საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა. პოსტის დატოვების მიზეზად კი დღევანდელი მთავრობის მხრიდან მისთვის მიუღებელი საგარეო პოლიტიკური კურსი, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობა დაასახელა. თავის დროზე ნიკოლოზ ვაშაკიძე მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ერთ-ერთი მოადგილე იყო. თუმცა ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც თანამდებობა შეინარჩუნა.
ნიკოლოზ ვაშაკიძის მხრიდან ახალი ხელისუფლების კურსის რუსეთთან დაკავშირება დროში საეჭვოდ დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგის ტრიბუნიდან გამოსვლას და ახალი ხელისუფლების კურსის რუსეთთან გაიგივებას.
ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები როგორც ექსპერტთა, ისე პოლიტიკოსთა მხრიდან. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის აზრით, ნიკოლოზ ვაშაკიძის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვება შეშფოთების საგანია, რადგან ვაშაკიძე ერთ-ერთი გამოცდილი და გამორჩეული დიპლომატი იყო და მსგავსი დიპლომატების ყოფნა საქართველოს ნამდვილად სჭირდება.
მით უფრო, რომ ვაშაკიძეს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს და ახლანდელი მინისტრის მოადგილეს, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები ებარა, მათ შორის, ჟენევის დისკუსიები და რუსეთთან ურთიერთობების საკითხი.
უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნიკოლოზ ვაშაკიძის შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს. თუმცა მაია ფანჯიკიძეს არც ის დაუმალავს, რომ ნიკოლოზ ვაშაკიძეს გუშინაც ესაუბრა და დიპლომატიურ სამსახურში დარჩენა სთხოვა, რამდენიმე ქვეყანაში ელჩობაც შესთავაზა, სადაც ვაკანტური ადგილები არსებობდა და მას შეეძლო, არჩევანი გაეკეთებინა. თუმცა ნიკოლოზ ვაშაკიძემ არც ეს ისურვა და სამინისტრო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მაია ფანჯიკიძე უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ვაშაკიძემ ეს გადაწყვეტილება სომხეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის შემდეგ მიიღო, რადგან ვაშაკიძე სომხეთში არ ყოფილა, ამიტომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, მაია ფანჯიკიძე საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას გამორიცხავს. ეს კურსი კი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
მომხდარის მიუხედავად, ნიკოლოზ ვაშაკიძე ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მომხრე არ არის. იგი არ აკონკრეტებს, მომავალში რას აპირებს, თუმცა ცნობილია, რომ იგი ჯერ დაისვენებს, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში უწევდა საქმიანობა.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ვაშაკიძის გადადგომას სააკაშვილს უკავშირებს და ვაშაკიძის მიერ დასახელებულ მოტივს არადამაჯერებლად მიიჩნევს. მართალია, ვაშაკიძე უფრო სოლიდური დიპლომატის იმიჯის მქონე იყო, მაგრამ სააკაშვილმა და ბოკერიამ გადაწყვიტეს, იგი საჯარო გამოსვლებისთვის გამოეყენებინათ.
For.ge დაინტერესდა, რატომ დაემთხვა ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადება სტრასბურგში პრეზიდენტის გამოსვლას?! ამასთან, რა გავლენას იქონიებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რუსული თემატიკის მომიზეზებით გადადგომა დასავლეთის გარკვეული წრეების აზრის ფორმირებაზე?!
ექსპერტ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ვაშაკიძის საქციელი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან „წინასწარ დაგეგმილი კლასიკური ვირეშმაკობა“ იყო. მეტიც, ექსპერტი აცხადებს, რომ მას სიტუაცია დაახლოებით ასეც წარმოედგინა, რომ ადრე თუ გვიან ვაშაკიძე ამ დავალებას შეასრულებდა. მართლაც ასე მოხდა, მაგრამ რუსულ კურსზე აპელირება იმდენად სუსტი არგუმენტია, რომ ვერაფერს შეცვლის, რადგან ვექტორი გამოცხადებულია და ის არ შეიცვლება.
„ეს არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედება თავისი ჩატოვებული კუდების მეშვეობით. რა შუაშია რუსეთთან ურთიერთობა?! სად ხედავს რუსეთთან ურთიერთობას ბატონი ვაშაკიძე?! გასაგებია, რომ ეს არის კლასიკური საბოტაჟის მცდელობის ერთ-ერთი გამოვლინება. ვაშაკიძის კვალიფიკაცია ადრეც ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებდა. ეს ღრმად არასერიოზულია და გზა დავულოცოთ ბატონ ვაშაკიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენების გასაძლიერებად. ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ, მე მგონი, ვერც მათ გააძლიერებს. შეიძლება ითქვას, მან თავის დიპლომატიურ კარიერას ამ პროვოკაციული ქმედებით წერტილი დაუსვა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
შეკითხვის საპასუხოდ, ვაშაკიძის ქმედება ხომ არ ნიშნავს, რომ დასავლეთის ზოგიერთ წრეებში გარკვეულ კითხვებს დაბადებს, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ასე არ მოხდება. მეტიც, რეალურად, ექსპერტს არც ნიკოლოზ ვაშაკიძის პროდასავლურობის სჯერა.
„პირდაპირ გეტყვით, ნიკოლოზ ვაშაკიძისთვის დასავლეთი და აღმოსავლეთი სულერთია. სხვათა შორის, ბატონი ვაშაკიძე არის რუსეთის კვლევების ცენტრის დამფუძნებელი და მე ვფიქრობ, მისი კუდები უფრო რუსეთში უნდა ვეძებოთ, ვიდრე დასავლეთში“, - განმარტავს გია ხუხაშვილი.
