ქართველ სალიერის გავლენიანი მეგობრების იმედი აქვს!

ქართველ სალიერის გავლენიანი მეგობრების იმედი აქვს!

დიდ შემოქმედთა მსგავსად, მან მხატვრული ფსევდონიმი აიღო - 2011 წლიდან ნიკა მემანიშვილი, ნიკოლოზ რაჭველად მოგვევლინა. იგივეს აკეთებდა ბევრი გენიოსი: გამოჩენილმა იაპონელმა მხატვარმა, ანდო ხიროშიგემ, შემოქმედებითი ძალების, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების ოცწლიანი პერიოდის შემდეგ, „იდუმალზე მიპყრობილი“ დაირქვა. სიბერეში კი საამაყო სამურაი პაპის პატივსაცემად - რიუსაი.

ნიკოლოზ რაჭველისთვის შემოქმედების ახალი ეტაპი სამთავრობო მიუზიკლების - „ვერის უბნის მელოდებისა“ და „ქეთო და კოტეს“ შექმნით დაიწყო, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის Georgian Philharmonic-ის დარქმევით და სამსახურიდან 33 მუსიკოსის დათხოვნით დაგვირგვინდა.

სიმფონიური ორკესტრი სახელმწიფოს პატარა მოდელად შეგვიძლია განვიხილოთ - სიმებიანებს, ჩასაბერებს და დასარტყამებს დირიჟორის ავტორიტეტი აერთიანებს და ხელმძღვანელობს. დღეს, მინი–სახელმწიფოში დაპირისპირებაა: საშობაოდ სამსახურიდან დათხოვნილი მუსიკოსები ღირსების შელახვაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ ნიკოლოზ რაჭველის ყოფნა ეროვნული სიმფონიურის მთავარ დირიჟორად და მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაუშვებელია.

მიზეზი?

მუსიკოსის კონიუნქტურულობა, პოლიტიკური ანგაჟირებულობა, ცუდი ორგანიზატორული უნარი და დირიჟორის არასაკმარისი კვალიფიკაცია. ყველა ეს პრეტენზია მიმართულია ადამიანისადმი, რომელსაც, ქართული მედია და პოლიტისტებლიშმენტი ათ წელზე მეტია ვუნდერკინდად, საქართველოს ნომერ პირველ კომპოზიტორად და დირიჟორად მიიჩნევს.

ნიკა მემანიშვილი ვარდების ხელისუფლების ფავორიტი იყო. როგორც ამბობენ, მისი დამეგობრება პოლიტიკოსებთან 90-იანების მიწურულს დაიწყო; გამორჩეულად ნიჭიერი, დილეტანტი მუსიკოსი, იმ პერიოდში თბილისის ერთერთ რესტორანში კლავიშიან ინსტრუმენტზე უკრავდა. რა მოხდაო – იტყვით! მართლაც, ბევრი ტალანტი გაიფურჩქნა ქუჩასა და დუქნებში! სტეფანე გრაპელი და ჯანგო რეინჰარდტი პარიზის სამიკიტნოებში უკრავდნენ, თუმცა მათი აღიარება პოლიტიკურ წრეებთან სიახლოვით არ ყოფილა განპირობებული.

საქართველო განსაკუთრებული გარემოა - როგორც მუსიკალურ წრეებში ამბობენ, საგუნდო–სადირიჟორო და კომპოზიციის ფაკულტეტების ექსტერნად დამთავრებაში ნიკა მემანიშვილს სწორედ გავლენიან პირებთან სიახლოვე დაეხმარა. ახალგაზდა კომპოზიტორმა სადიპლომო ნამუშევარი აუდიოჩანაწერით წარმოადგინა. როცა პარტიტურა მოსთხოვეს, განაცხადა, რომ ის სამსახურში დარჩა. მემანიშვილს კომპოზიტორის დიპლომი მისცეს - რაც უნდა იყოს, ბიძინა კვერნაძის საყვარელი სტუდენტი იყო. მაგრამ პროტექციის მიუხედავად, კონსერვატორიის მაშინდელმა რექტორმა, მანანა დოიჯაშვილმა დირიჟორის ატესტატზე ხელი არ მოუწერა.

