სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პატრიარქ კირილის მიწვევით რუსეთში გაემგზავრა, სადაც მას მაცხოვრის ტაძარში მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოებენ. 23 იანვარს კი პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
პატრიარქის ვიზიტი რელიგიურ ჭრილს რომ სცდებოდა, ამის შესახებ იმთავითვე ცხადი იყო. ილია მეორემ გამგზავრების წინ მრევლს მიმართა, ელოცათ საქართველოსთვის, რადგან მნიშვნელოვანი საკითხებზე იქნებოდა საუბარი.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სწორედ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხებია, სავარაუდოა, რომ სწორედ ამ თემაზე უნდა შედგეს საუბარი რუსეთის უმაღლეს ხელისუფალთან და უმაღლეს სასულიერო იერარქთან.
„ძალიან საყურდღებო საკითხებზე გვექნება ჩვენ იქ საუბარი და თქვენ ილოცეთ, შეავედრეთ საქართველო უფალს და, რაც შეიძლება და რამდენიც შეგიძლიათ, ილოცეთ - „მოწყალებისა კარი განგვიღე“, - მიმართა მრევლს პატრიარქმა.
პატრიარქთან ერთად მოსკოვში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეც იმყოფება.
მოსკოვში სრულიად საქართველოს და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა და გაირკვა, რომ პატრიარქი კირილე მეორე „საქართველოში მშვიდობიანი არჩევნების გზით განხორციელებული ცვლილებების გამო მოხარულია“.
რაც შეეხება საქართველოს პატრიარქს, ილია მეორე აცხადებს, რომ რუსები და ქართველები ახლო მეგობრები უნდა იყვნენ და ურთიერთგაგება უნდა ჰქონდეთ ყველა საკითხზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რადგან რუსეთს სჭირდება ერთიანი საქართველო, საქართველოს - ერთიანი, ძლიერი რუსეთი. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, ამიტომ ეს საკითხი, ადრე თუ გვიან, უნდა გადაწყდეს და რაც უფრო ადრე, მით უკეთესია. ასეთია პატრიარქის პოზიცია.
ამასთან, საქართველოს პატრიარქმა კირილე მეორეს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მოსკოვის საპატრიარქო აღიარებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მთლიანობას აფხაზეთსა და ცხინვალში. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პრობლემის ფესვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხს უკავშირდება.
თავის მხრივ კი რუსეთის პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ „ორივე ეკლესია, ერთობლივად ხელს შეუწყობს პასტორალური პრობლმების მოგვარებას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში“.
რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს ქართველი ერის სულიერი ლიდერი უწოდა, რომელმაც, მისივე თქმით, განსაკუთრებით ბევრი იშრომა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნის წლებში.
„ჩვენ ვიცით თქვენი როლი საქართველოში მართლმადიდებლობისა და რწმენის გაძლიერებაში, ისევე, როგორც გვესმის თქვენი მშვიდობისმყოფელი როლი, რომელსაც ასრულებთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად“,- აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.
უკვე ცნობილია, რომ ეკლესიის ლიდერებს შორის საუბარი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ქართველი მეფეების - თეიმურაზ პირველისა და ვახტანგ მეექვსის ნეშტების გადმოსვენების საკითხსაც შეეხო.
რა მოლოდინი აქვთ ექსპერტებს პატრიარქის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით?! ამის შესახებ For.ge პოლიტოლოგებს ესაუბრა.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის მოწოდების შესაბამისად, ყველამ უნდა ვისურვოთ, რომ მისი მისია ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც მისი მოღვაწეობის პერიოდი გახლდათ წარმატებული.
აქვე ირაკლი მენაღარიშვილი ეთანხმება პატრიარქს, რომ რუსეთს მართლაც სჭირდება ერთიანი, სტაბილური და ძლიერი საქართველო მის სამხრეთ საზღვრებთან. ეს კი პირდაპირ და ზუსტად პასუხობს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს. მეტიც, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, თუკი რუსეთის პოლიტიკური ელიტა მოახერხებს ამ ინტერესების რეალისტურად გააზრებას და თავს დააღწევს წარსულის იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც აქამდე მოსვენებას არ აძლევს რუსეთს, როგორც სახელწიფოს და როგორც ერს, ეს კარგი იქნება.
„აქ იგულისხმება ის იმპერიალისტური ხედვა გარემოსი და მსოფლიოსი, რომლის დაძლევაც რუსეთის პროგრესისა და აღმავლობისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა. მოხდება თუ არა ეს ახლა და მოხდება თუ არა ეფექტურად, ამაზე საუბარი ძნელია, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა და რუსეთმა საკუთარი ჭეშმარიტი გზა უნდა ნახოს და წარმატებასაც მიაღწიოს ამ გზაზე. შეუძლებელია, არ დაეთანხმო ამაში საქართველოს პატრიარქს“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, საეჭვოა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რუსეთში ვიზიტს პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს, თუმცა ჩვენი პატრიარქი იმდენად დიდ პატივისცემას იმსახურებს რუსი მრევლისა და ხელისუფლების მხრიდან, რომ ალბათ, მისი მსჯელობა და შეფასებები გავლენას იქონიებს მთელი რიგი საკითხების გააზრებაზე რუსულ პოლიტიკურ ელიტაში. აქვე ექსპერტი ვარაუდობს, რომ საუბარი, ასევე, შეეხება აფხაზეთსა და ე.წ. ცხინვალის რეგიონს.
