"სამხრეთ კორეის სამ პრეზიდენტს აქვს მისჯილი უვადო პატიმრობა, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი ამ ქვეყნის დემოკრატიულობაში"

"5 წლის წინ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ სწორედ დასავლეთი დაეხმარა მას უზურპირებული ძალაუფლების ლეგიტიმაციაში. ჩვენ ნებისმიერ სამართლიან შენიშვნას გავიზიარებთ, დასავლეთიდან იქნება თუ აღმოსავლეთიდან, მაგრამ უსამართლობას და ტყუილს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს, ვერ შევეგუებით. საქართველოში დადგა დრო, როცა ხალხს გაუჩნდა შანსი, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები და განსაზღვროს სახელმწიფოს ბედი, ღირებულებათა სისტემა. რაც ჩვენთვის მიუღებელია, არ და ვერ გავიზიარებთ. სამხრეთ კორეის სამ პრეზიდენტს აქვს მისჯილი უვადო პატიმრობა, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი ამ ქვეყნის დემოკრატიულობაში. საქართველოს პრეზიდენტი კი, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, "ნაცისტური ლაგერების" შემოქმედია, სადაც ადამიანებს აწამებდნენ, პატივს ყრიდნენ, რატომ არ უნდა დაისაჯოს?! ვფიქრობ, ქართველი საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვანი უნდა იყოს, რას ფიქრობს მასზე ევროპული პოლიტიკური ელიტა, მიუხედავად იმისა, რომ გავლენათა სფეროებიც ვიცით და პოლიტიკური კონიუნქტურაც. მაგრამ თუ არ ვივარგეთ, თუ საკუთარ სინდისთან შეთანხმებულები არ ვიქნებით, ევროპული ღირებულებები ვერ გვიშველის. ჩვენს თავს მივხედოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, და ქვეყნის შენება დავიწყოთ", - აცხადებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "როგორ ლაპარაკობს სააკაშვილი პირად ცხოვრებაში ჩაურევლობაზე, ადამიანი, რომელმაც ყველა ჩვენგანის ოჯახში აფათურა სისხლიანი ხელები?".

"სააკაშვილი შიზოფრენიით შეპყრობილი ადამიანია. მისი წინადადებები მედიის ნაწილის მეშვეობით ტირაჟირდება, ეს არის ჟანგბადი, რითაც სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" დღემდე ცოცხლობს. სამარცხვინოა, როცა ცდილობენ "ნაცმოძრაობა" ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ ოპოზიციად წარმოაჩინონ. როგორ ლაპარაკობს სააკაშვილი პირად ცხოვრებაში ჩაურევლობაზე, ადამიანი, რომელმაც ყველა ჩვენგანის ოჯახში აფათურა სისხლიანი ხელები? როგორ შეიძლება "კონცლაგერების" იდეოლოგების ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიგა ბოკერიას ნააზრევი სერიოზულად აღიქვა? ახლა ბევრს ლაპარაკობენ კოჰაბიტაციაზე, მაგრამ ბოროტებასთან თანაარსებობა იგივე ბოროტებაა. ამიტომ ამ ლიბერტარიანულ თამაშებში, რომელსაც ბოკერიას იდეოლოგიის გამტარებელი ჩერგოლეიშვილი ეწევა, საზოგადოება არ უნდა ჩაერთოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.

"სოდომ-გომორის ცოდვა არახალია, ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს კანონის ფარგლებში, მაგრამ ზოგიერთის მოთქმა და კონვულსიები მამათმავალთა უფლებების დაცვაზე, სულ მცირე, არაკორექტული და უხერხულია, რადგან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს საფრთხეს არავინ უქმნის. დღეს რეალურად საქართველოში სულ სხვა პრობლემებია: დასაძლევია სიღარიბე, ფეხზე დასაყენებელია სოფლის მეურნეობა, განათლების სისტემა, რომლის თავკაცებმა იაკობ გოგებაშვილის "დედაენაც" კი უარყვეს, პროგრამიდან ამოიღეს.. სინამდვილეში, ჩვენ ხომ წლებია ვიცით, რას აკეთებდნენ ციხეში სააკაშვილები, მერაბიშვილები, კალმახელიძეები", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ისტორიულად ქუთაისი სატახტო ქალაქი იყო, კოლხეთის, მისი კულტურის გული, მაგრამ საქმისთვის, ქართული სახელმწიფოს უკეთ ფუნქციობისთვის პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. ან რა შესძინა პარლამენტის გადატანამ ქუთაისს? ეს შენობა არის აკვარიუმი, ქუთაისის ვირტუალური კეთილდღეობის სიმბოლო. დღეს საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანას ამგვარი ფუფუნების უფლება არა აქვს, თორემ თელავშიც რომ იყოს მინისტრთა კაბინეტი, არც ამის წინააღმდეგი ვარ", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ვრცელდება ხმები, რომ შესაძლოა, "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაინიშნოთ" - პასუხობს:

"დღეს ეს დაწესებულება, შეიძლება ითქვას, თავის მთავარ ფუნქციას _ მაუწყებლობას არ ახორციელებს, არავითარი კავშირი მას სახალხო მაუწყებლობასთან არა აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, ძირითადად არის ფლიდების, გამფლანგველების, პოლიტიკური კონიუნქტურის რუპორების თაიგული, რიგითი თანამშრომლების დიდ ნაწილს კი არაფერს ვერჩი. თუ ადრე "მაუწყებელი" აღვირახსნილი ფარისევლობის ბუდე იყო, ახლა შენიღბული ფარისევლობის ბუდედ იქცა. 7-10 პატიოსანი, ნიჭიერი და ფართო შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ადამიანის მისვლას შეუძლია იქ სიტუაციის ძირეულად გარდატეხა... რაც შეეხება იქ ჩემს დანიშვნას, ნამდვილად არ ვაპირებ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობას, ისევ ჩემს საქმეს გავაგრძელებ... ერთ თვეში დავასრულებ ფილმს მერაბ კოსტავაზე: "კართაგენი უნდა დაინგრეს". ჩაფიქრებული მაქვს ციკლი: "მითების ნგრევა", რომელშიც საქართველოს თანამედროვე ისტორიის გამორჩეულ გმირებზე ვაპირებ ფილმების შექმნას".