როგორც მამანიშვილის ოფიციალური ბიოგრაფია გვამცნობს, თბილისის კონსერვატორიის ექსტერნად დამთავრების შემდეგ, 1999–2003 წლებში მან დირიჟორობის, კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის სპეციალობები ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში შეისწავლა (ბოროტი ენები ამბობენ, რომ ვენაში წარგზავნილი მემანიშვილი, სწავლის ნაცვლად, კვლავ ჩვეულ ამპლუაში იყო და რესტორნებში უკრავდა). 2004 წლიდან ზურაბ ჟვანიას სურვილით, ის საქართველოში დააბრუნეს და ვასო აბაშიძის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს.

თამამად შეიძლება ითქვას - ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტმა მემანიშვილის სახით მოცარტი დაკარგა. გადავხედოთ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის საიტზე განთავსებულ მის ბიოგრაფიას: „მემანიშვილს ეკუთვნის „მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ჩვენამდე მოღწეული პირველი საოპერო ნიმუშის - ჯაკომო პერის “ევრიდიკეს“ გათანამედროვებული დადგმა“ - ეს გახლდათ კონსერვატორიის საოპერო სტუდიის წარმოდგენა, მაგრამ საანგარიშო სპექტაკლი მემანიშვილის ბიოგრაფიაში სასწაულთან არის გათანაბრებული.

იმავე ბიოგრაფიის თანახმად, მემანიშვილი განთქმული კომპოზიტორია - მას ეკუთვნის სხვადასხვა ჟანრის მრავალი ნაწარმოები. მათ შორის – ორმოქმედებიანი მუსიკალური დრამა „შელოცვა რადიოთი“, „დაგვიანებული რექვიემი“ სიმფონიური ორკესტრის, შერეული გუნდისა და სოლისტებისთვის, (პლუს - ვიდეოპროექცია!) „როტარი-კვარტეტი“, „გზა შინისაკენ და უკან“ სხვადასხვა შემადგენლობის ანსამბლისა და გუნდისთვის...

ბიოგრაფიის მიხედვით, მისი ნაწარმოებები სრულდება ვენაში, მიუნხენში, ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში“, ბერლინის „კონცერტჰაუზში“, მაგრამ თბილისის საზოგადოება მათ არ იცნობს. როგორც ჩანს, კომპოზიტორი სამშობლოში საკუთარი ნაწარმოებების შესრულებას ერიდება - თავმდაბალმა შემოქმედმა იცის, რაოდენ რთულია ქართველი მსმენელის გულის მოგება!

მემანიშვილის პოზიციონირება ვუნდერკინდად ამით არ ამოიწურება- მისი სადირიჟორო დებიუტი, თურმე 11 წლის ასაკში, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის პულტთან შედგა. მუსიკალურ სამყაროში ამ ღირსშესანიშნავ ფაქტს ვერავინ იხსენებს, მაგრამ ბუნდოვნად ახსოვთ პატარა პუტკუნა ბიჭი ჯანსუღ კახიძის იმ კონცერტზე, რომელიც ნიჭიერი ბავშვების გამოვლენას ისახავდა მიზნად. პატარა ნიკა დიდმა მაესტრომ ამღერა და ცოტა ხნით ორკსტრთანაც დააყენა.

მითი მემანიშვილზე, როგორც მუსიკალურ სასწაულზე, ამით არ ამოიწურება - 1995 წელს მისი სახელი შესულა იუნესკოს ოქროს წიგნში „პლანეტის ახალი სახელები“. იგი ყოფილა მსოფლიოში განთქმული პიანისტი, ორღანისტი; როგორც კონცერტმეისტერს უთანამშრომლია იური ბაშმეტთან, ვანესა რედგრეივთან, ჯესი ნორმანთან.

