“ორი თვეა საქართველოში ვარ. ჯერ ბუნდესტაგის არჩევნების, შემდეგ – ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო, ჩემი დანიშვნის საკითხი შეყოვნდა. საკმარისი დრო მქონდა, რომ ამ პოსტისთვის სულიერად, ყველანაირად მოვმზადებულიყავი. დრო გამოვიყენე და საქართველოს ისტორიას გავეცანი, ძალიან შთამბეჭდავი იყო. დავიწყე ქართული ენის შესწავლა, რაც საკმაოდ რთული პროცესია და მაგრად მოჭიმულ ბაგირზე გავლას ჰგავს, მაგრამ გერმანული ანდაზის არ იყოს, ბოლო კეთილი აღმოჩნდა” – ასე მომზადებული ჩამოვიდა საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ორტვინ ჰენიგი, რომელიც პირველად საქართველოს სულ რაღაც ორი თვის წინ ეწვია. საქართველოში ელჩობამდე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. სამსახურამდე კი, სწავლობდა პოლიტოლოგიას, ისტორიას, სამართალს. ელჩმა პრესა.გეს შეკითხვებს სიამოვნებით უპასუხა და აღფრთოვანება და სიხარული არ დამალა, რომ მისი პიროვნებით დავინტერესდით.
საქართველოზე პირველი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია. პირველ რიგში ქალაქი მომეწონა, ძალიან მომხიბვლელია. არ ველოდი, რომ ასეთი სიმწვანე იქნებოდა. რაც უფრო დიდხანს ვარ თბილისში, მით უფორ მომწონს ის. რაც შეეხება ხალხს, ქართველ ხალხზე აქამდეც გამიგია, რომ ძალიან სტუმართმოყვარე, გულღია ხალხია რაშიც პირადად დავრწმუნდი.
მხოლოდ ორი თვეა, რაც ჩამოხვედით, თავს როგორ გრძნობთ საქართველოში. ადაპტაციის პერიოდზე რას იტყვით?
– მე გერმანელი ვარ და ჩემი, როგორც გერმანელის იდენტიფიკაცია ხდება. ამით მხოლოდ ვსარგებლობ, რადგან ჩემთვის, როგორც გერმანელისთვის, ყველა კარი ღიაა, მაგრამ მეორეს მხრივ – ვარ რა მე ასეთი დიდი ქყეყნის წარმომადგენელი, ჩემგან ბევრს ელიან. ალბათ, ფიქრობენ, რომ შემიძლია, ერთი ხელის მოსმით რთული საკითხები გადავწყვიტო. ეს რასაკვირველია რთულია.
ქვეყანაში პირველად ხართ, დისკომფორტს არაფერი გიქმნით?
– ყველაფერს ჩვეულებრივად შევხვდი. ისეთი არაფერი შემიმჩნევია, რასთან შეგუებაც გამიჭირდებოდა. ქართველების მხრიდან თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ და ეს მახარებს. საქართველო ევროპული ქვეყანაა - ასეთია ჩემი პირველი შთაბეჭდილება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, ჩვენ ვილტვით ევროპისკენ და ჩვენი სურვულია, დავუახლოვდეთ ევროპასო. ეს ყველაფერი იგრძნობა და მე ქართველებს ევროპელებად მივიჩნევ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი მაინც კავკასიელები არიან თავიანთი ტრადიციებით, რაც მათ ევროპელებისგან განასხავვებთ.
უკვე აღმოაჩინეთ ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ?
– იცით, რომ ჩვენ რეზიდენციაში ვცხოვრობთ. როცა სახლში მივდივარ, რეზიდენციის ტერასაზე ყოფნა ყველაზე მეტად მომწონს. ჩინებული ხედი იშლება. ჩანს მთაწმინდა, შესანიშნავი სურათი იშლება – მზის ჩასვლა საოცარია.
ქალაქის გაცნობა მოასწარით?
– რასაკვირველია, შაბათ-კვირას ქალაქში ვსეირნობ. განსაკუთრებით, ძველი თბილისი მომეწონა. ძველი შენობების აღსადგებად იქ ბევრი კეთდება და ეს ძალიან მომწონს. ძალიან შთამბეჭდავი იყო ის გრძელი გზა, რომელიც ნარიყალასკენ გავიარე, შემდეგ ქართლის დედისკენ და უკან დავბრუნდი. შთამბეჭდავი გასეირნება იყო.
გარდა სერნობისა, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– ჩემი ძირითადი ყურადღება ამჟამად მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისკენაა მიმართული. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა გერმანიის ნაკრების თამაში მაინტერესებს.
გვითხარით, რა ანგარიშით მოიგებს გერმანია? (ინტერვიუ 7 ივლისს ჩაიწერა)
– (იცინის) პროფესიონალი ოპტიმისტი ვარ. კარგ შედეგს ველოდები. ორით ერთს მოვიგებთ. ესპანეთი ფავორიტია და ალბათ ასეც დარჩება, რადგან ორი წლის წინ, ევროპის პირველობაზე გერმანიამ ესპანეთთან წააგო.
როგორ გულშემატკივრობთ, გერმანული ლუდით ხელში, ფან-კლუბებს სტუმრობთ?
– თითქმის ყველა თამაშს გოეთეს ინსტიტუტში ვადევნებდით თვალს. იქ შეიკრიბა ძელიან ბევრი გერმანელი ფანი და ქართველები, რომლებიც გერმანიის ნაკრებს გულშემატკივრობენ. მოგეხსენებათ, ლუდი, სოსისი და ფეხბურთი განუყოფელია.
