პოლიტპატიმრების კომპენსაციები - სახელმწიფო ბიუჯეტის თავის ტკივილი

პოლიტპატიმრების კომპენსაციები - სახელმწიფო ბიუჯეტის თავის ტკივილი

საქართველოს, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლების შემდეგ, 190 მსჯავრდებულისთვის შეიძლება, ფულის გადახდა მოუხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

„კანონმდებლები საქართველოში იმ ჭეშმარიტებას ეუფლებიან, რომელსაც ძველი ანდაზა გვასწავლის – „როდესაც რაიმეს ითხოვ, ფრთხილად იყავი“. იმ ახალი კანონის თანახმად, რომელსაც საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა მოაწერა ხელი, პოლიტპატიმრად აღიარებული 190 ადამიანი ციხიდან გაათავისუფლეს. ყველაფერი 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, მაგრამ ნაბიჯი, რომელიც სააკაშვილის ხარჯზე შეცდომების გამოსწორებასა და პოლიტიკური ქულების დაგროვებას ისახავდა მიზნად, შეიძლება ბოლომდე არ იყო გააზრებული. საქმე ისაა, რომ პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებულ ადამიანებს ახლა, საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, შეუძლიათ სახელმწიფოს ფინანსური კომპენსაცია მოსთხოვონ“, - იუწყება რადიო „თავისუფლება“.

კომენტარი ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა უკანონო პატიმარს, მათ შორის პოლიტპატიმრებს, აქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება და ამ უფლებას მათ ვერავინ წაართმევს.

 „უბრალოდ მეორე მხარეს არის ბიუჯეტის შესაძლებლობები და ამ ორი ინტერესის აწონ-დაწონვის შედეგად, უნდა მოიძებნოს რაიმე გამოსავალი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ფაქტია, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც უკანონოდ იყო დაპატიმრებული ქართული კანონმდებლობით მისთვის მიყენებული მორალური თუ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს, თუმცა რამდენად გასწვდება საქართველოს ბიუჯეტი ამ თანხების ანაზღაურებას, ეს ცალკე საკითხია. ამას შეგვიძლია დავუმატოთ ისიც, რომ დიდი შანსია, წინა ხელისუფლების მიერ საკუთრებაჩამორთმეულმა ადამიანებმაც მოითხოვონ მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, რამაც შესაძლოა კოლოსალურ თანხებს მიაღწიოს. ამიტომ, ალბათ, ახალმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს და რაღაც გამოსავალი მოძებნოს, თორემ მხოლოდ პოლიტპატიმრებად პირების აღიარება მათ რეაბილიტაციას არ ნიშნავს.

რის გაკეთებას აპირებს ამ კუთხით მმართველი გუნდი და არის თუ არა უკვე მსჯელობა იმაზე, რომ კომპენსაციების თემასთან დაკავშირებით რაიმე გამოსავალი მოიძებნოს, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს ესაუბრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, რომელიც ყოფილი უფლებადამცველია და საადვოკატო საქმიანობის პერიოდში არაერთი ამგვარი საქმე უწარმოებია.

მანანა კობახიძე: „თუკი ადამიანები პოლიტპატიმრებად არიან აღიარებულები, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ისინი უკანონოდ, პოლიტიკური მოტივით იყვნენ დაპატიმრებულები, ანუ მათ მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა სამართლებრივ საფუძვლებს არ ემყარებოდა. შესაბამისად, ამ ადამიანებს მიადგათ ზიანი, პირველ რიგში - მორალური, და თუკი მათი მხრიდან ამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არის დაყენებული, ეს სრულიად ლოგიკური და სამართლიანია, თუმცა რაიმე მექანიზმი ამასთან დაკავშირებით შემუშავებული არ არის. ამაზე გარკვეული მსჯელობები იყო, მაგრამ არა საკანონმდებლო დონეზე. მიგვაჩნია, რომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და დღეს სახელმწიფო ბიუჯეტი ამისათვის მზად არ არის. ამასთანავე, ეს ყველაფერი გარკვეულ ვადებთანაც არის დაკავშირებული და ამიტომ ამ საკითხს სერიოზული ფიქრი სჭირდება. ამიტომ აუცილებელი იქნება გარკვეული სამართლებრივი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს. როგორც მოგახსენეთ, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული პასუხი არ მაქვს, რადგან მმართველ გუნდში პოზიცია ჯერ არ ჩამოყალიბებულა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ, რა ფორმით, როდის უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაწყვეტა.

