„ბორჯომის“ გაყიდვა დადასტურდა და დაფარული დეტალებიც გახმაურდა

„ბორჯომის“ გაყიდვა დადასტურდა და დაფარული დეტალებიც გახმაურდა

ნახევარ მილიარდ დოლარად შეფასებული „აიდიეს ბორჯომი“ კომპანიის აქციების გაყიდვას ოფიციალურად დადასტურდა, მაგრამ დეტალები კვლავ გასაიდუმლობულია. თუმცა, საიდუმლო ქართველებისთვისაა თორემ „ფორბსმა“ უკვე გამოაქვეყნა ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგების საინტერესო მონაცემები.

კომპანიის სათაო ოფისში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება „აიდიეს ბორჯომსა“ და რუსულ „ალფა ჯგუფს“ შორის 2012 წლის ბოლოს გაფორმდა. მათივე ცნობით, ამჟამად კომპანიის აქციები ახალ მფლობელს უკვე მართვაში აქვს აღებული. თუმცა, აქციების რაოდენობასა და გაყიდვის ფასზე „აიდიეს ბორჯომში“ არ საუბრობენ.

„აიდიეს ბორჯომის“ აქციების შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია შარშან პერმანენტულად ვრცელდებოდა. ახლა კი უკვე ცნობილი ხდება მისი გაყიდვის დეტალებიც. გამოცემა „ფორბსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდი „ალფა-ჯგუფი“ იანვრის ბოლომდე დაასრულებს ყველა ოფიციალურ მხარეს კომპანია „აიდიეს ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით.

გარიგებაში ბლოკ კორპორაციულ-საინვესტიციო ბანკის „ალფა-ბანკის“ ხელმძღვანელი, ვლადიმერ ტატარჩუკი მონაწილეობს. იგი ხელმოწერამდე შეთანხმების დეტალებზე საუბარზე უარს აცხადებს, მაგრამ „ფორბსმა“ ორ წყაროზე დაყრდნობით, რომლებმაც გარიგებაში მიიღეს მონაწილეობა, მყიდველისა და გამყიდველის სახით, ზოგი დეტალი გამოარკვია.

მთლიანად კომპანია შეფასდა, დაახლოებით, 500 მილიონ დოლარად. „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ“-ის 87 პროცენტი 2008 წელს გარდაცვლილ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეს ეკუთვნოდა, ხოლო დარჩენილი 13 პროცენტი - მინორიტარებს საქართველოდან და უკრაინიდან.

ახლა კი კომპანიის ახალი სტრუქტურა ასეთი იქნება: 6 პროცენტი - მინორიტარებს, 55,8 პროცენტი - „ალფა-ბანკს“, ხოლო 37,2 პროცენტი კი - პატარკაციშვილების ოჯახს. ბიზნესმენის მემკვიდრეები გარიგების შედეგად მიიღებენ 240-250 მილიონ დოლარს.

თავის ფინანსურ მაჩვენებელს „აიდიეს ბორჯომი“ არ ახმაურებს, „ფორბსის“ წყაროები კი 2012 წლისთვის ასეთ მონაცემებს ასახელებენ: კომპანიის შემოსავლები - 350 მილიონი დოლარი, EBITDA (საწარმოო ღირებულება) - 95 მლნ დოლარი, ვალი - 80 მლნ დოლარი.

კომპანია ფლობს აქტივებს სამ ქვეყანაში. უკრაინაში მას ეკუთვნის მინერალური წყლის სამი ქარხანა: მორშინსკის, მორგოროდის და ტრუსკავეცკის, რუსეთში - ქარხნები ლიპეცკში და კოსტრომში, საქართველოში - გრძელვადიანი ლიცენზია ბორჯომის წყაროების ადგილმდებარეობაზე.

კომპანია გასაყიდად ფონდმა „სელფორდმა“ 2011 წლის შემოდგომაზე გამოიტანა. სხვადასხვა ეტაპზე მისით დაინტერესება გამოთქვეს „ნესტლემ“, „კოკა-კოლამ“, „სტანდარტ კაპიტალმა“, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მყიდველმა რუსულმა „ალფა ჯგუფმა“ უაღრესად ხელსაყრელი დრო შეარჩია. კრემლმა დეკემბრის ბოლოს ქართულ მინერალურ წყლებზე 2006 წელს დაწესებული ემბარგოს გაუქმების პირობა დადო. ამის თაობაზე შეხვედრები მოსკოვში დღე-დღეზე გაიმართება.

ქართულ „ბორჯომსა“ და „ლიკანს“ რუსულ ბაზარზე დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეთ, მით უმეტეს, რომ „ალფა ჯგუფს“ რუსეთში საკუთარი მაღაზიების, სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ერთ-ერთი უდიდესი ქსელი აქვს, რომელიც შარშან 1,5 მილიარდმა ადამიანმა მოინახულა.

ყველაზე სახელგანთქმული ქართული ბრენდის - „ბორჯომის“ ისტორია 1825 წელს დაიწყო. მინერალურმა წყალმა მალე მთელს რუსეთის იმპერიაში გაითქვა სახელი. ქალაქი ბალნეოლოგიურ კურორტად და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენციად გადაიქცა. 1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო, 100 წლის შემდეგ კი „ბორჯომი“ საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული მინერალური წყალი იყო, მისმა რეალიზაციამ 450 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.