პოლიტპატიმრობიდან განთავისუფლებული სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ციხეში მის მიმართ გამოყენებულ ზეწოლის მეთოდებზე, მის დასაკითხად მისულ რუსული „ფე-ეს-ბე“-ს აგენტზე და იმ მოვლენებზე ესაუბრება for.ge-ს, რაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გადახდა თავს.
გთავაზობთ ინტერვიუს ვახტანგ მაისაიასთან.
ვახტანგ მაისაია: „ჩემ მიმართ გამოყენებული იყო საბჭოთა „კა-გე-ბე“-ს მეთოდები. ეს ცოტა ისეთი თემაა, რომელიც მასობრივი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობია. ამიტომ პროფესიონალურ დონეზე ხდება ამის დამუშავება და გადმოცემა, რომ უფრო გასაგები იყოს.
მარტივად რომ გითხრათ, ეს მეთოდები მოიცავდა ადამიანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. იქ იმდენად არ იყო გამახვილებული ყურადღება ადამიანის ფიზიკური ზეწოლაზე, ეს იყო დახვეწილი მეთოდი. მე შემთხვევით არ მიხსენებია „კა-გე-ბე“ და ანდროპოვისეული მეთოდები. 80-იან წლებში, სწორედ ამ მეთოდებით ხდებოდა დისიდენტების გატეხვა. ეს იყო საკმაოდ ძლიერი ფორმები. მაგალითად, არდაძინების მეთოდი - საღამოს ექვსი საათიდან დილის ექვს საათამდე ორი ბრიგადა მუშაობს და გეკითხებიან ერთსა და იგივეს, არ გაძინებენ, ერთი და იგივეს გეჩიჩინებიან. ეს იწვევს ადამიანის მორალურ და ფიზიკურ გატეხვას, მითუმეტეს - ფიზიკურს.
მინდა გითხრათ, რომ 1998-2000 წლებში მე ვიყავი საქართველოს სამხედრო დაზვერვის მრჩეველი, მონაწილეობა მივიღე ქართული ეროვნული სპეც-სამსახურების შექმნაში და მე ეს მეამაყება. ასევე, მე მქონდა ურთიერთობა ნატოს სპეციალურ სტრუქტურებთან. ეს იყო ეკონომიკური და თავდაცვის უსაფრთხოების დირექტორატი, ანალიტიკური ცენტრი. მე ვიყავი ამ სტრუქტურის რაპორტერი და ამის გამო, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის მადლობაც მივიღე. სამი მადლობა მაქვს მიღებული, რაც სხვათაშორის, არც ერთ ქართველს არ მიუღია. მოკლედ, ამ სფეროსთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება მქონდა.
თქვენი პროფესიონალური გამოცდილება დაგეხმარათ იმაში, რომ ამ ზეწოლისთვის გაგეძლოთ?
- ორი კვირა გავუძელი. ორი კვირის მერე რესურსი ამოიწურა და მე მაინც გამტეხავდნენ. ეს ვიცოდი. კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ადამიანის მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად გატეხავენ. კონტრდაზვერვას აქვს უფლება, გამოიყენოს ნებისმიერი წესი, რომ ადამიანი გატეხოს და ამაზე პასუხს არავინ მოთხოვს. ჩემი მთავარი მიზანი იყო - მიმეღწია სასამართლომდე.
აღიარებითი ჩვენება რომ მიმაცემინეს, ეს იყო ზეწოლის შედეგად მიღებული, მაგრამ მაშინაც კი, მინდა აღვნიშნო, ვაღიარე სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობა და რუსეთი საერთოდ არ მქონდა ნახსენები. მე, თურმე, ვიყავი ნატოს სპეცსამსახურის თანამშრომელი. სხვათაშორის, მოგვიანებით ეს ჩვენება გაანადგურეს და მტკიცებულებაც კი ვერ დამიდეს სასამართლოზე.
რომელ ციხეში იჯექით?
