ახალი შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულის უფლებები გაიზრდება

ახალი შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულის უფლებები გაიზრდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დამსაქმებელს არ შეეძლება დასაბუთების გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული. მისი თქმით, შრომის მოქმედ კოდექსში ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ყველაზე მეტ კრიტიკას სწორედ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება იმსახურებდა. შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის მიხედვით კი, ეს საკითხი მთლიანად იცვლება. შეიცვლება, ასევე, შრომითი ხელშეკრულებების ფორმატი, რომელიც აქამდე ძირითადად ზეპირ ხასიათს ატარებდა, იყო მოკლევადიანი და დასაქმებულს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას არ აძლევდა. „რეალურად დღეს საქართველოს არ აქვს ტექსტი, რომელიც იმსახურებს შრომის კოდექსის სახელწოდებას, ამიტომაც გვქონდა შეხვედრები პროფკავშირებთან, დამსაქმებლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შევიმუშავეთ ახალი პროექტი. მთავარი აქ არის ერთი რამ - არც ერთ დამსაქმებელს მომავალში არ შეეძლება დასაბუთების გარეშე, ერთი ხელის მოსმით, დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლოს. ასევე, შრომითი ურთიერთობის ზეპირი ფორმები შეიძენენ წერილობით და უფრო დეტალურ ხასიათს. დროებით დასაქმებულთა ინტერესები იქნება მაღალი ხარისხით დაცული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს დამსაქმებელმა, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ამის საპასუხოდ ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი წულუკიანის ინიციატივას მავნებლურს, ხოლო ახალ მთავრობას არაკომპეტენტურს უწოდებს. ჩერგოლეიშვილი პირად მაგალითსაც იშველიებს. კერძოდ, იგი, როგორც დამსაქმებელი, ეძებს ნიჭიერ და შრომისმოყვარე კადრებს (გამოცდილებას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ხშირად ეს გამოცდილება მანკიერია). ამიტომ ასეთი კადრების მოძიებისთვის საუკეთესო გზას პოულობს - სამსახურში იყვანს თითქმის ყველას, ვინც პირველად კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს და პროცესს აკვირდება. შემდეგ მათ ან დაიტოვებს, ან დაითხოვს, რის შესაძლებლობასაც აქამდე არსებული შრომის კოდექსის მოქნილობა აძლევს. თეა წულუკიანის მიერ შეთავაზებული ცვლილებები კი ჩერგოლეიშვილს მოქნილობას უზღუდავს, რადგან, თუ ადამიანის სამსახურიდან დასათხოვად საფუძველი უნდა მოძებნოს, თავს შეიკავებს ერთი ხელის მოსმით ადამიანების დაქირავებისგან. ეს კი საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობას მოუსპობს ახალგაზრდა და ნიჭიერ კადრებს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილების ნაწილს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის გათავისუფლება ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს სათანადო ფინანსური კომპენსაციის ხარჯზე. მისი თქმით, ეს ქორწინებას ჰგავს. თუ ქმართან გაშორება გინდა, სასამართლოში მიდიხარ და აცხადებ, რომ შენი ქმარი აღარ გიყვარს. ამ დროს სასამართლომ უნდა გითხრას, რომ ეს არ არის საკმარისი მიზეზი გასაშორებლად და მასთან ერთად უნდა იცხოვრო?! ფადი ასლისთვის ეს ეწინააღმდეგება ინდივიდუალურ თავისუფლებას. For.ge ეკონომიკურ ექსპერტებს ესაუბრა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ დღემდე ჩვენთან