კომპანია „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი, მამია სანადირაძე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მიმართავს და აფრთხილებს, რომ მას არაფერი შერჩება და რომ თითიოეული წართმეული ბიზნესის მესაკუთრე ყველაფერს ისევ უკან დაიბრუნებს. ამის შესახებ განცხადება დღეს სანადირაძემ for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა, სადაც მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის „მართალი სამართალი ღირსებისთვის“ პრეზენტაცია გამართა.
ორგანიზაცია ორი კვირის წინ შეიქმნა და „კავკასუსის“ დამფუძნებელთან ერთად მასში ძირითადად სამეცნიერო წრის წარმომადგენლები არიან გაწევრიანებულები და ისინი მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენა და საამისოდ შესაბამისი გზების დასახვა, რათა როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, ახალ ხელისუფლებას ამ პროცესში დახმარება გაუწიონ.
„მოგეხსენებათ, ასოციაციამ „ქართული ბიზნესი“ დაიწყო პროექტი „დააბრუნე“ და ამ პროექტის ფარგლებში მრავალ ბიზნესმენს სამართლებრივი კონსულტაცია გავუწიეთ და დავეხმარეთ, მაგრამ საქმემ მაინცდამაინც ვერ წაიწია წინ, რადგან ბევრი უჩივის მისი ქონების გასხვისებას“, - აცხადებს მამია სანადირაძე.
მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შემუშავებული კანონები ამ რეჟიმის ძალმომრეობის და ხალხის ძარცვის ლეგიტიმაციას ემსახურება, რაც მართალი სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ადამიანის ღირსებას ლახავს. მამია სანადირაძე და მისი თანამოაზრეები მოქმედ სასამართლო სისტემას უნდობლობას უცხადებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან. ამ უსამართლობასთან საბრძლველად სანადირაძემ მის თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „მართალი სამართალი ღირსებისთვის“, რომლის მიზნებია ადამიანის ღირსების უპირობო დაცვა და საზოგადოებაში მართალი სამართლის პრინციპების დამკვიდრება.
მამია სანადირაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის „მართალი სამართალი ღირსებისთვის“ პრინციპები წარმოადგინა. ესენია:
- უნდობლობა არსებულ სასამართლო სისტემას! დადგა დრო სამართლებრივი სისტემის კარდინალური ცვლილებების. კრიმინალური ხელისუფლების მიერ შექმნილი უკუღმართი სამართლებრივი სისტემით სამართალს ვერ აღასრულებ.
- წართმეული ქონების უკან დაბრუნების მექანიზმის შემუშავება. უნდა შეიქმნას კომისია პარლამენტის, ზოგადად ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და ამ ადამიანებმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ქონების წარმომავლობის კანონიერება და ცრუ შემცვლელ ფიგურებზე გადაფორმებული არასამართლიანი გზით მოპოვებული ქონება უნდა შეისწავლონ.
- არა - ე.წ. ფინანსურ ამნისტიას, რადგან ის ნაძარცვი ქონების ლეგალიზაციას და ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას ემსახურება. სააკაშვილის ფსევდოინიციატივა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. არა ეკონომიკურ ამნისტიას! რადგან დღემდე ბიუჯეტთან დავალიანება მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაციებს გააჩნიათ და მხოლოდ მათი პატიება დაუშვებელია.
„გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ საქართველო და ქართველები მიეჩვიონ მართალ სამართალს, კანონიერების შესრულებას. 25 წელია უკვე მერამდენე მთავრობა შეიცვალა საქართველოში. თითოეული მათგანი ძარცვავს ხალხს და შემდეგ ახალ ხელისუფლებას უყოფს ნაძარცვს. მაქვს ინფორმაცია, რომ ახალ მთავრობაში მოფუსფუსე მედროვეები რაღაცეებს „ჩალიჩობენ“ და მინდა ვუთხრა მათ - ხელები შორს ქართველი ხალხის ცრემლსა და სისხლზე ნაშოვნი ფულისაგან! ღმერთი არავის გაუწყრეს!“, - აცხადებს მამია სანადირაძე.
