მიუთითებს, შეშფოთებას იწვევს”. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის საგარეო პოლიტიკური გუნდის წევრებთან შეხვედრას და დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვენ.
”რამდენად მდგრადია მთავრობის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი?” - ეს კითხვა ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დასვა ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც გამოხატა სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის პოზიცია ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების თაობაზე და ამ მხრივ არსებულ საგანგაშო სიგნალებზეც მიანიშნა. მთავრობის მხრიდან სასწრაფო და მკაფიო განმარტების გაკეთების აუცილებლობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე. არასამთავრობო ორგანიზაციებს საგანგაშოდ ახალი მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებების სერია მიაჩნია:
”ჯერ იყო ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებული განცხადებები, შემდეგ - აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა, შემდეგ - სომხეთში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება, რომ ჯერჯერობით კურსი შენარჩუნდებაო, რაც ნიშნავს, რომ, შესაძლოა, მომავალში ეს კურსი მართლაც შეიცვალოს, რაც ძალიან უცნაურია, რადგან ჩვენი ქვეყნის კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მოკლევადიანი არ არის. ამას დაემატა კიდევ სომხეთის გამოცხადება მაგალითად ნატოსა და რუსეთის ურთიერთობების ჭრილში. ეს, მართლაც, იყო საგანგაშო სიგნალი ჩვენთვის”.
ამას მოჰყვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გადადგომა, სწორედ საგარეო კურსთან მიმართებით მისი და ახლანდელი მთავრობის განსხვავებული პოზიციების გამო, და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენება - ეს ყველაფერი სამოქალაქო სექტორის დაეჭვებისა და შეშფოთებისათვის საკმარისზე მეტია, ამბობს სერგი კაპანაძე.
შეკითხვები ახალ მთავრობასთან საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან დაკავშირებით აქვს განცხადების ხელმომწერი კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, მიხეილ თავხელიძეს. მაგალითად, როგორ შეიძლება რუსეთის დარწმუნება იმაში, რომ ნატოში საქართველოს შესვლა არ იქნება მისთვის საზიანო? თავხელიძე მიიჩნევს, რომ მთავრობას ასეთ საკითხებზე ნათელი პასუხები უნდა ჰქონდეს და არა ისეთი ბუნდოვანი, როგორი განცხადებებიც ბოლო დროს კეთდება:
”მთავრობისგან აბსოლუტურად გაუგებარი სიგნალები მოდის, თუ რას აპირებს საგარეო პოლიტიკაში. თან გვესმის, რომ დეკლარირებული მიზანია ნატო და ევროინტეგრაცია, მაგრამ, მეორე მხრივ, გვესმის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობების მყისიერი აღდგენის თაობაზე, რომ თურმე საქართველო არ უნდა პედალირებდეს საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს... მოკლედ, ბევრი ისეთი სიგნალი არსებობს, რაც აშკარად არ ჯდება იმ საგარეო პოლიტიკის კურსში, რომელსაც საქართველო ეს ბოლო წლები ატარებდა და რასაც დაჰპირდა საკუთარ ხალხს ახალი ხელისუფლება”.
თუმცა სამოქალაქო სექტორის მეორე ნაწილის წარმომადგენლები განგაშის ამ კამპანიას კარგად დაგეგმილ პროპაგანდად მიიჩნევენ. მაგალითად, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი განცხადებები უცხოელი პარტნიორების დარწმუნებას უფრო ემსახურება იმაში, რომ საქართველოს აღარ სურს ევროკავშირისკენ მოძრაობა და რომ მისი ახალი სამიზნე ახლა მოსკოვია. ასეთ განცხადებებს კი, ცისკარიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისადმი“ ლოიალურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ:
”ეს პრიმიტიული ცილისწამებაა. დემაგოგიის კოეფიციენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ მაღალი ჰქონდა და არც შემცირებია. ნურც ის გამოგვრჩება, რომ პოლიტიკური ვექტორის ვითომ ცვლილებაზე ლაპარაკი დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის სტრასბურგში გაკეთებული განცხადების შემდეგ”.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ რომელიმე მმართველი ძალის მიერ მონდომების შემთხვევაშიც კი ქვეყნის საგარეო კურსის ასე სწრაფად შეცვლა მარტივი საქმე არ არის. დღეს შექმნილი ვითარება კი, როდესაც, ერთი მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ დასავლური კურსის ერთგული რჩება და, მეორე მხრივ, პირველი პირების განცხადებები გარკვეულ ბუნდოვანებას შეიცავს, შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით აიხსნას:
”ერთია აღებული ორიენტაცია, რომ რუსეთთან დარეგულირდეს ურთიერთობები, - პრემიერი შესაძლოა ითვალისწინებს რუსეთის ხელმძღვანელობის ხასიათს და მას წინ უდგას ამოცანა როგორმე დაათბოს რუსეთთან ურთიერთობები, - მაგრამ, ამავე დროს, მას უჭირს მკაფიო სახის შენარჩუნება იმ თვალსაზრისით, რომ ის თავის დასავლურ, ევროატლანტიკურ არჩევანში ნამდვილად ურყევია და სწორედ ეს იწვევს გაუგებრობას და ეჭვებს”.
არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებას 24 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი გამოეხმაურა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში დაბრუნებისთანავე განიხილება მთავრობის საგარეო გუნდის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის საკითხი. განცხადებაში მოყვანილი მოსაზრებები კი, ზალკანიანის თქმით, არანაირ საფუძველს არ ემყარება. ზალკალიანის განცხადებით, ის, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელი რჩება, ამის დასტურია პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული მკაფიო გაცხადება.
1389
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85