ბოლო დროს ზურაბ ჟვანიას დაღუპვის თემა კვლავ გააქტიურდა. თავდაპირველად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააოცა საზოგადოება, როცა მოულოდნელად გამოაცხადა, ზურაბ ჟვანია არ მოუკლავთო. ეს მაშინ, როცა ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ იმ საბედისწერო ღამის შესახებ მისგან მაინც შეიტყობდნენ სიმართლეს. ოქრუაშვილის განცხადებას უმალვე მოჰყვა ჟვანიას ქვრივის, ნინო ქადაგიძის კომენტარი, რომ ოქრუაშვილი ყოველთვის ლაპარაკობს იმას, რაც მას აწყობს.
ამჯერად ჟვანიას თემა სააკაშვილისთვისაც გააქტიურდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი მისთვის მძიმე დანაკარგი იყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა „პირველ რადიოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჟვანიას საქმის ხელახლა გამოძიების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, რაც უნდათ, ის გამოიძიონ. ზურა ჟვანია მისი ახლო მეგობარი იყო და მან არც კი იცის, უფრო მეტად ახლო მეგობარი ვინ ჰყავდა ზურა ჟვანიას, ან თავად თუ ჰყავდა მასზე უფრო ახლო მეგობარი.
„მისი სიკვდილი ჩემთვის მძიმე დანაკარგი იყო. თუ ვინმეს ამ უბედური შემთხვევის ყველა დეტალის გარკვევა უნდოდა, ეს მე ვიყავი. ამიტომ გავარკვიეთ კიდეც. მე ვიყავი პირადად კონტაქტში აშშ-ის ადმინისტრაციასთან, მე ჩამოვაყვანინე FBI-ის ჯგუფი, რადგან ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი აპარატურა. ამერიკელებმა ყველაფერი გამოიძიეს და ყველაფერი დადეს. საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, მე არ მესმის. ეს ხალხი მართლა ისეთი წარმოდგენებით მოვიდა, რომ ბნელ ოთახებში დაიწყო შავი კატის ძებნა, რომელიც იქ არ არის. ამასობაში მართლა ცუდი რაღაცეები ხდება და ბევრი რამ არის გამოსაძიებელი. ვინც არ უნდა გაეშვათ, ის გაუშვეს გარეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
For.ge ზურაბ ჟვანიას მეგობარს ხათუნა ხოფერიას ესაუბრა.
- სააკაშვილის მიერ ზურაბ ჟვანიას თემის ბოლო დროს გააქტიურების შესახებ ჩემი შეფასება ასეთია -ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. თუ ქვეყნის პრეზიდენტი მართლაც დაინტერესებული იყო, რომ ამდენი ხნის მანძილზე ეს საქმე გამოძიებულიყო, მაშინ შვიდი წლის თავზე არ მოუწევდა პროკურატურას დასკვნის დადება. ეს ცოტა უცნაურია. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ პრეზიდენტ სააკაშვილს ამ საქმის გამოძიება აინტერესებდა, ვინ შეძლო და ვინ გაუბედა, რომ ჟვანიას საქმე შეფერხებულიყო?! ადეიშვილმა?!
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო პრეზიდენტის დიდ დანაკლისს რაც შეეხება, ჩემთვის ძნელი სათქმელია, თუ რა იყო ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება მიხეილ სააკაშვილისთვის. მე კარგად მახსოვს ის დღეები, ისიც მახსოვს, როცა მიშა აღელვებული, აფორიაქებული იყო. რაც მთავარია, იგი იყო არაადეკვატური. ის მოდიოდა, მერე გარკვეულ წუთებში უკან ბრუნდებოდა. დილის ხუთი საათი თუ ოთხის ნახევარი იყო, ზუსტად არ მახსოვს, როცა სამების ტაძარში დაკრძალვის წინა ღამეს ჩვენ, მისი უახლოესი სამეგობრო, ზურას გუნდი, ვუთევდით ღამეს მიცვალებულს. უცებ თქვეს, რატომღაც შუაღამეს მოდის სააკაშვილიო. მართლაც იგი მოვიდა და მას თან ახლდნენ ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი. რამდენიმე წუთი იდგა, მერე ისევ გაიქცა და სადღაც წავიდა. მიშას მოსვლისთვის მიცვალებულს დაკრძალვის დღეს გადააფარეს სუდარა, ეტყობა, სააკაშვილს რომ არ დაენახა. ანუ, რაღაცნაირად იგი ძალიან არაადეკვატური იყო იმ დღეებში.
