დავით კეზერაშვილის და ვანო მერაბიშვილის სიმამრზე საქმეებია აღძრული

დავით კეზერაშვილის და ვანო მერაბიშვილის სიმამრზე საქმეებია აღძრული

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გამართა ბრიფინგი და საზოგადოებას სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე წარუდგინა, რომლებთან დაკავშირებითაც მან საჩივრით მთავარ პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

პირველი საქმე, რომლის შესახებაც ხაჭაპურიძემ ისაუბრა, მთავარი პროკურორის სახელზე მოქალაქე ზვიად ზაქაიძის საჩივარს ეხება. ზვიად ზაქაიძე სამშენებლო კომპანია „ალიანსი 2001“-ის დამფუძნებელია და ნოტარიუს ნინო გინტურთან აქვს კონკრეტული პრეტენზიები. ადვოკატ ხაჭაპურიძის განცხადებით, ზვიად ზაქაიძეს წლების განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ნოტარიუს გინტურთან. ერთ-ერთი შეხვედრის დროს კი ნოტარიუსმა ზაქაიძეს უთხრა, რომ ერთი ბინა სჭირდებოდა, რომლის საფასურსაც მოგვიანებით დაუფარავდა, თუმცა ზვიად ზაქაიძემ ეს თანხა ვერ მიიღო, რის გამოც ნოტარიუსს პრეტენზიები წაუყენა. ადვოკატის თქმით, ამ მომენტში საქმეში ჩაერთო თბილისის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი უფროსის მოადგილე, ვინმე ზაზა ქიქავა, რომელიც ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, დღეს კი, მთავარ პროკურატურაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.

„ქიქავა ზვიად ზაქაიძეს დაემუქრა, რომ თუ ის ამ ბინას და ქალბატონ გინტურს თავს არ დაანებებდა, მისი კომპანიისა და ამ კომპანიაში მომუშავე პირების მიმართ სხვადასხვა სახის უკანონო ქმედებები განხორციელდებოდა. ბინა არის ქალაქის ცენტრში, 110 კვ მეტრის ფართობის და ვინაიდან ზაქაიძე ქიქავას მუქარას არ დაემორჩილა, ეს ბინა ნოტარიუს გინტურისგან ზაზა ქიქავას სახელზე გადაფორმდა. ეს ალბათ იმ მოტივით მოხდა, რომ ქიქავას ზაქაიძე ამ ბინას ვერ მოსთხოვდა“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ზვიად ზაქაიძე და მისი ვაჟი გიორგი ქალაქის პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, თვითნებობის ბრალდებით იყვნენ დაბარებულები, თუმცა რაში გამოიხატებოდა ეს თვითნებობა, მათ ვერ განუმარტეს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ზაქაიძეების დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავების მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა და საუბარი ძირითადად ბინას ეხებოდა.

ვინაიდან ეს ადამიანები ვერ შეაშინეს, რამდენიმე დღეში ზაქაიძის საქმიანი პარტნიორი და ოჯახის მეგობარი, ლაშა სიგუა ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააპატიმრეს. ადვოკატი ხაჭაპურიძე ამბობს, რომ იშვიათად უნახავს საქმე, სადაც ასე აშკარა იყო, რომ დაკავებულს ნარკოტიკი ჩაუდეს. ხაჭაპურიძის განცხადებით, ზაზა ქიქავა ზვიად ზაქაიძესთან მივიდა და ლაშა სიგუას განთავისუფლების სანაცვლოდ „ტოიოტა პრადო“-ს მოდელის მანქანა, გინტურის ბინაზე ყველანაირი პრეტენზიის მოხსნა და თავად ქიქავასთვის პრესტიჟულ ადგილზე სხვა ბინის და ასი ათასი დოლარის გადაცემა მოსთხოვა. ამაზე ზაქაიძემ უარი განუცხადა, რის შემდეგაც ლაშა სიგუას ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმეს. კერძოდ, ყაჩაღობაზე ბრალდებულ პირს ამოცნობა ჩაუტარეს და მან ლაშა სიგუას ხელი დაადო, თითქოს სიგუამ ყაჩაღობა ჩაიდინა და სწორედ ამ მუხლით დაუმძიმდა მას ბრალი.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ლაშა სიგუა იძულებული გახდა, ბრალი ეღიარებინა, რის შემდეგაც მასთან 170 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. აქედან სამი წელი მან მოიხადა, ახლა კი პატიმრობიდან გამოსული სიგუა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ნოტარიუს გინტურისა და ზაზა ქიქავას პასუხისმგებაში მიცემას ითხოვს.

