პარლამენტი ავტოქარხნის ფუნქციით

პარლამენტი ავტოქარხნის ფუნქციით

მიხეილ სააკაშვილი მისი გადადგომის მოთხოვნას სტრასბურგიდან ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული საპროტესტო აქციები ახალი მთავრობის დაკვეთით იმართება. ამასთან, იგი ივანიშვილის ხელისუფლებას მწარე ისტორიულ გამოცდილებასაც შეახსენებს.

კერძოდ, მისი თქმით, მან იცის ერთადერთი მთავრობა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში იყო და ოპოზიციას უწყობდა აქციებს. სააკაშვილმა ისიც იცის, თუ როგორ დაასრულა ამ მთავრობამ. ამდენად, იგი აცხადებს, რომ არ სურს სწრაფად წაიტეხოს კისერი ახალმა ხელისუფლებამ ან ძალიან ტრაგიკულად დაასრულოს, რადგან საქართველოში ერთსა და იმავე ციკლზე 20 წელიწადში ერთხელ გვიწევს დაბრუნება.

სააკაშვილის რიტორიკის მიუხედავად, საქართველოში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. არც პარლამენტარები არიან პასიურად და დაჟინებით მოითხოვენ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას და პარლამენტის თბილისში გადმოტანას.

ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურს ესაუბრა.

ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილი ადამიანები სააკაშვილს ვადაგასულ პრეზიდენტად მოიხსენიებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

- ამ ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ თავიანთი პროტესტის გამოხატვის საშუალება. ამიტომ ის ვარიანტი, რომ კონსტიტუციაში მართლაც არსებობს პრობლემები და კონსტიტუციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ 5 წლის ვადით ირჩევა პრეზიდენტი, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ 5 წლითა და 9 თვის ვადით უნდა დარჩეს პოსტზე, ეს იმის საფუძველია, რომ კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს ამის გამო შეეძლო აქციები ჩაეტარებინა. ეს მათი უფლებაა და ატარებენ კიდეც ამ აქციებს.

პარლამენტის თემასაც შევეხოთ. უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მართალია, დღესდღეობით პარლამენტარებისთვის პრობლემაა თბილისსა და ქუთაისს შორის მანძილის დაძლევა, მაგრამ ქუთაისში პარლამენტის გადატანა 10-15 წლის შემდეგ იქნება მომგებიანი.  

- პარლამენტის საქმიანობა ძალიან მჭიდროდ უკავშირდება მთავრობასთან თანამშრომლობას. პარლამენტთან ათწუთიანი საქმე რომ ჰქონდეს მინისტრს ან მის მოადგილეს, მთელი დრო უნდა დაკარგოს ჩასვლა-ჩამოსვლაში. ასეთი ტიპის პრობლემები ძალიან ბევრია. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, ძვირფასი დრო დავხარჯოთ თბილისსა და ქუთაისს შორის სიარულში. მით უფრო, რომ მოსახლეობის გადასახადები იხარჯება ხელისუფლების ხელფასებზე. ეს პრობლემაა დიპლომატიური საქმიანობის თვალსაზრისითაც, არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან თანამშრომლობის მხრივაც. პარლამენტი ყველგან მარგი ქმედების კოეფიციენტს კარგავს დედაქალაქიდან ტერიტორიული სიშორის გამო. ისიც მცდარია, როცა რეგიონის განვითარების საკითხს უკავშირებენ ქუთაისში პარლამენტის გადატანას. ეს ასე არ არის. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ პარლამენტს კონსტიტუციის მიერ დაკისრებული ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს და არცერთ ფუნქციაში არ უწერია, რომ მისი მთავარი ფუნქცია თურმე  რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ყოფილა. არ არის ეს პარლამენტის მთავარი ფუნქცია. პარლამენტის საქმეა, აკონტროლოს მთავრობა, ითანამშრომლოს მასთან, ასევე, - დიპკორუსთან, შეადგინოს ბიუჯეტი, განსაზღვროს შიდა და გარე პოლიტიკური საქმიანობის პარამეტრები. სააკაშვილის დროს პარლამენტი იყო სანოტარო ბიურო, რომელსაც მთავრობის კონტროლის ფუნქცია ჰქონდა და სხვა ფუნქციები არ ჰქონდა.

