სიცრუის მანქანა

სიცრუის მანქანა

ინვესტორები გარბიან, ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა, პროექტები შეჩერდა, უმუშევრობა გაიზარდა, პარტული ქრთამს იღებს, ჯაშუშები და ტერორისტები ციხიდან გამოუშვეს, პუტინის გეგმა სრულდება და ა.შ. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ბრალდებებისა, რაც მმართველი პარტიის მიმართ ყოფილი ხელისუფლებისგან, ყველაზე ხშირად კი საქართველოს პრეზიდენტისგან ვისმენთ.

იმის მიუხედავად, რომ თავის საკმაოდ ხანგრძლივ და საქმიან საახალწლო მილოცვაში პრეზიდენტმა პირობა დადო, ოპონენტების მიმართ მწვავე შეფასებებს არ გამოიყენებდა, ხოლო მისი კრიტიკა აგრესიული აღარ იქნებოდა, საკუთარი პირობა მალევე დაარღვია.

კახა კახიშვილი თვლის, რომ სააკაშვილის ეს რიტორიკა მისი ბუნებიდან გამომდინარეობს.

„სააკაშვილის ხასიათს თუ გავაანალიზებთ, იმ რეგიონებს სადაც ხმათა საკმარის რაოდენობას ვერ იღებდა, გავიხსენოთ, როგორ ექცეოდა - ეზიზღებოდა და ყველანაირ პროგრამებს უჩერებდა. წარმოიდგინეთ, დღეს რა დამოკიდებულება ექნება საქართველოს მოსახლეობისადმი, რომელმაც მას მხარი არ დაუჭირა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ დღეს არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოსზე, არამედ სააკაშვილი ნაწყენია მთელ საქართველოზე“,- აცხადებს კახიშვილი. 

საზოგადოება უკვე შეჩვეულია პრეზიდენტის ტონსაც და ბრალდებებსაც, ამას ყოველთვის მიხეილ სააკშვილის მუდმივ საარჩევნო რეჟიმში ყოფნით ხსნიდნენ, ხან მისი საარჩევნო ტაქტიკით და ხანაც სტრატეგიით. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ახლაც წინასაარჩევნო რეჟიმშია, თუმცა რაკი სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადაც იწურება, სავარაუდოდ, ფონს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ამზადებს.

ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ, რომ სააკაშვილის პიარ და პოლიტტექნოლოგიები მოწინააღმდეგის დაკნინებას ემყარება. მისი ნებისმიერი ორი-სამი გამოსვლის მონიტორინგიდანაც აშკარაა, რომ სააკაშვილი ქულებიც ჩაწერას მართლაც პოლიტიკური მოწინააღმდეგის დიკრედიტაციით ცდილობს და საამისოდ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით გადმოცემასაც არ ერიდება.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მცირე ამონარიდები პრეზიდენტის ბოლო რამდენიმე გამოსვლიდან:

„ეკონომიკაში საგანგაშო ტენდენციებია. ეს ჩანს ინვესტიციების შემცირების კუთხითაც. მთავრობა ეუბნება ინვესტორებს, უახლოესი 3 წლის განმავლობაში არ იქნება ეკონომიკური ზრდა“...

„მე არ ვიცი მსოფლიოს არც ერთი პროკურატურა და სახელმწიფო ორგანო, რომელიც ადამიანების პირადი ცხოვრების მასალებს ოფიციალურად ავრცელებს და აძლევს მას ჟურნალისტებს. საქართველოს პროკურატურამ მოხსნა ყველა რეკორდი არაცივილიზებულობის და ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება - სრულიად ამორალური და დასაგმობი საქციელი. ესაა ის, რასაც რუსი ოლიგარქები და რუსულ ოლიგარქებზე გაზრდილი ადამიანები სწავლობდნენ რუსეთში, რაც ისწავლეს იმას აკეთებდნენ“...

„დაფიქსირდა პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი შემთხვევები“...

