ახალი მთავრობა ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადებას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ინიციატივას განხორციელება არ უწერია, მისმა შეთავაზებამ პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მათ შორის, მმართველ გუნდში.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ამნისტიის გამოცხადება დღის წესრიგში არ დგას და ამნისტიის შესაძლო გამოცხადებაზე საუბარი ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს.
„ეკონომიკურ საკითხებზე ამნისტიის განცხადება ეს არის ნეგატიური ზეგავლენის მომხდენი გადასახადების ადმინისტრირების კუთხით. ამდენად ასეთი ტიპის განცხადებები არის მხოლოდ ნეგატივის მატარებელი“, - განმარტავს დავით ებრალიძე.
ნოდარ ხადურის უწყება, პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ ინიციატივას - ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის თემასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადასახადების ადმინისტრირების, დავების საბჭოსა და ზოგადად „საგადასახადო კოდექსში“ ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა, მაგრამ იმ სახით დეკრიმინალიზაცია, როგორც პრეზიდენტს სურს, არ მოხდება.
“რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას ამ კუთხით ფინანსთა სამინისტრო ისედაც დგამდა გარკვეულ ნაბიჯებს. იცით, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დავების განხილვის საბჭოსთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში. სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და ამ კუთხით, ზომიერების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტრო ახალ ნაბიჯებს ისევ გადადგამს და არა ასეთი ზოგადად დეკრიმინალიზაციის კუთხით”, - განმარტავს ებრალიძე.
ეკონომიკური ამნისტიისა და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის ინიციატივა პირადად მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
„პირველი კანონპროექტი ეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. მინდა წინაპირობა გაგაცნოთ ამ კანონპროექტის. მე ყოველდღიურად ვიღებ ეროვნული ბანკის მონაცემებს დღგ-ს, ასევე ინვესტიციების შესახებ და მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკაში არის საგანგაშო ტენდენციები, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. პარალელურად, საქართველოს მთავრობა სხვადასხვა უცხოელ ინვესტორებს ეუბნება, რომ შემდეგი სამი წელი საქართველოში არ იქნება ეკონომიკური ზრდა მაშინ, როცა გასულ წელს უკვე პროგნოზირებული იყო 8-პროცენტიანი ზრდა. სამწუხაროდ, ამ მაჩვენებელმა არჩევნების შემდეგ, დაახლოებით ექვს ნახევარ პროცენტზე დაიწია.
წლევანდელი წელი ძალიან ცუდი მონაცემებით დაიწყო. ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება, რათა ინვესტორები დაბრუნდნენ, ბიზნესაქტიურობა გაძლიერდეს. ამ მხრივ, ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას ერთის მხრივ, ის ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ერთად მივიდეთ ინვესტორებთან, ერთად ჩავატაროთ კონფერენციები, ერთად დავიწყოთ შეჩერებული პროექტების აღდგენა. მეორეს მხრივ, ვეცადოთ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ ქვეყნისთვის.
ამ რეცეპტებზე შორს სიარული არ გვინდა. 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩემმა მთავრობამ გამოაცხადა ეკონომიკური ამნისტია და მე ვთავაზობ, ახლაც საგანგებო ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ყველა იმ საგადასახადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე ამნისტია გამოაცხადონ, რომელიც 2013 წლამდე გააჩნდათ მეწარმეებს. ამის პარალელურად მოახდინოს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რომ არ იყოს გამოყენებული საპატიმრო სანქციები ეკონომიკურ დანაშაულზე და მითუმეტეს არც წინასწარი პატიმრობა. ეს არის ჩვენი პირველი საკანონმდებლო შეთავაზება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაძე განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმაც გააკეთეს. ზურაბ ტყემალაძე ამ ამნისტიაზე წინასწარ საუბარს დაუშვებლად მიიჩნევს.
„ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს და ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს, როგორც ბიზნესზე, ასევე იმ მეწარმეებზე, რომლებსაც გააჩნიათ და ან არ გააჩნიათ დავალიანება, შეიძლება მათ ეს დავალიანება შექმნან“, - განაცხადა ტყემალაძემ.
უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, ზურაბ ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ინიციატივა ეკონომიკის მასტიმულირებელი იქნება.
„ეს არის კარგი სიგნალი ინვესტორებისათვის, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში დააბანდონ აქ ფული და დაასაქმონ ხალხი. რაც შეეხება ამნისტიას, ეს არ არის რაღაც ახალი იმიტომ, რომ 2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანალოგიური ამნისტია განახორციელა და მაშინაც კარგი სტიმული მისცა ქართულ ეკონომიკას“, - დასძინა ჯაფარიძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ჩასაფრებულის პოზიციიდან გამოდის და მთავრობას სთავაზობს წინადადებას, რაც საბიუჯეტო კრიზისს გამოიწვევს.
ონოფრიშვილის აზრით, ახალმა მთავრობამ უკვე გადადგა ნაბიჯები ფინანსური სანქციების ლიბერალიზაციის მიმართულებით და „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ჯარიმები ნაწილობრივ შეამცირა. მისივე ცნობით, ფინანსთა სამინისტრო ლიბერალურ მიდგომებზე მუშაობას განაგრძობს, რომელიც დავალიანებების მქონე ბიზნესებს გადარჩენის შანსს მისცემს.
როგორც ონოფრიშვილი აცხადებს, მრავალი წელი, სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში ნულოვანი ტოლერანტობა მოქმედებდა, მათ შორის ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე და როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხვდება, რომ მისი მიდგომები არასწორი და წინააღმდეგობრივი იყო.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სხვაგვარად განჭვრიტა პრეზიდენტის ინიციატივა.
„არ შემიძლია, არ მივესალმო იმას, რომ პრეზიდენტი იყენებს საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას, რომ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეს. ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყენაში საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას სურს, სწორედ ასე უნდა იქცეოდეს. უბრალოდ, გასაკვირია, რომ ეს ინიციტივები ახლა მოდის, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
თუ ეკონომიკური ამნისტია ინვესტორებს უკეთეს პირობებს შეუქმნის ეკონომიკური პროცესებისადმი, რატომაც არა, მაგრამ ვიდრე რამე დასკვნებს გავაკეთებდეთ, უნდა ჩავიხედოთ თუ რა წერია პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც ჯერჯერობით, მხოლოდ ზეპირი განცხადებით არის ცნობილი“, -განაცხადა წულუკიანმა.
“რაც შეეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, ამის შესახებ ვიდრე ამაზე პრეზიდენტი ისაუბრებდა, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენი უწყების შიგნით ძალიან ბევრმა პროკურორმა გამოთქვა საკუთარი აზრი. ისინი პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ზოგიერთ შემთხვევებში დეკრიმინალიზაცია უნდა მომხდარიყო. ეს შესწავლის საგანია“, - განაცხადა წულუკიანმა.
სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიციაც. „ახალი მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტმა უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აკრძალავს. თუმცა „ახალი მემარჯვენეები” ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას ცინიკურად აფასებენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის გაჟღერება მხოლოდ პოპულიზმია“.