ბაგრატიონების ოჯახი დახმარებას ირაკლი ალასანიას სთხოვს

ბაგრატიონების ოჯახი დახმარებას ირაკლი ალასანიას სთხოვს

წინა ხელისუფლების პირობებში, საიდუმლო სამხედრო ობიექტის მშენებლობის მიზნით, ბათუმთან ახლოს, სოფელ სახალვაშოს მთა გადაჭრეს, რის შედეგადაც, ადგილობრივთა სახლებს ზიანი მიადგა და ხეხილის ბაღები განადგურდა. განსაკუთრებით, ბაგრატიონების ექვს სულიანი ოჯახი დაზარალდა, რომელთა სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი მთის ძირიდან 20 მეტრში მდებარეობს. ბაგრატიონები სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებასა და იმ თანამდებობის პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც ამ პროცესში, ჩართულნი იყვნენ.

როგორც For.ge-ს უფლებადამცველმა, თამაზ ბაკურიძემ განუცხადა, სააკაშვილ-ახალაიას ბრძანებით, სოფელ სახალვაშოს მთის ბოლო მთლიანად გადაჭრეს, რამაც სოფელში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს სერიოზული ზიანი მიაყენა.

ბაკურიძის განცხადებით, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია - თუ რა სახის ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, მთის ახლოს საიდუმლო სამხედრო ობიექტი შენდებოდა, საიდანაც შავი ზღვის სანაპირო მთლიანად კონტროლდება.

„ხალხს ხეხილის ბაღები გაუნადგურეს. ასევე ზიანი საცხოვრებელ სახლებს მიადგა და განსაკუთრებით, ბაგრატიონების სახლში ცხოვრება შეუძლებელია. როცა ხალხმა ხმის ამოღება დააპირა, მათ ახალაიას სახელით ემუქრებოდნენ - „დაგიჭერთ, ჰაერში აგწევთ, გაგანადგურებთო“. კერძოდ, ის პირები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში დღესაც მუშაობენ“, - აცხადებს ბაკურიძე, რომლის ინფორმაციით, ობიექტის მშენებლობისთვის გამოყოფილი 118 მილიონიდან დიდი ნაწილი გაფლანგულია, მშენებლობის პროცესი პირველი ოქტომბრის შემდეგ შეჩერებულია და სოფლიდან ძვირადღირებული სპეცტექნიკა გაყვანილია. 14 იანვარს კი, მთის ნაწილი ჩამოიშალა.

სოფელ სახალვაშოში შექმნილ ვითარებაში გარკვევის მიზნით, For.ge ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის წევრს, როლანდ ბაგრატიონს ესაუბრა, რომელიც ექსკლუზიურად იმ თანანმდებობის პირთა ვინაობას გვისახელებს, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულნი.

თქვენს სოფელში, როდის დაიწყო სამუშაოები და რა მიზნით?

- მთის ძირში მუშაობა ისე დაიწყეს, რომ არავისთვის არაფერი უკითხავთ და ეს პროცესი 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. სოფელში, თავდაცვის სამინისტრო გაუგებარ ობიექტს აშენებდა, მაგრამ როგორც ირკვეოდა, უწყება საიდუმლო სამხედრო ობიექტის მშენებლობას გეგმავდა, საიდანაც შავი ზღვის სანაპირო ზოლი,  მათ შორის ფოთიც კონტროლდება. რვა-ათი მეტრის მთა მოჭრეს, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს - 20 მეტრში მდებარეობდა. გასატანი მიწა კი, ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში გამოუშვეს, რომლის შედეგადაც, მამა-პაპისეული კარ-მიდამო გამინადგურდა. კერძოდ, სეზონზე დაახლოებით 5,5 ტონა მანდარინს და 700-800 კილო სუფთა კაკალს ვკრეფდი. ოთხი შვილი მყავს და სახლ-კარის გარეშე დარჩენა გავაპროტესტე და პასუხისმგებელ პირთან შეხვედრა მოვითხოვე.

შეგხვდათ ვინმე?