იგი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა თითოეულ ასეთ ფაქტს დიდ ყურადღებას დაუთმობს და ყველაზე დიდი იმედი მამია სანადირაძეს ბიძინა ივანიშვილის აქვს და მიიჩნევს, რომ მას ამ პროცესების გაკონტროლების შესაძლებლობა ექნება. სანადირაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, სხვისი ბიზნესების უკანონოდ მიმთვისებელი, წინა ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი პირები, ამ ბიზნესებს სხვებზე ასხვისებენ. ამის მაგალითად, სანადირაძეს მის მიერ დაფუძნებული მედია-საშუალებები, ინტერნეტგამოცემა “presa.ge“ და ინტერნეტ-ტელევიზია „itv.ge” მოჰყავს. სანადირაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან „კავკასუსის“ და ამ მედია-საშუალებების დაბრუნებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგა, “presa.ge” და“itv.ge” ვანო მერაბიშვილის ნათესავებზე გადაფორმდა.
„ყველაფერს უკან დავიბრუნებთ! არავის ეგონოს, რომ ვინმეს რამე შერჩება. ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ყველაფერი ტკბილად შერჩება. მე მას მივმართავ - ვანო, არაფერი არ შეგრჩება!“, - ამბობს სანადირაძე.
„მართალი სამართალი ღირსებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოსოფოსი, პროფესორი გია ბარამიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის დაფუძნების მიზანი წინა ხელისუფლების მიერ ქვეყანაში დამკვიდებული სამართლებრივი ნიჰილიზმის შეჩერება და აღმოფხვრაა.
„სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ქვეყანაში ახალი კერპთაყვანისმცემლობა, ახალი ველურობა დაამკვირდა. კერძოდ, ვისაც სასამართლოსთან გვქონია საქმე, მათთვის ეს ვითარება ნაცნობია. საქმე იმაშია, რომ კანონები უმრავლეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც სტანდარტების მიხედვთ არის დაწერილი, მაგრამ მთავარია, ვინ აღასრულებს ამ კანონებს. როდესაც ჩვენ უსამართლო სასამართლოზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ მოსამართლის მენტალიტეტში, ყველა კანონის, ყველა სამართლებრივ ნორმის მიღმა სააკაშვილის კერპი დგას და გარკვეულწილად სასამართლო დარბაზში უსისხლო მსხვერპლშეწირვა ხორციელდება. მოსარჩელე უსამართლობის მსხვერპლია, რომლის მსხვერპლად შეწირვასაც ახორციელებს მოსამართლე“, - ამბობს გია ბარამიძე.
მისი თქმით, ამ პროცესებს არა მხოლოდ იურიდიული საფუძველი აქვს, არამედ წინა პოლიტიკურ რეჟიმს ზნეობის დეგრადირებაში და შერყვნაში აქვს ფესვები გადგმული, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანს მისთვის ყველაზე ძვირფასი - ღირსება აჰყარა. პროფესორი ამბობს, რომ სწორედ ამან განაპირობა ქვეყანაში სამართლებრივი ნიჰილიზმის დამკვიდრება. ამიტომ აუცილებელია, ყველას დაუბრუნდეს ის, რაც წართმეული აქვს.
„მართალი სამართალი ღირსებისათვის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი, პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი კონსტიტუციის მე-17 მუხლს ციტირებს, სადაც წერია, „ადმიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
„დააკვირდით ბოლო ფრაზას - „სასჯელის გამოყენება“ და შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს დღე, როდესაც ჩვენს წინა ხელისუფლებას ეს ქმედება არ ჩაედინა. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავის თავზეა მორგებული. მაგალითად, სასჯელის გამოყენება, როდესაც სასჯელს იყენებ შენი მიზნებისთვის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც თავად კანონი არის დანაშაულის ჩადენის წინაპირობა“, - აღნიშნავს გოგატიშვილი.
მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში ჩადებულია ისეთი ნორმები, რომ თუ ქონებაჩამორთმეული (ან მოძალადისგან სხვაგვარად დაზარალებული) ადამიანი მოძალადეს შეუთანხმდება, შესაძლებელია, რომ მიყენებული ზარალის ანაზღაურება აღარ მოხდეს. ამიტომ მიხეილ გოგატიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციის „მართალი სამართალი ღირსებისთვის“ ამოსავალი იქნება ადამიანის ღირსება და სწორედ ამაზე დაყრდნობით წარიმართება მისი საქმიანობა.