 „თანამდებობებზე დაბრუნდნენ წარსულში კორუფციასა და კონტრაბანდაში გასვრილი კადრები. მათ შორის, სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში პოლიციის უფროსად დანიშნეს შევარდნაძის დროინდელი კადრი, მეტსახელად „ყულაბა“...

 „აქამდე ყველას აწუხებდა კითხვა, განვითარდებოდა თუ არა საქართველო უფრო ჩქარი ტემპით. დღეს კი სამწუხაროდ გვიხდება კითხვის დასმა, გადარჩება თუ არა ის, რაც უკვე იყო... კითხვების დასმის კუთხითაც კი დავბრუნდით 90-იან წლებში. მე მინდა, ეს დროებითი მოვლენა იყოს და წარსულთან პაემანი, რომელსაც თავს ახვევენ საზოგადოებას დავასრულოთ“...

„ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როდესაც ბევრი მშენებლობა და სამეგრელოსთან მიმართებაში არსებული მრავალი პროექტი შეჩერებულია. შეჩერებულია დიდი პორტის მშენებლობა, რომელიც იყო გადამწყვეტი სამეგრელოს შემდგომი განვითარებისთვის“... 

„ახალმა მთავრობამ დღეს რუსეთის ჯაშუშები გამოუშვა ციხიდან გარეთ დიდი რაოდენობით, მათ შორის, კრილნიკოვი, გევორქიანი. თავმოყვარე ქვეყანა ამას არ აკეთებს. მაგრამ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც რუსებმა გაასამართლეს, როგორც საქართველოს მზვერავი... ესენი აძლევდნენ კოორდინატებს, აჩვენებდნენ გზებს. კარგი იქნებოდა გაცვლა მომხდარიყო. კარგია, როდესაც ხალხი გარეთ გამოდის, მეც გამიხარდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცი, რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ - პრობლემა ექმნება სახელმწიფოს, პრობლემა ექმნება უსაფრთხოებას. მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისში რა ვითარება იყო საქართველოში“...

რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი ცდილობს, არარეალური სურათი დახატოს და ამით საზოგადოება შედომაში შეიყვანოს, ამ საკითხის თუ პრობლემის შეფასება ექსპერტებს ვთხოვეთ. თუმცა რაიმე სასიკეთო დასკვნის გამოტანა მათი შეფასებების ფონზე კიდევ უფრო გართულდა.

ექსპერტების შეფასებით, სრულიად აშკარაა, რომ სააკაშვილი, რბილად რომ ვთქვათ, უბრალოდ სიმართლეს არ ამბობს, ან არ სურს სიმართლე თქვას.

რამაზ საყვარელიძე: „ძალიან ბევრი ბრალდება გაკეთდა ნაციონალების მხრიდან, ძირითადად, პრეზიდენტი აკეთებს ამ ბრალდებებს, იქ რაღაც აღარ შენდება, რაღაც ინგრევა და ა.შ. აღმოჩნდა, რომ „არ შენდება“ - არ არის სწორი - შეჩერებულია, ოღონდ გაგრძელდება. დანგრევით არავინ აპირებს დანგრევას და ა.შ“.

სოსო ცისკარიშვილი: „სამწუხაროდ ისეთ წერტილამდე ვართ მისული, რომ ჩვენი პრეზიდენტისგან სიმართლე თუ გაგვაკვირვებს, თორემ მისი ფანტაზია, რომელიც გაჯერებულია დემაგოგიით, ცილისმწამბლობით და ცინიზმით, აღარავის გვაკვირვებს და შესაბამისად არც რეგირებაა შესაფერისი ჩვენი მოსახლეობიგან, რადგან ყველა ყველაფერს კარგად აცნობიერებს. ბოლო ორი-სამი კვირის ტექსტები ბატონი მიხეილისა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავასკვნათ მისი ადექვატურობა არსებული რელობის მიმართ“.