ყოველივე ეს ოსტატური მარკეტინგია, მაგრამ რა იცის დანამდვილებით მის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ?

ვიცით, რომ მემანიშვილმა უხელმძღვანელა რამდენიმე წარმატებულ მუსიკალურ პროექტს - მისი დორიჟორობით, ანსამბლ „რუსთავისა“ და ბავშვთა კაპელის შესრულებით, ინგლისში გია ყანჩელის ვოკალურ-ინსტუმენტული ნაწარმოების - „პატარა იბერის“ პრემიერა შედგა; მან უდირიჟორა ნანი ბრეგვაძისა და ბიძინა კვერნაძის შემოქმედებით საღამოებს, კვერინაძის იუბილეს, პაატა ბურჭულაძის დაარსებულ ფონდ “იავნანას“ საქველმოქმედო ღონისძიებებს... ყანჩელის თეატრისა და კინომუსიკის პროექტს „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ ნატო მეტონიძის მონაწილეობით; ლიზა ბაგრატიონის სოლო კონცერტებს... ამას გარდა, 4 წლის მანძილზე, თავმჯდომარეობდა „ჯეოსტარის“ ჟიურის...

მემანიშვილი დიდებული „არანჟიროვშჩიკი“, შოუმენი და გია ყანჩელის ნაწარმოებების კარგი შემსრულებელია. მისი ასპარეზი ესტრადაა;

მემანიშვილი სახელოვნებო სამყაროში ზურაბ წერეთლის მსგავსი სოციალური მოვლენაა. მისი სტატუსი ამა ქვეყნის ძლიერებთან სიახლოვით მტკიცდება... მაესტროს მეგობართა შორის არიან არა მხოლოდ პრეზიდენტი სააკაშვილი, არამედ დიდი კომპოზიტორი გია ყანჩელი, საქვეყნოდ აღიარებული ბანი - პაატა ბურჭულაძე, შესანიშნავი საესტრადო მომღერლები - ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, რეჟისორები - დავით დოიაშვილი, დავით საყვარელიძე, კულტურის მინისტრის ახალი მოადგილე - მანანა ბერიკაშვილი... რაც მთავარია, ნიკოლოზ რაჭველი პატრიარქის კეთილგანწობით სარგებლობს და თითქმის ყოველ წელს, იერუსალიმში მომლოცველობისას ახლავს თან; ამას გარდა, ავსტრიის კლინიკაში მშობიარობისას, მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად უგულავას მეუღლესაც უმშვენებს გვერდს (ალბათ, მშობიარის სუნთქვის რიტმს დირიჟორობს)

18 იანვარს, ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობით, მან დიდი კონცერტი მიუძღვნა პატრიარქის აღსაყდრების ოცდათხუთმეტი და დაბადებიდან ოთხმოცი წლისთავს და განაცხადა, რომ 2013 წელს, ეროვნული სიმფონიური ყველა ნაწარმოებს სწორედ ილია მეორის პატივსაცემად შეასრულებს.

მემანიშვილი დროის პროდუქტია. მისი შემოქმედებითი კარიერა ჩვენი რეალობის უმთავრეს პრობლემას - მრუდე სარკეების გარემოცვას წარმოაჩენს, სადაც გაურკვეველია ვინ ვინ არის და ვის რა ადგილი შეეფერება. ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ, მემანიშვილი, საკმაოდ ნიჭიერი საესტრადო შემსრულებელი და არაპროფესიონალი დირიჟორი, 2006 წელს, ეროვნული მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელად და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად დანიშნა. მას შემდეგ, თითქმის გაქრნენ მუსიკალური ასპარეზიდან ვახტანგ კახიძე, ზაზა აზმაიფარაშვილი, მაესტრო ჯანსუღ კახიძესთან დაპირისპირებით „სახელმოხვეჭილი“ ვახტანგ მაჭავარიანი, რომელიც რეგულარულად და დიდი მონდომებით უკრავდა კლასიკას... აღარავის უნახავს აფიშაზე წარწერა „სიმფონიური მუსიკის სეზონი“.