სანამ სააკაშვილი სტრასბურგში ჩავიდოდა, მანამდეც გახმიანდა, რომ მას აუცილებლად მოუწევდა პასუხის გაცემა ამ თემაზე და კითხვას დაუსვამდნენ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით.
- ამ კითხვაზე პასუხი მართლაც გასაცემია, თუ რა შეემთხვა თავად მიხეილ სააკაშვილს იმ ღამეს. მე მასთან ეს შეკითხვა მაქვს. რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც ბარამიძეს შეატყობინეს, რომ ჟვანია გარდაცვლილი იყო. გზაზე მიდიოდა ბარამიძე და ამ დროს რატომ განხორციელდა მასთან ზარი და ბარამიძეს რატომ მოუხდა ჯერ სააკაშვილთან მისვლა.
ანუ ეჭვობთ, რომ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის დროს სააკაშვილიც იქ იყო?
- მე არაფერს ვეჭვობ, არანაირი მასალები არ მაქვს. მე მაქვს ის ინფორმაცია, რომელსაც რაღაცნაირად ვგებულობდით, რასაც ვიღაცისგან ვიგებდით. ზურას ოჯახს, გარემოცვას ერთმანეთში გვქონდა მიმოსვლა და აზრების გაზიარება. მე ფაქტები არ მაქვს და ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებ, მათ შორის, ვერც სააკაშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ეს განცხადება, რომ თურმე ძალიან უნდოდა ამ საქმის გამოძიება და ვიღაც ჩამოუყვანია, არადამაჯერებელია. რა მერე? თუ ძალიან უნდოდა, მაშინ დაემთავრებინა კიდეც, ვერ შეძლო ამ საქმის გამოძიება?
იგი აცხადებს, რომ ამერიკელებმა ყველაფერი გამოიძიეს და დასკვნა დადეს. ამასთან, ეს ყველაფერი ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას შეადარა. ისიც დაამატა, ჩემთვის ეს რთული გადასატანია, მაგრამ, რაც უნდათ, ეძებონ და ჩხრიკონო. ანუ სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ ჟვანიას შესახებ FBI-ის დასკვნა უკვე დაიდო.
- არა, გამოძიება არ არის დამთავრებული, პროკურატურის დასკვნა არ არსებობს ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ არანაირად არ ვაჩქარებთ და არაფერს არ ვეუბნებით გამოძიებას, რათა ამ საქმესთან დაკავშირებით ფორსირებულად მოხდეს რაიმე. ჩვენ ახალ ხელისუფლებას ვენდობით და ზუსტად ვიცით, რომ დღეს იქნება თუ ერთი წლის შემდეგ, ზურას საქმეს ნათელი მოეფინება. რატომ დასჭირდა თავად სააკაშვილს ამ სიტუაციაში, ამ საკითხის ფორსირება და წინა პლანზე წამოწევა, როდესაც შვიდი წლის მანძილზე საერთოდ არ დაინტერესებულა ამ თემით? - საინტერესოა.
მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებია, ზურას საფლავზეც კი არ მისულა, არც მის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებზე უნახავთ. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემში ეჭვს იწვევს.