კახა კახიშვილი: „პრეზიდენტის მხრიდან რეალურად, უსაფუძვლო განცხადებები კეთდება, რასაც ჩვენ ტყუილს ვეძახით. ის შეჩვეულია ამ რეჟიმში მუშაობას. 9 წელია, გვატყუებს, რომ სუპერდემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დამოუკიდებელი სასამართლოა. ისიც ტყუილია, რომ ამბობს ახალ ხელისუფლებას საშუალებას არ მივცემ, დამოუკიდებელ სასამართლოზე იერიში მიიტანოსო. ასეთ ტყულიებში ვცხოვრობდით 9 წელი და დღევანდელი ტყუილები სულ არ მიკვირს. თუ გავაანალიზებთ პრეზიდენტის ბოლო 8 წლის გამოსვლებს, ვნახავთ, რომ 10 სიტყვიდან - 9 ყოველთვის ტყუილი იყო. ესეც ტყუილია, კოჰაბიტაციაზე რომ საუბრობს. სამწუხაროდ, მან ვერ გაიგო ამ სიტყვის მნიშვნელობა. 9 წელი კოჰაბიტაციურად ვერ იცხოვრა საკუთარ მოსახლეობასთან, დღეს კი ამაზე იმიტომ ალაპარაკდა, რომ ასე აწყობს“.

პრეზიდენტის ტაქტიკას შესანიშნავად იმეორებენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური სახეებიც. როგორც ჩანს, ესეც ერთიანი სტრატეგიის ნაწილია, რადგან სად ერთი კაცის ნათქვამი, თუნდაც ის პრეზიდენტი იყოს და სად მთელი პარტია რომ ერთსა და იმავეს იმეორებს. ყველა მზადაა, ერთიანი პოზიცია გამოხატოს საჭირო დროსა და სჭირო ადგილას, ეს ჩიორა თაქთაქიშვილი იქნება, ვანო მერაბიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი, მოკლედ, რომ ვთქვათ, ნაციონალები.

რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ასეთი ტაქტიკა ნაციონალებს ოპონენტის დასაკნინებლად სჭირდებათ:

„ყველა ბრალდებაში აშკარად იგრძნობოდა იმის სურვილი ნაციონალების მხრიდან, რომ სიმართლე კი არ ეთქვათ, ეთქვათ თუნდაც სიცრუე, ოღონდ ეს სიცრუე მსჯავრის დადების და პოლიტიკური ოპონენტების გამტყუნების ინსტრუმენტად ქცეულიყო“,- ამბობს რამაზ საყვარელიძე.

სოსო ცისკარიშვილისთვის ნაციონალების ტაქტიკა წარსულში დაბრუნების სურვილით აიხსნება:

მესმის, რომ მძიმეა, დაემშვიდობო ისეთ სავარძელს, რომელმაც უკიდეგანო ხელისუფლება მოგიტანა და ნებისმიერი  ჩანაფიქრი, რაც არ უნდა აბსურდული ყოფილიყო, რელობად გადააქცია, მაგრამ ის არც პირველია და არც უკანასკნელი. დრო წინ მიდის და ვინც მას ფეხს ვერ აუწყობს, იძულებულია ილაპარაკოს მხოლოდ ტყუილები. მისი ერთადეთი ოცნება გახლავთ წარსულში დაბრუნება და ამიტომაც საუბრობს დღევანდელ დღეზე, როგორც წარსულთან პაემანზე, მაგრამ ასეთი პაემანი ჩაეშლება ბატონ მიხეილს, რადგან ქვეყანა წინ მიდის“,- აცხადებს ცისკარიშვილი.

კახა კახიშვილის შეფასებით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი პიარკამპანიაა, არაფრით განსხვავებული და გამორჩეული:

„ამ ეტაპზე კვლავ აგრძელებს თავის პიარკამპანიას, რაც ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას გულისმობს, კვლავ ცდილობს, უცხოეთისა და ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილის აზრის ფორმირებას, რომ ახალი ხელისუფლება არის უსუსური, არაფრის გამკეთებელი და მხოლოდ ამით ირთობს დღეს პრეზიდენტი თავს. ამის გარდა, ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც პრეზიდენტიმა, რომელმაც კორუფცია დაამარცხა და ახლა ამ ყველაფერს საფრთხე ემუქრება - მისი სახით ახალგაზრდა დემოკრატიას ებრძვის რუსეთის ჯაშუში ივანიშვილი, დანარჩენ ჯაშუშებთან - ახალ მთავრობასთან ერთად“,- ამბობს კახიშვილი.

