უძრავი ბაზარიც საგაზაფხულო ბიძგის მოლოდინშია

უძრავი ბაზარიც საგაზაფხულო ბიძგის მოლოდინშია

უძრავი ქონების ბაზარი კალენდარულ და ეკონომიკურ გაზაფხულს ელოდება. ჯერჯერობით მყიდველ-გამყიდველი მოლოდინის რეჟიმშია. თუმცა, ზოგიერთი უძრავი ქონების სააგენტო ბაზრის 15%-იან ზრდაზე მიანიშნებს.

„ერდო ჯგუფის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ზრდა შეინიშნება როგორც კომერციული ფართების გაქირავება-გაყიდვის ნაწილში, ისე სამშენებლო სფეროში, სადაც მოთხოვნა 100%-ით არის გაზრდილი. გურამ ფალავანდიშვილის თქმით, მოთხოვნის პარალელურად სახეზეა ფასების მნიშვნელოვანი ზრდაც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში 50%-ს აღწევს.

წლის ბოლოდან კომერციული ფართების მიმართ გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს უძრავი ქონების სააგენტო
„პრივატსერვისის“ ხელმძღვანელიც. ვაჟა ცუცქირიძის თქმითვე, გაზრდილი მოთხოვნა გარკვეულ დეფიციტს ქმნის, რაც ფასებზეც აისახება. იგი ელის, რომ გაზაფხულიდან ბაზარზე მეტი გამოცოცხლება იქნება.

თუმცა არის საპირისპირო მოსაზრებაც. უძრავი ქონების სააგენტოების მეორე ნაწილი და განსაკუთრებით ისინი ვისაც ბინის გაყიდვა სურს, მყიდველის დეფიციტზე საუბრობენ. ისინი ერთ კონკრეტულ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას - ქვეყანაში სოცაილური დონე ისევ დაბალია, მოსახლეობას ფული არ გასჩენია და შესაბამისად, არც უძრავი ქონების ყიდვისთვის ცხელა ვინმეს.

მაკლერების თქმით, მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა იაფფასიან ბინებზე, რომლებიც ძირითადად, გარეუბნებში იყიდება. რაც შეეხება ფასს, ამ მხრივაც კლებაა და დაბალი მოთხოვნის პირობებში ხშირად 60 ათას დოლარად ღირებული ქონების გაყიდვა მეპატრონეს 45 ათას დოლარად უწევს.

„ძალიან კარგი იქნება, რომ უძრავი ქონების რეალიზაცია მართლაც გაზრდილიყო, მაგრამ სინამდვილეში ჯერაც დიდი სირთულეებია. ჯერჯერობით მხოლოდ იაფფასიანი ბინები იყიდება, ძირითადად, გარეუბნებში და ისიც იშვიათ შემთხვევაში.

ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ზოგჯერ მთელი თვე ისე გავა, 2-3 ბინის გაყიდვას ძლივს ვახერხებთ. ასეთი მდგომარეობა ბაზრისთვის ძალიან ცუდია. შემცირდა გირაოც, მოთხოვნა მაღალია, მაგრამ არსებულ პირობებში ბინებს მეპატრონეები ძალიან მაღალ ფასში აგირავებენ“, - ამბობს სოსო გამყრელიძე, სააგენტო „ჯეოფლათის“ წარმომადგენელი.

ექსპერტები კი მორიგ გააქტიურებას გაზაფხულიდან ვარაუდობენ. შესაბამისად ისინი უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მატებასაც ელოდებიან, თუმცა კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებელს ვერ ასახელებენ.

„ფასების ზრდა არ იქნება მასშტაბური, მაგრამ ბინების გაყიდვების ზრდის პარალელურად, მათი ღირებულებაც გაიზრდება. ამ მოლოდინს აძლიერებს ის ფაქტი, რომ შეცვლილია საბაზრო სიტუაციაც და დანერგილია ახალი სტანდარტები. ბაზარზე ახალი მოთხოვნები გაჩნდა. უკვე არავინ არ ყიდულობს ე.წ. „ხრუშოვკებს“, შემცირდა ინტერესი „შავი კარკასების“ მიმართაც. მოთხოვნა გაიზარდა ახალაშენებულ და დამთავრებულ ბინებზე. გამოცოცხლება აშკარად იგრძნობა“, - ამბობს მზია თოლორდავა, ექსპერტი.

ჯერჯერობით ყველა ელოდება ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს და მის ეკონომიკურ შედეგს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი ბიზნესის რომელიმე სეგმენტის გააქტიურებაზე. ეკონომიკის ექსპერტის დემურ გიორხელიძის აზრით, კონკრეტული შედეგები 2-3 თვეში გამოჩნდება.

მისი თქმით, მთავრობის საქმიანობის შესაფასებლად ეს დრო ძალიან ცოტაა.

„ფუნდამენტური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც უკვე კარგია. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება - ხალხს შიშის სინდრომი უქრება, რაც მათ ეკონომიკურ აქტივობას ხელს შეუწყობს. ეკონომიკური აქტივობის გაზრდა, კონკურენტულ გარემოს შექმნის. ასე რომ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები 2-3 თვეში გამოჩნდება“, - განაცხადა გიორხელიძემ.