პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს და არა ხალხი

პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს და არა ხალხი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუ შემოდგომაზე ახალი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა. მისი თქმით, კონსტიტუციის იმ ნაწილში, რომელიც პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს ეხება, სერიოზული ცვლილებებია დაგეგმილი, რათა ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში გაწონასწორებული, ისეთი სახელისუფლო მოდელი არსებობდეს, როდესაც არც ერთ განშტოებას ზედმეტი უფლებები არ ექნება.

ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ამ რეფორმის ერთ-ერთ საკითხი პრეზიდენტის არჩევის წესია. დეპუტატის განმარტებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მატარებელი აღარ არის, ვერ ერევა მთავრობის საქმიანობაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საერთოდ აღარ მონაწილეობს, მას უფრო არბიტრის ფუნქცია აქვს და ძირითადად არასამთავრობო სტრუქტურების ფორმირებაში მონაწილეობს. ამის შესახებ ხმალაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

დეპუტატი ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებში პრეზიდენტი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არაპირდაპირი წესით არის არჩეული - არა ამომრჩევლების მიერ, არამედ პარლამენტის ან ამრჩევთა კოლეგიის მიერ, რომელიც პარლამენტის წევრებისა და კიდევ სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების დელეგატებისაგან შედგება.

ვახტანგ ხმალაძემ ჯერ არ იცის, შემოდგომაზე რა ფორმით იქნება პრეზიდენტი არჩეული. მისი თქმით, ეს მოდელის არჩევისას გადაწყდება.

„მე ვფიქრობ, უკეთესია, თუ ეს იქნება არაპირდაპირი არჩევნები. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ეს უფრო უპრიანია. ორ მიზეზს დაგისახელებთ, ერთი ეს არის არჩევნების სიძვირე, მეორე კი - პრეზიდენტს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მატარებელი არ არის, არ უნდა გაუჩნდეს იმის ცდუნება, რომ თქვას, აი მე ხალხის მიერ ვარ არჩეული და მეტი უფლებები მჭირდებაო“, - აცხადებს ხმალაძე.

მისი აზრით, სასურველია, საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის არჩევნებამდე განხორციელდეს და არა მხოლოდ იმისთვის, რომ არჩევის წესი განისაზღვროს, არამედ პიროვნებამ, რომელიც აირჩევა და ასევე მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, როგორ პრეზიდენტს ირჩევს, ანუ რა ფუნქციების მატარებელი იქნება არჩეული პრეზიდენტი.

ვახტანგ ხმალაძეს ვთხოვეთ განემარტა, ეს ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უკვე შეჯერებული პოზიციაა, თუ მხოლოდ მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ უნდა აირჩეს.

დეპუტატი განმარტავს, რომ ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობაში მხოლოდ საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ ეს საკითხი ოფიციალურად განხილული ჯერ არ ყოფილა.

„პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის არის დამახასიათებელი. ამიტომ როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ეს საკითხიც დღის წესრიგში დგება“, - ამბობს დეპუტატი.

რას ფიქრობენ ამ ინიციატივაზე ექსპერტები, რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა და ეს მოდელი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ბალანსის დარღვევის საშიშროების წინაშე ხომ არ დაგვაყენებს, ამასთან დაკავშირებით for.ge კონსტიტუციონალისტების მოსაზრებებს გთავაზობთ.

კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ, ამ შემთხვევაში იგი ვახტანგ ხმალაძეს ეთანხმება, რომ მიზანშეწონილია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იყოს არჩეული. ექსპერტის თქმით, პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და აქედან გამომდინარე, მას შესაძლოა იმაზე მეტი ამბიცია ჰქონდეს, ვიდრე საპარლამენტო მოდელი ითვალისწინებს. კობახიძე ამბობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით არის პრეცედენტები, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევებია.

„გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება სახელმწიფოსთვის ზედმეტი ხარჯიც იქნება. ამის აუცილებლობა კი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში არ არსებობს. ესეც შეიძლება იყოს უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც არგუმენტი არაპიდრაპირი არჩევნების სასარგებლოდ“, - აღნიშნავს კობახიძე.