ის ბრალდებათა კორიანტელი, რაც ყოველდღიურად ისმის მედიასშუალებებით, გასაგებია, რომ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია და ამით რისი მიღწევა სურს ყოფილ ხელისუფლებას, საიდუმლო არავისთვის არ არის. თუმცა, თავად სააკაშვილი ამას სხვაგვარად ხსნის:

„ჩვენ გვინდა, მთავრობამ მიხედოს საქმეს და დაანებოს თავი იმაზე საუბარს, როგორ ვუშლით ჩვენ ხელს, ჩვენ არანაირ პოლიტიკურ კრიზისს არ ვაწყობთ. გვინდა, მთავრობამ აკეთოს საქმე, ეკონომიკას განვითარების საშუალება მისცეს, ხალხს ხელი გაუმართოს, პროექტები გააგრძელოს და მიხედოს საქართველოს შემდგომ პერსპექტივას. ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდე და ეს არის მომავალშიც“,- აცხადებს სააკაშვილი.

როგორც რამაზ საყვარელიძე თვლის, ნაციონალების ყველა გამონათქვამი იმაზე მიუთითებს, რომ მათ პოლიტიკური ბრძოლა არ დაუმთავრებიათ.

„ისევე, როგორც საარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრს სიცრუეს ამბობდნენ, ოღონდ პოლიტიკური მიზანი მიღწეეული ყოფილიყო, ახლაც აგრძელებენ იმავე რეჟიმში, ძალიან ბევრს სიცრუეს ამბობენ, ოღონდ პოლიტიკური მიზანი მიღწეული იყოს. თუ მე ვცდები მხოლოდ გამიხარდება, ანუ თუკი მათ პრეტენზიებს ობიექტური საფუძველი აქვს და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ნიშნისმოგებისთვის გაკეთებული განცხადებები. მხოლოდ განცხადება ეს უკვე ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის რეჟიმი იქნება, რომელიც გამოადგება ქვეყანას. ტყუილების პოლიტიკური კონკურენცია ქვეყანას არ გამოადგება“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

გაამართლებს თუ არა ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალგზის გამონაცადი ტაქტიკა, უკვე ეჭვს აჩენს. მსგავსი მცდელობა, თანაც ბევრად უფრო გაზრდილი მასშტაბებით, ბოლო არჩევნებისთვის უშედეგო აღმოჩნდა.

სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ნაციონალების მეთოდები ნენ-ნელა დამაჯერებლობას კარგავს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.

„რას მიიღებს ბატონი პრეზიდენტი, ამას გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა, როგორც გააკეთა გასულ ოქტომბერს და პრიმიტიული მცდელობა, რომ ისეთი კორიანტელი დააყენოს ცილისმწამებლური განქიქებისა დღევანდელი ხელისუფლების, რომ მისთვის სიტყვის შებრუნებაც კი განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური დევნა, რაც დრო გადის, უფრო ნაკლებად დამაჯერებელია, მისი ყოფილი აპოლოგეტებისთვისაც, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. ამიტომ, ფუჭი მცდელობაა ბატონი მიხეილის. ნამდვილად ვისურვებდი, რომ 9-წლიანი, ავკარგიანი ხელმძღვანელობა ქვეყნისა, დაესრულებინა ღირსეულად, მაგრამ როგორც ჩანს, ამას მისი გარემოცვა არ ეპუება და საყრდენდაკარგული პრეზიდნტი, ალბათ, კვლავ წარსულზე ოცნებობს და არ გამოვრიცხავ, ყოველღამე ზურიკელა ადეიშვილი ესიზმრებოდეს“.

