დიტო გელოვანი - რაც შეეხება ქრონონავტიკას…

დიტო გელოვანი - რაც შეეხება ქრონონავტიკას…

ასე მოხდა, ჩემო საყვარელო ძმაო, ეს ამბავი, რომელსაც შენ აგრერიგად შუშფოთებიხარ და დაუინტერესებიხარ. უარ დენმა რომ კითხვა დაამთავრა, ყველანი კიდევ დიდხანს ვიყავით გაოგნებული. არსებითად, ახლაც გაოგნებულები ვართ. მაგრამ ახლა უკვე შევეგუეთ იმ აზრს, რომ  ჩვენი წამოდგენა დროის შესახებ, რომელიც ასე მყარი და ძირმტკიცე გვეგონა, ხუხულასავით დაგვემხო თავზე. შევეგუეთ და ვცდილობთ მის ადგილას ახალი წარმოდგენები დავამკვიდროთ. მართალია, ჩვენი ახირებული უარ დენი ამას ერთი ტყუილით მეორე ტყუილის შცვლას ეძახის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება, ჩემი აზრით, კარგია, რადგან აზრს აღმოჩენებისაკენ უბიძგებს. ერთი სიტყვით, ოპტიმისტები ვრჩებით. რაც შეეხება ქრონონავტიკას, ახალი ექსპედიცია სამი კაცის შემადგენლობით უკვე მზადაა წარსულში გასამგზავრებლად. ექსპედიციის ხელმძღვანელად დანიშნულია იუჰე.

(ჯემალ ქარჩხაძე, “დრო”)

 

“ქრონონავტიკა” დროში მოგზაურობას ნიშნავს და სანამ შესაბაბამის მანქანა–დანადგარებს გამოიგონებენ, მანამდე ადამიანს დროში მოგზაურობაში წიგნები ეხმარება – ბიბლიოთეკა, ქოხ–სამკითხველო, ინტერნეტი… შეგიძლია, რედაქციაში შეიარო და ძველი გაზეთების დასტა, ე.წ. “პადშივკა” გადაფურცლო. თუნდაც – 90–იანი წლების, ამ საუკუნის დასაწყისის, ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟის.

 

გარიჟრაჟზე მიშა ეკონომ–კლასით დაფრინავდა, ერთ კიტელში აპირებდა დაბერებას, ორჯერორივით იცოდა საქართველოს ბედნიერი მომავლის რეცეპტი, მესამე და სამართალიო – ამბობდა. რატომ ამბობდა – არ იცოდა, უბრალოდ, ეს სიტყვა მოსწონდა – სამართალი…

 

მერე, ბიზნეს–კლასში გადაინაცვლა და მკერავს მეორე კიტელი შეუკვეთა. სიბერის შიში გაუჩნდა, მასაჟისტს უხმო…

 

მერე, საკუთარი თვითმფრინავით აღიჭურვა და ვახშმად ჰალსტუხი მიირთვა. მოღონიერდა, გაცურა 3.5 კილომეტრი და ტენიანობა გრადუსებში გაზომა და როდესაც უთხრეს, ტენიანობა გრადუსებში არ იზომებაო, უპასუხა – კლიმატი შეიცვალა და, მასთან ერთად, საზომი ერთეულებიცო.

მართლაც, ახლანდელი კლიმატი – კლიმატია?!

 

გასულ კვირაში მიშას სომბრერო ეხურა, ელექტრომობილს ატარებდა, მექსიკურ სამზარეულოს აფასებდა და, ალბათ, აფასებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომელიც თან ახლდა და, რა თქმა უნდა, აფასებდა გარემოს, რადგან გარემოს დაცვის მინისტრიც ახლდა.

ხოლო გარემოს დაცვის მინისტრს ხელთ ეპყრა 90–იანი წლების ბოლოს იატაკქვეშეთში წარმოებული პოლიეთილენის პარკი ალა პუგაჩოვას გამოსახულებით, ნიშნად იმისა, რომ პოლიეთილენის დაშლას მრავალი წელი უნდა და დასტურად იმისა, რომ “პოლიეთილენის პარკი ბუნების მტერია”. პარკი იყო ძველი და ჭუჭყიანი.

 

სამაგიეროდ, ავტომობილი იყო ახალი და სუფთა. “საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მექსიკაში ”ნისანის” მარკის ელექტრომანქანა გამოსცადა. პრეზიდენტთან ერთად მანქანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ისხდნენ” – იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო.