- მე ვიყავი გლდანში, იზოლირებულად, სადაც იყო ცოტნე გამსახურდია. მე და ცოტნე ერთ საკანში ვიყავით, ეს იყო 92-ე საკანი, „დ“ კორპუსი. იცით, როგორი საკანია? დაახლოებით 8-9 კვ/მ. ჯურღმული. გვერდიდან ხდება ადამიანის შეყვანა და კამერა არ აფიქსირებს, რომ იქ ვინმე შეჰყავთ. არის ჩრდილოეთის მხარე, მზეც კი არ შემოდის და არის აბსოლუტურად იზოლირებული.
თქვენ ამბობთ, რომ ყოველ ღამე შემოდიოდნენ დაკითხვაზე. რას ითხოვდნენ თქვენგან?
- ითხოვდნენ, რომ დამედო ხელი ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის და მეთქვა, რომ ისინი რუსეთის ჯაშუშები იყვნენ.
პრეს-კონფერენციაზე თქვენ დაასახელეთ რამდენიმე პოლიტიკოსის გვარი, რომლებისთვისაც თქვენგან ჯაშუშობის დაბრალებას ითხოვდნენ. კიდევ ვინ იყო იმ ადამიანთა შორის, ვისთვისაც თქვენ ჯაშუშობა უნდა დაგებრალებინათ? ეს მხოლოდ პოლიტიკოსები იყვნენ, თუ მათ შორის ექსპერტებიც არიან?
- იქ იყო 30-40 კაციანი სია. სრული სია მე გამოვიტანე, მათ შორის ექსპერტებიც იყვნენ. სხვათა შორის, რამდენიმე ექსპერტმა ამის შემდეგ პოზიცია შეცვალა და გადავიდნენ ნაცების მხარეზე. კერძოდ – ანდრო ბარნოვი და თორნიკე შარაშენიძე, რომელმაც სხვათაშორის, ჩემზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გადაღებულ ფილმში დააფიქსირა, ვახტანგ მაისაია ჯაშუშიაო. მე თუ ჯაშუში ვარ, თორნიკე შარაშენიძეს გავუხსენებ, რატომ დადიოდა ირანის საელჩოში, რატომ ჰქონდა ირანის პოლიტიკურ მდივანთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობები და ირანის საელჩოს მეშვეობით სად გადიოდა ეს ინფორმაციები? ის იყო მიხეილ სააკაშვილის გავლენის აგენტი. კაცი წინა დღეს დადიოდა 9 აპრილის მიტინგებზე, ერთად ვიყავით ამ საპროტესტო ამბებში ჩართულები და 5 მაისის შემდეგ შარაშენიძე გადადის და ხდება პრეზიდენტის კომისიის თავჯდომარე და იწყებს პრეზიდენტისთვის ხოტბა-დიდების შესხმას.
ასევე ანდრო ბარნოვი და ნიკა ჩიტიძე. ეს ადამიანები ბუნებრივია, შეშინდნენ. გარდა ამისა, იქ საუბარი იყო იგივე რამაზ საყვარელიძეზე, სოსო ცისკარიშვილზე, მამუკა არეშიძეზე. მათთვისაც მაიძულებდნენ, რუსეთის ჯაშუშობა დამებრალებინა. ამის გამო რამდენჯერმე ნაცემიც ვიყავი, რადგან ამაზე უარი ვთქვი. ასევე იყენებდნენ გუანტანამოს ციხის მეთოდებს. როდესაც ნახეს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ჭრიდა, უკვე ფიზიკურ მეთოდებზე გავიდნენ.
როგორ ხდებოდა ეს ფიზიკური ზეწოლა?
- მაგალითად, შემოიტანეს ცელოფანის პარკი, ჩამომაფარეს თავზე, ყელზე შემომიჭირეს, რომ დაინახეს, რომ ასფიქსია მეწყებოდა მომხსნეს. ამასთანავე, ხელები ზურგს უკან მქონდა შებოჭილი, სანამ ჰაერს ჩავისუნთქავდი, ისევ მაფარებდნენ პარკს და ა.შ.
იცით მათი გვარები, ვინც ამას აკეთებდა?
- მათგან, ვინც ჩემზე მუშაობდა, ცხრა ადამიანის გვარი მოვიპოვე. ეს არის გენერალი გიორგი მაზმიშვილი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეს ადამიანი წინა ხელისუფლების პირადი ჯალათია, მუხროვანის ბიჭებსაც ის ამუშავებდა, ჩემს თვალწინ ურტყამდა მუხროვანის ბიჭებს. სანამ შემიყვანდნენ, მუხროვანის ბიჭები გამოიყვანეს დაჩეხილები და შემრცხვა, რომ ქართველი ვიყავი. შემრცხვა, რომ ქართულ არმიაში ვმსახურობდი. ეს იყო ღირსების ფეხით გათელვა.