„გარდა ამისა, ზვიად ზაქაიძე აცხადებს, რომ ნოტარიუს გინტურს კიდევ სხვა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი. კერძოდ, მისი უკანონო ქმედება იკვეთება ამხანაგობა „გოგებაშვილი 34“-ის საქმეშიც, სადაც დამფუძნებელთა კრების სხდომის ოქმზე თავმჯდომარის ხელმოწერა გაყალბებულია. ეს გაყალბებული ხელმოწერა გინტურმა ნოტარიულად დაადასტურა და გელა ხუციშვილთან ერთად „პროკრედიტბანკიდან“ 700 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის სესხი გამოიტანა. ამხანაგობის დამფუძნებლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ერთ დღეს კი, მათ ბანკის წარმომადგენელი გამოეცხადა და განუცხადა, რომ მათ 700 ათასი დოლარი აქვთ ბანკიდან გამოტანილი“, - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, სხდომის ოქმს ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ არც ერთი დამფუძნებლის ხელმოწერა ნამდვილი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ნოტარიუს გინტურის მიერ ბანკიდან კრედიტის გამოტანის მიზნით არის დამოწმებული. შესაბამისად, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ადვოკატი და მისი მარწმუნებელი ზვიად ზაქაიძე ნოტარიუს გინტურის და ზაზა ქიქავას მიმართ საქმის აღძვრას და ლაშა სიგუას მიმართ საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ, რათა მისი უდანაშაულობა დამტკიცდეს.

კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც მთავარ პროკურატურაში ადვოკატ ხაჭაპურიძეს შეაქვს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს ეხება. ხაჭაპურიძის განცხადებით, ალავიძეს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს და მიუხედავად ამისა, მაინც იხილავს საქმეებს. ადვოკატი ამბობს, რომ ხელთ აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბესაიონ ალავიძეს მეორადი ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, რაც ადვოკატის თქმით, მას იურისტის კვალიფიკაციას არ ანიჭებს, ანუ ალავიძეს დიპლომში სპეციალობა „იურისტი“ არ უწერია. მიუხედავად ამისა, იუსტიციის საბჭომ ალავიძესთან დაკავშირებით ცრუ დოკუმენტი გასცა, თითქოს მას იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

„თუ პირს იურიდიული განათლება არ აქვს, მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კუბლაშვილმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარადგინოს ასეთი პირი მოსამართლედ დასამტკიცებლად. ამით კონსტანტინე კუბლაშვილმა თავის უფლება-მოსილებას გადაამეტა“, - აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

მისივე თქმით, თუ ეს ფაქტი გამოძიების მიერ დადასტურდება, ყველა ის საქმე, რომელიც მოსამართლე ალავიძეს აქვს განხილული, თავიდან გადასახედი იქნება და ამასთანავე, კონსტანტინე კუბლაშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც დადგება.

შემდეგი საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ადვოკატი ხაჭაპურიძე მთავარ პროკურატურას მიმართავს, შპს „არ-დი-აი“-ს ეხება. კომპანიის დამფუძნებელი გურამ კვირიკაშვილია და მის ფირმას სახელმწიფოს მიერ სპეც-ობიექტების (საიდუმლო ობიექტების) მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერები ჰქონდა მოგებული. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ „არ-დი-აი“-ს მიერ ამ სამუშაოების პირნათლად შეასრულების მიუხედავად, გურამ კვირიკაშვილი ზურაბ ადეიშვილის დავალებით პროკურორმა ზაზა ქაჩიბაიამ და გამომძიებელმა მანუჩარ ქაჯაიამ დაიბარეს და ამ ადამიანს (გარდა იმისა, რომ მასზე დაკისრებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულა) ხუთ მილიონ ლარზე მეტი თანხა გამოსძალეს. ადვოკატის თქმით, გურამ კვირიკაშვილი მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში ასევე ამხელს კონტროლის პალატის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, შალვა თათარაშვილს, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის, რამაზ ნიკოლაიშვილის პირველ მოადგილეს, ჯუმბერ ნინიძეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილეს და ასევე ზურაბ ადეიშვილს, რადგან გურამ კვირიკაშვილს მასთანაც ჰქონდა შეხვედრა და კონკრეტულად იუსტიციის მინისტრისგანაც განხორციელდა მასზე ზეწოლა.

კიდევ ერთი სკანდალური საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ხაჭაპურიძე მთავარ პროკურატურას მიმართავს, სარიტუალო მომსახურების ფირმას, შპს „ჰერმესს“ ეხება. ადვოკატის განცხადებით, 2010 წელს სამაშველო სამსახურსა და მუნიციპალურ საწარმო „ჰერმესს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები (თუკი პაციენტი გარდაიცვლებოდა) ჭირისუფალს იქვე სთავაზობდნენ შპს „ჰერმესის“ მომსახურებას. შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ არსებობს კიდევ რამდენიმე სარიტუალო მომსახურების ფირმა, რომელთა წარმომადგენლებმაც მას მიაკითხეს და შპს „ჰერმესთან“ დაკავშირებით კონკრეტული პრეტენზიები გამოთქვეს.

„როდესაც გარკვეული პერიოდის წინ, საკრებულოს დეპუტატმა თინა ხიდაშელმა ამ თემის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა, „ჰერმესი“ გარდაცვლილის ოჯახებს ასე დემონსტრატიულად ვეღარ სთავაზობს თავის მომსახურებას, მაგრამ როგორც კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გარდავლილის ოჯახს დატოვებს, რამდენიმე წუთში ხორციელდება სატელეფონო ზარი და ხდება „ჰერმესის“ სერვისის შეთავაზება. ადამიანები, რომლებმაც მე მომმართეს, შეწუხებული არიან და აქვე გეტყვით, რომ „ჰერმესის“ საქმეში ირღვევა ანტიმონოპოლიური კანონი, ასევე კანონი თავისუფალი კონკურენციის შესახებ და კიდევ რამდენიმე ნორმა“, - აცხადებს ადვოკატი.