ფეხბურთზე ბევრი ვისაუბრეთ, თავად თუ მისდევთ სპორტს?
– (იცინის) სპორტის პასიური მომხმარებელი გავხდი. ბავშვობაში ფეხბურთს, კალათბურთს ვთამაშობდი. გუნდურ თამაშებში საკმაოდ წარმატებულიც ვიყავი. სამწუხაროდ, ახლა ვეღარ ვახერხებ.
თქვენი ბავშვობის ოცნებაც ფეხბურთელობა ხომ არ იყო?
– 4 და 5 წლის ასაკში მინდოდა თბომავალი წამეყვანა, მერე ფეხბურთელობაც მსურდა, მაგრამ შემდეგ წლებთან ერთად იცვლება სურვილები.
ჰობიზე რას გვეტყვით?
– განსაკუთრებით ფეხბურთი მაინტერესებს, მაგრამ ჩემი ყველაზე მთავარი ჰობი ჩემი ოჯახია. ჩემი მეუღლე აქ არის. მყავს ორი ქალიშვილი, რომლებიც გერმანიაში სწავლობენ. თუ დრო მაქვს, სიამოვნებით ვკითხულობ. ახალგაზრდობაში კლასიკურ რუსულ ლიტერატურას ვკითხულობდი. თუ გერმანულ ლიტერატურას გავიხსენებთ, ჰერმან ჰესეს დავასახელებ. გავეცანი კონსტანტინე გამსახურდიას რამდენიმე რომანს. მან მე უფრო ახლოს გამაცნო საქართველო, თავისი ისტორიით და ხალხით. რაც შეეხება მუსიკას, უკვე დავესწარი კონცერტებს ფილარმონიაში, კონსერვატორიაში, სადაც რამდენიმე გუნდი გამოდიოდა. პოლიფონია განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, მრავალხმიანობა, რაც ბევრი ქვეყნისთვის დამახასიათებელი არ არის.
ინტერნეტს რა როლი უკავია თქვენს ცხოვრებაში, სოციალურ ქსელებს თუ იყენებთ?
– ჩვენი ცხოვრების თანმდევია და მას უნდა მივყვეთ, თუმცა სიცოცხლის ხარისხზე ნეგატიურად მოქმედებს. უამრავი ინფორმაციაა, რომლის გაცნობაც გვიწევს. ჩემი გაგებით, ჩემი ცხოვრების ხარისხზე ტექნოლოგიები მოქმედებს, რადგან ის არღვევს ცხოვრების რეჟიმს.
ლუდის სამშობლოს წარმომადგენელი ვაზის სამშობლოს ტრადიციებს როგორ შეეგუეთ?
– მოგეხსენებათ, ლუდის სამშობლოდან ვარ და ჩვენში ლუდი უფრო მიღებულია, თუმცა საქართველოში მევენახეობის, მეღვინეობის ტრადიციას კარგად ვიცნობ და ძალიან ვაფასებ. ერთ-ერთ სტატიაში ისიც კი წავიკითხე, რომ საქართველოს ზოგ რეგიონში ლუდი მიღებული არ არის და იმასაც კი ამბობენ, რომ თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ, ლუდი კი არა, ღვინო უნდა დალიო. ქართული ღვინო ჩემი აზრთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. იმედი მაქვს, საერთაშორისო ბაზარზე გავა და მისთვის კუთვნილ ადგილს მოიპოვებს. ვფიქრობ, საბჭოთა პერიოდში უფრო პროდუქციის მასიურ წარმოებაზე ფიქრობდნენ, ვიდრე ხარისხზე, მთავარი კი ხარისხია, რათა ღვინომ მსოფლიო ბაზარი დაიპყროს.
რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
– განსაკუთრებით თეთრი ღვინო მომწონს. ჩვენთვის, ევროპელებისთვის უჩვეულო გემო აქვს, მაგრამ მე ძალიან მალე შევეჩვიე, რადგან ნატურალური გემო იგრძნობა.
ქართული სამზარეულოს გაეცანით?
– აბსოლუტურად ყველაფერი მომწონს. ძალიან მიყვარს ნიგოზი და მას ისედაც მივირთმევ ხოლმე. განსაკუთრებით, ნიგვზიანი საჭმელი მიყვარს. ქართული პურის ფანი ვარ. თონის პურს ყველაფერთან ერთად ვჭამ. სიამოვნებით მივირთმევ ყველა კერძს, რასაც ქართული სამზარეულო გვთავაზობს.
როცა სუპერმარკეტში შედიხართ, ფასებს რამდენად აქცევთ ყურადღებას, თუნდაც სხვა ქვეყნებს რომ შეადაროთ, სიძვირეა?
– მე დიდი გამოცდილება არ მაქვს. პროდუქტების ყიდვით ჩემი მეუღლეა დაკავებული. გერმანელისთვის ძვირი არ არის, მაგრამ, თუ ქართველი ადამიანის შემოსავალს გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, მაღალი ფასებია.
თავად ჯერ არაფერი გიყიდიათ?
– ერთხელ ლესელიძის ქუჩაზე ვსეირნობდი, სადაც თუთის ნაყინი ვიყიდე. ერთი ბურთულა 2 ლარი და ათი თეთრი ღირდა. ვფიქრობ, საკმაოდ ძვირია.