„სავარაუდოა ისიც, რომ რუსული წრეები, ვისთანაც ეს საუბრები შედგება (აქ მარტო პატრიარქი კირილე არ იგულისხმება), პატრიარქს სიტყვას ვერ შეუბრუნებენ და არც შეუბრუნებენ. ჩვენ გვახსოვს, როცა პუტინმაც თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება სურდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა რუსეთის პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ, რუსეთს კი თავისი აღიარების უკან წაღება არ შეეძლო. ამდენად, პუტინმა აღიარა, ამ თავსატეხის გასაღები და გადაწყვეტის საშუალება მე არ მაქვსო. ასე რომ, სავარაუდოა, ერთ-ერთი ხაზი მსჯელობების იქნება სწორედ ამ პრობლემური კვანძის გახსნის გზების ძიება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ეეჭვება, რომ პატრიარქისა და პუტინის შეხვედრისას ქრისტიანულ დოგმებზე შედგება საუბარი. რასაკვირველია, საუბარი შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, თუმცა პოლიტოლოგი რაიმე სენსაციურ გარღვევას არ ელის, რადგან ასე მარტივად არ ხდება პოლიტიკაში.
რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალს, სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ ბოლო დროს რუსეთიდან დაბალი ხმით წამოსული მესიჯები შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ გარკვეულ საფასურად რუსეთი მზად არის, შეცვალოს თავისი დამოკიდებულება სოხუმთან და ცხინვალთან. თუმცა ეს ერთპიროვნულად არ ნიშნავს, რომ ეს რეგიონები დაუბრუნდება ქართულ იურისდიქციას.
„რასაკვირველია, რუსეთი უკან არ წაიღებს თავის სიტყვებს, ოფიციალურად ერთ დღეს არ გამოვა პუტინი და არ იტყვის, რომ ჩვენი მხრიდან იმ დროს ეს იყო გამართლებული ნაბიჯი, მაგრამ დღეს რეალობა შეიცვალა, ამიტომ დღეს უკვე სოხუმი და ცხინვალი აღარ არიან დამოუკიდებლებიო. უბრალოდ, ახლა კრემლში ეძებენ კრეატიულ ფორმულას, რომელიც ფორმალურად შეუნარჩუნებს დამოუკიდებლობას ცხინვალსა და სოხუმს, მაგრამ რეალურად შეიძლება ამ ორ რეგიონში განსხვავებული ამპლიტუდით აღდგეს ქართული იურისდიქცია. ან პირიქით, უფრო მოსალოდნელია, რომ ფორმალურად როგორღაც მიიღონ ისეთი კონფიგურაცია, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორია იყოს ერთიანი სახელმწიფო, სადაც არის ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებს თბილისი და არის, ასევე, სხვა ტერიტორია, რომელსაც ვერ აკონტროლებს თბილისი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისი აზრით, რუსებისთვის ცხინვალი არის ე.წ. „უფასო დამატება“. კერძოდ, კომუნისტების დროს კარგი წიგნის შეძენისას ზოგჯერ იდიოტი პოეტის ან მწერლის რომანის ყიდვასაც აიძულებდნენ მყიდველს, რომელსაც შეძენისთანავე გადააგდებდნენ. ასეთივე უფასო დამატებაა ცხინვალი. მთავარი პრიზი კი მაინც სოხუმია. ამდენად, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, თვითონ კრემლშიც ეძებდნენ გამოსავალს, რადგან 2013 წელი ძალიან რთული იქნება რუსეთისთვის. რუსეთს საკუთარ სახლში პრობლემები აქვს გადასაჭრელი, მათ შორის, საბაჟო პრობლემა, პუტინის მორიგი ახალი ბროლის ოცნება ევრაზიის კავშირისკენ, უკრაინის პრობლემა და სხვა, რომ არაფერი ვთქვათ ტრადიციულ კორუფციაზე. მით უმეტეს, რომ სულ უფრო მძაფრ ფორმებს იძენს ბრიუსელის პროცესი გაზპრომის წინააღმდეგ.
სოსო ცინცაძის აზრით, ასეთ ვითარებაში პუტინს მშვენივრად ესმის, რომ საქართველოსთან ნორმალიზაციის შანსი მას აქვს მაქსიმუმ ერთ-ორ წელიწადს, სანამ ივანიშვილი ახალი ხილია და ჯერ კიდევ ახსოვს თავისი წინასაარჩევნო დაპირებები, სანამ აქტუალურია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია. ამიტომ, თუ თბილისმა და მოსკოვმა ეს ძალზე კარგი სასტარტო პოზიცია ხელიდან გაუშვეს და ურთიერთობის ნორმალიზება, მაქსიმუმ, წელიწადნახევარში არ შეძლეს, მერე უკვე ძნელი იქნება სიჩქარის აკრეფა.
ამიტომ, პოლიტოლოგის შეხედულებით, დღეს კრემლთან ურთიერთობისთვის იდეალური ფიგურა ჩვენი პატრიარქია, რომელსაც ფორმალურად პოლიტიკა არ ეხება, თითქოს ის პოლიტიკიდან შორს არის, მაგრამ, სინამდვილეში, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ისე წარდგება პუტინთან.
„მოლაპარაკება კონფიდენციალური იქნება. ხვალ შეიძლება მხოლოდ დაიწყოს პროცესი, თორემ მის დამთავრებამდე გრძელი გზა იქნება გასავლელი. შემდეგ ეს გადავა ახალ ფაზაში, სხვა დონეზე. არ შეიძლება, პატრიარქი დიპლომატიურ კურიერად იქცეს. ასე არ იქნება, რომ ივანიშვილის პასუხი წაუღოს პუტინს, შემდეგ მოუტანოს ეს პასუხი ივანიშვილს. ამისთვის არის ზურაბ აბაშიძე და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ასეთ საკითხებში რაც ნაკლები მოლოდინი გვექნება, უკეთესია. ამით იმედგაცრუებისგან დაზღვეულნი ვიქნებით“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.