ჩემი მეგობარი სააგენტო ასევე იუწყებოდა, რომ “პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოს საავტომობილო პარკი ელექტრომობილებით შეივსება, რაც საწვავის მოხმარებას და გამონაბოლქვს შეამცირებს”.

 

ელექტრომანქანა “ნისანის” ფირმისა იყო და პრეზიდენტმა იმდენი აქო, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველოში აწი გამოცემულ ბეჭდურ პროდუქციაზე წარწერაც შესაბამისი იქნება – “ნისანი” შეგახსენებთ: საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”.

“ბარსელონამ” თავის ისტორიაში პირველად გადაწყვიტა მაისურზე დახატული ლოგოტიპით (Qatar Foundation) ფულის შოვნა, ხოლო საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც კერძო ფირმას გაუწევს რეკლამას.

 

“წარმოუდგენელი რევოლუციაა, იმიტომ, რომ ნახევარ საათშია შესაძლებელი ბატარეის დატენვა, ხმა არ აქვს საერთოდ და ძალიან რბილი სატარებელია. ყველაზე საუკეთესო მანქანებში რაშიც ვმჯდარვარ, ისეთივე მანევრი აქვს ზუსტად. ჩვენ უნდა დავნერგოთ ეს სამთავრობო დონეზე, შემდეგ მთავარ ავტობანებზე გავაკეთოთ ინფრასტრუქტურა, რომ ბატარეის გამოცვლა შეიძლებოდეს ადვილად” – ამბობს სარეკლამო ტექსტში მიხეილ სააკაშვილი. იგი ორ ბრენდის რეკლამირებას ახდენს – “ნისანი” და ვარდების რევოლუცია, თუმცა ელექტრო–“ნისანისგან” განსხვავებით, “ვარდების რევოლუციას უსიამოვნო ხმა და უსიამოვნო სუნი აღმოაჩნდა. მანევრირება – ნული, ამორტიზატორები – ნაგავი და, თან, საწვავსაც უზომოდ მოიხმარს.

 

საქართველო მოიხმარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრს, რომელიც მათემატიკასთან მწყრალად არის. “საფრანგეთში დაითვალეს, რომ ერთი ბატარეის დატენვა, რაც 160 კილომეტრის დასაფარადაა საკმარისი, სამ ევრომდე ჯდება, ანუ ეს საქართველოს ფასით 5 ლარია და თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა 5 ლარი დაჯდება”, – განაცხადა ვერა ქობალიამ.

არ აინტერესებს ამ გოგოს ეკონომიკა და შეეკითხე, თუ გინდა… სამი ევრო შვიდ ლარს უდრის, ბათუმამდე 400 კილომეტრია.

 

“ჩვენ უნდა დავნერგოთ ეს სამთავრობო დონეზე, შემდეგ მთავარ ავტობანებზე გავაკეთოთ ინფრასტრუქტურა, რომ ბატარეის გამოცვლა შეიძლებოდეს ადვილად. ხალხი ნელ-ნელა ჩაანაცვლებს ამას, რადგან ჩვენს ხალხს ეკონომიური შესაძლებლობა, რომ ახალი მანქანები ერთდროულად იყიდონ, არ აქვთ, მაგრამ თანდათან, როცა ინფრასტრუქტურა განვითარდება, ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რომ თანდათან გადავიდეს ამაზე” – განაცხადა იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელი ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ელექტრომობილებზე ვინ ოცნებობს და აკუმულატორებს ვინ ჩივის, ბავშვებისთვის სათამაშო მანქანის შეძენის საშუალება არ აქვს. თუმცა, ოცნება – ოცნებაა და ამ ოცნებებში “ელექტრომანქანები ნავთობის ფასებს მკვეთრად დაწევს”, ხოლო ეს რასაც ნიშნავს, ამას ყველა ხვდება.

 

თუმცა, გასულ კვირაში ვანო მერაბიშვილმა ჩათვალა, რომ ყველა ვერ ხვდება და ამიტომ განმარტება გააკეთა: “ათი წლის შემდეგ რუსეთი ეკონომიკურად იქნება ბევრად სუსტი, ვიდრე თურქეთი. 30 წლის წინ საბჭოთა კავშირი იყო პირველი და მეორე სახელმწიფო მსოფლიოში. ახლა, რუსეთი იქნება მე-20. და ვის აინტერესებს მე-20 ქვეყანა მსოფლიოში?”

 

მეოცე ქვეყანა მართლაც არავის აინტერესებს და კიდევ კარგი, რომ მყარად ვინარჩუნებთ 135–ე ადგილს. მთავარია, არ ვიყოთ მეოცე და ყველა გვცემს პატივს, მეგობარიც და მტერიც.

