არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას აპროტესტებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, ყველაზე მეტი - 493 თანამშრომელი შსს-დან დაითხოვეს. ასევე თავდაცვის სამინისტროში კადრების განკარგულებაში გადაყვანილია 1115 ადამიანი და იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათთვის ალტერნატიული ადგილების შეთავაზება არ მოხდა, ისინიც დათხოვნილთა სიაში მოხვდებიან. ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური სამსახურის ზოგიერთი წარმომადგენლის გათავისუფლებაც უკანონოდ მოხდა.
ხელისუფლების წარმომადგენლების ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზეც მასობრივად მოხდა და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მისივე თქმით, რეგიონებში საჯარო სამსახურებში ახალი თანამშრომლების მიღების დროს ხშირად ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება.
ცოტა ხნის წინ სამსახურებიდან მასობრივ გათავისუფლებაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმაც განაცხადა პარლამენტის სხდომაზე და როგორც მან თქვა, ასეთ ფაქტებს განსაკუთრებით ადგილი აქვს რეგიონებში.
როგორი უნდა იყოს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა, რადგან ერთი მხრივ, პრეტენზიებია, რატომ ათავისუფლებენ ხალხს სამსახურებიდან, მეორე მხრივ კი მუდმივი საყვედური ისმის გარკვეულ უწყებებში ძველი კადრების შენარჩუნების გამო.
ამ თემაზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.
ბატონო კახა, ხელისუფლებას სამსახურიდან ხალხის დათხოვნის გამოც აკრიტიკებენ და ძველი კადრების შენარჩუნების გამოც. სხვათა შორის, თქვენგანაც არაერთხელ მოგვისმენია ხელისუფლების კრიტიკა იმის გამო, რომ სამართალდამცველი სტრუქტურები ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ კადრებით არის დაკომპლექტებული, როგორ ფიქრობთ, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ?
- თითოეული ადამიანის სამსახურიდან გაშვება უნდა იყოს დასაბუთებული. დღესაც არ მომწონს „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა, რადგან რეალურად, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ჰყავთ დაწინაურებული და დანიშნული თანამდებობებზე, რომლებიც წლების მანძილზე თუნდაც იმ პოლიტიკური პატიმრების საქმეების შეთითხნაში იღებდნენ მონაწილეობას. რეალურად, მათი ხელმოწერით მოხდა ის, რომ ამ ადამიანებმა ამდენი წელი გაატარეს ციხეში და ცოტა უცნაურია ამ ადამიანების გაჩერება სამსახურში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათი გაშვება უნდა მოხდეს ისე, რომ ვინმემ დაიბაროს და ოჯახური მდგომარეობის გამო განცხადება დააწერინოს. უწყებებს ამიტომაც ჰყავთ პირადი შემადგენლობის ან გენერალური ინსპექცია, რომლის უფლებამოსილებაშიც შედის იმ თანამშრომლების პირადი საქმეების მოკვლევა, რომელთა მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ უფლებამოსილებას იყენებდნენ ბოროტად, ან ადმინისტრაციული გადაცდომები ჰქონდათ.
აქ უნდა გავმიჯნოთ - როდესაც ვინმეს აკრიტიკებენ, სავარაუდოდ იმაზეა ლაპარაკი, რომ ვიღაც თანამშრომლებს კაბინეტში იბარებს და ყველას განცხადების დაწერას სთხოვს. მეორე მხრივ, არ უნდა დარჩნენ სამსახურებში ის ადამიანები, ვის მოქმედებებშიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შეინიშნებოდა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. ეს ორი სხვადასხვა საკითხია და მათ შორის კავშირს ვერ ვხედავ.
პირველ რიგში, ეჭვს იწვევს, მაგალითად, პროკურატურის მოქმედება - ერთია, რომ არ ათავისუფლებ ვიღაცას, მაგრამ როდესაც საზოგადოებაში გაერკვეული ეჭვებია, გაუგებარია, ასეთ ადამიანს რატომ აწინაურებ და ნიშნავ გარკვეულ თანამდებობაზე.
