პრეზიდენტის ტყუილი და შენობის გარეშე დარჩენილი თეატრი

პრეზიდენტის ტყუილი და შენობის გარეშე დარჩენილი თეატრი

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის მშენებლობა უკვე შვიდი წელია მიმდინარეობს, რის გამოც, ობიექტს მსახიობები „აღარ აშენდას“ ეძახიან, თუმცა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ფოთის თეატრალური დასი უკვე ახალ „ლამაზ შენობაში“ საქმიანობს. ქვეყნის პირველმა პირმა ფოთის თეატრის „ახალ“ შენობაზე, ევროსაბჭოში თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენის დათვალიერებისას ისაუბრა, სადაც ბოლო წლებში განხორციელებული ყველა არქიტექტურული პროექტი, მათ შორის აღდგენილი და რეაბილიტირებული ძეგლები იყო გამოტანილი. მიხეილ სააკაშვილმა ჩვეულ სტილში ახალი ხელისუფლება გაკიცხა და ყურადღება ფოთის თეატრის შენობის გარდა, ფოთში მშენებარე ტაძარზეც გაამახვილა, რომელსაც მისი თქმით, აპრილში გახსნიან. „აქ ქართული კვირეული მოვაწყვეთ და ამაზე შარშან შევთანხმდით. დეკემბერში სტრასბურგის მერიაში გამოფენა გაიმართა და ჰოი, საკვირველებავ! ახალ მთავრობასა და კულტურის სამინისტროს გამოფენა ისე გაუკეთებია, რომ ღონისძიებაზე საქართველოს არც ერთი ახალი ხედი არ მოხვდა. ღონისძიებაზე 70-80-იანი წლების ალბომებიდან ამოღებული ფოტოები იყო გამოფენილი - ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ თითქოს, ბოლო ცხრა წელია საქართველოში არ ყოფილან. ვიღაცას უნდა, რომ ამ ცხრა წლის მახსოვრობა ამოშალოს, თუმცა, ყველაფერს ხომ ვერ დაანგრევენ? კარგია, რომ ის წარმოადგინეს, რაც გაკეთდა. მეუფე გრიგოლთან ერთად, ფოთში ტაძარი ავაშენეთ. ახლა, ბაგრატს ლანძღავენ და ეტყობა, ფოთის ტაძარი არ უნახავთ, რადგან ათჯერ უარეს კრიტიკას ატეხენ. ჰაეროვანი ტაძარია, რომელიც განსაკუთრებული ენერგიით გაგავსებს. იცით, რომ აქ, ადრე თეატრი იყო განთავსებული, მაგრამ ჩვენი ინიციატივით, ამის პირდაპირ ლამაზი შენობა ავაშენეთ და თეატრი გადავიტანეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მართალია, ქვეყნის პირველ პირს ფოთის თეატრის შენობა უკვე აშენებული ჰგონია, მაგრამ მშენებლობის პროცესის დასრულების თარიღად თეატრის მმართველი მაისს ასახელებს, მშენებარე კომპანიის წარმომადგენელი სექტემბერს, ხოლო მსახიობები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. როგორც For.ge-ს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა, გუჯა ქარაიამ განუცხადა, პრეზიდენტის განცხადება, რომ ახალ თეატრში გადასულები ვართ - აბსოლუტური აბსურდია. „ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობიაო“ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოვიდეს და ნახოს - თუ რა ვითარებაში ვმუშაობთ, რაც ამდენი წლის ფოთის თეატრის დასს არ ეკადრება. გაურკვეველია, ახალ შენობის გახნას როდის ვიზეიმებთ. ფოთში ადამიანს ვერ მოძებნით, რომელიც გეტყვით მშენებლობის პროცესი რა ეტაზეა. ინჟინერი არ ვარ, მაგრამ ნათლად ვხედავ, რომ შენობის მხოლოდ კარკასია გაკეთებული და არანაირი პირობები არ არის შექმნილი იმისა, რომ მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება. ერთადერთი მოძრავი სცენა დაამონტაჟეს და იარუსის გადიდება მოინდომეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენობა დასრულებულია. არსებული მძიმე პირობების