რა თქმა უნდა, ასე არ ფიქრობენ ნაციონალები და ხელისუფლებაში დაბრუნებას თუ ვერ მოახერხებენ, საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები მაინც უნდა შეიქმნან. სავარაუდოდ, ხმაურიც ამისათვის სჭირდებათ და ყურადღების ცენტრში ყოფნაც.

კახა კახიშვილმაც არ იცის, რა უნდა ილაპარაკოს სააკაშვილმა ისეთი, რომ ის აქტუალური იყოს, საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდეს, თუ არა ისეთი განცხადებები, როგორსაც დღეს აკეთებს.

„ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, სალაპარაკოც რომ არ ჰქონდეს, საკუთარ თავს ასეთი რიტორიკით ლაპარაკის უფლებას მაინც არ მისცემდა. ასეთი რამ თქვა, თურმე პირველად მოხდა შემთხვევა, როდესაც პატრულმა ქრთამი აიღო. ცოტა არასერიოზული განცხადებაა. ერთი, რომ პირველი არ არის და ეს ყველამ იცის, ვინც ასეთ თემებზე მუშაობდა. ქრთამის აღება არც ყველაზე მძიმე დანაშაულია, რომელიც ჩაუდენიათ პატრულის თანამშრომლებს. მაგალითისთვის გვაქვს რობაქიძის საქმე. იმის გამო, რომ სისტემას ლაქა არ დასჩენოდა, მთელი სახელმწიფო აპარატი ზრუნავდა საქმის ჩაფარცხვაზე.

სააკაშვილმაც ძალიანაც კარგად იცის, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა, მაგრამ სარგებლობს იმით, რომ საკუთარ სიტყვებზე პასუხს არ აგებს. თვითონაც დარწმუნდა, რომ მოსახლეობის 80%-ისთვის მის სიტყვას ფასი არ აქვს, მაგრამ მაინც აგრძელებს ლაპარაკს“,- აცხადებს კახიშვილი.

მომავალი არჩევნებისთვის რამდენად წაადგებათ ეს პოლიტიკა ნაციონალებს ძნელი სათქმელია, მაგრამ დღეს ერთადერთი ეფექტი, რაც ყოფილი ხელისუფლების ტაქტიკას მოაქვს, ლამის, სრული იგნორირებაა. სხვათა შორის, საზოგადოებას არც ის მოსწონს, როდესაც ახალი ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია. უფრო ხშირად „ქართული ოცნება“, ნაციონალების ბრალდებებს, ძირითადად გაკვრით, უფრო ეტიკეტიდან გამომდინარე პასუხობს. ერთადერთი მყისიერი რეაქცია შს სამინისტრომ დააფიქსირა და განაცხადა, რომ პატრულის მხრიდან ქართამის აღების ფაქტი არ ყოფილა და არც ვინმე „ყულაბაა“ მათი თანამშრომელი.

მეორედ, ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა ნაციონალების ბრალდებას, როცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეხებოდა საქმე. ნაციონალებმა შეთავაზებული დებატებისთვის დრო ითხოვეს, რადგან მათ ფალავანს მომზადება სჭირდება. ეს გასაგებიცაა, ნაციონალებს ამ შემთხვევში დამარცხება ნამდვილად არ აწყობთ, რადგან ლიდერობას პროცესების წარმართვაში უთუოდ დაემშვიდობებიან და ამით კიდევ ერთ კოზირს დაკარგავენ.

კარგავს თუ არა რამეს „ქართული ოცნება“, რომ ბრალდებებს ამომწურავად, დასაბუთებულად და მწვავედ არ პასუხობს, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე - ბევრს არაფერს, რადგან როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, საზოგადოებას ტყუილის მიმართ მგრძნობელობა გაუქრა. სხვათა შორის, ამ ეტაპზე საზოგადოებისგანაც არ იგრძნობა ხელისუფლების მიმართ მოთხოვნა, რომ ნაციონალების ბრალდებებზე ჯეროვანი პასუხი მიიღოს.  

