რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი კოკა გუნცაძე მთავარი პროკურატურისგან რკინიგზასა და ვაგონშემკეთებელ კომპანიას შორის 2012 წლის 7 ივლისს, პირდაპირი მოლაპარაკების გზით დადებული კონტრაქტის შესწავლას მოითხოვს. საუბარია 112 353 858-ლარიან ხელშეკრულებაზე.
კოკა გუნცაძე არ გამორიცხავს, რომ თანხების მითვისების საქმის ძიებამ პროკურატურა მაღალჩინოსნებამდე გაიყვანოს. მართალია, ამ ეტაპზე იგი ამ სქემაში მონაწილე მხოლოდ ერთ პირს - რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორს დავით ჯინჯოლიას ასახელებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ასეთი ტიპის მრავალმილიონიანი გარიგებები ჯინჯოლიას დონეზე არ წყდებოდა და გაცილებით მაღალ რგოლს ეხებოდა.
„თუ გამოძიება გაჰყვება კვალს, თუ სად გადაირიცხა შემდგომში ფული, გარწმუნებთ, უმაღლესი თანამდებობის პირებამდე მივალთ. რკინიგზის მაშინდელი ხელმძღვანელობისა და ვაგონშემკეთებელი კომპანიის მონაწილეობით, სახეზეა სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური სახსრების - 56 369006 ლარის მითვისების, მისი „გაქეშების“ თაღლითური სქემა“, - აცხადებს კოკა გუნცაძე.
უფრო კონკრეტულად კი თაღლითური სქემა შემდეგნაირად განხორციელდა. 2012 წლის 24 აპრილს რკინიგზის დირექტორთა საბჭომ, საკუთარი დადგენილებით, მიზანშეწონილად მიიჩნია გარკვეული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომლის საერთო მოცულობაც 232 672 108 ლარს შეადგენდა. ეს მოიცავდა 290 ახალ ხორბალმზიდს, 950 ვაგონ-ცისტერნას და 1 107 სხვადასხვა ტიპის ვაგონის კაპიტალურ შეკეთებას. ამასთან, გასული წლის 4 მაისს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროის ფარგლებში კი რამდენჯერმე შეიცვალა სატენდერო პირობები, შესაძენ ობიექტთა რაოდენობა, თანხის მოცულობა, ვალდებულებების დაფარვის გრაფიკი, ანგარიშსწორების წესი და ვადები. საბოლოოდ კი სატენდერო ღირებულების მთლიანი მოცულობა 112 353 858 ლარით განისაზღვრა.
თუმცა საქმე ამით არ დამთავრებულა. 2012 წლის 2 ივლისს გაურკვეველი მიზეზებით ეს ტენდერი ჩაიშალა, სადაც ერთადერთი სატენდერო წინადადება წარმოდგენილი ჰქონდა ვაგონშემკეთებელ კომპანიას და ზუსტად 5 დღის შემდეგ, ანუ 7 ივლისს „საქართველოს რკინიგზამ“ პირდაპირი მოლაპარაკების ფორმით, ვაგონშემკეთებელ კომპანიასთან 112 353 858 ლარიანი კონტრაქტი გააფორმა. აქედან, ავანსად ვაგონშემკეთებელმა კომპანიამ აღნიშნული თანხის 50% მიიღო, ანუ - 56 369 000 ლარი.
როგორც კოკა გუნცაძე აცხადებს, საეჭვო ისიცაა, რომ რკინიგზის ერთ-ერთი დირექტორი, რომლის ინიცირებულიც იყო აღნიშნული პროცესი, რატომღაც ვაგონშემკეთებელი კომპანიის ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის მენეჯმენტში წილის მფლობელად მოგვევლინა. ამ დროს კი ვაგონშემკეთებელ კომპანიას ნაკისრი ვალდებულების მიხედვით, 2012 წლის დეკემბრისათვის რკინიგზისთვის უნდა დაებრუნებინა 30 ახალი ხორბალმზიდი და 160 გარემონტებული სხვადასხვა ტიპის ვაგონი. არც ერთი ხორბალმზიდი დაბრუნებული არ არის და 160 ვაგონის ნაცვლად, გარემონტებულია მხოლოდ 35.
ამდენად, კოკა გუნცაძეს უჩნდება შემდეგი სახის შეკითხვები: რატომ გაერთიანდა ერთ ლოტად თავისი ბუნებით სხვადასხვა შესყიდვა, რა მიზეზით ჩაიშალა ტენდერი და ტენდერის ჩაშლიდან ხუთ დღეში რის საფუძველზე გაფორმდა იმავე პრეტენდენტთან, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 112 მილიონ 353 858 ლარიანი კონტრაქტი? რის საფუძველზე გადაუხადა რკინიგზამ ვაგონშემკეთებელ კომპანიას ავანსად 50%, რაც შეადგენს 56 მილიონ 369 000 ლარს? რატომ აღმოჩნდა ამ ოპერაციის შემდეგ რკინიგზის ერთ-ერთი კრედიტორი ვაგონშემკეთებელი კომპანიის წილის მფლობელი ოფშორულ კომპანიაში? დღემდე რატომ ვერ მიაკვლიეს ვერცერთ დეფექტურ აქტს, სადაც აღწერილი იქნებოდა ვაგონების ტექნიკური მდგომარეობა, რომლის საფუძველზეც შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა განისაზღვრება და რატომ არ აქვს ვაგონშემკეთებელ კომპანიას ვალდებულების 5% შესრულებული?!
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, კოკა გუნცაძეს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რკინიგზისა და ვაგონშემკეთებელი კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელობის მონაწილეობით, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური სახსრების მითვისების თაღლითური სქემა მოქმედებდა.
ცნობისთვის, ამ დრომდე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტურია. მოარული ინფორმაციით, შესაძლოა, ირაკლი ეზუგბაიას პოსტი მამუკა ბახტაძემ დაიკავოს.