- თბილისიდან ვინმე ხვიჩა მესხი ჩამოვიდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბატალიონში შტაბის უფროსის მოადგილე იყო. მესხმა მკითხა - შენი ქონების სანაცვლოდ, რამდენს ითხოვო. თავის მხრივ, მესხს ჩემი  ვითარება ავუხსენი და ვუთხარი, რომ ჩემი ოჯახი საფრთხის წინაშე იდგა, რადგან მთის ჩამოშლის ალბათობა დიდი იყო. მან კი მიპასუხა, რომ ან კერძო სახლი მომეძებნა, ან ბინა. თანხა კი, 35 ათასი დოლარის ფარგლებში დაასახელა. ეს პროცესები, 2011 წლის შემოდგომაზე ხდებოდა, რა დროსაც, ბინებზე ფასები მაღალი იყო. ბათუმში 65 ათასიან დოლარიანი ბინა ვნახე და მათ ამ ბინის შესახებ ვუთხარი, რაზეც მესხმა მიპასუხა, რომ ბინის შეძენა არ იყო პრობლემა. მოგვიანებით სამ-ოთხ დღეში, მესხი დამიკავშირდა და ჩაქვთან ახლოს, გვირაბთან შემხვდა და ეს ბინა ნახა, რომელზეც მფლობელმა 5 ათასი დოლარი დააკლო და მესხმა მითხრა - ჩათვალე, რომ ბინა ნაყიდიაო. ამის შემდეგ, ჩემი საბუთები მომთხოვეს, რომელიც ფაქსით გადავაგზავნე. ერთ კვირაში კი დამიკავშირდნენ და მითხრეს - თუ შეგიძლია ბათუმში ჩახვიდეო. ბათუმში კი, ვინმე მერაბ კიკაბიძე შემხვდა, რომელიც სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი. კიკაბიძემ ბათუმში ჟორდანიას ქუჩაზე ნომერ 29-ში სამოთახიან ბინაში შემიყვანა და მკითხა - ამ ბინაზე რას იტყვიო, რაზეც ვუპასუხე, რომ ოჯახის წევრებს დაველაპარაკები-თქო. ამ ბინაში ელექტოენერგიის ქვითარი დავინახე და დამაინტერესა - თუ ვის ეკუთვნოდა ბინა. ქვითარზე კი, გადამხდელად - მერაბ კიკაბიძე იყო მითითებული და სიტუაციაც საჭვოდ მომეჩვენა.   

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ მერაბ კიკაბიძის სახლს გთავაზობდნენ, რომელიც თქვენ შეგხვდათ?

- დიახ. ეს ბინა, მის სახელზე იყო. ეს ბინა ჩემი ოჯახის წევრებს ვაჩვენე და კიკაბიძემ  მითხრა, რომ თავდაცვის სამინისტრო თანხას არ გადამიხდიდა და სჯობდა, ეს ბინა ამერჩია. ამ პერიოდში, სოფელში ტექნიკა მუშაობდა, რომელიც თითო 80 ტონიანი იყო და მეშინოდა, რომ ჩემი სახლი მიწის ქვეშ არ მოყოლილიყო. შესაბამისად, უარის თქმის უფლება არ მქონდა.  თუმცა, ამის შემდეგ, თამაში დაიწყეს. კერძოდ, ჩემი დის ქმარი - როლანდ ტარიელაძე თავდაცვის სამხედრო პოლიციაში მუშაობს და არ ვიცი, იქ რა მოხდა. ხვიჩა მესხი მირეკავს და მეუბნება, რომ  თურმე, სახლთან დაკავშირებით, დედათქვენთან შეთანხმებული არ ყოფილხართ, ის ერთოთახიან ბინას ითხოვს და სჯობს, თბილისში ვითარების გარკვევის მიზნით, ჩამოხვიდეთო. არ ვიცი, ჩემს სიძეზე ზეწოლა განხორციელდა თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ თამაშს ჰქონდა ადგილი.

თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს სიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა? საკითხზე, დედათქვენს და თქვენს სიძე არ ესაუბრეთ? დედათქვენთან პიროვნული უთანხმოება ხომ არ გქონდათ, რითაც ისინი სარგებლობდნენ?

- ჩემი სიძე დაშინებული იყო და პასუხს აღარ მცემდა. დედაჩემს კი, რომელიც დეიდაჩემთან ცხოვრობს, ნებისმიერ დროს საშუალება აქვს ჩემთან იცხოვროს და არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს. ჩემს საქმეში, ყოველ დღე ახალ-ახალი პირი ჩნდებოდა, რადგან მოგვიანებით, ეს საქმე ვინმე დავით ლაზლიაშვილს გადასცეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის ბატალიონის შტაბის უფროსი ყოფილა. ამ ადამიანს ვუთხარი, რომ ან მშენებლობა შეეჩერებინათ, ან ჩემთვის ბინა გადმოეცათ, მანამდე, სანამ გაარკვევდნენ - თუ რას მიპირებდნენ. ლაზლიაშვილთან საუბრის შემდეგ, თბილისში წავედი და თავდაცვის სამინისტროში ვინმე ვახტანგ ჯორბენაძის კაბინეტში შემიყვანეს, რომელიც თუ არ ვცდები, თავდაცვის სამინისტროს იურიდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ჩემი ეჭვი, რომ საქმეში ჩემი სიძე იყო გარეული, დადასტურდა, რადგან რაციაში ხმა გავიგე - ტარიელაძე ამოვიდესო. ლაზლიაშვილმა მითხრა, რომ თქვენი სიძე თქვენს დას გაშორდა - თუ რა ხდება, რადგან ტარიელაძე ამბობს, რომ ცოლს გავცილდიო. ვუთხარი, რომ საქმეს გავარკვევდი. სამი დღის შემდეგ, ჩემი სიძის ოჯახში მივედი და მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.  

თქვენს საქმესთან, თქვენი დისა და სიძის ურთიერთობას რა კავშირი ჰქონდა? თქვენს ოჯახში, რა მიზნით ერეოდნენ?