რა თქმა უნდა, იდეა თავისთავად სწორია და ლოგიკური, მაგრამ სხვას ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.

ქალბატონო მანანა, თქვენ ამბობთ, რომ ჯერ მმართველ გუნდს რაიმე კონკრეტული პოზიცია არ ჩამოუყალიბებია. თუკი ყველა ეს ადამიანი მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს და ამასობაში რაიმე სამართლებრივი მექანიზმები არ იქნება ამ საკითხის დასარეგულირებლად შემუშავებნული, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა აღმოჩვნდეთ იმ რეალობის წინაშე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხების ანაზღაურება დაეკისროს, რისთვისაც ის მზად არ იქნება და ამან საბიუჯეტი კრიზისი შექმნას?

- საქმე ისაა, რომ ეს ყველაფერი მაინც საქმეების განხილვასთან არის დაკავშირებული, მინიმუმ სამოქალაქო წესით მაინც. დღეს მოქმედებს სახელმწიფო ჩინოვნიკისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების მექანიზმი. ადამიანმა უნდა მიმართოს შესაბამის სასამართლოს და თუკი სამოქალაქო სამართლებრივად იდავებს, რა თქმა უნდა, სათანდო პროცედურა უნდა დაიცვას და სასამართლოებისგან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება საჭირო, რათა კონკრეტულ პირს, ანუ ზიანის მიმყენებელს დაეკისროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა. რადგან სახელმწიფოში სხვა მექანიზმი არ არსებობს, თუ რომელიმე ინდივიდუალური პირი, ანუ პოლიტპატიმარი გადაწყვეტს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს, ის იმ საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ზიანი სამოქალაქო სამართლებრივად უნდა დასაბუთდეს და ამა თუ იმ პირისთვის ამ თანხის დაკისრება სასამართლო პროცედურების შესაბამისად უნდა მოხდეს. უნდა დადგინდეს, რა ოდენობის ზიანია, ყველა ამ მტკიცებულებას შეფასება სჭირდება. არ შეიძლება ასე ხელაღებით რაღაც თანხებზე საუბარი, ნებისმიერი თანხა დასაბუთებული უნდა იყოს. მით უმეტეს, თუ პირი მატერუალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, ეს მოთხოვნა შესაბამის მტკიცებულებებში უნდა იყოს გამოხატული.

თუ მორალური ზიანის მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, ისიც იმ ტანჯვის და ადამიანის სულიერი მდგომარეობის რეალურად ამსახველი უნდა იყოს, რაც უკანონო პატიმრობის შედეგად დადგა.

ზიანის ანაზღაურება ძალიან სერიოზული თემაა, რომელსაც იცნობს სამოქალაქო სამართალი. ამდენად, ამ პირებმა დღეს მოქმედი სამართლის ფარგლებში უნდა იმოქმედონ, რადგან დღესდღეობით რაიმე სხვა მექანიზმი არ არსებობს. ამნისტიის კანონში შესაბამისი დათქმა არ ჩადებულა, იქ არ არის საუბარი ფულად კომპენსაციებზე და ბუნებრივია, ეს ვერც მოხდებოდა, რადგან კონკრეტულად ამ სეგმენტისთვის დღეს ბიუჯეტში კონკრეტული თანხები გაწერილი არ არის. ამიტომ ცხადია, ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა ყველაფერს ერთად ვერ გაითვალისწინებდა, თუმცა ლოგიკურად, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს უფლება აქვთ, რომ ამ ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ.