მაზმიშვილის გარდა იქ იყო ოთარ ორჯონიკიძე, ახალგაზრდა გარეწარი, საგამომძიებო სამსახურის უფროსი, ასევე ვალერი სუმბაძე. სხვათაშორის ეს ადამიანები ფიგურირებენ „ენვერის“ ფილმშიც. გამოდიან და დიდი ამბით რაღაც ზღაპრებს ჰყვებიან. კიდევ იყვნენ გია ბაბუციძე, ლადო დათაშვილი, ალექსანდრე მეძმარიაშვილი და ზვიად ჯაოშვილი, რომელიც ჩემი პირადი ჯალათი იყო. ესენი არიან გარეწრები, ნაძირლები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე მათ ვუწოდებ ბერიასა და ქობულოვის ნაშიერებს. საუბარია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სრულ შემადგენლობაზე, რომელიც 2009-2010 წლებში მსახურობდა. სრული პასუხისმგებლობით ვახცადებ, ეს ადამიანები უნდა დაიჭირონ და გაასამართლონ.
სხვათა შორის, ბაბუციძე და ჯაოშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მუშაობდნენ და თავიდან ჩემზე მოსმენების განხორციელება იმ ბრალდებით დაიწყო, რომ მე თურმე სამხრეთ ოსეთის „კა-გე-ბე“-ს გენერალი ვიყავი.
იმ სიაში, ვისთვისაც ჯაშუშობის დაბრალებას გთხოვდნენ, ჟურნალისტებიც იყვნენ?
- დიახ, ესენი იყვნენ ირაკლი ალადაშვილი, მალხაზ გულაშვილი, კობა ლიკლიკაძე, ასევე გენერალი კობა კობალაძე. სხვათა შორის, ირაკლი ალადაშვილის დაჭერას აპირებდნენ, უბრალოდ მას გაუმართლა, რომ სამხედრო, რომლისგანაც მისთვის ჯაშუშობის დაბრალებას ითხოვდნენ, არ გატყდა. ბათუკაშვილი კი გატყდა და მისი ჩვენების საფუძველზე დამიჭირეს მე.
რაც შეეხება ზეწოლის მეთოდებს, კიდევ რა იყო თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული?
- იყო ათასნაირი მუქარა. მაგალითად, მემუქრებოდნენ „ქათმებთან“ შეგიყვანთო. ვიკითხე, რამდენი ე.წ. „ქათამი“ იყო იმ საკანში, მითხრეს - ექვსიო და მეც ვუპასუხე, ექვსი გვამი იქნება-მეთქი იქ. თავში წამორტყმა, სახეში გარტმა და ასეთი ქმედებები ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამასთანავე, მაიძულებდნენ, მათი მოტანილი „ლიკანი“ და „ბორჯომი“ დამელია. როგორც ვიცი, მასში „სკოპოლამინი“ იყო ჩასხმული. ეს არის პრეპარატი, რომელიც მოდუნებას და გაბრუებას იწვევს და ადამიანს წინააღმდეგობის გაწევის უნარს აკარგვინებს. მას დაკავებულებს იმისთვის ასმევენ, რომ ილაპარაკოს ის, რაც მათ სურთ და ყველაფერზე მოუწეროს ხელი. უბრალოდ, მე ამ „ლიკანს“ ბოლომდე არ ვსვამდი და როგორც კი დაკითხვა სრულდებოდა, ბოდიში და, გულს ვირევდი, რათა ეს პრეპარატი ჩემი ორგანიზმიდან გამოსულიყო.
ბატონო ვახტანგ, ამ დაკითხვების დროს არ გიცდიათ, რომ ლონდონიდან ბომბეამდე გვირაბის მსგავსი აბსურდული პასუხები გაგეცათ?
