ნათქვამია, სამართლიანი შურისძიება ზოგჯერ უდიდესი კეთილშობილებააო. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ნაამბობიც დაგარწმუნებთ, რაც შურისძიებისა და მიტევების დღევანდელ თემასაც ეხმიანება.
გიგა ლორთქიფანიძე ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელიც ჩეკისტების გასამართლების პროცესს ესწრებოდა, რადგან ცნობილი სადისტების პროცესზე დასწრება ძნელი იყო. ცნობილი რეჟისორი დღესაც მიიჩნევს, რომ ჩეკისტების გასამართლება აუცილებელი იყო.
გიგა ლორთქიფანიძის ბიძის - რეპრესიების მსხვერპლის - ევგენი მიქელაძის მეუღლე, ქეთევან ორახელაშვილი 1937 წლის ცნობილი დაპატიმრებების შემდეგ გადასახლებიდან ახალი დაბრუნებული იყო. სასამართლოზე დასასწრებად სწორედ მან მიიღო მიწვევა. თვენახევრის განმავლობაში გამართული სხდომები ახლანდელ რკინიგზელთა სახლში მიმდინარეობდა. ქეთევან ორახელაშვილი პირველსავე სხდომიდან თითქმის გულშეწუხებული გაიყვანეს და განაცხადა, იქ წამსვლელი აღარ ვარო. ამიტომ საშვი გიგა ლორთქიფანიძეს დაუთმო.
გიგა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ყოველი სასამართლო სხდომის ბოლოს, თითქმის, თვითმკვლელობამდე იყო მისული იმის გამო, თუ სადამდე შეიძლებოდა დაცემულიყო ადამიანის ზნეობა და ფიქრობდა, მეორედ ჩეკისტების პროცესზე მიმსვლელი აღა იყო.
ჩეკისტების გასამართლებას კი ასეთი ამბავი უძღოდა. ღამის სამ საათზე შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე კგბ-ს შენობის წინ თავი მოეყარათ ყოფილ ჩეკისტებს. აღელვება აშკარად ეტყობოდათ. თანაც, ფეხზე დგომით დაღლილიყვნენ და ტროტუარზე ჩამომსხდარიყვნენ. როგორც ჩანს, კგბ-ს ოთახებში საუბრის ეშინოდათ, რადგან ყველაფერი ისმინებოდა. ამიტომ ქუჩაში საუბარი არჩიეს. ცხადი იყო, მათ თავს რაღაც ხდებოდა. მეორე დღეს ისინი მართლაც დაიჭირეს. ყველა მათგანს დახვრეტა მიუსაჯეს.
სასამართლო პროცესს საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი რუდენკო ხელმძღვანელობდა. სწორედ რუდენკომ ჰკითხა საბრალდებო სკამზე მჯდომ ჩეკისტ რუხაძეს: რატომ ხვრეტდით უდანაშაულო ადამიანებს? რუხაძემ კრემლზე მიუთითა: მიბრძანებდნენ და ვხვრეტდი, ახლაც გიბრძანებენ და თქვენც დამხვრეტთ, შემდეგ კი სხვას უბრძანებენ და თქვენც დაგხვრეტენო!
ერთ-ერთი მოწმე, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია გადასახლება, სასამართლოს მოუყვა, რომ პატიმრებს ერთმანეთის დაკითხვას ასწრებდნენ, რათა წინასწარ დარწმუნებულიყვნენ, რა ელოდათ და შიში გასჩენოდათ. ასე დაასწრეს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორიც ევგენი მიქელაძის დაკითხვას. გამომძიებელმა კრემიანმა დუბინკით სცემა ევგენი, მას ყურებზე აუფარებია ხელები. როგორც წესი, მსგავს შემთხვევაში, ადამიანი სახეზე იფარებს ხელებს, ამიტომ კრემიანს გაუკვირდა, შეჩერდა და ამის მიზეზი იკითხა. ევგენიმ უპასუხა, დირიჟორი ვარო. წამების ამ „დიდოსტატს“ არ ესმოდა, რას ნიშნავდა ტერმინი „დირიჟორი“, მაშინ ევგენიმ აუხსნა, რომ მუსიკოსი იყო. ამის თქმაზე თოფის საწმენდი „შომპოლი“ გაუყარა ყურში.