თქვენ ამბობთ, რომ არსებობს საკმარისი დრო იმისათვის, რომ სანამ ამ საქმეების სასამართლოებში განხილვა მოხდება, ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი შეიმუშაოს?

- ნებისმიერ პოლიტპატიმარს უფლება აქვს, თუ მისი სურვილია, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ხვალვე მიმართოს სასამართლოს. ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტში თანხები ყოველთვის არის იმისთვის, რომ თუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას თანხა სჭირდება და თუკი ამ თანხას სახელმწიფოს აკისრებენ, ეს თანხა ბიუჯეტმა აანაზღაუროს. თუმცა, რა თქმა უნდა, განუსაზღვრელი არაფერია. მეორე მხრივ, სასამართლო თუ სახელმწიფოს კონკრეტული პირისთვის ზარალის ანაზღაურება დააკისრეს, ის აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საკანონმდებლო დონეზე დაწესდეს, ვისთვის, რაზე და რა ოდენობის კომპენსაცია, ამას სერიოზული საკანონმდებლო რეგულირება სჭირდება. ამისთვის კი ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, რადგან ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ამიტომ ვერაფერს გეტყვით, რა შეიძლება უახლოეს მომავალში გაკეთდეს. მანამდე ამ პირებმა იმ სამართლებრივ ნორმებით უნდა ისარგებლონ, რომლებიც ამჟამად არსებობს.

ქალბატონო მანანა, საზოგადოებაში უსამართლობის განცდა და ნეგატიური დამოკიდებულებაა იმ პირების მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ქვეყანაში ადამიანების უფლებებს ლახავდა. ამასთანავე, არსებობს სრულიად ლეგიტიმური კითხვა - თუკი ადამიანებს კონკრეტული პირები ჩაგრავდნენ, ართმევდნენ ქონებას და .. მაშინ მათმა მსხვერპლებმა მათ მიმართ მიყენებული ზარალი რატომ უნდა მოითხოვონ ბიუჯეტიდან და რატომ უნდა მოხდეს ამ ზარალის ჩვენი, ანუ თითოეული გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით, რაიმე პოზიცია თუ აქვს ახალ ხელისუფლებას შემუშავებული?

- როდესაც ადამიანების იდენტიფიცირება ხდება და როდესაც ცხადია, ვისზეა საუბარი, აქ სუფთა სამართლებრივი პრინციპი მუშაობს. ჯერ სისხლის სამართლებრივი წესით უნდა დადგინდეს, რომ ამ ყველაფერში კონკრეტული პირი არის დამნაშავე, ანუ მან ჩაიდინა წამება, ან სხვა რაიმე უკანონო ქმედება, რითაც სხვა ადამიანს მიადგა ზიანი. ეს განაჩენით უნდა იყოს დადგენილი, ხოლო დაზარალებულებს სისხლის სამართლის პროცესი აძლევს უფლებას, რომ ცალკე სამოქალაქო სარჩელი დააყენონ და ზიანის ანაზღაურებაზე იდავონ. აქ ზიანის ანაზღაურება უკვე კონკრეტულ პირებს ეკისრებათ, და არა სახელმწიფოს. ზიანი უნდა ანაზღაურდეს ზიანის მიმყენებლისგან, მაგრამ თუ დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის და განაჩენით არ არის დადგენილი კონკრეტული პირის ბრალეულობა, ასე აბსტრაქტულად სარჩელს ვერავინ წარადგენს. ყველაფერს სასამართლო განხილვა სჭირდება. იმისთვის, რომ ადამიანმა ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს, ვინაიდან სხვა რეგულაცია არ არსებობს, ამ ადამიანმა კონკრეტული პირისგან უნდა მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, მაგრამ ამ პირის ბრალეულობა სამართლებრივად უნდა იყოს დადგენილი. ამიტომ, არავინ უშლის ამ ადამიანებს კონკრეტულ პირებს უჩივლონ და ზიანის ანაღაურება მოითხოვონ მათგან.