წინა ხელისუფლების გადწყვეტილებით, დიდი ხელოვნება ქვეყნის სინგაპურიზაციასთან შეუთავსებელი აღმოჩნდა; უმთავრეს ჟანრად ოპერატა და ესტრადა იქცა! ამიტომაც მოერგო ნიკა რაჭველი კარის მუსიკოსის ამპლუას ასე კარგად! მან კლასიკური „ქეთო და კოტეს“ გათანამედროვებული ვერსია და მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიების“ რიმეიკი შექმნა; სოფო ნიჟარაძეზე მორგებული „ქეთო და კოტესთვის“ პრეზიდენტმა კომპოზიტორს რუსთაველის პრემია უბოძა, რაც უამრავმა მუსიკოსმა საპატიო ჯილდოს დევალვაციად, რაჭველისეული „ქეთო და კოტე“ კი - ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის შეურაცხყოფად შეაფასა.

ნაციონალების მთავრობამ, ნიკოლოზ რაჭველისგან ანტონიო სალიერი შექმნა, თანაც, დაბეჯითებით დაგვარწმუნა, რომ მუსიკალური ნიჭით ის ქართველი მოცარტია! სალიერის ამპლუას ნიკოლოზ რაჭველი მშვენივრად მოერგო; როგორც მოცარტს, ახალგაზრდა შემოქმედს, აშკარაა, პრობლემები შეექმნა - მას უჭირდა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის პულტთან დგომა და კლასიკური ნაწარმოებების შესრულება. „ნიკა, როგორც დირიჟორი, ვერ იყო ჩვენთვის დასაყრდენი.“ - ამბობენ ორკესტრანტები. მათი თქმით, დირიჟორს ხშირად ერეოდა მუსიკალური ზომა - სამ მეოთხედს ოთხ მეოთხედზე დირიჟორობდა. მსგავსი ხარვეზები გია ყანჩელის ნაწარმოებების შესრულებისასაც მოსდიოდა. (მის ნაწარმოებებში ხშირად იცვლება რიტმი) უჭირდა დიდი ფორმა - მენდელსონის მეოთხე სიმფონია ოკესტრმა ფრანგი დირიჟორის ხელმძღვანელობით მოამზადა. ამას გარდა, საარაკო გახდა რაჭველის პრობლემები ინსტრუმენტების სპეციფიკის ცოდნასა და კლასიკის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ცნობილია მისი ფრაზა: „არ მინდა საბჭოთა ჟღერადობა, დაუკარით ევროპულად“! (უცნაურია - ცნობილი საბჭოთა შემსრულებლების: გილელსის, რიხტერს, კისინის, ისაკაძის, ვირსალაძის, ბაშმეტის და სხვათა ჟღერადობა, რატომღაც ძალიან მოსწონთ ევროპაში)