- მიზანი იყო ერთი - ბინა არ მოეცათ და სახლი წაერთმიათ. ლაზლიაშვილს დავურეკე და ვუთხარი, რომ მათი საქცილი იყო თამაში და მაინტერესებდა რატომ მოიგონეს ჩემი დისა და სიძის განქორწინების ამბავი, რაზეც მან მიპასუხა, რომ  არაფერს შეცვლის არიან თუ არა დაშორებილები, რადგან პრეზიდენტის ხელმოწერილი საბუთია, რომ ბინა უნდა გადმოგცეთო, მაგრამ ოჯახში პრობლემები შეგექმნათ და ბინას ვერ გაძლევთო.

პრობლემის შექმნაში, რას გულისხმობდნენ?

- ცალკე ერთოთახიანი ბინის შეძენას, რაც დიდი აბსურდი იყო, რადგან მათ ვეუბნებოდი, რომ ჩემთვის ბინა გადმოეცათ და დედაჩემი ჩემთან იცხოვრებდა, ჩემი და კი, წილს არ ითხოვდა. ამ საუბრის შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო აურიეს, რადგან რაღაც დოკუმენტი მომიტანეს, სადაც დაახლოებით ეწერა, რომ „ნაკვეთზე, რომელზეც თავდაცვის სამინისტრო სამუშაოებს ატარებდა, როლანდი ბაგრატიონი არაფერს მოვითხოვ“. მითხრეს, ამ დოკუმენტს ხელი მოაწერე და ბინას შემდეგ გადმოგცემთო, რაზეც არ დავთანხმდი, რადგან ხელს თუ მოვაწერდი, ბინას ვინ მომცემდა? ამ პროცესების  პარალელურად, სამუშაოები გრძელდებოდა და ვინმე დავით ბერიშვილს შევხვდი, რომელიც სოფელში მშენებლობას კურირებდა. მას ვუთხარი, რომ ერთი გრამი მიწა ჩემსკენ არ გადმოვარდნილიყო, რაზეც მიპასუხა, რომ არ აინტერესებდა - თუ რა მელოდა და სახლი თუნდაც მიწაში ჩაფლულიყო, მშენებლობას გაარძელებდნენ. მან თქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთო. ამ პასუხის შემდეგ, ბერიშვილს ვეკამათე, თან ბავშვები მახლდა და მათ ტირილი დაიწყეს. ჩემი სიმართლე ვერსად გამქონდა და ვინაიდან, საქმეში ძალიან ჩავები, მართალი გითხრათ შემეშინდა, რადგან თუ რა სისტემა იყო კარგად გახსოვთ. სასამართლოში სარჩელის შეტანას კი, რა აზრი ჰქონდა?

რატომ გეშინოდათ, ვინმე გემუქრებოდათ?

- ბერიშვილი, რომელიც სოფელში სამხედრო პოლიციის თანხლებით იყო მოსული, ამბობდა - ასე ვიზამ და ისე ვიზამო. ჩვენი კამათის დროს, ადგილზე, ჩემი ახლობელი იდგა და ბერიშვილს უთქვამს -  „ბაჩომ არ გაიგოს, რომ ეს ადამიანი წინააღმდეგობას ქმნის, თორე მას ჰაერში, რომ ააგდებენ, ძირს ორი საათი არ ჩამოაგდებენო“. ბერიშვილისგან პირდაპირი მუქარა მოდიოდა. ამ ამბების შემდეგ მეუბნებოდნენ, რომ თითქოს ბინას არჩევნების შემდეგ მომცემდნენ, მაგრამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოფელში მუშაობა გააჩერეს, ხოლო 3 ოქტომბრის ღამეს ტექნიკა სრულად  გაიყვანეს.

თქვენ აცხადებთ, რომ ბაჩო ახალაიას სახელით გემუქრებოდნენ?

- დიახ, პირდაპირი მუქარა მოდიოდა და რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი.  

სახელმწიფოს სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა და თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქმეში გარკვევის მიზნით, ირაკლი ალასანიას მიმართეთ?

- თავდაცვის სამინიტროში წერილი მაქვს გაგზავნილი და უწყების ცხელ ხაზს ვუკავშირდები, რომ ყურადღება მოგვაქციონ, რადგან ექვსი სული ნათესავთან ვცხოვრობთ და ბავშვები სკოლაშიც ვერ დამყავს, მაგრამ ცხელ ხაზზე მეუბნებიან, რომ კომუნკაციის ელექტრონული სისტემა მალე გაკეთდებაო. ვფიქრობ, რომ ჩემს წერილებს, ლაზლიაშვილი ბლოკავს და წერილები ალასანიამდე არც მიდის. მანამდე, რამდენჯერმე პრეზიდენტ სააკაშვილს ჩემმა მეუღლემ და ბავშვმა წერილი გადასცეს, მაგრამ მისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ალასანიას ვთხოვ, რომ ამ საქმით დაინტერესდეს და ყურადღება მოგვაქციოს, რადგან აქ ცხოვრება შეუძლებელია. თუ ჩემი საქმე არ აინტერესებთ, პასუხი მაინც გამაგებინონ, რომ ჩემი უფლებების დარღვევა სტრასბურგში გავასაჩივრო.