კონკრეტულად ვის გულისხობთ?
- ოლქის პროკურორებს, დეპარტამენტის თავმჯდომარეებს, რომლებიც კბილაშვილმა დააწინაურა მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი მისი კურსელები არიან და ის იცნობს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ პროკურატურაში და ძალიან ბევრი უკანონო პატიმრის და პოლიტპატიმრის საქმეში მონაწილეობა აქვთ მიღებული - ბრალდებებს უთითხნიდნენ.
ასევე თუნდაც, სუბარის უწყებაში არის დანიშნული ადამიანი, რომელიც 26 მაისს უაპელაციოდ ყველას ციხეში უშვებდა.
თუ დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაშინ ამ ადამიანებმა პასუხიც უნდა აგონ, ანუ მათზე სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა უნდა დაიწყოს?
- არ ვამბობ, რომ ეს ადამიანები უნდა დაიჭირო, თუ არ არსებობს უკიდურესი აუცილებლობა მათი იზიოლაციაში ყოფნისა, მაგრამ მოქმედებები შეფასებული უნდა იყოს.
შეფასებები იმიტომ კი არ უნდა გაკეთდეს, რომ მხოლოდ გუშინდელი დღე გვაინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ მომავალშიც არ იკადრონ მოხელეებმა დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულება. რას მივიღებთ საბოლოოდ? ესენი ახლა „ქართულ ოცნებაში“ გადმოვიდნენ, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთებს ასრულებდნენ და სიამოვნებით იჭერდნენ შევარდნაძისდროინდელ ჩინოვნიკებს, სხვა ადამიანებსაც, რომლებიც პოლიტიკურად არ აწყობდა ნაცმოძრაობას. ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირებს იჭერენ და ოცნებაც რომ წავა, ისინი ისევ იქნებიან იმ თანამდებობაზე და სხვა პოლიტიკური ძალის დაკვეთებს შეასრულებენ.
მეორე მხრივ საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლას არ უნდა მოჰყვეს საჯარო მოსამსახურეთა ცვლილება...
- თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დამოუკიდებელი საჯარო სისტემები გვინდა, მაშინ ყველაფერი დამოკიდებული უნდა იყოს პროფესიონალიზმზე და არა იმაზე, ვინ ვისი კურსელი და ბიძაშვილია. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თითოეული გადაწყვეტილება ადამიანის სამსახურიდან წასვლის შესახებ, ან პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა იყოს აუცილებლად დასაბუთებული.
ამის გარდა, მნიშვნელოვანია გვინდა თუ არა, რომ პირადი განცხადებით გავუშვათ სამსახურიდან ადამიანები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. მინიმუმ დასკვნა მაინც უნდა გაკეთდეს, ეს ადამიანი იმიტომ წავიდა სამსახურიდან, რომ კონკრეტული დანაშაული, ან გადაცდომა ჰქონდა ჩადენილი. ეს იმიტომ, რომ ხვალ მისი დაბრუნების ალბათობა საჯარო სექტორში ძალიან დიდი იქნება და არსად არ იქნება აღნიშნული, რომ თავის დროზე მან სადღაც კონკრეტული კანონი დაარღვია.
ასეთი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს ანუ თავისთავად მივდივართ პოლიტიკურ ამნისტიამდე?
- თუ პოლიტიკურ ამნისტიას გადაწყვეტენ, ეს მხოლოდ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს უნდა შეეხოს და არავითარ შემთხვევაში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.
ვისაც პატიება უნდა, მივიდეს და აუხსნას იმ პოლიტპატიმრებს, რომლებიც საშინელ ისტორიებს ყვებიან, რომ იცით რა, ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, რომ ვაპატიოთ და თქვენც აპატიეთ. საინტერესოა, ამ ადამიანებს ვინ აუნაზღაურებს თითოეულ დღეს, გატარებულს ჯოჯოხეთურ პირობებში?