 

“ჩვენი სახელმწიფო არ გამოიყენებს ძალას საქართველოს, მისი მოსახლეობის, ტერიტორიისა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ” – თქვეს კოკოითმა და ბაღაფშმა. არ გამოიყენებს კი არა, ვერ გამოიყენებს, რადგან ეშინიათ. მართალია, იარაღს აღარავინ გვაწვდის, მაგრამ არსებობს ალტერნატიული გზები. მაგალითად – მშვილდისარი.

 

საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრებს სამხრეთ კორეელი სპეციალისტი ან იონ სეუნი გაწვრთნის. საქართველოში ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით მყოფ კორეელ მწვრთნელს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური, საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ქაცარავა და მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი შეხვდნენ” – მაცნობა და, ამასთან, დამაინტრიგა “ინტერპრესნიუსმა”.

 

ახლავე მინდა აღვნიშნო, რომ ვარძელაშვილს და ქაცარავას საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების მწვრთნელად რობინ ჰუდის ან ვილჰელმ ტელის ხილვა სურდათ, მაგრამ როგორც გაირკვა, რობინ ჰუდი შეიარაღებული ძარცვისთვის იხდის სასჯელს, ხოლო ვილჰელმ ტელი – საკუთარი შვილის მკვლელობისთვის. ეგ არაფერი – 29 წლის კორეელი მწვრთნელიც საკმაოდ გამოცდილია და კარგია, რომ მწვრთნელობას დათანხმდა. მართალია, კონტრაქტის ზოგიერთი დეტალი დასაზუსტებელია, მაგრამ ეს უკვე წვრილმანია. მალე ლადო ვარძელაშვილი და ირინა ონაშვილი საპასუხო ვიზიტით ჩავლენ სეულში და ყველაფერი დადებითად გადაწყდება. სილამაზე გადაარჩენს ქართულ მშვილდოსნობას.

 

ქართული ხელბურთის გადარჩენის მიზნით, განათლების მინისტრი 55–ე სკოლას ეწვია, სადაც მერვე კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ხელბურთის ფინალში შეხვდნენ. შაშკინმა პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა საუკეთესო ხელბურთელი სოსო კიკნაძე, რომელიც, როგორც სამინისტრომ სააგენტოს აცნობა, სულაქველიძის სახელობის სპორტული აკადემიის საუკეთესო ფეხბურთელია.

 

იმ დროს, როდესაც ფუნქციონირება შეწყვიტა პროფესიული ფეხბურთის ლიგას, დამეთანხმებით, აღფრთოვანებას იწვევს ის ფაქტი, რომ 55–ე სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთისა და კალათბურთის ლიგები. დარწმუნებული ვარ, ამ სკოლაში კალათბურთს ყველაზე კარგად დილარ ხაბულიანის სახელობის აკადემიის საუკეთესო ძიუდოისტი თმაშობს.

 

გასულ კვირაში მინისტრები კარგად ერთობოდნენ. როგორც მოგახსენეთ, ქობალია და ხაჩიძე მექსიკაში ისვენებდნენ, შაშკინი ხელბურთის მატჩს დაესწრო… კოლეგებს არც გლეხთ და დევნილთა მინისტრები – ბაკურ კვეზერელი და კობა სუბელიანი – ჩამორჩნენ და მთას მიაშურეს. ბაკურმა და კობამ მეცხვარეებს კავკასიური ნაგაზის ლეკვები აჩუქეს. კვეზერელის განცხადებით, “პროექტის მიზანი ერთის მხრივ არის ის, რომ კავკასიური ნაგაზები დაუბრუნდენ თავიანთ ბუნებრივ გარემოს, ცხვარს და მთას”.

კვეზერელი, გასაგებია, მაგრამ რა შუაში იყო კობა სუბელიანი? ვიცი – სუბელიანს ძაღლები უყვარს. კი, მაგრამ დევნილებისთვის რას აკეთებს? ესეც ვიცი – სუბელიანს უყვარს ძაღლები და მის გულში დევნილებისთვის ადგილი არ დარჩა.

 

ზურაბ ნოღაიდელის პარტიის წევრები ერთმანეთს ნაგაზებივით დაერივნენ და უახლოეს მომავალში, როგორც ბუნტისთავები ირწმუნებიან, ნოღაიდელის პარტიაში ნოღაიდელის ადგილი არ დარჩება. ისინი აპირებენ ყრილობის მოწვევას და ნოღაიდელის გარიცხვას პარტიიდან. მიზეზი – ნოღაიდელმა ხალხი კარდაკარ ატარა და ფული არ გადაუხადა. პარტიის აქტივისტები სამართალდამცავებს მოუწოდებენ შეისწავლონ ორგანიზაციაში არსებული ფინანსური დარღვევები და მოიძიონ ის თანხა, რომელიც პროგრამა “კარდაკარისათვის” იყო გამოყოფილი.