მისი თქმით, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი არის არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, მთელი აქცენტი სწორედ ამ თანამდებობის პირზე გადადის. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელი არ არის, პრეზიდენტს ხალხისგან პირდაპირი წესით მინიჭებული მანდატი ჰქონდეს. რაც შეეხება არჩევის წესს, ექსპერტი განმარტავს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის სხვადასხვა მოდელი არსებობს. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც მას პარლამენტი ირჩევს, არის შემთხვევები, როდესაც ამ მიზნით სპეციალური საარჩევნო კოლეგია იქმნება, ხოლო თუ პარლამენტი ორპალატიანია, ქვედა და ზედა პალატები პრეზიდენტის არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობენ. გარდა ამისა, არის პრეცედენტები, როდესაც ამაში ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები არიან ჩართულები. საქართველოსთვის კი ყველაზე მარტივი იქნებოდა, პრეზიდენტი პარლამენტს რომ აერჩია.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძეც მიიჩნევს, რომ უკეთესია, ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ იყოს არჩეული.

„ჩემი აზრით, უმჯობესია, ეს იყოს არა საყოველთაო პირდაპირი კენჭისყრით არჩევნები, მაგრამ უფრო ფართო პროცესი, ვიდრე ეს არის პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა. მესმის, რასაც ვახტანგი ლაპარაკობს და რა თქმა უნდა, ორივე ეს პრობლემა აქტუალურია - არჩევნების სიძვირეც და ისიც, რომ ვერაფრით ვერ მოვიშორეთ ცდუნება, გვყავდეს ტოტალიტარული მმართველი და შემტევი ხასიათის პირველი პირი, მაგრამ მაინც სწორად არ მიმაჩნია, რომ არჩევნებში მხოლოდ პარლამენტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, უმჯობესია შუალედური ვარიანტი იყოს გამოძებნილი, კერძოდ, პარლამენტს დამატებული წარმომადგენლობები რეგიონებიდან, რეგიონალური თვითმმართველობებიდან. ამასთანავე, ექსპერტი განმარტავს, რომ სხვადასხვა რეგიონში ამომრჩეველთა განსხვავებული რაოდენობაა. ამიტომ, თითოეულ მანდატს სხვადასხვა წონა ექნება. აქვე ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტის და პრეზიდენტის ხელისუფლებაში ყოფნის განსხვავებულ ვადებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაღაც პერიოდში პარლამენტი და პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკური გუნდიდან იქნებიან.

„დავუშვათ, პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა, პარლამენტი კი - ოთხი წლით. შესაბამისად, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები სხვა პარლამენტმა უნდა ჩაატაროს. რაღაც მომენტში დაახლოებით ისეთივე პოლიტიკურ სიტუაციას მივიღებთ, როგორიც დღეს გვაქვს, ანუ პრეზიდენტი და პარლამენტი სხვადასხვა პოლიტიკური გუნდიდან იქნებიან, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ახალი პარლამენტი ისევ თავის პრეზიდენტს აირჩევს. შესაბამისად, გარკვეულ პერიოდში გვეყოლება ერთი პარტიული ნიშნით პრეზიდენტი და მთავრობა, იგივე პოლიტიკური ძალის პარლამენტის ხელში, ხოლო რაღაც ნაწილში გვეყოლება სხვადასხვა პოლიტიკური ძალებიდან. ამიტომ მაინც პარლამენტზე დამოკიდებული პრეზიდენტი იქნება. მე კი მირჩევნია, რომ პრეზიდენტი პარლამენტისგან უფრო თავისუფალი იყოს, რადგან თუ ამას ადგილობრივ მმართველობას, ან თვითმმართველობას მივაბამთ (ან ორივეს ერთად), მაშინ არის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტი მართლაც ქვეყნის ერთიანობის გარანტიც იყოს, წარმომადგენლობითი უფლებაც ჰქონდეს და ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემაც მოიხსნას“, - ამბობს ძაბირაძე.

მისი თქმით, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ბალანსის დარღვევის საფრთხე არ არსებობს, რადგან თუკი პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალა, ეს ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციაში რიგი ცვლილებები განხორციელდება, ანუ კონსტიტუციის, მთლიანად, კონცეპტუალურად ახალ გააზრებაზეა საუბარი. ხოლო რადგან ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება. ასეთ შემთხვევაში კი ბალანსის დარღვევის საფრთხე ნულის ტოლია.