როგროც ირკვევა, ნიკოლოზ რაჭველს არანაკლები პრობლემები ჰქონდა საორგანიზაციო საქმეებში. არ არსებობდა წლიური სამუშაო გეგმა და რეპერტუარი, რეჟიმი, დისციპლინა - ცენტრის ხელმძღვანელი ბობოქარი მოღვაწეობის იმიტაციას ქმნიდა: მუშაობდა ღამით, აგვიანებდა რეპეტიციებზე, ოთხმოცი ორკესტრანტი საათობით უცდიდა მის გამოჩენას; მოულოდნელად ხდებოდა ცნობილი ამა თუ იმ სამთავრობო ღონისძიების შესახებ და ორკესტრიც სასწრაფო რეჟიმში ახდენდა მობილიზებას - ხშირად უწევდათ დაკვრა ყინვასა თუ წვიმაში. ერთ–ერთ ღონისძიებაზე, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის „ოდა სიხარულს“ კარაიანის ფონოგრამაზე შეასრულეს. ორკესტრანტები პანტომიმას არ წყვეტდნენ მაშინაც კი, როცა გათოშილი ხელებიდან ინსტრუმენტები უცვიოდათ. ფონოგრამა არა მხოლოდ ღია ესტრადაზე, არამედ საკონცერტო დარბაზში, ცოცხალი შესრულების პარალელურადაც გამოიყენებოდა. იყო შემთხვევა, როცა „ქეთო და კოტეს“ ერთ–ერთ წარმოდგენაზე ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა. მიუზიკლი ჩავარდნისგან ფრანგი ხმის რეჟისორის ოსტატობამ იხსნა.

სამთავრობო ღონისძიებებისგან თავისუფალ დროს რაჭველი საზღვარგარეთულ მივლინებებში ატარებდა. მუსიკალურ ცენტრსა და ორკესტრს ინსპექტორისთვის გაგზავნილი ესემესებით ხელმძღვანელობდა. ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს აუცილებელ საქმეზეც კი უჭირდათ მისი ნახვა.

აი, ამონარიდი ნიკოლოზ რაჭველის ორი წლის წინანდელი ინტერვიუდან: “იმ ხალხის ნაწილი, რომელთანაც საქმიანი შეხება არ მაქვს, შემეშვას! ნუ დარეკავენ და აღარ მოუწევთ ლოდინი! ორი წლის წინ, ერთი დღის განმავლობაში არცერთ სატელეფონო ზარს არ ვუპასუხე და დღის ბოლოს 241 „მისთქოლი“ დაგროვდა. დღეს უკვე მესიჯებით მატყობინებენ და თუ აუცილებელი საქმეა, მეც „ესემესით“ ვპასუხობ. დილის 10-ზე რეპეტიცია რომ მეწყება, მიმთავრდება 4-ზე. აგერ 5-ზე უკვე სტუდიაში მოვედი, მერე მივრბივარ, „სუხიშვილების” ახალი შემადგენლობა შემყავს. 7-ზე იქ მოვრჩები და 8-ზე სპექტაკლი მეწყება. დამთავრდება თერთმეტის ნახევარზე. 11-ზე პირველად ვჭამ იმიტომ, რომ დღის განმავლობაში ვერც ვახერხებ და არც მახსენდება, ისე ვარ საქმით გართული. ამის მერე კი საწოლამდე ძლივს ვაღწევ. ზოგჯერ ტანსაცმლიანადვე მეძინება. ძირითადად, კვირა დღე მაქვს შედარებით თავისუფალი“.

ვერაფერს იტყვი, მართლაც მძიმე გრაფიკია. როგორც ჩანს, გადაღლილი შემოქმედი სწორედ ძალების აღდგენის მიზნით იმყოფება წელიწადში დაახლოებით ექვსი თვე საზღვარგარეთ - როგორც თავად ამბობს, იქ მშვიდად წერს მუსიკას.

საინტერესოა, მუსიკოსის ანაზღაურება. ორკსტრანტებმა ყურმოკვრით იციან, რომ ნიკოლოზ რაჭველი თითო წარმოდგენაში ჰონორარის სახით 10 ათას ლარს იღებდა. (ორკესტრის წევრები - 25 ლარს). „ქეთო და კოტე“ 33–ჯერ შესრულდა. „ვერის უბნის“ გეგმა, როგორც ცნობილია, „ცოცხების პროტესტმა“ და არჩევნებმა ჩაშალა, თუმცა, არ იქნება გასაკვირი, რომ მაესტროს თანხა წინასწარ ჰქონდეს აღებული.

ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, მაგრამ არავინ იცის რაჭველის ხელფასი. „ჩემი ანაზღაურება მსოფლიოს განთქმულ დირიჟორებთან შედარებით საკმაოდ მცირეა“ - უთქვამს რაჭველს. უცნობია მისი სამივლინებო ხარჯების ოდენობაც. რაჭველი აცხადებს, რომ ავიაბილეთებს უფასოდ აძლევს „აირზენა“, რომლის ოფისი მუსიკალური ცენტრის ჩამოფლეთილი შენობის პირველ სართულზეა.

შეიძლება ითქვას, რომ ორკესტრში განხეთქილება გაფლანგვებმა გამოიწვია, რის თაობაზე წინა ხელისუფლებამ კარგად იცოდა, მაგრამ დუმდა.

ორკესტრანტები, ბუნებრივია, ანაზღაურებას კატეგორიების მიხედვით იღებდნენ: მესამე კატეგორია - 336 ლარი, მეორე კატეგორია - 500, პირველი- 600, კონცერტმაისტერები - 2000. საგულისხმოა - ახლადშექმნილი Georgian Brass–ისთვის (ჩასაბერთა ანსამბლი) ძვირადღირებული ინსტრუმენტები მემანიშვილმა სახელფასო ფონდის თანხით შეიძინა; ქსეროქსის აპარატი კი - ორკესტრანტებისთვის გამოყოფილი ჰონორარით; ცენტრის სასარგებლოდ გაწეული იძულებითი ქველმოქმედება ორკსტრანტებმა სამუშაოს დაკარგვის შიშით, რა თქმა უნდა, ვერ გააპროტესტეს.

საბოლოო ჯამში, დაპირისპირება მას შემდეგ მომწიფდა, რაც ორკესტრანტების ნაწილმა ანაზღაურების გაზრდა მოითხოვა. ამას მოყვა სიმებიანთა ჯგუფის მოსმენა-კონკურსი, რომლის ჟიური ისრაელიდან მოწვეულმა ორკესტრანტებმა დააკომპლექტეს. როგორც ირკვევა, ებრაელი მუსიკოსები საქმის ვითარებაში არ ჩაუყენებიათ - ისინი მხოლოდ კატეგორიის შესაბამის ნიშანს უწერდნენ შირმის იქეთ მდგომ შემსრულებლებს. მთავარი დირიჟორის განკარგულებით, სწორედ მათი შეფასების საფუძველზე მოხდა 33 ორკესტრანტის სამსახურიდან დათხოვნა. რაც მთავარია, მემანიშვილმა სიმებიანებს ჩასაბერებიც მიაყოლა, რომელთა მოსმენა არც ჩაუტარებია. საშობად გაგზავნილ ბრძანებაში, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მუსიკოსების არასაკმარისი კვალიფიკაცია და დისციპლინარული პრობლემები დასახელდა. მუსიკოსებს უკვე დასაკარგი აღარაფერი ქონდათ - მათ, როგორც იქნა, ხმა ამოიღეს:

ვიოლინო: „ნიკამ ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობისა და პროფესიონალიზმის წყალობით მოიხვეჭა დირიჟორის სახელი. ახლა აღარ ვჭირდებით და სამსახურიდან გვაგდებს? რის საფუძველზე? დისციპლინის პრობლემა მას თავად ჰქონდა. წარმოადგინოს ჩვენი უდისციპლინობის დამადასტურებელი დოკუმენტები - საყვედურები, შენიშვნები. ასეთი რამ არ ყოფილა! აღარაფერს ვამბობ ნიკას დირიჟორის კვალიფიკაციაზე, როგორც კომპოზიტორს კი, საერთოდ არ ვიცნობ. ნიკა მშვენივრად მოიხვეჭდა სახელს, როგორც „არანჟიროვშჩიკი“, საესტრადო მუსიკის შემსრულებელი და შესაბამისი ორკესტრის დირიჟორი, მაგრამ მას არაფერი ესაქმება ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან! ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელმა ტენდენციები უნდა განსაზღვროს. ეს ნიკას სფერო არ არის“.