- მოგახსენებთ, დაახლოებით ორი-სამი კვირის განმავლობაში გავუძელი ამ ზეწოლას. შემდეგ კი მომიწია მანიპულაცია მეწარმოებინა მათთან, რათა სასამართლომდე დრო გამეწელა. ამიტომ, ერთ-ერთი დაკითხვის დროს ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მათთვის აღიარებითი ჩვენება მიმეცა და განვუცხადე, რომ გერმანიის სამხედრო დაზვერვის (აბვერის) აგენტი ვიყავი. ამაზე მაშინვე ყურები დაცქვიტეს, იმავე წამს შეწყვიტეს ჩემი წამება. უფრო მეტიც - ხაჭაპური და რაღაცეები მომიტანეს, ჭამეო და მოკლედ, აბა შენ იცი, ყველაფერი თქვიო. ამის შემდეგ „ჩეკისტების“ სხვა ჯგუფი მოიყვანეს, რომლებმაც მითხრეს, რომ დამეწერა, ყველაფერი როგორ მოხდა. მე მათ დავუსახელე ორი გერმანელი პიროვნება - ჰანსი და ანა, კონფლიქტოლოგები, რომლებიც საქართველოში იყვნენ ჩამოსულები და ვუთხარი, რომ მე, როგორც კონფლიქტოლოგმა, ისინი გავიცანი, რის შემდეგაც „მარიოტში“ სადილზე დამპატიჟეს.
ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ ეს ადამიანი მართლა კონფლიქტოლოგები იყვნენ და არა დაზვერვის აგენტები, მაგრამ სპეციალურად ისეთი ისტორია შევთხზე, რომ თუკი გადაამოწმებდნენ, დარწმუნდებოდნენ, რომ ასეთ ფაქტებს მართლაც ჰქონდა ადგილი. ასევე ვუთხარი კონტრდაზვევრის თანამშრომლებს, რომ ბოლოს ეს ორი ადამიანი გამომიტყდა, რომ გემრანიის სამხედრო დაზვევრის აგენტები იყვნენ, პირადად ფონ ლაჰუზენის დავალებით მოქმედებდნენ და მათთან თანამშრომლობა შემომთავაზეს. ჩეკისტებმა მკითხეს, ვინ იყო ფონ ლაჰუზენი და ვუპასუხე, რომ აბვერის უფროსის მოადგილე იყო. ამის შემდეგ მკითხეს, ეს თუ მოადგილე იყო, უფროსი ვიღა იყოო. ვიფიქრე მეთქვა კანარისი, მაგრამ თან მეშინოდა, რომ მომკლავდნენ ცემაში, მაგრამ მეტი გზა აღარ მქონდა და ვუთხარი აბვერის უფროსი ადმირალი კანარისი იყო-მეთქი. ერთ-ერთი მათგანი დაფირქდა და თქვა, ეს კანარისი ნაცნობი გვარიაო, რაც მეც დავუდასტურე - ცნობილი პიროვნებაა-მეთქი.
ასევე მათ რატომღაც ამ ვითომდა აგენტურულ ქსელში ლევან გერაძეც ჩაწერეს, რაზეც ვეუბნებოდი, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში იყო, მაგრამ მათ მითხრეს - შენ რა გენაღვლება, თქვი, რომ იყოო. მოკლედ, მეტი გზა რომ აღარ იყო, ვუთხარი, რომ ლევან გერაძე ჩვენთან ერთად 28 აპრილიდან 2 მაისამდე იყო. ეს იმიტომ ვუთხარი, რომ სწორედ ამ პერიოდში მე და ლევან გერაძე აზერბაიჯანში საერთაშორისო კონფერენციაზე ვიყავით. მოგვიანებით, ადვოკატებმა ეს ფაქტები გამოიყენეს და დაადასტურეს, რომ ლევან გერაძე ამ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა და ამით ის დაჭერას გადარჩა, თორემ წარმოიდგინეთ, გერმანიის აბვერთან თანამშრომლობის ბრალდებით დაიჭერდნენ.