საკადრო პოლიტიკის მიმართ მხოლოდ თქვენ არ გაქვთ შენიშვნები, ამიტომ გკითხავთ, თუ რაღაც შუალედი ვერ მოძებნა ხელისუფლებამ, რამდენად არსებობს ამ უწყებების დისკრედიტაციის საფრთხე?
- მაგალითად, პროკურატურის დისკრედიტაცია მოხდება, რადგან ის დაზარალებული, რომელიც 9 წელი ელოდებოდა ხელისუფლების ცვლილებას, რომ მის განცხადებას ადეკვატური რეაგირება მოჰყოლოდა, დაწერს განცხადებას და ეს განცხადება აღმოჩნდება იმასთან, ვისაც ის უჩივის. ბუნებრივია, ეს ხალხის თვალში უკვე დისკრედიტაციაა და სხვათა შორის, ასეთი ფაქტები უკვე არსებობს. გამოდის, ასე, ჩაკეტილ წრეში დავდივართ.
როგორც ითქვა, კადრების პრობლემა არსებობს და უცებ ახალ პროკურორებს საიდანღაც ვერ მოიყვანენ...
- „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კადრები არ არის და რა ვქნათო. ადრე „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებდა საკადრო პოლიტიკის გამო, ამბობდა, რომ გამოუცდელ კადრებს ნიშნავდნენ. ახლა როდესაც თვითონ მოახერხეს და საკუთარი კადრებიც დანიშნეს, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ პროფესიონალების წრე შეიკრა. ანუ, ძველ კადრებს მათი ახლობლებიც რომ დაემატა უკვე პროფესიონალთა გუნდი გახდა ძველი და ახალი მთავრობის სინთეზის შედეგად?! - არ არის ასეთი მიდგომები სწორი. თუ ვინმე ამბობს, რომ კადრების დეფიციტია, გარწმუნებთ, რომ საქართველოში ნიჭიერების დეფიციტი არ არის და მხოლოდ ისეთი მექანიზმის შექმნაა საჭირო, რომ ამ ხალხს საშუალება მიეცეს გარკვეულ თანამდებობაზე საკუთარი თავი წარმოდგინონ. პრობლებები არის საკადრო პოლიტიკაში, მაგრამ მიკვირს, ამაზე გიგი წერეთელი როგორ ლაპარაკობს.
რატომ გიკვირთ?
- როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არასამთავრობო სექტორი აკეთებდა განცხადებებს, რომ საჯარო მოხელეთა სამსახურებიდან დათხოვნა მიმდინარეობდა და პოლიტიკური სიმპათიების გამო ათავისუფლებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, გიგი წერეთელი აკეთებდა განცხადებას, რომ ძალიანაც სწორია და საჯარო სექტორში თუ ვინმეა დასაქმებული, აუცილებლად უნდა იყოს ხელისუფლების მხარდამჭერიო. დღეს პრეტენზიები გაუჩნდა - ეს არის მათი ბუნება.
2003 წლამდე გვევლინებოდნენ სუპერდემოკრატებად, მერე ხელისუფლებში მოვიდნენ და 2012 წლის ოქტომბრამდე დიქტატურას ამყარებდნენ, ახლა ისევ სუპერდემოკრატები გახდნენ და მათი მინისტრების, მათ შორის, ისეთი მინისტრების მოადგილეები, რომლებიც ამ 9 წლის მანძილზე სადამსჯელო პოლიტიკას ქმნიდნენ, დღეს დამოუკიდებელ ექსპერტებად გვევლინებიან. თანაც, საზოგადოებას მოძღვრავენ, თურმე როგორი არადემოკრატიული ელემენტებით მოქმედებს დღევანდელი ხელისუფლება - ამ არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი საოცარი რამ მოხდა, ადამიანები 9 წელი მუნჯები რომ გვეგონა, ისინიც კი ალაპარაკდნენ.
