„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ კომუნიკაციის სფეროში არსებულ კიდევ ერთ დარღვევაზე ალაპარაკდა. „აფბა“-ს წარმომადგენლების თქმით, მათი ორგანიზაცია აგრძელებს კომუნიკაციების სფეროს შესწავლას და იმ პრობლემური საკითხების გამოვლენას, რომლებიც დარგის განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. კვლევის ამ ეტაპზე კი „აფბა“ საზოგადოებას წარმოუდგენს პორტაბელობის სისტემის დანერგვის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და იმ უხეშ გადაცდომებს, რაც, მათი თქმით, ამ პროცესს ახლდა და დღემდე ახლავს.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინიციატივით, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, 2011 წლის 15 თებერვლიდან ნომრის პორტაბელურობის მომსახურება დაინერგა. ნომრის პორტაბელურობის დანერგვამდე, ოპერატორის შეცვლისას, აბონენტებს ნომრის შეცვლა უწევდათ, რაც, „აფბა“-ს განმარტებით, კონკურენციის შემაფერხებელი ერთ-ერთი ბარიერი იყო.
„აფბა“-ს პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ თავისთავად პორტაბელურობის მომსახურებასთან საპრეტენზიო არაფერი აქვს, რადგან ის კონკურენციის ხელშემწყობი ფაქტორია, მაგრამ კითხვებს ბადებს ის ფორმა, რომლითაც ამ სერვისის დანერგვა მოხდა და ის მეთოდუც, თუ როგორ გაიმარჯვა მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კონკრეტულმა კომპანიამ.
„როგორც აღინიშნა, კომუნიკაციების სფეროში ეს მომსახურება უკვე დაახლოებით ორი წელია არსებობს. 2010 წლის 30 ივლისს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ამასთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც სამმა კომპანიამ - „კეთ ენდ კეთ მედია“, „განთექი“ და „მედიაპრო ჯორჯიამ“ მიიღო მონაწილეობა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსიდან თავდაპირველად მოიხსნა „კეთ ენდ კეთ მედია“ გამომდინარე იქიდან, რომ მას აღნიშნულ სფეროში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ჰქონდა.
კონკურსის მეორე ეტაპიდან დისკვალიფიცირებული იქნა უმსხვილესი თურქული კომპანია „განთექი“, რომელსაც საქმიანობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ ფირმას ზურგს უმაგრებდა ასევე უმსხვილესი საკომუნიკაციო კომპანია „ტელეკორდია“, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ „განთექთან“ დაკავშირებულ პირად არ ჩათვალა და მისი გარანტიებიც არ მიიღო. და, ბოლოს, ყველაზე მთავარი, რაც ამ საკითხს უკავშირდება, არის ის გადასახადი, რომელსაც ქართულ საკომუნიკაციო კომპანიებს ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მედიაპრო ჯორჯია“ ახდევინებს“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.
მისი თქმით, ტენდერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა იყო ის სატარიფო პოლიტიკა, რომელსაც ეს ფირმები ქართულ საკომუნიკაციო კომპანიებს შეთავაზებდნენ. ჭიჭინაძე ამბობს, რომ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც როგორც მობილურ, ასევე ფიქსირებულ სატელეფონო კომპანიებს აბსოლუტურად არალოგიკურ გადასახადს ახდევინებს.
ტენდერში მონაწილე კომპანიებს სატარიფო პოლიტიკასა და საბოლოოდ კონკურსში გამარჯვებული ფირმის მიერ შემოთავაზებულ ტარიფებზე უფრო დეტალურად „აფბა“-ს წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი საუბრობს. მისი თქმით, „მედიაპრო ჯორჯიას“ ტენდერში ჰქონდა ასეთი წინადადება, რომ ნებისმიერ აბონენტზე, რომელიც მობილური, ან ფიქსირებული ქსელის ოპერატორს ჰყავს, კომპანიებს 0.38 ევრო უნდა გადაეხადათ. კომპანია „განთექი“ კი აცხადებდა, რომ საკომუნიკაციო კომპანიებს მხოლოდ პორტირებულ ნომრებზე გადაახდევინებდა გადასახადს. ამასთანავე, თუ 85 ათასამდე პორტირებული ნომერი იქნებოდა, კომპანიები წელიწადში 660 000 ევროს გადაიხდიდნენ, 85-დან 150 ათასამდე პორტირებული აბონენტის შემთხვევაში თითოეულ პორტირებულ ნომერზე ამ გადასახადს წელიწადში ოთხი ევრო ემატებოდა, ხოლო 150 ათასზე მეტი ნომრის შემთხვევაში, ყოველ დამატებით პორტირებულ ნომერზე წელიწადში ემატებოდა 2 ევრო. აქვე ჯანიაშვილი განმარტავს, რომ მთლიანობაში 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე 110 ათასი აბონენტის პორტირება მოხდა. ამიტომ, თუ იმ ფასებით ვიმსჯელებთ, რასაც მარეგულირებელ კომისიას „განთექი“ სთავაზობდა, სატელეფონო კომპანიებს მისთვის 660 ათასი ევროს გადახდა მოუწევდათ.
„ამ კომპანიის მიერ სატენდერო წინადადებაში ჩადებული გადასახადის მაქსიმუმიც რომ ავიღოთ, ანუ 900 000 ევრო, საბოლოო ჯამში ეს ორ მილიონ ლარზე მეტი არ გამოდიოდა მაშინ, როდესაც „მედიაპრო ჯორჯიამ“ მხოლოდ 2011 წელს დაახლოებით 6.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ მან გადასახადი ოდნავ შეამცირა - 38 ევროცენტიდან 32 ევროცენტამდე, „მედიაპრო ჯორჯიას“ ყოველწლიური შემოსავალი მაინც 5 მლნ ლარს აღემატება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ კომპანიას სულ სამი თანამშრომელი ჰყავს და მისი ოფისი ორი ოთახისგან შედგება“, - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.
