რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნდა! ჰეიდარ ალიევის სული ხარობს!

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნდა! ჰეიდარ ალიევის სული ხარობს!

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ ხალხსა და პირადად ილჰამ ალიევს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.

„28 წლის განმავლობაში, თურქეთი და თურქი ხალხი გულში აზერბაიჯანელი ხალხის ტკივილს ატარებდა. დღეს ოკუპაცია უკვე ისტორიას ჩაბარდა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს, რათა სამოქალაქო ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვას.

მისივე თქმით, თურქეთმა დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის გაძლიერებაში, მათ შორის სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციის შეწყვეტის საკითხში.

„ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნდა! ჰეიდარ ალიევის სული ხარობს! აზერბაიჯანელი ძმების სიხარული ჩვენი სიხარულიცაა! ვიმედოვნებ, თურქეთი და აზერბაიჯანი შემდგომშიც განაგრძობენ საერთო მომავლის შენებას“, - დასძინა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.