ქართული დემოკრატია: მეოთხე შანსი?

ქართული დემოკრატია: მეოთხე შანსი?

ეს ყველაფერი ძალიან სიმბოლური იყო. საქართველო 13 იანვარს მართლმადიდებლურ ახალ წელს აღნიშნავდა. პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის სახლში გვერდიგვერდ ისხდნენ და ღვინოს მიირთმევდნენ. ბ-ნმა ივანიშვილმა ტიპური ქართული სადღეგრძელო წარმოთქვა და განაცხადა, რომ იმედი აქვს – 2013 წელი „საქართველოში სიყვარულის წელი იქნება.“ ეს ე.წ. ფოტოგენური შეკრება, მას შემდეგ გაიმართა, რაც 31 დეკემებერს ბ-ნმა სააკაშვილმა, კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, „ხუთპუნქტიანი გეგმა“ წარმოადგინა. ეს გეგმა მოიცავს: რიტორიკის შერბილებას, ნაციონალური მოძრაობის წევრების სამართლებრივი დევნისა და დაპატიმრებების და ადგილობრივ თვითმმართველობებზე თავდასხმების შეწყვეტას. მაშ ასე, გახდება თუ არა 2013 გარდამტეხი წელი მათ ურთიერთობებში? ჯერჯერობით განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა. 21 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა გააკრიტიკა ივანიშვილი იმისთვის, რომ ის „ემუქრება“ ნაციონალურ მოძრაობას შერჩევითი სამართლით, აშანტაჟებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს და დევნის ამ პარტიის წარმომადგენლებს ადგილობრივ თვითმმართველობებში. სააკაშვილმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ილაპარაკა რუსეთის იმპერიულ ამბიციებზე, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ემიჯნება ახალი მთავრობის მხრიდან რუსეთთან დიალოგის გახსნის მცდელობებს. ეს პროცესი ჟენევის 14 დეკემბრის შეხვედრიდან დაიწყო, სადაც ქართველი და რუსი დელეგატები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მთავარ საკითხებზე ვერ თანხმდებიან და მოძებნიან შეხების სხვა საერთო წერტილებს. სააკაშვილმა „საგანგაშო“ უწოდა ასევე ივანიშვილის ბოლოდროინდელ კომენტარს, რომელშიც მან სომხეთი იმის მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ შეიძლება ინარჩუნებდეს ქვეყანა კარგ ურთიერთონას ნატოსთანაც და რუსეთთანაც. სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ივანიშვილი უარს ამბობს საქართველოს სწრაფვაზე ნატოსკენ. უფრო სავარაუდოა, რომ ივანიშვილმა უკვე არაერთხელ გამოიჩინა გაუფრთხილებლობა მედიაში გამოსვლისას. მართლაც 22 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მიზნები არ შეცვლილა, თუმცა ის ფაქტი, რომ მანამდე ”საგარეოპოლიტიკური კურსისა და სტილის გამო” თანამდებობა დატოვა მისმა ერთმა მოადგილემ, უფრო დიდი შეშფოთების მიზეზს აჩენს. უთანხმოების კიდევ ერთ წყაროდ იქცა ახალი მთავრობის გადაწყვეტილება პატიმრების მნისტიის შესახებ. როდესაც 27 დეკმებერს სააკაშვილმა ამ კანონპროექტს ვეტო დაადო, 91 დეპუტატმა ეს ვეტო მეორე დღეს დაძლია. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კანონს ხელი 12 იანვარს მოაწერა. 190-მა ადამიანმა, მათ შორის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში გასამართლებულმაც, ციხეები 13 იანვარს დატოვეს, რამაც სააკაშვილს მორიგი განრისხების საშუალება მისცა. Journal of Democracy-ში ახლახანს გამოქვეყნებულ სტატიაში მიმდინარე ქართული პოლიტიკა ფართო კონტექსტშია განხილული. ავტორების აზრით, მხოლოდ ივანიშვილის გამოჩენამ შეაჩერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ავტოკრატიისკენ სვლა. მისმა მნიშვნელოვანმა სიმდიდრემ გააერთიანა განსხავებული პოლიტიკური ძალები ერთ კოალიციაში, რომელმაც უპასუხა საზოგადოების დიდ უკმაყოფილებას „ნაციონალური მოძრაობით“, და შესაძლებლობა