რამაზ საყვარელიძე: „სულ მაინტერესებს, რატომ არ ჩქარობს-ხოლმე „ოცნება“ თითოეული ტყუილი დააფიქსიროს როგორც ტყუილი. მთელი საზოგადოება შეეჩვია იმას, რომ ნაციონალები ტყუიან და ტყუილის მიმართ მგრძნობელობა გაგვიქრა. ამ დროს ის დასავლეთი, რომელსაც ასე ვეზმანებით, ყველაზე მგრძნობიარე ტყუილის მიმართ არის და განსაკუთრებით პოლიტიკოსის ტყუილის მიმართ. გაიხსენეთ კლინტონის და ლევინსკის ამბავი. იქ ტყუილმა ლამის იმპიჩმენტამდე მიიყვანა საქმე და ჩვენ ტყუილს ისე ვისმენთ, რომ უკვე რეაქციაც აღარ გვაქვს“.

სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება ჯერ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია და მისი მძაფრი რეაქციაც ჯერჯერობით მხოლოდ ამ მიმართულებით იგრძნობა.

„იმდენი საქმე აქვთ გაფუჭებული ადეიშვილსა და მის უფროს-უმცროსებს, რომ არ იქნება რთული მართლმსაჯულების აღსრულება. მხოლოდ თუ პროკურატურასა და სასამართლოში იმუშავებენ ადამიანები, რომლებიც თავად არ არიან გასვრილნი სხვის უბედურებაში. მათ წრეში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, ვისაც ადვოკატობიდან პროკურორობამდე აწინაურებენ, მაშინ როცა ადვოკატობის დროსაც რეალურად პროკურორობდნენ და საკუთარ დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებს ღალატობდნენ. თუ ეს ყველფერი არ დასრულდა, მაშინ შეიძლება ადეიშვილის და სააკაშვილის რეინკარნაციაც მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ქართველ ხალხს პოლიტიკური მეხსირების ამპუტაციას გაუკეთებენ, რაც შეუძლებელია“,- აცხადებს ცისკარიშვილი.

მისივე შეფასებით, ხალხი ბრძენია და ერთი მხრივ თუ სააკშვილის ტყუილებს ყურადღებას არ აქცევს, მეორე მხრივ, ყურადღებით აკვირდება ახალი ხელისუფლების ნაბიჯებს.

„სიმშვიდის მომგვრელი არის არა რომელიმე გაქსუებული პროკურორი და მოსამართლე, არამედ საქართველოს მოსახლეობა და თითოეული მოქლაქის ვალია, რომ ჩვენი  მოსახლეობის ამ განწყობას ზურგში ლახვარი არ ჩავცეთ და საკუთარი ქმედებით მივცეთ კიდევ უფრო მეტი არგუმენტი იმისათვის, რომ ქვეყანამ არ შეწყვიტოს წინსვლა და გზააბნეულ მგზავრს არ დაემსგავსოს, რომელსაც ხან უნდა სამართლიანობა და ხან ეშინია სამართლიანობის. ქართველი ხალხი არავის არ მისცემს წარსულში დაბრუნების უფლებას, არც სააკაშვლის გაგებით და არც ჩემი გაგებით“,- აცხადებს ცისკარიშვილი.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ არჩეული ცრუ ბრალდებების პოლიტიკა გარკვეულწილად ახალი ხელისუფლების ნაბიჯებისადმიც ადუნებს საზოგადოების ყურადღებას, ხოლო კონსტრუქციული ოპოზიციის არარსებობა, შესაძლოა, მალე სერიოზულ საფრთხედ გადაიქცეს ქვეყნისათვის.

საზოგადოებაში უკვე ნელ-ნელა მწიფდება აზრი, ხომ არ სჯობს, ახალმა ხელისუფლებამ ფიქრი დაიწყოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, რომელიც ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ მიუჩენს საკუთარ ადგილს, მეორე მხრივ კი კონსტრუქციული ოპოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამასთან დაკავშირებთ, ახალი ხელისუფლების პოზიცია უკვე ცნობილია და ითვლება, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავად კოალიციის დაშლა წარმოქმნის ჯანსაღ ოპოზიციას. თუმცა, შეიცვლება თუ არა პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.