ვალტორნა: „მემანიშვილის მოსვლის დღიდან ჩვენ აღარ გაგვაჩნია რეპერტუარი, დავკარგეთ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ფუნქცია და გადავერთეთ საესტრადო-გასართობ ჟანრზე. ფაქტია, მემანიშვილი ვერ არის შესაფერის ადგილას. მან ეს თავად კარგად უწყის. ნიკამ დაგვაკარგვინა ორკესტრის სტატუსის შესაბამისი აკადემიურობა. როცა გონიოში, ლიანა ისაკაძის ფესტივალ „ღამის სერენადაზე“ რუსეთიდან მოწვეული დირიჟორი პულტთან დადგა, ჯოხის ორი აქნევის შემდეგ გვკითხა: «Ребята! Сколько времени вы классику не играли?“ ამას გარდა, ნიკა მემანიშვილი ისე ჭრის და კერავს, როგორც სურს. ჩვენი შრომითი უფლება არ არის დაცული. წლების განმავლობაში სამსახურის დაკარგვის მუდმივ შიშში გვიწევდა მუშაობა. პროფკავშირი არ არსებობს. ჩვენ უუფლებონი ვართ! ფაქტია, მემანიშვილმა გამოცდილი ორკესტრანტები მოიშორა და მათ ჩანაცვლებას გამოუცდელი და მორჩილი ახალგაზრდებით გეგმავს“

ჩელო: „დაგვღალა ურეჟიმოდ მუშაობამ, ღამის სამ სათამდე გაგრძელებულმა რეპეტიციებმა. არ შეიძლება შვებულებაში წასული მუსიკოსი ქალაქიდან გასვლის მეორე დღეს უკან მოაბრუნონ იმ მიზეზით, რომ უცებ, დაუგეგმავი სამთავრობო კონცერტი იმართება. ნიკა მშვენივრად ასრულებს ესტრადას, მაგრამ ეროვნულ სიმფონიურს პირველ რიგში კლასიკური მუსიკის შესრულება ევალება. ნიკას ამ ჟანრში პრობლემა აქვს. ერთ-ერთ რეპეტიციაზე გამოგვიცხადა, ჩემი ესთეტიკა „ბითლზია“, მეზიზღება ის, რაც თქვენ გიყვართო. „ბითლზი“ ჩვენც ძალიან გვიყვარს - აკადემიური ორკესტრის მუსიკოსისთვის „ბითლზით“ აღტაცება უჩვეულო რატომ უნდა იყოს? პრობლემა თავად მემანიშვილს აქვს, როგორც არაკვალიფიციურ დირიჟორს!“

დირიჟორის შეფასების უტყუარი ბარომეტრი ორკესტრანტების აზრია. ავტორიტეტულ ხელოვანს, როგორც წესი, მოწიწებით უწოდებენ „მაესტროს“. ფაქტია, კონიუნქტურული და ოპერეტებზე დახელოვნებული ნიკოლოზ რაჭველი ეროვნულ სიმფონიურს ვერ უძღვება. 33 მუსიკოსის დათხოვნა ორკესტრის დაშლის ტოლფასია. ამბობენ, რომ მემანიშვილი მათ ადგილას სტაჟიორების მიღებას გეგმავს. მართალია, ნიკოლოზ რაჭველმა ორკესტრს ახალი, ხმაურიანი სახელი - Gerogian Philharmonic დაარქვა, მაგრამ საეჭვოა, ამ ცვლილებამ ორგანიზაციის სტატუსი აამაღლოს.

დარჩება თუ არა ნიკოლოზ რაჭველი ცენტრის ხელმძღვანელისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის პოსტზე?

აშკარაა, ქართველ სალიერის გავლენიანი მეგობრების იმედი აქვს.