მოკლედ, საქმის მასალებში ჩაიწერა, რომ გერმანიის სამხედრო დაზვერვას კოდორის ხეობაში ქართული სამხედრო ძალების, ასევე მოკავშირეთა ძალების განლაგება, ვანო მერაბიშვილის გადაადგილების მარშრუტი აინტერესებდა და ვითომ, მე და გერაძე იმ ერთკვირიან პერიოდში კოდორში ვიყავით ასულები სადაზვერვო სამუშაოების ჩასატარებლად. ამით დრო ერთი კვირით გაიწელა. ამის შემდეგ მოვიდნენ და მკითხეს, ბრიტანეთის საელჩოში პიროვნებას რომ შევხვდი, ვიცოდი თუ არა ვინ იყო. მე დავინტერესდი, ვისზე იყო საუბარი და მათ მითხრეს, რომ ის პიროვნება „ცეერუს“ აგენტი იყო და რადგან მე მასთან შეხვედრა მქონდა, ეს იგი მეც მისი აგენტი ვიყავი, რაზეც მე თანხმობა განვუცხადე. ისიც შევთავაზე, თუ უნდოდათ „ცეერუს“ აგენტობასაც ვაღიარებდი, რაზეც გაგიჟდნენ - რას ამბობ, ეგ არ აღიარო, პირიქით გააგრძელე მათთან თანამშრომლობაო. ამასთანავე, მომთხოვეს, „ცეერუს“ აგენტისაგან მიღებული ინფორმაციები მათთვის გადამეცა. მოკლედ, ამ „ცეერუს“ ამბებმაც რამდენიმე დღით გაწელა დრო და ფაქტობრივად ხუთი დღე დამასვენეს, რადგან ამ დღეების განმავლობაში ჩემთან აღარავინ შემოსულა.
ამის შემდეგ ისევ მოვიდნენ და ახლა უკვე ბრიტანეთის აგენტობა დამაბრალეს. მომიტანეს ფოტოები, სადაც მე და ჩემი მეგობრის მეგობარი (უცხოელი) კაფეში ვსხედვართ და ვსადილობთ. იდიოტმა ოთარ ორჯონიკიძემ (კონტრდაზვევრის თანამშრომელი) იმ პიროვნებაზე მითხრა, რომ თურმე ის ბრიტანეთის დაზვერვის აგენტი იყო, რომ თურმე მას „ავერბოვკებდა“ და ა.შ. მოკლედ, იმისათვის, რომ დრო გამეყვანა, ვუთხარი, რომ ამ პიროვნებასთან მართლაც ვთანამშრომლობდი.
მათ მკითხეს, რა ფორმით ვთანამშრომლობდი, რაზეც ვუპასუხე, რომ დაშიფრული პროგრამა მქონდა და ამის მეშვეობით გადავცემდი ბრიტანეთის დაზვერვას გარკვეულ ინფორმაციებს. მათ მითხრეს, რომ ჩემი სახლის ჩხრეკისას მსგავსი პროგრამა არ აღმოუჩენიათ. მე კი ვუპასუხე, რომ ჩემი სამუშაო მაგიდის მარცხენა მეორე უჯრაში მეხსიერების ბარათი იდო და მასში იყო ეს პროგრამა ჩაწერილი. ამაზე ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა - მართალია, იმ უჯრაში რაღაც შავი ნივთი იდოო.
ამის შემდეგ დაიწყეს მსჯელობა, როგორ მისულიყვნენ ჩემს სახლში, რომ ეს ნივთი წამოეღოთ. გაიხსენეს, ჩხრეკაზე რომ იყვნენ მისულები, ჩემმა მეუღლემ ხმაური ატეხა, მეზობლებს დაუძახა და ა.შ. მეორედ რომ მივიდეთ, დაგვახურავენ თავზე, შენი ცოლი მაგარი კაპასია და ვერ გვიტანსო. ჩემი თანდასწრებით ბჭობდნენ, ხომ არ მისულიყვნენ ჩემთან როგორც „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები, ინტერნეტის შესაკეთებლად, „როგორც მაშინ მივედითო“. თან ამაზე ისე საუბრობდნენ, რომ ეს მათი ჩვეული მეთოდი იყო.
გადაწყვიტეს, რომ თქვენთან მისულიყვნენ, როგორ „კავკასუსის“ წარმომადგენლები?