სხვათა შორის, ამას წინათ ბადრი პატარკაციშვილის სახლში კონფიდენციალური შეკრების ფარული ჩანაწერები დაიდო, სადაც სააკაშვილი ამავეს იმეორებს, ჟვანია რომ „ჩაფლავდეს“, მე დაღუპული ვარო. ეს იმდროინდელი ჩანაწერია, როცა ზურაბ ჟვანია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ამ საუბარს სუფრის მეორე მხარეს თავადაც ისმენდა. იქ სააკაშვილი არ მალავდა, რომ მასა და ჟვანიას კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, ზოგჯერ კამათიც მოსდიოდათ, მაგრამ ჟვანიას გარეშე იგი დაიღუპებოდა და ასევე იყო მის გარეშე ზურაბ ჟვანიაც.
- ყველა ადამიანის ტვინში ხდება ხოლმე გამონათება. ალბათ, იმ მომენტში მიშას ტვინშიც მოხდა გამონათება და მან თქვა ის რეალობა, რაც უნდა ეთქვა, რადგან მისი ხელისუფლებაში მოსვლის ცხრა წლის თავზე და ზურას გარდაცვალების შვიდი წლის თავზე შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ ის, რასაც მიშა იმ ჩანაწერებში ამბობს, სიმართლე იყო. ზურაბ ჟვანიას გარეშე მიშა ნამდვილად დაიღუპებოდა, ოღონდ კონკრეტულ სიტუაციაში რა მოხდა, რას შეეწირა და რის გამო იქნა მოკლული ზურაბ ჟვანია, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. თორემ, მიშამ კი არა, ზოგადად ყველამ კარგად იცოდა, რომ ქვეყნის მართვა იმ სიტუაციაში, რასაც სახელმწიფოებრივად მართვა ჰქვია, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ცოდნა სჭირდება, რაც ჟვანიას გარდა არავის ჰქონდა. იმ კონკრეტულ მომენტში მიშამ ეს ჭეშმარიტება აღიარა. უბრალოდ, ისაა საინტერესო, ამის შემდეგ რა მოხდა?
ზურაბ ჟვანია თქვენი მეგობარი იყო, თუმცა სააკაშვილი დღეს კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ზურაბ ჟვანია მისი ახლო მეგობარი იყო და არ იცის, უფრო ახლო მეგობარი ვინ ჰყავდა. თქვენ უკეთ გეცოდინებათ, რეალურად ასეთი ახლო მეგობრები იყვნენ სააკაშვილი და ჟვანია, თუ ეს ჰიპერბოლიზირებულია სააკაშვილის მხრიდან?
- იცით, რა არის? ზურას ძალიან ბევრი ახლო მეგობარი ჰყავდა და თავად მიშაზე ბევრად უფრო ახლო მეგობრებიც. ზურას უცნაური თვისება ჰქონდა, სკოლიდან მოყოლებული, ინსტიტუტის მეგობრებით დამთავრებული, არავინ ჰყავდა დაკარგული. რაც არ უნდა მომხდარიყო, ამ ადამიანებს მაინც ინარჩუნებდა. თუნდაც ის მომენტიც შემიძლია გითხრათ, როგორი ნაწყენიც არ უნდა ყოფილიყო შევარდნაძეზე, როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა, ზურა პანაშვიდებზე იდგა. მას ვალდებულების, კაცობის ქცევები შიგნიდან მოსდიოდა. იმის მტკიცება, თითქოს, ზურას მიშაზე ახლობელი არავინ ჰყავდა, ცოტა სასაცილოა. სააკაშვილს თავად რამდენად ჰყავდა ზურაზე ახლობელი მეგობარი, ვერ გეტყვით. საერთოდ, სჭირდება სააკაშვილს მეგობარი? სააკაშვილს ჰყავს პარტნიორები, მე მგონი, სააკაშვილს მეგობრები არ ჰყავს.
თქვენ სააკაშვილთან კითხვა გაქვთ, თუ რა შეემთხვა მას იმ ღამეს. უფრო რომ გაშალოთ ეს თემა, რა იგულისხმეთ?
