„ევროპაში პარტიები დაფინანსებას შემოწირულობების ხარჯზე იღებენ და საქართველოშიც დაფინანსების წესი შესაცვლელია“

„ევროპაში პარტიები დაფინანსებას შემოწირულობების ხარჯზე იღებენ და საქართველოშიც დაფინანსების წესი შესაცვლელია“

„ქართულ ოცნებაში“ მსჯელობენ, რომ თუკი, ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს განაცხადებს, ბიუჯეტიდან მათ დაფინანსებაზე უარი უნდა განაცხადონ. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს რამდენიმე მიზნის გამო უხდის საზოგადოება ფულს. კერძოდ, მათ ადამიანის უფლებების რეალიზება და დაცვა უზრუნველყონ პარლამენტსა თუ სხვა ორგანოებში, ხოლო ამ ფუნქციას თუ არ შეასრულებენ, მაშინ ფული არ უნდა მიიღონ.

კანონი ერთია, მაგრამ მორალურად რამდენად აქვს პარტიას უფლება, რომ ამომრჩევლის ინტერესების არდაცვაში დაფინანსება მიიღონ? მსგავსი გამოცდილება ქვეყანას უკვე აქვს, როდესაც „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში არ შევიდა და დაფინანსებას იღებდა. საზოგადოებამ ეს ფაქტი საკმაოდ ცუდად აღიქვა, რადგან ეს არის მათ მიერ გადახდილი ფული, რომელიც პარლამენტში მოხვედრილი პოლიტიკური პარტიებისთვის მიემართება, რათა საქმიანობა განახორციელონ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ოპოზიციას რამდენიმე ტურში ბოიკოტის მიუხედავად, მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს და მათ რიცხვში გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკა მელიას ასახელებს. სავარაუდოდ, სწორედ დაფინანსების საკითხია, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს. პარტია ჯამში ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე დაფინანსებას აიღებს.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარტიას, რომელიც მიღებულ მანდატებზე უარს ამბობს, სახელმწიფო დაფინანსებაც არ უნდა მიეცეს.

„ლოგიკურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და მიღებულ მანდატებს, მათ შორის - სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზეც. ეს იქნება ლოგიკური, ამაზე პარლამენტი ალბათ იმსჯელებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფიქრი იმაზე, რომ პარტიებს, ვინც პარლამენტში არ შედის, დაფინანსება არ უნდა ჰქონდეთ, შესაძლოა, ლეგიტიმურიც იყოს.

„მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა და მისმა ლიდერებმა გაახმოვანეს პოზიცია, რომ პარლამენტში არ შემოვლენ და ამის გამო თუ ვინმემ იფიქრა, რომ დაფინანსება არ უნდა ჰქონდეთ, ეს შეიძლება აბსოლუტურად ლეგიტიმურიც იყოს, თუმცა ეს სამსჯელო საკითხია და დღეს ვერ გადაწყდება“,- განაცხადა მდინარაძემ.

„დაფინანსების ნაწილი არ ეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას და გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას“, - ამის შესახებ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე მიიჩნევს, რომ იქნება ყველანაირი ზეწოლის მცდელობები, რათა პარლამენტმა როგორმე მიიღოს ლეგიტიმაცია.

„ეს ეწინააღმდეგება საკანონმდებლო ბაზას, რომელიც პარლამენტშია მიღებული. ანუ, დაფინანსების ნაწილი არ ეხება პარლამენტში შესვლას ან არშესვლას და გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას. დაფინანსების ნაწილი, რა თქმა უნდა, ეხება იმ ხმების რაოდენობას, რომელიც მიღებული აქვთ იმ პარტიებს, რომლებსაც ადამიანებმა გამოუცხადეს ნდობა, ასეთი ფართომასშტაბიანი გაყალბების მიუხედავად.

რა თქმა უნდა, ახლა ეცდებიან ყველანაირ ზეწოლას, რათა როგორმე ამ პარლამენტმა მიიღოს ლეგიტიმაცია, მაგრამ მიხარია, რომ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მასშტაბის გაყალბებებით ამ პარლამენტს მივცეთ ელემენტარული ლეგიტიმაცია.

ასე რომ, ეს მუქარა, მუქარის ტონი არ არის მისგან ახალი, მაგრამ ძალიან მალე გამოჩნდება, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვინც რელურად ხმა მისცა არა „ქართულ ოცნებას“, როგორ განაჩენს გამოუტანს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნიკა მელია უარყოფს, რომ ოპოზიცია რამდენიმე ოლქში არჩევნებში მეორე ტურისთვის ემზადება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარაუდობს, რომ ინფორმაცია ოპოზიციის შტაბებში ხალხმრავლობის შესახებ მმართველ გუნდს სუს-მა მიაწოდა.

„როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს სუს-მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიების შტაბებსა და ოფისებში ხალხმრავლობაა და ჩათვალა, რომ ეს არჩევნების მეორე ტურისთვის მზადყოფნაა. ეს არის მზადება, მაგრამ ვემზადებით კვირა დღისთვის, რომ კვირას, 15:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ესაა, რაც ხდება ჩვენს შტაბებში“, - განაცხადა მელიამ.

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით, იმისათვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტოს, არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრის რეალური შედეგები უნდა დაფიქსირდეს. მისი თქმით, არჩევნების გადარჩენის ერთადერთი გზა მეორე ტურის ლეგიტიმურად ჩატარებაშია.