გიგი წერეთელი ასევე ამბობს, რომ კოჰაბიტაცია მხოლოდ ხელის ჩამორთმევა და გაღიმება არ არის პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და კეთილგანწყობა უნდა იყოს ყველგან, ასეთი მოწოდებაც მიუღებელია მისგან?
- ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და პოლიტიკური მრწამსის მიხედვით არ უნდა დავყოთ ადამიანები, მაგრამ ასეთი განცხადება მიკვირს იმ ადამიანისგან, რომელიც 9 წელი მხოლოდ პოლიტიკური მიკერძოების პრინციპებს ერთგულებდა და გამარჯობასაც არ იძახდა ისე, თუ არ იცოდა რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენელს, ან მის მომხრეს ესალმებოდა. არ არის პიროვნულად გიგი წერეთელზე საუბარი, ეს არის სისტემა და ეს არის ხალხი, რომელიც ხალხს სუპერდემოკრატიას პირდებოდა და ვნახეთ, რაც იყო ეს სუპერდემოკრატია.
ახლა ისეთ გადაცდომებზე ლაპარაკობენ, რაც მათი მმართველობის დროს ყოველდღიური კი არა, ყოველწამიერი იყო. ბუნებრივია, არ შეიძლება იმ პოლიტიკის გაგრძელება, მაგრამ უცნაურია, როდესაც ამაზე საუბრობს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამისი ავტორი და დამნერგავი იყო.
რეგიონებში რაც ხდება, ეს მართლაც საჩოთირი თემაა ამ ხელისუფლებისთვის. თუმცა, ალბათ, არსებობს ობიექტური მიზეზები, რამაც ეს სიტუაცია შექმნა, როგორ ფიქრობთ ეს ჩვენი პოლიტიკური უკულტურობის ბრალია, თუ სხვა მიზეზი არასებობს?
- რაც დღეს რეგიონებში ხდება, ამისი ავტორი გარკვეულწილად არის „ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ, რომ 2003 წელს, როდესაც მან ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, რეალურად ერთი საპარლამენტო არჩევნებით მიითვისა ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლება.
ხალხმა მიიღო გამოცდილება, რომ თუ პრეზიდენტი ერთი პატიის წარმომადგენელია, ხელისუფლების ყველა შტო უნდა იყოს აუცილებლად ამ პარტიის და ასე მოქმედებდნენ კიდეც 9 წლის განმავლობაში. 2/3-ზე ნაკლები არასდროს არ ჰყავდათ პარლამენტში, პრეზიდენტის ინსტიტუტი ისე იყო გაძლიერებული, რომ რეალურად უკვე ფაშასავით იჯდა, სასამართლო ხელისუფლებაც უზურპირებული იყო და პროკურატურაზე აღარ ვლაპარაკობ. თვითმმართველობაც, რა თქმა უნდა, ნაციონალების იყო და ერთ სოფელსაც ვერ დამისახელებთ, სადაც ნაცმოძრაობის აქტიური წევრი არ იყო იმ სოფლის თავი.
მათ შეაჩვიეს ხალხი, რომ თუ ერთ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებ, ყველაფერი შენია. დღეს ეს ინერციით გრძელდება და ხალხს უკვირს რატომ არის გამგებელი ნაცმოძრაობის წარმომადგენელი, როდესაც საპარლამენტო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.
ამის მიუხედავად, თუ გვინდა, რომ ისევ ისეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, როგორც ნაცმოძრაობის პირობებში, ამ სფეროს რეგულირება აუცილებლად სჭირდება. საჭიროა შესაბამისი რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ე.წ. თვითმმართველობაზე ძალისმირი მეთოდებით შეტევის გამო. ძალისმიერი მეთოდები არ უნდა გამოვიყენოთ, არც ერთი მიმართულებით. ეს არის ის, რამაც შეიძლება გახლიჩოს საზოგადოება და „ქართულმა ოცნებამ“ დროულად უნდა მოახერხოს ამის რეგულირება.
