სომხეთის მმართველი პარტია „ჩემი ნაბიჯი“ ოპოზიციას სთავაზობს, რუს სამშვიდობოებზე უარის თქმასთან ერთად, მთიან ყარაბაღში ომის გაგრძელებისა და გამარჯვების მოპოვების კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს. ოპოზიციური პარტიებისადმი მმართველი პარტიის მიმართვას სომხური მედია ავრცელებს.
„თუ ვინმეს სურს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებაზე იმსჯელოს, მოვუწოდებთ, პირდაპირ თქვან, რომ მხარს უჭერენ რუსეთის შუამავლობის გაუქმებას, ფრონტის ხაზიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას და ომის გაგრძელებას. გარდა ამისა, ოპოზიციამ ასევე უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა განახლებულ ომში გამარჯვების მისაღწევად“, - აცხადებენ პარტიაში.
ამასთანავე, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არსებული პირობებით შეთანხმების გაფორმება იყო ერთადერთი გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მთიანი ყარაბაღი სრულად აღმოჩნდებოდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, რასაც ათასობით მსხვერპლი მოყვებოდა.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა ის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.