- იმ ღამეს მას რაღაც შეემთხვა. მე არ ვიცი, ავარიაში მოხვდა თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბარამიძე, რომელიც უნდა მისულიყო ჟვანიას ცხედართან, როცა მას ეს ტრაგიკული ამბავი შეატყობინეს, გზიდან იქნა მოხსნილი და დროის გარკვეული შუალედი, ერთი თუ ორი საათი, გაატარა სააკაშვილთან ერთად. ვიღაცამ ამაზე პასუხი ხომ უნდა გაგვცეს, რა შეემთხვა სააკაშვილს? ეს არის ფაქტი, ეს იცის ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, თვითონ გია ბარამიძემაც. მინდა, ხაზი გაუსვათ, მაინცდამაინც 2013 წლის 23 იანვარს რატომ გაახსენდა სააკაშვილს ზურაბ ჟვანია, მისი გარდაცვალების და გამოძიების ფაქტები?!
მიხეილ სააკაშვილს არგუმენტი ის იქნება, ამის შესახებ ჟურნალისტმა კითხვა დამისვა და მეც ვუპასუხეო.
- გასაგებია, მაგრამ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის შესახებ მიშას კითხვას უსვამდა თავად ჟვანიას ოჯახი, მისი გარემოცვა, საქართველოს მოსახლეობა და მას არასდროს არ გაუცია პასუხი. ამ საკითხის ასე დაკონკრეტება, სიყვარულის გამოხატვა და ამ თემის ფორსირებულად წინა პლანზე წამოწევა დღეს რაში დასჭირდა?
ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც თავის დროზე აცხადებდა, რომ ჟვანიას საქმეს ფარდას ახდიდა, სულ ახლახანს დააკონკრეტა, რომ ზურაბ ჟვანია თურმე არ მოუკლავთ. სხვათა შორის, ამ საკითხს საფრანგეთიდან გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, თუ ოქრუაშვილი ბოლოს გვეტყვის, რომ ჟვანია განზრახ არ იქნა მოკლული და, ალბათ, შემოაკვდათ, არ იქნება გასაკვირი.
- რა გითხრათ, ირაკლიმ ძალიან ბევრი სტრესი გადაიტანა და არ ვიცი, არაადეკვატურია თუ არა ამ სიტუაციაში. ზოგადად, ადამიანები ჩვენს მიერ ნათქვამ სიტყვებს უნდა ვუფრთხილდებოდეთ. არ უნდა ვაძლევდეთ საზოგადოებას იმის საშუალებას, რომ ხალხს კითხვა გაუჩნდეს, დებილები ხომ არ ვგონივართო? ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო განცხადებამ ასეთი კითხვა გააჩინა, მას რა ჰგონია, სკლეროზი მჭირს თუ ამნეზია დამემართა? პირადად ჩემს გარშემო ძალიან ბევრს ადამიანს გაუჩნდა ასეთი აზრი. მას ჰგონია, დაგვავიწყდა სულ რაღაც რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი?
მაშინ რას ემსახურებოდა ოქრუაშვილის ეს განცხადება?
- არ ვიცი, ქართულ პოლიტიკაში უცნაურად ოდიოზური ფიგურები ბრუნდებიან, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილიც, რაც ცოტა ძნელი წარმოსადგენი იყო დღევანდელი ხელისუფლების საერთო-სახალხო მხარდაჭერის ფონზე. კულუარებში რა ხდება, ვინ ვის რაზე ურიგდება და, ზოგადად, ვინ ვის აბრუნებს, რომელი პოლიტიკური ძალა ვის სწევს წინ, ვის სწევს უკან, ვის ათეთრებს და ვის აშავებს, ამას ნაციონალები აკეთებენ, თუ დღევანდელი ხელისუფლება, ეს მე არ ვიცი. მე არ ვტრიალებ ამ კულუარებში, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს კულუარები და ამ კულუარებში რაღაც ხდება, რაც შეიძლება აბსოლუტურად არ იყოს მისაღები ბევრი ადამიანისთვის.