თუმცა, საქართველოში პოლიტიკური პროცესები ყოველთვის ისე ვითარდებოდა, რომ ბევრს სურვილი გაუჩნდება, ახლა „ქართულ ოცნებაში“ გადავიდეს, რათა შენარჩუნოს ის ძალაუფლება, რაც ჰქონდა ნაცმოძრაობის დროს.
ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ ნაცმოძრაობის მხრიდან კრიტიკა საზოგადოებას აღიზიანებს, თუმცა სხვა ოპოზიცია რეალურად არ გვყავს, ესეც არის პრობლემა. როგორ ფიქრობთ არასაპარლამენტო ოპოზიციას აქვს გაძლიერების შანსი?
- თუ „ქართული ოცნების“ ინტერესებში არის, რომ დაამკვიდროს მოსაზრება - უმრავლესობაში ერთი ეგენი არიან და მეორე, ყველაზე ძლიერი უმცირესობა ნაცმოძრაობაა, ეს არ არის სწორი. მართალია, თანაცხოვრება მხოლოდ ხელის ჩამორთმევა არ არის, მაგრამ, საკითხავია, ვინ მისცა ნაციონალებს ძლიერი ოპოზიციის სტატუსი?
მოდით, მივცეთ სამართალდამცავებს საშუალება, ყოველგვარი პანიკის გარეშე შეაფასონ ნაციონალების მოქმედება და მერე ვისაუბროთ, შერჩება თუ არა საერთოდ ვინმე იმ ოპოზიციას. მოვუსმინოთ პოლიტპატიმრებს რა ისტორიებს ყვებიან! ამ ფონზე, როდესაც ეს ადამიანები მათ ბრალს ბრალდებების შეთითხნასა და არაადამიანურ მოპყრობაში სდებენ, ესენი გამოდიან და საბიუჯეტო კრიზისზე გველაპარაკებიან.
საქართველოს პოლიცია გარდა იმისა, რომ გვისმენდა, თურმე კიდეც გვითვალთვალებდა და სექსუალურ ცხოვრებაშიც ცხვირს ყოფდა. მისი ხელძღვანელი კი ამ დროს საბიუჯეტო კრიზისზე გველაპარაკება და მეტი რაღა უნდა მოხდეს ქვეყანაში?!
ანუ, ნაციონალები უნდა გავასამართლოთ?
- თითოეული ბრალდება ისე უნდა იყოს დასაბუთებული, რომ მათ მხარდამჭერებსაც არ შეეპაროს ეჭვი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი სამართლიანი საარჩევნო კოდექსის მიღება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიეცეს იმ რაოდენობის ხმების მიღების საშუალება, რა მხარდაჭერაც აქვს საზოგადოებაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წავიდეს საქართველოში პოლიტიკური პრიცესები. რაც დღეს ხდება, ამას პოლიტიკური პროცესი არ ჰქვია.
ის არჩევნები, რაც ჩატარდა გასული წლის ოქტომბერში, იყო - „მე მინდა მიშა“ და „მე არ მინდა“, ახლა ვინც ივანიშვილის პარტიას მიება ცდილობს გაძლერდეს და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჰქომდეს ფორა იმისათვის, რომ მომავალში ფლობდეს სახელისუფლებო ბერკეტებს. ამით რეალურად, ჩანაცვლებას ვიღებთ და ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ, საჭიროა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
წელს საპრეზიდენტო არჩევნები მოდის, მომავალ წელს - თვითმმართველობის არჩევნები, როდის უნდა მოხერხდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა?
- თუ სურვილი იქნება, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე. თუმცა, ამ კოდექსით არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. თუ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ წელიწადნახევარში თუ ორ წელიწადში აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, წასვლამდე სწორედაც რომ უნდა უზრუნველყოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.