- არა, გადაწყვეტილი არ ჰქონდათ, უბრალოდ ბჭობდნენ. მათ ჩათვალეს, რომ რადგან ბრიტანეთზე და ამერიკის სპეც-სამსახურებზე ვესაუბრე, უკვე შეიძლებოდა ჩემთან ასე ღიად საუბარი. აღსანიშნავია, რომ რუსეთზე საუბარი არც კი ყოფილა. უფრო მეტიც, მათ დამიდასტურეს ინფორმაცია, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ჩემმა მეგობრებმა აზერბაიჯანიდან შემატყობინეს. კერძოდ, რუსები თბილისში რომ შემოსულიყვნენ, მე მათ დასაჭერ პირთა ნუსხაში ვყავდი.
მოკლედ, კონტრდაზვერვის თანამშრომლები ჩემი თანდასწრებით მსჯელობდნენ, როგორ მისულიყვნენ ჩემთან სახლში და წამოეღოთ ის მეხსიერების ბარათი ისე, რომ ჩემს მეუღლეს პრეტენზია არ ჰქონოდა. ამ დროს მათ შევთავაზე, რომ ჩემი მეუღლის სახელზე დავწერდი წერილს, სადაც ვაცნობებდი, რომ ცოცხალი ვარ და ვეტყოდი, რომ ჩვენთან სახლში მივიდოდნენ ჩემი მეგობარი ჟურნალისტები, რომლებიც ამ წერილს მიიტანდნენ და მათთვის ჩემს მეუღლეს ეს მეხსიერების ბარათი უნდა გადაეცა. ამაზე დაფიქრდნენ, ერთ-ერთი მათგანი გავიდა ხელმძღვანელობასთან დასარეკად და რომ დაბრუნდა, ამ წერილის დაწერაზე თანხმობა მომცა. მოკლედ გადაწყდა, რომ ჩემი მეუღლის სახელზე წერილი დამეწერა, რომელსაც ეს ადამიანები მიიტანდნენ ჩემთან სახლში.
აქ აუცილებელია ერთი პატარა საიდუმლო გაგიმხილოთ, რომელიც მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა. კერძოდ, როდესაც შეყვარებულები ვიყავი, ზოგჯერ როდესაც ღამით ტელეფონით ვსაუბრობდით და თუ შევამჩნევდით, რომ რომელიმე ოჯახის წევრი მოგვიახლოვდებოდა და შესაძლებელი იყო, ჩვენი საუბარი გაეგო, ერთმანეთთან ასეთი კოდური ფრაზა გვქონდა - თავი მტკივა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სიახლოვეს ვინმე ისეთი იყო, ვისაც ჩვენი საუბრის მოსმენა შეეძლო. ამ წერილშიც დავწერე, რომ ინტენსიური თავის ტკივილები დამჩემდა, ისეთი, რომ ზოგჯერ ვერ ვმოძრაობ. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ჩემი მხრიდან მინიშნება იყო. ასევე დავწერე, რომ ჩემი ოთახი ისეთ მხარეს იყო მოთავსებული, სადაც მზე არ შემოდიოდა და ოთახში სინესტე იყო. ვიცოდი, რომ ამ წერილს ჩემი მეგობრებიც წაიკითხავდნენ, რომლებიც სპეც-სამსახურებში მუშაობდნენ და მიხვდებოდნენ, რაზე იყო საუბარი. ამასთანავე, წერილში მივწერე ჩემს მეუღლეს, რომ ამ წერილს ჩემი მეგობრები მიიტანდნენ და მათთვის ის მეხსიერების ბარათი უნდა გადაეცა.
როდესაც კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ეს წერილი წაიკითხეს, მისაყვედურეს, რატომ დავწერე, რომ თავი მტკიოდა. მე ვუპასუხე, რომ ციხეში მყოფი ადამიანისთვის ეს ბუნებრივი იყო და თუ დავწერდი, რომ კარგად ვარ, ჩემს მეუღლეში ეს უფრო გააჩენდა ეჭვებს. ამაში ისინიც დამეთანხმენ და წერილი ჩემს ადვოკატს, მანანა ჩიქოვანს მისცეს, რომელმაც იგი ჩემს მეუღლეს გადასცა. რა თქმა უნდა, მან ჩემს მეგობრებსაც წააკითხა და ჩვენი საიდუმლო ფრაზის შესახებაც მოუყვა. ამასთანავე, მათ ნახეს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ეს წერილი მიიტანეს, ჩემი სამუშაო მაგიდის ჩხრეკა დაიწყეს. ამიტომ, ბუნებრივია, გაჩნდა გარკვეული ეჭვები. შემდეგ ეს წერილი წავიდა ნანა კაკაბაძესთან, ირინა ფუტკარაძესთან და მიხვდნენ, რომ რაღაცაში იყო საქმე. ამის გამო ჩემთან ადვოკატი ნათია კორკოტაძე შემოუშვეს. როდესაც ადვოკატთან შესახვედრად დამიძახეს, ვიფიქრე, რომ ისევ მანანა ჩიქოვანი იყო შემოსული (რომელიც ამ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობდა), მაგრამ ნათია კორკოტაძე დამხვდა. მას ყველაფერი მოვუყევი და დავუწერე კიდეც.