მიუხედავად, რეჟისორები ჩამოდიან და ძალიან გაჭირვებით, მაგრამ მაინც სპექტაკლებს ვდგამთ და თეატრს მუშაობა არ შეუწყვიტავს“, - განაცხადა ქარაიამ. ფოთის თეატრის შენობის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით, For.ge-ს მსახიობი სანდრო გუჯაბიძეც ესაუბრა, რომლის განცხადებით, დასს შემოქმედებითი საქმიანობა მძიმე პირობებში უწევს. „თეატრის შენობის მშენებლობა 2008 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მიზეზად აგვისტოს ომი დაასახელეს და აცხადებდნენ, რომ მშენებლობა 2010 წელს დამთავრდებოდა, მაგრამ უკვე 2013 წელი დაიწყო და გაურკვეველ ვითარებაში ვართ, როდის დასრულდება მშენებლობა. შვიდი წელია, რაც მშენებლობა მიმდინარეობს და უკვე შენობას - „აღარ აშენდა“ დავარქვით. დასს საქმიანობა გაუსაძლის პირობებში უწევს. მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კი, ხშირად, ფოთის მერიასა და კულტურის სამსახურს კითხვით მივმართავთ, მაგრამ მშენებლობის დასრულების კონკრეტულ ვადას ვერ ამბობენ, ამის მიზეზად კი, არასკამარის თანხებს ასახელებენ“, - აცხადებს გუჯაბიძე. გუჯაბიძის ინფორმაციით, ამჟამად, თეატრის დასი ფოთში არსებული ფოლკლორის ცენტრის პატარა შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. „შენობაში განთავსებულია დასი და ფოლკლორის ცენტრი. შესაბამისად, როდესაც, მეორე სართულზე რეპეტიციებია, ცეკვა-სიმღერა მუშაობაში ხელს გვიშლის. უფრო სწორად, ერთმანეთს ხელს ვუშლით, რადგან მათ თავიანთი პროგრამა აქვთ და ჩვენ კი, ჩვენი“, - აცხადებს გუჯაბიძე. ფოთის თეატრს საკუთარი შენობა როდის ექნება, ვითარების გარკვევა For.ge-მ თეატრის მმართველ თენგო ხუხიასთან სცადა, რომლის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი ბოლო ეტაპზეა და თეატრი ახალ შენობაში გადასვლას მაისში შეძლებს. „რეალურად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე ახალ შენობაში გადავალთ. ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი მაისში დასრულდება“, - დასძინა ხუხიამ, მაგრამ მას შემდეგ, რაც For.ge-მ კითხვით მიმართა - „თუ მშენებლობა, მართლაც მაისში სრულდებოდა, ამ ინფორმაციას თავად მსახიობები რატომ არ ფლობდნენ“, ხუხიამ ვითარების გარკვევა მშენებარე კომპანიის - „კუნძული“ წარმომადგენელ იგორ ღურჯიასთან გვირჩია, რომლის პირადი კონტაქტებიც თავად მოგვცა. აღსანიშნავია, რომ ფოთის თეატრის შენობის მშენებლობის დასრულების კონკრეტულ თარიღს ღურჯია თავად ვერ ასახელებს და ამბობს, რომ მშენებლობის პროცესი სახსრებზეა დამოკიდებული. „შენობა? - სადაა ჯერ დასრულებული? - მშენებლობის პროცესი სადღაც სექტემბრისთვის იქნება დამთავრებული, მაგრამ ეს ყველაფერი, ფინანსებზეა დამოკიდებული. ჩვენ ტრანსფერს ველოდებით და როცა თანხებს მივიღებთ, მუშაობა მაშინ გაგრძელდება“, - განაცხადა ღურჯიამ. თეატრის წარმომადგენელთა განცხადებებიდან იკვეთება, რომ პრეზიდენტი ცრუობდა, როდესაც თეატრის ახალ შენობაზე საუბრობდა, მაგრამ ვინაიდან, თეატრალური დასის მსახიობების ანაზღაურება მაქსიმუმ - 240 ლარით განისაზღვრება, უპრიანი იქნება მათ შემოქმედებითი საქმიანობისთვის შენობა მაინც თუ ექნებათ. ამით კი, კმაყოფილნი როგორც მსახიობები, ასევე საზოგადოება დარჩება, რომელიც უკვე შვიდი წელია, რაც ბილბორდს მაკეტითა და წარწერით - „მე მიყვარს ფოთის თეატრი“ შესცქერის.