მისი თქმით, ტენდერში „განთქის“ გამარჯვების შემთხვევაში ფიჭური და ფიქსირებულ სატელეფონო კომპანიებს დაახლოებით ოთხჯერ ნაკლების გადახდა მოუწევდათ. ამასთანავე, ჯანიაშვილი განმარტავს, რომ როდესაც კომპანია გარკვეულ გადასახადს იხდის, საზოგადოებამ არ უნდა იფიქროს, რომ ეს მას არ ეხება. „აფბა“-ს წარმომადგენლის განმარტებით, ეს თემა სწორედაც რომ საზოგადოებას ეხება, რადგან არც ერთი კომპანია წაგებაზე არ იმუშავებს და იმ გადასახადს მომხმარებელს ჩაუდებს ტარიფში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქმე სატელეფონო კომპანიებსაც ურთულდებათ, მაგრამ მარეგულირებელი კომისიის ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით საბოლოოდ მაინც საზოგადოება იჩაგრება.
მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ „მედიაპრო ჯორჯიას“ მფლობელი კომპანია, „მედიაფონი“, რომელის სულ ოთხ ქვეყანაში ოპერირებს, ანალოგიურ მომსახურებას ლიტვაშიც ახორციელებს და იქ მისი მომსახურება თითოეულ აბონენტზე 0.28 ევრო ღირს.
„მართალია, საქართველოში ეს გადასახადი შემცირდა (თუნდაც უმნიშვნელოდ), მაგრამ საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, რა დანახარჯებზე იყო გათვლილი თუნდაც ის 38 ევროცენტი, ან დღეს რისი მეშვეობით შემცირდა ეს გადასახადი 32 ევროცენტამდე. ამიტომ ცხადია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ჩაატარა ტენდერი, რომელშიც გამოვლინდა არა საუკეთესო, არამედ ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც შეგვეძლო მიგვეღო. ტენდერში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას და ამდენად, ისედაც დიდი კონკურენცია არ იყო. მიუხედავად ამისა, ორი მათგანი დისკვალიფიცირებული იყო და დღეს სამი ადამიანისგან შემდგარი კომპანია მილიონობით ლარის შემოსავალს იღებს და თან ჩვენი აბონენტების ხარჯზე“, - აღნიშნავს მერაბ ჯანიაშვილი.
„აფბა“-ს პრეზიდენტის, ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, ასევე საყურადღებოა ის მომენტი, რომ პორტირებულია სულ 110 000 აბონენტი, კომპანიებს კი გადასახადს 5 მლნ 800 ათასი აბონენტის ბაზაზე ახდევინებენ.
„თითოეული თქვენგანი რომ მივიდეს ფიჭური კავშირგაბმულობის ნებისმიერ კომპანიაში, აიღოს ნომერი და ეს ნომერი თუნდაც გადააგდოს (ანუ, არ განახორციელოს პორტირება), ამ ნომრის გამო კომპანიას უწევს მართალია ოდნავ შემცირებული, მაგრამ მაინც (32 ევროცენტის ოდენობით) გადასახადის გადახდა. ამ სფეროს ექსპერტების განცხადებით, „მედიაპრო ჯორჯიას“ ხარჯები არ შეიძლება იყოს მაღალი და შეუძლებელია 100 000 დოლარს აღემატებოდეს. ასეთ კომპანიას არც თანამშრომელთა დიდი შტატი ჭირდება, არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მას ქართული საკომუნიკაციო კომპანიები წელიწადში ხუთ მილიონ ლარზე მეტს უხდიან. ამ ყველაფერში დამნაშავე კი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაა“, - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.
მისი განმარტებით, „მედიაპრო ჯორჯიას“ მფლობელი არის ლიტვური კომპანია, რომელსაც ამ სფეროში გამოცდილება არ აქვს და იგი სატელევიზიო თამაშების მომწყობი ფირმაა. ჭიჭინაძის თქმით, ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რამდენიმე თვის განმავლობაში სატელევიზიო თამაშს აწყობდა, როდესაც დაფარული სიტყვის გამოსაცნობად მაყურებლები ტელეეთერში რეკავდნენ და ამის საფასურად საკმაოდ დიდი თანხები ეჭრებოდათ ანგარიშიდან.
ვინაიდან „მედიაპრო ჯორჯიას“ მფლობელი არის ლიტვური კომპანია, „აფბა“-ში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, საქართველოში განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაცია ლიტვაში მიდის და შემდეგ იქ ვინ რაში გამოიყენებს ამ ინფორმაციას, უცნობია.
ფინანსისტების განმარტებით, თავად მარეგულირებლის მიერ გამოცხადებული ტენდერის კანონთან შესაბამისობაც ბადებს ეჭვებს, რადგან ტენდერი 2010 წლის ივლისში ჩატარდა, ხოლო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილება, 2011 წლის აპრილში შევიდა. ამიტომ „აფბა“-ში მიიჩნევენ, რომ ამ ტენდერის საქმე მთლიანად სამართალდამცავი სტრუქტურების შესწავლის საგანი უნდა გახდეს და ფინანსისტები აპირებენ, უახლოეს დღეებში ამ თხოვნით, მთავარ პროკურატურას მიმართონ.