საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებამდე რამდენიმე დღე დარჩა, დეტალები კი უკვე ცნობილია. დაზღვევის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოდან დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება. შემდეგ იქნება ახალი სტანდარტი და ახალი პირობები. რამდენადაც ქვეყანაში დაახლოებით 2 მლნ ადამიანი დაუზღვეველია, „თებერვლის პაკეტს“ სწორედ ისინი მიიღებენ.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პირველი ეტაპის დაზღვევა 2 ლოტს მოიცავს: ხელმისაწვდომობა პირველად ჯანდაცვაზე და გადაუდებელი მდგომარეობების მართვა.
მინისტრის განმარტებით, პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს ოჯახისა და უბნის ექიმებთან და თერაპევტებთან ვიზიტების უზრუნველყოფას. გადაუდებელი მდგომარეობების მართვა კი მოიცავს არსებული დაავადების უეცარ გაუარესებას და უეცარი შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმებზე სამედიცინო მომსახურების მიღებას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა მონაცემთა ბაზების დაზუსტებაზე და ამ მხრივ სულ ცოტა სამუშაოღაა დარჩენილი. ასევე სრულდება კერძო დაზღვევით მოსარგებლე ადამიანების დაზღვევის აღწერა. სერგეენკოს განმარტებით, საყოველთაო დაზღვევის პროგრამით კერძო სადაზღვევო კომპანიებს პრობლემები არ შეექმნებათ და არ შეიქმნება დისკრიმინაციული სიტუაცია, რადგან კერძო სადაზღვევოები ყველა პროგრამის განხორციელებაზე წინასწარ იქნებიან ინფორმირებულნი.
„საყოველთაო დაზღვევა საფრთხეს არ შეუქმნის კერძო სადაზღვევო კომპანიებს. რამდენიმე შეხვედრა მქონდა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება. არ ვფიქრობ, რომ რამე დისკრიმინაციული მომენტები წარმოიშვება, რადგანაც წინასწარ შეთანხმებული, გაანალიზებული და შეჯერებული თამაშის წესები ყოველთვის მისაღები პარიტეტის დამყარების საწინდარია“, - აღნიშნა სერგეენკომ.
იგი თვლის, რომ სადაზღვევო ინდუსტრია ძალიან მოქნილია და მათ ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი აქტივობები ახალ მოთხოვნებს მოარგონ.
„ის პარიტეტი, რაც დღე გვაქვს, ჩვენ ბევრ კითხვას გვიჩენს, რომ ეს სისტემა მინიმუმ საჭიროებს საპირწონეს შექმნას - სახელმწიფო სადაზღვევო ფონდისა თუ სხვა რამე იურიდიული პირის სახით, რათა გაწონასწორდეს და დაბალანსდეს ეს სისტემა. არ ვფიქრობ, რომ ეს მათ დაშლასა და გაბანკროტებას გამოიწვევს, რადგან მათთან უახლოესი თვეების სტრატეგიული გეგმა შეთანხმებული იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.
საყოველთაო დაზღვევის დადებით მხარეზე ბევრი სპეციალისტი საუბრობს. მათი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სფეროში, თუმცა არიან ექსპერტები, რომლებიც სკეპტიკურად აფასებენ ახალი მთავრობის სადაზღვევო პოლიტიკას. მაგალითად, ვახტანგ მეგრელიშვილი ჯანდაცვის საბაზისო პაკეტის არაეფექტიანობაზე საუბრობს.
„საუბარი არის საბაზისო პაკეტზე, რომელიც მთელმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს, მიუხედავად იმისა, შეუძლიათ ამ მომსახურების დაფინანსება თუ არა. ესე იგი რა გამოდის, ჩვენ დავაფინანსებთ მათ შორის საკუთარ ჯანდაცვის მომსახურებას, ოღონდ ამ მომსახურებას მივიღებთ არა ისეთს, როგორიც გვინდა, არამედ ყველას ექნება ერთი და იგივე.
ეს იქნება, ფაქტობრივად, ფულის არაეფექტურად ხარჯვა იმ მოსახლეობის ნაწილისთვის, რომელსაც ასეთი სერვისები, უბრალოდ, ფიზიკურად არ სჭირდება. ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის დრო მაგონდება, როდესაც ყველას ჰქონდა ერთი და იგივე სამედიცინო მომსახურება. მოგეხსენებათ, რამდენი ფული იხარჯებოდა ამაში და ისეთი მომსახურებისთვის, რომელიც გვინდოდა, ამისთვის გვიწევდა ექიმისთვის ფულის დამატება”, - ამბობს მეგრელიშვილი.