ბატონო შალვა, ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა ამნისტიასთან დაკავშირებით ინიციატივა გააჟღერა. მისი ეს იდეა თქვენს მიერ ჰააგაში შეტანილ განაცხადს ხომ არ უკავშირდებდა და რა ეტაპზეა ახლა ეს საქმე?

- არა მხოლოდ სააკაშვილმა, არამედ ახალმა ხელისუფლებამაც განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების გარკვეული პირების მიმართ შეიძლება ამნისტია იქნეს მიღებული. მე მივესალმები, რომ ეს ამნისტია გავრცელდეს რაღაც დონის ჩინოვნიკებზე, რომლებიც იმ რეჟიმის მსხვერპლები იყვნენ, მაგრამ რაც შეეხება მაღალჩინოსნებს, რომლებიც გადაწყვეტილებების მიმღებები იყვნენ, მინდა გითხრათ, რომ პირადად მე არ ვაპირებ გაჩერებას. აქამდე არ ვამბობდი, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია ამის თქმა - ჰააგის სარჩელის თანაავტორი ჩემთან ერთად გახლდათ პოლიტპატიმარი მერაბ რატიშვილი. დღეს იგი თავისუფალია და ჩვენ უახლოეს დღეებში ჰააგის ახალი პროკურორის წინაშე ახალი მტკიცებულებებით წარვდგებით (საქმე მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს ეხება, მიმდინარეობს ვიზების მომზადება). ახალ მტკიცებულებებს შორის იქნება ის ფაქტიც, რომ საქართველოს პარლამენტმა 200 ადამიანი პოლიტპატიმრად სცნო, რაც ადასტურებს ჩვენს მიერ ჰააგის საჩივარში მითითებულ ფაქტს, რომ საქართველოში პოლიტიკური რეჟიმი მოქმედებდა.

მიგვაჩნია, რომ რეჟიმი, რომელმაც ქვეყანას ეს უბედურება დაატეხა თავს, რაც 9 წლის განმავლობაში გადავიტანეთ, აუცილებლად უნდა გასამართლდეს. ნულოვანი ტოლერანტობის მომხრეები არ ვართ, მაგრამ განსაკუთრებით საშიში დამნაშავები ჰააგის ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ.

საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ წინა ხელისუფლებს მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყებოდა, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ვისაც იჭერენ, მათაც კი ძალიან მალე ათავისუფლებენ. საინტერესოა, სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობას როგორ შეაფასებდით?

- ისტორიული მეხსიერება გვაქვს და გვახსოვს, რომ როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დამხობილი იქნა, მოვიდა ძალა, რომელმაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კაბინეტებიდან იარაღის ძალით გამოყარა, დაიწყო დაპატიმრებები, მკვლელობები (დაახლოებით 105 კაცია იმ პერიოდში მოკლული) და საშინელი სიტუაცია გამოვიარეთ. შემდეგ მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელმაც ფაქტობრივად იგივე გააკეთა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები სწორად, კანონის ნორმების სრული დაცვით მოქმედებენ. მაგალითად, მე შემიძლია იმ საქმეებზე ვისაუბრო, რომლებთან დაკავშირებითაც მთავარ პროკურატურაში ჩვენ გვაქვს საჩივრები შეტანილი. არც ერთ მათგანზე პროკურატურამ გამოძიება მანამ არ დაიწყო, სანამ ჩვენს მიერ შეტანილ მასალებზე უმკაცრესი რევიზია არ ჩაატარა, რასაც მივესალმები, რადგან გამოძიება მართლაც ასე უნდა მიმდინარეობდეს.

აქვე გეტყვით, რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მიერ შეტანილ საჩივრებს, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. საუბარია იმ საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც თურქეთის საელჩომ საქართველოს ხელისუფლებას ნოტა გამოუგზავნა და თურქეთის მოქალაქის ინტერესბის დაცვა მოსთხოვა. ეს იყო თურქეთის მოალაქე ადნარ აქიარი, რომელსაც დავით კეზერაშვილმა და კიდევ სხვა მაღალჩინოსნებმა რამდენიმე მილიონი დოლარი გამოსძალეს.

გარდა ამისა, თაღლითური გზით თანხის გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ვანო მერაბიშვილის სიმამრის წინააღმდეგაც აღიძრა და ახლა გამოძიება მიმდინარეობს. კიდევ სხვა უამრავ საქმეებზე, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა პროკურატურაში წარდგენილი, გამოძიება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მივესალმები გამოძიების კანონის ნორმების ფარგლებში მიმდინარეობას, რადგან საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის ერა, როდესაც ახალი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დევნა იწყება. თუკი ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, წარსდგეს კანონის წინაშე.