შრომის კოდექსში ცვლილელების შეტანა ვინძლო გაზაფხულამდე მოესწროს. რამდენადაც ახალი მუხლები უკვე მომზადებულია და მას ბიზნესმენების გარდა ყველა მხარს უჭერს, პარლამენტი მთავრობის პროექტს უპრობლემოდ დაამტკიცებს. ამის შესაძლებლობა კანონმდებლებს თებერვლის მეორე ნახევრიდან ექნებათ.
დასაქმებულებისათვის ნორმირებულ სამუშაო დრო 41 საათით განისაზღვრება და ამას სამომავლოდ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი დააკანონებს, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა. ახალი პროექტი დამსწრეებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინეს.
ბარამიძის თქმით, 41 სამუშაო საათის ზევით არსებული დრო უკვე ზეგანაკვეთურად ჩაითვლება. 41-დან 48 საათამდე არსებული დამატებითი სამუშაო საათები ზეგანაკვეთური იქნება, მაგრამ არ ანაზღაურდება. 48 სამუშაო საათის ზევით კი თითო საათი დამატებით ანაზღაურდება. ანაზღაურების რაოდენობა საათში ყოველთვიური ხელფასის 1,25 პროცენტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს შრომის კოდექსის რეფორმირება ახალი მთავრობის პირველივე სხდომაზე დაევალა. ცვლილებათა პროექტი უკვე მზადაა და პარლამენტს განსახილველად, სავარაუდოდ, 15-20 თებერვლისათვის წარედგინება.
„შრომის მოქმედ კოდექსში ყველაზე მეტ კრიტიკას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება იმსახურებდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისი თქმით, ახალი პროექტით ეს საკითხი მთლიანად იცვლება, ისევე, როგორც შრომითი ხელშეკრულებების ფორმატი, რომელიც ძირითადად ზეპირ ხასიათს ატარებდა, იყო მოკლევადიანი და დასაქმებულს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას არ აძლევდა.
„რეალურად დღეს საქართველოს არ აქვს ტექსტი, რომელიც იმსახურებს შრომის კოდექსის სახელწოდებას, ამიტომაც გვქონდა შეხვედრები პროფკავშირებთან, დამსაქმებლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შევიმუშავეთ ახალი პროექტი. მთავარი აქ არის ერთი რამ - არც ერთ დამსაქმებელს მომავალში არ შეეძლება დასაბუთების გარეშე, ერთი ხელის მოსმით, დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლოს.
ასევე, შრომითი ურთიერთობის ზეპირი ფორმები შეიძენენ წერილობით და უფრო დეტალურ ხასიათს. დროებით დასაქმებულთა ინტერესები იქნება მაღალი ხარისხით დაცული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს დამსაქმებელმა, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული“, - განაცხადა წულუკიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკონონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც პროექტი პარლამენტს გადაეცემა, შესაძლოა, იქ ცვლილებები შევიდეს.
ქუცნაშვილი გამოყოფს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების პროცედურას. დამსაქმებელს დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენა სასამართლოშიც მოუწევს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ დასაქმებული დამსაქმებელს სასამართლოში უჩივლებს.
„დაასაბუთებს თუ არ დაასაბუთებს დამსაქმებელი თანამშრომლის გათავისუფლებას, მას მაინც მოუწევს სასამართლოში საკუთარი არგუმენტაციის დამტკიცება. მხარეებმა შეჯიბრობითობის საფუძველზე უნდა დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორე“, - ამბობს ქუცნაშვილი.
უმრავლესობის წევრი გამოყოფს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხსაც და აღნიშნავს, რომ არსებობს პროფესიები, სადაც ეს თემა ძალიან აქტუალურია. ქუცნაშვილი ამ მხრივ გამოყოფს მეხანძრეების, პოლიციელების, ჟურნალისტების პროფესიებს.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშრების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილი მიესალმება შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროფკავშირებს გარკვეული შენიშვნები აქვს.
კანონპროექტის მიხედვით, კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა 41-ია, ამასთან შესაძლოა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დამატებით 7 საათი ზეგანაკვეთურად არ ჩაითვალოს და კვირაში 48 საათის მუშაობის შემდეგ თანამშრომელმა ზეგანაკვეთური ანაზღაურება არ მიიღოს.
პეტრიაშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ეს მუხლი. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ყველა სამუშაო საათი, რომელიც გადააჭარბებს დათქმულ ოდენობას, კვირაში 41 საათს, ზეგანაკვეთურად ჩაითვალოს და შესაბამისად ანაზღაურდეს.
„ვფიქრობთ, ეს არის იმ სტანდარტების დარღვევა, რაც ევროკავშირში მოქმედებს და რაც ჩვენი ინფორმაციით, იწვევდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაუგებრობებს“, - ამბობს პეტრიაშვილი.
მისივე თქმით, კოდექსში ასევე გაწერილი უნდა იყოს, რომ სასამართლოს ბაჟისგან უნდა გათავისუფლდეს დასაქმებული, რომელიც სასამართლოს მიმართავს.
საბოლოოდ კი პეტრიაშვილის თქმით, ახალ კანონპროექტში გათვალისწინებულია თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც 2009 წლიდან არსებობს და რომელიც შემუშავებულია „საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების“ მიერ.
რა თქმა უნდა, „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეტად მტკივნეულად აღიქვამენ ბიზნესმენები. მათი აზრით, ახალი მუხლები პრობლემებს შექმნის დამსაქმებელებს და საბოლოო ჯამში ბიზნეს გარემოს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ფადი ასლისთვის დასაქმებულის დასაბუთებულად გათავისუფლება მიუღებელია. მისი აზრით, დამსაქმებელს დასაქმებულის გათავისუფლება ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს.
„ჩემი აზრით, დამსაქმებელს უნდა შეეძლოს სამსახურიდან გაათავისუფლოს ადამიანი ნებისმიერ დროს, თუმცა სათანადო ფინანსური კომპენსაციის ხარჯზე. ეს ქორწინებას ჰგავს. თუ ქმართან გაშორება გინდა, სასამართლოში მიდიხარ და აცხადებ, რომ შენი ქმარი აღარ გიყვარს. სასამართლომ კი გითხრას, ეს არ არის საკმარისი მიზეზი გასაშორებლად და მასთან ერთად უნდა იცხოვროო. ეს ეწინააღმდეგება ინდივიდუალურ თავისუფლებას.
მე მგონია, რომ ბიზნესისთვის დაქირავებულის სამსახურიდან გათავისუფლების აკრძალვა დამაჯერებელი მიზეზის გარეშე, ბიზნესში დასაქმებულთა ინდივიდუალურ თავისუფლებას ეწინააღმდეგება“, - აცხადებს ფადი ასლი.