მისცა „ქართულ ოცნებას“ წინააღმდეგობა გაეწია მმართველი პარტიის ხისტი პოზიციისათვის. ავტორების მტკიცებით, ამომრჩეველთა აშკარად გაბერილი სიები იმის ვარაუდს აჩენს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად იყო არჩევნების გაყალბებისთვის. მაგრამ მოსახლეობის მაღალმა აქტივობამ და საერთაშორისო დამკვირვებელთა მასშტაბურმა ყურადღებამ სააკაშვილი აიძულა მარცხი ეღიარებინა, რამაც გზა გაუხსნა ხელისუფლების პირველ კონსტიტუციურ ცვლას ქვეყანაში. ამან დამოუკიდებელ საქართველოს მისცა „მეოთხე შანსი დემოკრატიისთვის იმ შესაძლებლობების შემდეგ, რაც ხელიდან იქნა გაშვებული ზვიად გამსახურდიას (1990-92), ედუარდ შევარდნაძის (1992-2003) და სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში“. გამოიყენებს თუ არა მას ქვეყანა, ნაწილობრივ იმაზე იქნება დამოკიდებული, გადარჩება და შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებას, როგორც ნამდვილი საპარლამენტო ოპოზიცია. ეს დამოკიდებულია ასევე ბატონ ივანიშვილზეც. მართლაც გადადგება თუ არა ის თანამდებობიდან 18 თვეში, როგორც მისი თქმით, აპირებს „თუკი ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება“? პოლიტიკა იშვიათად ვითარდება ძალიან კარგად რომელიმე ქვეყანაში, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე. გარდა ამისა, თუკი ის მართლაც წავა, მისი მმართველი კოალიცია, როგორც ჩანს, დაიშლება. საქართველოს ახალი მთავრობა ჯერ კიდევ შეიძლება წავიდეს მისი წინამორბედების გზით. მათი მაღალი რეიტინგი დროთა განმავლობაში შემცირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რასაც ავტორები „სახელმწიფო ძალაუფლებითა და ივანიშვილის ფულით პოპულარობის ჩანაცვლების ცდუნებას“ უწოდებენ. ამის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ სახელმწიფო ძალაუფლება იმაზე ეფექტურად უნდა აკონტროლის, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა. ეს კი დიდ ცვლილებას მოითხოვს. როგორც Chatham House-ის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ სტატიაში ვკითხულობთ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დღეს ძალიან სუსტია იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე. მოქალაქეები არ მონაწილეობენ დისკუსიებში საჯარო პოლიტიკაზე, და არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO), სხვა საჯარო ინსტიტუტებს შორის, ყველაზე ნაკლებად ესმით. შედეგი კი ე.წ. „NGOკრატიაა“, სადაც თბილისში მცხოვრებ ინტელექტუალებსა და ექსპერტებს უფრო მეტი თანამშრომლობა აკავშირებთ „საელჩოებთან და დასავლურ ფონდებთან“ ვიდრე რიგით მოქალაქეებთან. ძალიან ხშირად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან „პასიური მომხმარებლები დემოკრატიის განვითარებისთვის გაღებული დახმარებისა იმის ნაცვლად, რომ თავად წარმოადგენდნენ დემოკრატიული გარდაქმნების მამოძრავებელ ძალას.“ ავტორი ვარაუდობს, რომ პრობლემის ნაწილი თავად უცხოელ დონორებშია, რომლებმაც უფრო გონივრულად უნდა ხარჯონ საკუთარი თანხები. ნაწილი კი ქართველებშია. თუკი მანთ „უნდათ ნამდვილი დემოკრატია, გამჭვირვალობა და პირადი თავისუფლება, მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ საჯარო დებატებში და შექმნან სოციალური ნდობა“. მიუხედავად ამისა, კვლევების თანახმად, მხოლოდ რამდენიმე რიგითი ქართველი თუ ლაპარაკობს თამამად პოლიტიკაზე სახლის გარეთ. ამ ცვლილებებს წლები დასჭირდება. დღეს, საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება გაცილებით მეტ შიშს და ზიზღს ნერგავს, ვიდრე სიყვარულს. foreignpress.ge