 

როგორც სარწმუნო წყარომ მაცნობა, შემდეგ არჩევნებში პროგრამა “კარდაკარს” შეეცვლება სახელი და დაერქმევა პროგრამა “დეიდებო და ბიძიებო”. იმედია, ნოღაიდელის ახლანდელი და მომავალი მხარდამჭერები, იმის მიუხედავად, თუ რომელ პარტიაში იქნებიან იმ დროისათვის, დეიდებისა და ბიძიებისგან აუცილებლად მიიღებენ კუთვნილ თანხას. ხოლო სანამ ეს მოხდება, ნოღაიდელი მოივლის ევროპას, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, კოორდინირებული ერთობის შექმნის თაობაზე საქართველოს მოქალაქეებთან და ქართულ დიასპორასთან კონსულტაციებს გამართავს.

 

ისე იტყვიან ხოლმე, ეგრევე ბრძოლის ჟინით აენთები. მართლა ლამაზად ჟღერს “კოორდინირებული ერთობა”, მაგრამ როცა ნოღაიდელი მიდიოდა, “ქართული პარტია” უკვე მოდიოდა. გასულ კვირაში ევროპიდან დაბრუნდა ყველაზე ეროვნული პარტიის ლიდერთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი – სუბარი, გუნცაძე, გაჩეჩილაძე, კიწმარიშვილი. “პარტიის ხუთდღიანი სტრატეგიული სესიის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმებზე განცხადებები სავარაუდოდ, ხვალ გაკეთდება” – მითხრა სააგენტომ, მაგრამ მე ამ წინადადების მხოლოდ პირველი ნაწილი გავიგე და მას შემდეგ სულ ყურში ჩამესმის.

 

ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ პირადად მე “კოორდინირებული ერთობას” “ხუთდღიანი სტრატეგიული სესია” მირჩევნია. ამას კიწმარიშვილის მეტი ვერავინ მოიფიქრებდა. “ქართული პარტია” მიხეილ სააკაშვილის “დანაშაულებათა შავი წიგნის” გამოცემას გეგმავს – ეს ალბათ გაჩეჩილაძის იდეაა.

 

როგორც ჩანს აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ დიდხანს დარჩება მახათების ყველაზე მსხვილ მომხმარებლად საქართველოში. “გაუგებარია, როგორ უნდა დადგინდეს ძროხა სკვერში ძოვს, უკვე მოძოვა თუ იცოხნება?” – დასვა შეკითხვა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა. “კონსულტაციებს გავივლი და პროექტში არსებულ არაადეკვატური ჩანაწერებს გამოვასწორებ” – დაირცხვინა აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა პეტრე ზამბახიძემ.

 

ბათუმში ძროხების პრობლემაა. ზამბახიძის პროექტის მიხედვით, თუ ძროხა ცუდად მოიქცევა, მას სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ და პატრონს დააჯარიმებენ. “რას შვრებით მაშინ, როდესაც ძროხას პატრონი არ გამოუჩნდება”, – დაინტერესდა ხუროშვილი… წავიკითხე და დავიბენი. კაცო, რამდენსაც გნებავთ, იმდენს ჩამოვთვლი ისეთ ფირმებს, კომპანიებს, ტელეკომპანიებს და ა.შ. რომლებსაც პატრონებიც ჰყავდათ და მყვარებლებიც, მაგრამ საბოლოოდ მაინც სხვა დაეპატრონა და ვითომ ძროხები რა გახდა?

 

ასევე, პროექტის ფარგლებში განიხილეს საკითხი, რომლითაც სკვერებსა და ბულვარში ალიკაპისა და საბმელის გარეშე ძაღლის გადაადგილება დაუშვებელი იქნება. გარემოს დაცვის კომიტეტმა პროექტის ავტორებს სთხოვა, გაითვალისწინონ ისეთი ჯიშის ძაღლები, რომელთათვისაც ალიკაპის გამოყენება შეუძლებელია. კერძოდ, არიან ძალიან პატარა ძაღლები და/ან ისეთი ჯიშისები, რომლებიც ენის დასველებას მუდმივად საჭიროებენ.
ამავე პროექტით, მკაცრად ისჯება სკვერში შინაური ცხოველის მიერ ექსკრიმენტის გამოყოფა.