აღსანიშნავია, რომ ნათიას წასვლიდან დაახლოებით სამ საათში მოვიდა მანანა ჩიქოვანი და მითხრა, რომ ვითომ მცხეთაში ქეიფობდა, რა დროსაც იქ ვიღაც ქალი ნახა, რომელმაც თქვა, რომ ვახტანგ მაისაიას ადვოკატი იყო და ჩიქოვანმა მკითხა - რაშია საქმეო. მე მას მოვატყუე, რომ თითქოს, ჩემი მეუღლე და დედაჩემი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ის ახალი ადვოკატი დედაჩემმა თავისი ინიციატივით შემოუშვა ჩემთან, რათა ჩემი მდგომარეობა გაეგო და ეს მხოლოდ ერთჯერადი შემოსვლა იყო.
ეს ყველაფერი იმ ეტაპზე ხდებოდა, როდესაც დაკითხვებზე ბრიტანეთის ჯაშუშობაზე ვსაუბრობ, ვწერ რაღაც სისულელეებს, რომ ვითომ ბრიტანელებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი აინტერესებთ. როდესაც კონტრდაზვევრის დეპარტამენტის თანამშრომლები ჩემი სახლიდან დაბრუნდნენ, მითხრეს, რომ ვერ იპოვეს მეხსიერების ბარათი, რაზეც მე ვუთხარი, რომ ის საწერი მაგიდის მარჯვენა უჯრაში უნდა ეძებნათ. მათ კი მითხრეს - მაშინ ხომ მარცხენა უჯრა გვითხარიო. მოკლედ ამის გამო ერთმანეთთან ჩხუბიც კი მოუვიდათ, როგორ ვერ იპოვეთ ის „ფლეშკაო“. მე შევთავაზე, რომ კიდევ ერთ წერილს დავწერდი ჩემი მეუღლის სახელზე და კვლავ მისულიყვნენ ჩემთან სახლში, რაზეც მიპასუხეს - ხომ არ გადაირიეო, ერთი მაგათიცო... და დაიწყეს ამერიკის და ბრიტანეთის სპეც-სამსახურების თანამშრომლების გინება - ამათი ბრალია ყველაფერი, ამათ გამო ვართ ცუდ მდგომარეობაშიო და ა.შ.
მანამდე მე თვითონ ვეუბნებოდი ნათა კორკოტაძეს, რომ გარკვეული ფაქტები არ გაეხმაურებინა, რადგან მაინტერესებდა, სადამდე მივიდოდნენ და რა მეთოდოლოგიას გამოიყენებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემთან „ფე-ეს-ბე“-ს თანამშრომელი შემოიყვანეს, ნათიას ვუთხარი, რომ მათთან ურთიერთობის ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ეს ყველაფერი უნდა გაგვეხმაურებინა, რადგან ერთხელ ამ ადამიანის მხრიდან დაკითხვა ავიცილე თავიდან (თუმცა ამის შემდეგ სასტიკად გამისწორდნენ), მაგრამ მეორედ უკვე ვეღარ მოვახერხებდი ამას.
სხვათა შორის, სასამართლოზე დაკითხვის დროს გამომძიებელ დათაშვილს წამოსცდა - ბატონო ვახტანგ, ჩვენ გეხუმრეთ ამ „ფე-ეს-ბე“-ზეო და თქვენ სერიოზულად აღიქვითო? ამაზე ნათია კორკოტაძე მაშინვე ეცა გამომძიებელს და უთხრა - ესე იგი თქვენ აღიარებთ, რომ ვახტანგ მაისაიას ღამის პერიოდში კითხავდითო? შემდეგ დათაშვილმა ეს რა თქმა უნდა, უარყო.