მოქმედებდა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს არსებობდა ევროპაში, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ბატონობის დროს აბსოლუტურად მიუღებელი ცვლილებები შევიდა შრომის კანონმდებლობაში. ამიტომ შრომის კანონმდებლობა ევროპულთან შესაბამისობაშია მოსაყვანი. „თუ გახსოვთ, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია ზუსტად ეს გახლდათ - არ შეიძლება ადამიანი შენს საკუთარ სახელმწიფოში სოციალურად დაუცველი იყოს. დღესდღეობით საფრანგეთში სახელმწიფო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება საერთოდ არ შეიძლება, თუკი მას სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში არ ჩაუსვამთ. შეუძლიათ, ჩამოაქვეითონ, გადაიყვანონ უფრო დაბალ თანამდებობაზე, მაგრამ ხელფასის განაკვეთს ვერ შეუმცირებენ და სამსახურიდან ვერ გააგდებენ. ასეთი კანონებია ევროპაში“, - აღნიშნა სანდრო თვალჭრელიძემ. მისივე განმარტებით, ახალი შრომის კოდექსი ყოფილი ხელისუფლების მიერ დათხოვნილი ადამიანების სამსახურში აღდგენას არ გულისხმობს, რადგან კანონს უკუსვლის ძალა არ აქვს, ამიტომ დაზარალებულებმა სასამართლოს უნდა მიმართონ. თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებებთან დაკავშირებით კი სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ გიგა ბოკერიას მეუღლე მისთვის ავტორიტეტი არ არის. ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ დღემდე საქართველოს შრომის კოდექსში იგნორირებული იყო ადამიანის უფლებები. აღნიშნული კოდექსი შეურაცხყოფდა დასაქმებულს, იმდენად უუფლებო იყო დასაქმებული. ეს ყველაფერი კი გაკეთდა ყალბი ე.წ. ლიბერტანიალური დოქტრინის ფარგლებში, თითქოსდა, თავისუფალი ბაზრის ხელშეწყობის მიზნით. დემურ გიორხელიძის თქმით, სინამდვილეში, დამქირავებლებს შეუქმნეს ისეთი პირობები, როცა მათ განუკითხავად შეეძლოთ, მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ არ გაეთვალისწინებინათ დაქირავებულის ინტერესები. ამიტომ, შრომის კოდექსში სერიოზული ცვლილებები უნდა შევიდეს, რადგან არ შეიძლება თანამშრომლის დაუსაბუთებლად, საფუძვლის გარეშე გათავისუფლება. „თუ კაცი წესიერად მუშაობს და არ არსებობს მის მიმართ შენიშვნები, შეუძლებელია, კერძო სექტორის დამქირავებელმა ხელაღებით მიიღოს მისი გაშვების გადაწყვეტილება. ასევე სავალალო მდგომარეობაა სახელმწიფო სექტორში. გამოდის, შეიცვალა თუ არა მინისტრი, დამლაგებლიდან დაწყებული, ყველა უნდა შეიცვალოს? მათ თავიანთი გუნდი მოჰყავთ, ეს ხომ სასაცილო მდგომარეობაა. საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც სამინისტროში, ან რომელიმე სახელმწიფო უწყებაში მუშაობს, რა მნიშვნელობა აქვს, მინისტრი ვინ იქნება, ან მთავრობა როგორ დაკომპლექტდება. ის თავის პროფესიულ უნარებს ახორციელებს თავის ქვეყანაში და მას გათავისუფლება არ უნდა შეეხოს, თუ მას არ უჭირავს მაღალი თანამდებობა. კერძოდ, მინისტრის შეცვლისას ბუნებრივად უნდა შეიცვალონ მოადგილეები და ეს ყველაფერი კანონში უნდა განისაზღვროს“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე. მისივე თქმით, საერთაშორისო გამოცდილება ძალიან მარტივია და დასაბუთებული პრეტენზიების გარეშე ადამიანს ვერ უშვებენ სამსახურიდან. საქართველოში კი საშინელი ბოლშევიკური შეხედულებები დაგმობილ უნდა იქნას, როცა ბიზნესის პატრონს მეორე დღეს გაეღვიძება და ვიღაც არ მოუვა თვალში, ამიტომ თავისი ახლობელი მოჰყავს. აქვე დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ახალ შრომის კოდექსში არავითარი მავნებლობა არ არის.