„ჯერ კიდევ არის შანსი, მეორე ტურები გვაქვს წინ. ოპოზიცია მეორე ტურში უნდა გავიდეს, ოღონდ უნდა გავიდეს მაშინ, როცა მისთვის გასაგები გახდება, რომ მეორე ტურში წყდება არჩევნებში გამარჯვებულის ბედი. ახლა მიდის ოქმების გადასწორება, რასაც უნდათ იმას წერენ. ეს საარჩევნო კომისია, ზოგადად, საბოლოო ჯამში დაგვამახსოვრდება იმით, რომ ამ არჩევნებზე ყველა რასაც უნდა იმას წერდა.

იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, ჩვენ ახალი არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი. ოღონდ შეგვიძლია ეს ახალი არჩევნები მეორე ტურში ჩავატაროთ, ანუ ლეგიტიმაცია ავიღოთ კარგად ჩატარებული მეორე ტურისგან“, - ამბობს ხვიჩია.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან იზიარებს იმ მსოაზრებას, რომ თუკი პოლიტიკური პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და არ აპირებს მის ამომრჩეველს მოემსახუროს, მაშინ მათთვის დაფინანსების გაცემას არანაირი ლეგიტიმურობა არა აქვს, მით უმეტეს, მაშინ, როცა მათი დაფინანსება ხალხის ფულით და ქვეყნის ბიუჯეტიდან ხდება.

„პანდემიის პირობებში, როცა ნებისმიერ თეთრს და ლარს მნიშვნელობა აქვს, რატომ უნდა მოხდეს იმ პარტიების დაფინანსება, რომლებიც საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთას არ შეასრულებენ, არ შევლენ პარლამენტში და მათ ინტერესებს არ დაიცავენ? ეს თანხები წესით, იმ ადამიანებს უნდა მოხმარდეთ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და არა უპასუხისმგებლო პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც საკუთარი ამომრჩეველიც კი არ ანაღვლებთ. საერთოდ, მე ვფქირობ, რომ პარტიების დაფინასების წესი უნდა გადაიხედოს. ბიუჯეტიდან მათი დაფინანსება იმ წესით არ უნდა ხდებოდეს, როგორც ახლა ხდება. ძალიან ბევრი პარტია აშკარად დაუმსახურებელ დაფინანსებას იღებს. ხოლო ის არგუმენტი, რომ თუ მათ დაფინანსებას შევუწყვეტავთ, მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან მოხდება თანხების ჩარიცხვა, არასწორი არგუმენტია“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში პარტიები დაფინანსებას მათივე ამომრჩევლის შემოწირულობების ხარჯზე იღებენ. ამიტომაც საქართველოშიც დაფინანსების წესი შესაცვლელია. ანჯაფარიძე ამბობს, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ამ კანონმდებლობის ხინჯს ნათლად აჩვენებს, როდესაც 2008 წელს პარლამენტში არ შევიდნენ, მაგრამ როგორც დაფინანსებას იღებდნენ, ასევე ხელფასითაც ჩვეულებრივად სარგებლობდნენ და ბიუჯეტიდან მათი სახლების ქირასაც ვიხდიდით.

„ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა მოისპოს. ნამდვილად არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური პარტიები ბიუჯეტიდან იყვნენ დაფინანსებულები და არაფერი არ აკეთონ. გარკვეულწილად მომხრე ვარ, რომ დაფინანსების წესი შეიცვალოს. მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ გამოვკითხოთ, ყველა ამის მომხრე იქნება. არ უნდათ პარლამენტში შესვლა? მაშინ დაფინანსება რაში უნდა აიღონ?“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც for.ge-სთან ამბობს, რომ ამომრჩევლის პროტესტი და განწყობა - რატომ უნდა ვუხადოთ პარტიებს ფული, თუკი ისინი სამუშაოს არ შეასრულებენ, ლოგიკურია. თუმცა ამის „ოცნების“ მხრიდან გახმოვანება არ უნდა მომხდარიყო. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ახლა ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია შეაშინოს და ნაწილი მათგანი პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიციას ეს ნაფიქირი უნდა ჰქონოდა და სამოქმედო გეგმაც უნდა განეხილათ. თუკი პარალმენტში შესვლაზე უარს იტყოდნენ, მაშინ, წესით დაფინანსებაზეც უარი უნდა თქვან. მათ უნდა ევარაუდათ, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ამ ბერკეტს გამოიყენებდა.

„რა თქმა უნდა, ყველა ამომრჩეველს ლოგიკურად პროტესტის შეგრძნება უჩნდება და ფიქრობს, თუკი ჩემს მიერ არჩეული პარტია პარლამენტში არ შევა, ჩემს ინტერესებს არ დაიცავს, მაშინ დაფინანსება ხალხის ჯიბიდდან რატომ უნდა აიღოს? რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება პარტიების სრულ ჩამოშლას გამოიწვევს, მაგრამ მორალურად ასეც უნდა მოხდეს. მიკვირს ოპოზიციამ ამაზე რატომ არ იფიქრა. მათ ეს გეგმა განხილული უნდა ჰქონოდათ.

მართალია, მე ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ, მაგრამ ლოგიკურად ასე გამოდის. უარს ამბობ მანდატზე, მაშინ ბიუჯეტის ფული რაზე უნდა აიღო? უბრალოდ ლამაზი არაა, რომ ამ განცხადებას მმართველი გუნდი აკეთებს. ფაქტობრივად კობახიძემ უკვე დადსატურა, რომ ამ კანონპროექტს გადახედავენ. ამიტომაც არც იმას გამოვრიცხავ, რომ რიგ პოლიტიკურ პარტიებთან გარკვეული კონსულტაციებიც მიდიოდეს და მათ გადაბირებას თუნდაც ამ ხერხით ცდილობდნენ. თუ ოპოზიციას დაფინანსებასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს, მაშინ ძალიან ცუდია“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.