რას ითხოვდა თქვენგან ის ვინმე სპარტაკი, რომელიც გაგაცნეს, როგორც „ფე-ეს-ბე“-ს წარმომადგენელი?
- მაგალითად, ის მეკითხებოდა, საიდან ვიცოდი, რომ აფხაზეთში ლუჟკოვს ჰქონდა ინტერესები. 2009 წლის 30 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოაწყო დახურული კონფერენცია აფხაზეთისა და ცხინვალის თემაზე, სადაც მოხსენება წავიკითხე და აფხაზეთში რუსეთის ინტერესები ავხსენი. სწორედ ამასთან დაკავშირებით მეკითხებოდა ის ვინმე სპარტაკი და ასევე მას ნატოსთან ჩემი ურთიერთობები აინტერესებდა. ამასთანავე, ამ პიროვნებას წინ ჩემი ლეპტოპი ედო, გარკვეულ ფაილებს ხსნიდა და მეკითხებოდა, საიდან მქონდა ეს ინფორმაციები. ამასთანავე, მართალია, ეს ადამიანი ქართულად საუბრობდა, მაგრამ რუსული აქცენტი ჰქონდა. ვერ გეტყვით, შეიძლება მართლაც მომატყუეს, რომ ის „ფე-ეს-ბე“-ს აგენტი იყო, მაგრამ იმ კითხვებიდან გამომდინარე, რასაც ის მისვამდა, ამაში დაეჭვება ცოტა რთულია. მე მას კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განვუცხადე და გავიწიე მასზე. ასე არ უნდაო და ამის გამო სასტიკად მცემეს.
ამის შესახებ ადვოკატს მოუყევით?
- დიახ, ორ დღეში შემოვიდა ნათია კორკოტაძე, რომელსაც ყველაფერ მოვუყევი და დავუწერე. მან ჩაატარა პრეს-კონფერენცია, რის შემდეგაც ჩემთან უკვე სოზარ სუბარი შემოვიდა.
გაძლევდნენ საშუალებას, რომ ასე თავისუფლად გამოგეტანათ ინფორმაციები?
- ამის შემდეგ იყო, რომ ჩამაგდეს კარცერში, ხოლო ერთი წლის შემდეგ ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობაც იყო. მანამდე კი, 2009 წლის 20 ივნისიდან 2010 წლის აგვისტომდე ოთხჯერ (40 დღე) ჩამაგდეს კარცერში, 30 დღე კარანტინში გავატარე, ანუ 70 დღე ვიყავი ასეთ პირობებში - არც ჰაერი, არც ტუალეტის ქაღალდი, არც პირსახოცი, არც დასაწოლი, არც დასაჯდომი, ბოდიში და ეს ოთახი ამავდროულად ტუალეტიც არის. ამასთანავე, იქ შემიყვანეს მოკლესახელოებიანი მაისურით და საშინელ სიცივეში მამყოფეს. გარდა ამისა, ამ უწმინდურებაში ამოვლებული ჯამით შემოჰქონდათ საჭმელი და გინდა შეჭამდი, გინდა - არა. ერთადერთი, რასაც ვჭამდი, პური იყო. იმ პერიოდში ისე დავიკელი წონაში, რომ ძვლები მეტყობოდა, თან, ბოდიში და, ჭუჭყი მახრჩობდა, რადგან იმ სამარტოო საკანში დაბანის საშუალება არ იყო. მხოლოდ ის მოვახერხე, რომ პურისა და კომბოსტოსგან (რომელიც სალაფავში იყო) საპონი გავაკეთე და ხელებს იმით ვიბანდი, რათა რაღაცნაირად ჰიგიენური სისუფთავე დამეცვა. ამის შემდეგ დამიავადდა ბრონქები, თირკმელები და კიდევ ბევრი დაავადება დამემართა. 2010 წლის აგვისტოში კი სასტიკად მცემეს, რა დროსაც მივიღე თავის ტრავმა, რომელიც დღესაც მახსენებს თავს.
(ინტერვიუს პირველი ნაწილის დასასრული)