გარდა ამისა, ჩეკისტების გასამართლების ერთ-ერთი პროცესი ჩინეთის ელჩის მკვლელობას დაეთმო, რადგან სწორედ ბერიას შეკვეთით ამოხოცეს ცოლ-ქმარი. ეს ისტორია კი ასე დაიწყო. ჩინეთში საბჭოთა კავშირის ელჩი უნდა დაენიშნათ, რაც დიდ თანამდებობას ნიშნავდა. მოლოტოვს ჩინეთის ელჩად საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა, ხოლო ბერიას - საკუთარი. მოლოტოვის კანდიდატურამ გაიმარჯვა. თუმცა ამ პიროვნებას რევმატიული დაავადება აწუხებდა. ამიტომ, ჩინეთში გამგზავრების წინ მეუღლესთან ერთად წყალტუბოში დასასვენებლად ჩავიდა. ბერიას ბრძანებით, მათი მოკვლის განკარგულება გაიცა და ხელოვნურად მოწყობილ ავტოკატასტროფაში ცოლ-ქმარი დაიღუპა. მათი ლიკვიდაცია კი ჩეკისტებმა რაფავამ და წერეთელმა განახორციელეს.
სხვათა შორის, სასამართლო პროცესზე ჩეკისტები უკვე გატეხილები და განადგურებულები იყვნენ. მხოლოდ წერეთელს, წარმოსადეგ და მაღალ კაცს, თავიდან ყველაზე ნაკლები მღელვარება ეტყობოდა, მაგრამ მოგვიანებით ისიც გატყდა.
საინტერესო ის იყო, რომ, როცა ყოფილ ჩეკისტებს ჰკითხეს, რას მოითხოვთ სასამართლოსგანო, ყველამ პატიება და შენდობა ითხოვა. დახვრეტის განაჩენი როცა გაიგო, ჯალათ რუხაძეს გული წასვლია. წერეთელი მუხლებზე დაცემულა და უყვირია - მაპატიეთ, კიდევ გამოგადგებითო.
ერთადერთი გამონაკლისი ყოფილი ფეხბურთელი მოროზოვი იყო და ამ ახალგაზრდა კაცმა განაცხადა: საბაკამ საბაჩია სმერტ! - არ გაუპროტესტებია განაჩენი. იგი „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში ჯერ არ თამაშობდა, მაგრამ დუბლებში იწვევდნენ. უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა და ამიტომ, საბჭოთა ხელისუფლება მიაჩნდა საკუთარ გამზრდელად. ბავშვთა სახლშივე აღმოაჩნდა ფეხბურთის ნიჭი. ჩეკისტად წასვლა რომ შესთავაზეს, თავი ბედნიერად იგრძნო, რადგან საბჭოთა ხელისუფლება და სტალინი საფიცრად მიაჩნდა. არც მალავდა, მთელი შეგნებით წავედი, რადგან უნდა მებრძოლა საბჭოეთის მტრებთან, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ რეალურად ეს ადამიანების განადგურება იყო და ისინი მტრები არ ყოფილანო. ვერ მოვიქეცი ისე, როგორც ჩემი მეგობარი, ცნობილი ფეხბურთელი აბაშიძე მოიქცა, რომელსაც ბერიასთან თათბირის დროს ისტერიკა დაემართა და ყვიროდა, რა გვინდა, რატომ ვანადგურებთ ამ ხალხსო. ის ჩემს თვალწინ აწამეს და მოკლეს. ვერ მოვიქეცი ისე, როგორც მეორე ჩემი მეგობარი ასლამაზოვი მოიქცა, რომელმაც ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და მეოთხე სართულიდან გადახტა. მე ეს ვერ შევძელი, ამიტომ ძაღლური სიკვდილი მერგებაო.
ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის წამებას დაასწრეს, ჩეკისტების პროცესზე ისიც გაიხსენა, რომ ჯალათს, გვარად ხაზანს, მიხეილ ჯავახიშვილი გაუშიშვლებია, ფიცარზე დაუწვენია და მის სხეულზე უცეკვია.
როცა რუდენკომ წამების იარაღები ამოიღო და რუხაძეს უთხრა, აი, რა მზადდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა კომისარიატში ადამიანთა საწამებლადო, რუხაძემ მიუგო, ამ იარაღებს დამღაზე დააკვირდით, რაც ადასტურებს, რომ მოსკოვშია დამზადებულიო.
ნაწილობრივ, ეს სასამართლო სხდომები საჩვენებლად იყო მოწყობილი, რათა საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა დაენერგათ. სინამდვილეში, სხდომებს აწყობდნენ ისეთივე ჯალათები, როგორიც თუნდაც რუდენკო იყო, რომლებიც ჩეკისტებზე უკეთესი არც ყოფილა.