პოლიტიკური ექსპერტის კახა კახიშვილისთვის ცოტა უცნაურია ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა, რადგან ნიკოლოზ ვაშაკიძე მოღვაწეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ძველი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირად ითვლებოდა. იგი მინისტრის მოადგილე იყო, რაც ნაცმოძრაობის განმარტების შესაბამისად, პოლიტიკურ თანამდებობას ნიშნავს.
ამდენად, გაუგებარია, რომ ახლადმოსული ძალა, რომელიც აცხადებს, რომ რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს, თანამდებობის პირად ნიშნავს ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირს, ანუ ნაცმოძრაობის პოლიტიკის გამტარებელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აბარებს.
„ბუნებრივია, ასეთი სიურპრიზები იქნებოდა. ვადასტურებ, ნიკა ვაშაკიძე ძალიან კარგი საჯარო მოხელეა, წლებია, მუშაობს საჯარო სექტორში, ის შევარდნაძის დროსაც მუშაობდა, ნაცმოძრაობასთანაც მუშაობდა და „ოცნების“ მოსვლის შემდეგაც არ დარჩა თანამდებობის გარეშე, მაგრამ თუ საჯარო მოხელე პროფესიონალია და მისი გაშვება არ არის საჭირო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც პოლიტიკური თანამდებობის პირად უნდა ვაღიაროთ და დავნიშნოთ პოლიტიკურ თანამდებობაზე?!“ - კითხულობს კახა კახიშვილი და აქვე ნაცმოძრაობის სტილზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საჯარო მოხელეებს პროტესტის ნიშნად სამსახურიდან წასვლის შესახებ აკეთებინებს განცხადებებს.
კახა კახიშვილის თქმით, სწორედ ასეთ ხერხს მიმართავდა ნაცმოძრაობა შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში. თავდაპირველად, ისინი, თითქოს, გაემიჯნენ შევარდნაძეს, ვირტუალურად გადავიდნენ ოპოზიციაში, მაგრამ, ამავდროულად, ნახევრად გადავიდნენ, რადგან მათი მომხრეები დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სექტორში პოლიტიკურ თანამდებობებზე. 2003 წლის რევოლუციის მოახლოებასთან ერთად კი სხვადასხვა თანამდებობის პირებმა აქტიურად გააკეთეს განცხადებები, რომ ემიჯნებოდნენ შევარდნაძეს, პროტესტის ნიშნად ტოვებდნენ თანამდებობებს და შევარდნაძესაც გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ამის შემდეგ კი მოხდა „ვარდების რევოლუცია“.
„დღესაც იგივე სცენარი მეორდება. ჩვენ ვნახეთ პროტესტის ნიშნად გადაგომის არაერთი შემთხვევა. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელზეც ახალი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ის სერიოზული პროფესიონალია, პროტესტის ნიშნად ტოვებს სამსახურს, რადგან არ ეთანხმება ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსს. ამით მიანიშნებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ასევე, რაც მთავარია, დასავლეთს, რომ ახალი ხელისუფლება თურმე რუსეთზეა ორიენტირებული. ამიტომ ცოტა გაუგებარია მინისტრის პოზიცია, რომელიც მას შემდეგ, რაც ვაშაკიძე ტოვებს მის უწყებას, აცხადებს, რომ მას რომელიმე თანამდებობაზე დარჩენას ეხვეწებოდა“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
ექსპერტისთვის ბევრად გასაგებია სერგი კაპანაძის გადაწყვეტილება, რომელმაც მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი განაცხადა, რადგან არ სურდა ამ მთავრობაში მუშაობა. ამდენად, სერგი კაპანაძეც რომ დაენიშნათ ამ პოსტზე და ორი მინისტრის მოადგილე გადამდგარიყო, ცხადია, რა რეზონანსი ექნებოდა ამ საქმეს.
ყოფილი ელჩი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ ნიკოლოზ ვაშაკიძის გადადგომა სააკაშვილის „სტრასბურგის თემის“ გაგრძელება იყოს, ვინაიდან თავად სააკაშვილის გამოსვლაც ძალიან სამარცხვინო იყო ევროსაბჭოში. მეტიც, ეს არ ყოფილა პრეზიდენტის გამოსვლა, არამედ ეს იყო ოპოზიციის წარმომადგენლის გამოსვლა. სააკაშვილს დაავიწყდა, რომ ის ჯერჯერობით პრეზიდენტია. ამდენად, ძალიან ცუდი იყო, რაც მან სტრასბურგში პრეზიდენტის რანგში გააკეთა. ასე რომ, ზურაბ აბაშიძის აზრით, რაც უფრო მალე აღარ ექნება სააკაშვილს ტრიბუნა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისა და ხალხისთვის.
რაც შეეხება ნიკოლოზ ვაშაკიძეს, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გადადგომა მისი უფლებაა და ყველას აქვს უფლება, არ ეთანხმებოდეს მთავრობას. მით უფრო, რომ ახალმა მთავრობამ ვაშაკიძეს ნდობა გამოუცხადა და ისიც გარკვეული პერიოდი დარჩა სამუშაოზე.
„თუ ნიკოლოზ ვაშაკიძე სხვაგვარად ხედავს და რაღაც არ მოსწონს, მე მინდა გავუცრუო მოლოდინი და ვუთხრა, რომ მისი ასეთი პოზიცია ნაჩქარევია. დღევანდელი ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, დასავლეთის თვალში ახალი ხელისუფლების ვითომდა რუსული კურსი წარმოაჩინოს, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან ნამდვილად არ იცვლება არანაირი კურსი. ეს კურსი, რაც ჩვენ გამოვაცხადეთ, ურყევია და ძალიან კარგად ვიცით, რა პასუხისმგებლობაც ავიღეთ - ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ და ევროპისკენ არ შეიცვლება“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.