მაგრამ მისი გადმოტანა ხომ დამატებით ხარჯებს უკავშირდება?

- დიახ, ეს დამატებით ხარჯებს უკავშირდება. 360 მილიონი დაიხარჯა, რომ პარლამენტის შენობა ამ სახით აშენებულიყო, კიდევ 20 მილიონი სჭირდება, რომ დამთავრდეს ეს შენობა, მაშინ, როცა პარლამენტის დაბრუნებას 8 მილიონ ნახევარი ლარი სჭირდება. აქედან მილიონნახევარი რემონტი ჯდება, 5 მილიონი დარბაზებზე დაიხარჯება, კიდევ არის გამაგრებითი სამუშაოები და სადღაც 8 მილიონ ლარამდე ჯდება, ავეჯის გარეშე. თუ უმცირესობის წარმომადგენლები მხარს დაგვიჭერენ, პარლამენტი დედაქალაქში დაბრუნდება, თუ არ დაგვიჭერენ მხარს, ჩვენ ასი ხმა არ გვაქვს და ამას ვერ განვახორციელებთ.

ამას წინათ ქუთაისელების შეკრება გაიმართა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ პარლამენტი დაეხმარება მათ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. რატომ ვერ მოხერხდა ადგილობრივების გათვითცნობიერება ამ საკითხში, რომ პარლამენტის გადატანა ქუთაისის აყვავებას არ ნიშნავს?  

- ქუთაისისთვის ძალიან პრესტიჟულია, რომ პარლამენტი ქუთაისში იყოს. ჩვენ იქ ისიც მოვისმინეთ, რომ საპარლამენტო უმცირესობამ გამოაცხადა - დიახ, მთავრობა და პარლამენტი ერთად უნდა იყოსო. ამიტომაც მთავრობაც გადმოვიდეს ქუთაისში და, საერთოდ, დედაქალაქი ქუთაისში უნდა იყოსო. თუ ამ იდეების განსახილველად მზად ვართ, კი ბატონო, ამაზეც დავიწყოთ დისკუსია. უბრალოდ, საკითხი დგას მკაფიოდ - თუ გვინდა პარლამენტი ნორმალურად ფუნქციონირებდეს და ბიუჯეტის შედგენას, კონტროლს, მთავრობასთან თანამშრომლობას ახორციელებდეს, ის უნდა იყოს დედაქალაქში. თუ ვიღაცას წარმოუდგენია, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისის ავტოქარხნის ფუნქციის შემცვლელია და ერთსა და იმავე დონეზე აქვს ვიღაცას დაყენებული ავტოქარხნისა და პარლამენტის საკითხი, ესეც მისი საქმეა. რატომღაც, როგორც ეკონომიკური განვითარების  წარმოებას, ისე უყურებენ პარლამენტს.

ყოფილმა ხელისუფლებამ მაინც მოახერხა რიგითი ქუთაისელების დარწმუნება იმაში, რომ პარლამენტის შენობა მათ საკეთილდღეოდ აშენდა ქუთაისში.

- რა თქმა უნდა, ამაში ქუთაისელთა დარწმუნება მოახერხეს. 2009 წლის შემდეგ ოთხი წელი გავიდა. მუდმივად  მიდიოდა ამის პიარი და ადგილობრივების დარწმუნება, თითქოს ოსტაპ ბენდერი რომ ყვებოდა ვასიუკებზე, ასეთი რამ მოხდებოდა, მაგრამ 2009 წლიდან 2013 წლამდე რაღაც დიდი ეკონომიკური აღმავლობა ქუთაისში არ შემინიშნავს.

რა ფუნქცია ექნება ქუთაისის პარლამენტს, თუკი თბილისში გადმოხვედით?

- ბევრი ვარიანტია, ამიტომ არ მინდა წინასწარ ამ თემაზე საუბარი. ზოგიერთი ამას სასტუმროს ფუნქციას უკავშირებს, მაგრამ ვის რად უნდა ამხელა სასტუმრო. შეიძლება, ქუთაისის პარლამენტს გაცილებით სერიოზული დატვირთვა მივცეთ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ჩვენ არ ვაპირებთ ამ მილიონების წყალში გადაყრას.