მოკლედ, დეპუტატებმა ბევრი იმსჯელეს ექსკრიმენტების გამოყოფის ტექნოლოგიებზე და ნუგზარ ერგემლიძე რომ არა, სხდომათა დარბაზში სუნიც გავარდებოდა. ერგემლიძემ დეპუტატებს შესთავაზა, რომ ძნელადგამოსაყოფი ექსკრიმენტების ნაცვლად მალფუჭებად პროდუქტებზე ემსჯელათ.

 

თურმე ერგემლიძეს ტელევიზორში უნახავს გადაცემა, რომელშიც საუბარი იყო მატლებიან ხორცზე, ამძაღებულ კარაქზე და ამჯავებულ რძეზე. უნახავს და შეშფოთებულა. ნუგზარ ერგემლიძემ მისი თანაშემწის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და აღნიშნა, რომ მან დილით დაკეპილი ხორცი მაღაზიაში საღამოს ნახევარ ფასად იყიდა.

 

დაკეპილი ხორცი იქით იყოს და ის კი მართლა მომეწონა, დეპუტატის თნაშემწე (მარო–რიტა–მარგარიტა) გერმანიაში რომ ცხოვრობს და დეპუტატს დილა–საღამოს იმაზე ელაპარაკება, როდის როგორი ხორცი იყიდა და რამდენი გადაიხადა. თუმცა, ლეიბორისტების სიით გასულებს რას გაუგებ…

 

ყოფილი ლეიბორისტები (მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს) მართლაც უცნაური ხალხია, მაგრამ უცნაურობაში ნამდვილად ვერ შეეჯიბრებიან მოქმედ ლეიბორისტებს. გასულ კვირაში ლეიბორისტებმა გადასახადების ზრდაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციურ პარტიებსაც დააკისრეს და, რა თქმა უნდა, “ქართული დასიც” იგულისხმეს. “ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ კი თავის ყოფილ თანაპარტიელებს პასუხი იმით გასცა, რომ დაასწრო და ვიდეოპაემნებთან დაკავშირებით ფულადი შეღავათის დაწესება მოითხოვა.

 

ამ საკითხის დაყენებას სოსო შატბერაშვილი მომავალ კვირაში გეგმავდა.

მთავრობა ბიუჯეტის შევსების ახალ–ახალ მეთოდებს იგონებს და მათი განხორციელების გზებსაც გეგმავს. მაგალითად, მომავალ წელს თბილისში აფთიაქებს ვიდეოკამერების დამონტაჟება მოუწევთ. ანუ, თუ აფთიაქში შეხვალ, კამერა დაგაფიქსირებს და ვიღაც დაასკვნის, რომ ჯერ კიდევ გაქვს წამლის ფული. და თუ წამლის ფული გაქვს, ე.ი. გაქვს პურის ფულიც. თუ პურის ფული გაქვს, ერთი საათით დაგიჭერენ და საპროცესო შეთანხმებას გაგიფორმებენ.

 

არადა, შეიძლება, რამდენიმე საათით ადრე ღვედის გაკეთება დაგავიწყდა, პატრულმა გაგაჩერა და 40–ლარიანი ჯარიმა გამოგიწერა. გული შეგიწუხდა და უახლოეს აფთიაქს მიაკითხე. კამერამ დაგაფიქსირა. მოგაკითხეს და დაგიჭირეს. დაგიჭირეს და გითხრეს: “200 ათასი!!!”

 

“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადასახადო კულტურა ქვეყანაში ჩამოყალიბდა” – თქვა გასულ კვირაში ნიკა გილაურმა.

კიდევ კარგი, ამ ქვეყანაში რაღაც მაინც რომ ჩამოყალიბდა, ახლა ჯერი ძაღლებზე და ძროხებზეა. როცა ძაღლები სწორად მოკუკვას, ხოლო ძროხები გამართულად ცოხნას ისწავლიან, ელექტრომობილების დროც მერე დადგება.

სულ ეს იყო. სულ ეს, ანუ სი–სულ–ელ–ე.

 

მ.მ. (მეც მაინტერესებს) სხვა რა მოგწერო? ძმურად გეხვევი და გკოცნი. მოუთმენლად ველი შენს წერილს. ყველაფერი დაწვრილებით მომწერე. განსაკუთრებით მაინტერესებს ორგანზომილებიან არსებათა, ეგრეთწოდებულ ელემინთა ამბავი.

(ჯემალ ქარჩხაძე, “დრო”)