უკვე გადაწყვეტილი საქმის დეტალებს 4 თებერვალს გაახმაურებენ

უკვე გადაწყვეტილი საქმის დეტალებს 4 თებერვალს გაახმაურებენ

ქართული დელეგაცია ონიშჩენკოს კბილს 4 თებერვალს მოუსინჯავს. თუმცა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთში ქართული პროდუქციის დაბრუნება გადაწყვეტილია. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხები, რომლის მოგვარებასაც დიდი დრო არ დასჭირდება.

„ორი შესაძლო თარიღიდან - 28 იანვრიდან და 4 თებერვლიდან - ჩვენ არჩევანი 4 თებერვალზე შევაჩერეთ“, - განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ. მისივე თქმით, აღნიშნული თარიღი რუსულ მხარეს ქართულმა დელეგაციამ შესთავაზა, რათა „შესაძლო შეუსაბამობების“ გადაჭრა მოასწრონ და ეს თარიღი რუსულ მხარესაც ხელს აძლევს.

ონიშჩენკომ უკვე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა ქართულ მხარს სავიზო და დიპლომატიური მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

ამასთან, რუსეთის მთავარმა სანიტარმა არ გამორიცხა, რომ საქართველოს თავადაც ეწვიოს მას შემდეგ, რაც 4 თებერვალს მოსკოვში რუსულ-ქართული კონსულტაციები გაიმართება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი „როსპოტრებნადზორს“ 7-კაციანი დელეგაციის სია გადაუგზავნა, რომლებიც რუსულ მხარესთან ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დაბრუნების საკითხებზე იმსჯელებენ. დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციაში იმ სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები შევიდნენ, რომლებიც პროდუქციის ხარისხზე აგებენ პასუხს. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ღვინის ეროვნული სააგენტოს, ღვინის ასოციაციის თავმჯდომარე და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელები. რუსულ მხარესთან ემბარგოს მოხსნის საკითხებზე იმსჯელებენ ასევე ფიტოსანიტარული კარანტინის და ხილისა და ბოსტნეულის სააგენტოს პირველი პირები.

ქართული მხარე მზად არის, ისაუბროს ქართული ღვინის ხარისხე და იმაზე, რომ უვნებელია რუსეთის ფედერაციის მომხმარებლისთვის. დელეგაციის ხელმძღვანელის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილმა განცხადებით, პოლიტიკური ბარიერი არ არსებობს, არის მხოლოდ ტექნიკური საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას. რამდენადაც ღვინის ეროვნული სააგენტო პასუხს აგებს ხარისხზე, თუკი ვინმესთან შეიძლება განხილული იყოს ტექნიკური საკითხი, ეს არის სწორედ ღვინის სააგენტო.

„პირველ რიგში, ხარისხის კონტროლის სისტემა უნდა მივაწოდოთ და ისინი ამას უნდა გაეცნონ. მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს რუსი ექსპერტების ჩამოსვლა. შემდეგ კი ჩვენ ველოდებით დადებით დასკვნებს, რადგან ყველაზე მკაცრ მოთხოვნებსაც ვაკმაყოფილებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება ფალსიფიკაციის საფრთხეს, რომელიც შეიძლება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებას მოჰყვეს, ლევან დავითაშვილი რადიოინტერვიუში აცხადებს, რომ ასეთი რისკები სამწუხაროდ არსებობს.

„ჩვენ ველოდებით ამ რისკებს. არსებობს რამდენიმე გზა ფალსიფიკაციისგან დასაცავად, თუმცა სრულად დაცვა შეუძლებელია. ამას მხოლოდ სააგენტო ვერ შეებრძოლება. აქ საჭიროა კომპლექსური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებიდან“, - აღნიშნავს დავითაშვილი.

მისივე აზრით, ფალსიფიკაციისგან დაცვაში დიდი წვლილი შეიძლება „საქპატენტმაც“ შეიტანოს, თუ ქართული ღვინის დაბრუნების პარალელურად მოხდება ქართული დასახელების რეგისტრაცია, რაც იურიდული საფუძველი გახდება ფალსიფიკატორებთან ბრძოლისა.