დიტო გელოვანი: მიშათა ბანაკი ცას მიემგზავრება

დიტო გელოვანი: მიშათა ბანაკი ცას მიემგზავრება

ცოტა მომშივდა, ჰალეებო, მაგრად მომშივდა – ლაქუცით განაცხადა ჩიჩიომ, მაგიდასთან დაჯდა, – თუმცა, ჯერ სალამ–გამარჯვება უნდა ითქვას, სალამ–გაგიმარჯოთ, ჰალე, რაიმე კბილის გასაკრავი ხომ არ გაქვთ, ოთო–ძია?“ ოთო–ექიმი ტახტზე იჯდა, შარვალი გადაეფინა მუხლებზე, ღილს გულმოდგინედ აკერებდა, „იმ ოთახიდან გამოიტანე, ცხვრის ხორიცია კარგი, შეათბე და ისე“. „შეთბობა რად უნდა, – გაიკრიჭა ჩიჩიო, მკვირცხლად წამოდგა, – ცივ ხორცს რა ჯობია, ქონი პირში იგლისება და დიდხანს სძლებს უფრო“

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)

ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე – ქონი პირში იგლისება და დიდხანს ძლებს უფრო. მერე, ლაპარაკი გიჭირს, სურვილიც გიქრება, გულისრევის შეგრძნება და სინანული, სინანული... – რა მინდოდა წვენებში?!

არ მახსოვს, შესაძლოა, ადრე გავიხსენე, მაგრამ ახლა კიდევ უნდა გავიხსენო ცხონებული ირაკლი ბერიშვილის მონაყოლი: „16 წლის ვარ. ქუჩაში ბიძა–კაცს სიგარეტი ვთხოვე. მომაწოდა. ასანთი ვთხოვე. მომიკიდა. გლუბოკი ნაპასი დავარტყი და ამ დროს მითხრა – შვილო. მძ...ის ჭამას რომ დაიწყებ, კოვზი თან უნდა ატაროო“.

აბა, სიგარეტი რა მოსატანია იმასთან – „რა მინდოდა წვენებში?!“ რა გინდოდათ იმ წვიმაში?! ვჯდები კუთხეში, გარეთ წვიმს, გნატრობ... 2003 წლის სექტემბერს ვნატრობ, არასამეცნიერო ფანტასტიკას – „წვენების დედაც! ედო, წადი და თან წაიღე მიშაც და გრიშაც, ვიტალიც და ორივე ხათუნაც!“

არ მოხდა ეს და ამიტომაც არის ის – ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში, ანუ მიშათა ბანაკი ცას მიემგზავრება, რასაც ეს ნიუსი ადასტურებს:

„პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სტატუსით აღარ მოიხსენიონ და მას მხოლოდ მოქალაქე დაუძახონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მელორ ვაჩნაძემ განუცხადა. მისი თქმით, მათი მოწოდება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას ეფუძნება. „საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელოვნურად იგრძელებს ვადას, ამიტომ ჩვენ მივმართავთ ყველა მოქალაქეს, რომ მას არა პრეზიდენტი, არამედ მოქალაქე დაუძახონ. დარწმუნებული ვარ, ვინც მას პრეზიდენტის სტატუსით მიმართავს, მხოლოდ ერთეულები იქნებიან“, - განაცხადა ვაჩნაძემ“.

აი, სწორედ ამას ქვია ადეკვატურობა. აქამდე ყველაფერი ადებატურობა იყო. ბატები თავს ასაღებდნენ კვატებად, კვატები – ინდაურებად, ბოლოს კი ის მივიღეთ, რომ ქათმები გაბლატავდნენ – სამოქალაქო საზოგადოება ვართო, და ისე მოხდა, რომ კაცური სოლიდარობა აღმაშფოთებელ გენდერულ დისბალანსად ჩაითვალა, ქათმური სოლიდარობა კი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველთა საძირკვლად.

მრგვალად მოხარშული დედალი ჭკუის დარიგებას რომ დაგიწყებს და მეტი დამაჯერებლობისთვის ცივად მოხარშულ დედალს რომ მოიშველიებს, მაშინ სახელმწიფო იმ მარტის მამალს გავს, აპრილში ეკლესიის ეზოში რომ გაუშვებენ და საბოლოოდ მაინც იმ რამდენიმე მორწმუნე–ათეისტის სუფრაზე აღმოჩნდება, ორიოდე საათით ადრე იმავე მამალს თავისუფლება რომ მიანიჭა.

ეუფ, რამსიგრძე წინადადება გამომივიდა, თუმცა გრძელი წინადადების საუკეთესო მაგალითს ახლავე წარმოგიდგენთ: „ლგბტ პირების სექსუალური ურთიერთობების საფუძველზე ადამიანების შანტაჟი არის სასტიკი დანაშაული, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს, რაც გამოიხატება გამოძიების ჩატარებასა და დამნაშავე პირების დასჯაში. თუმცა, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ამგვარი ვიდეოკადრების გამოქვეყნება საჭიროებას არ წარმოადგენს და უფრო მეტიც – აღნიშნული კიდევ უფრო აზარალებს ლგბტ საზოგადოებას“.

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს „კიდევ უფრო აზარალებს“ რა პონტში იყო ნათქვამი, ამას კი ვეღარ მივხვდი. ერთი ვარიანტია, რომ სამამულო წარმოების ლესბოსელებისთვის, გეებისთვის, ბისექსუალებისთვის და ტრანსსექსუალებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, უსამართლობა, გაუნათლებლობა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, მაგრამ ამას კიდევ აიტანდნენ, მიშას ბრძანებით გრიშას გაჟიმავდნენ და სავარძლის სახელურში ჩამალულ ობიექტივსაც კეკლუცად ჩაუკრავდნენ თვალს, მაგრამ ვიდეოკადრების გამოქვეყნება, ეს უკვე – ოოო!!! მაგარი არაკაცური საქციელია. საერთოდ, ლგბტ–ებს და ენჯეოშნიკებს ისე არაფერი აბრაზებთ, როგორც არაკაცური დვიჟენიები და რადგან „კონსტიტუციის 42–ე მუხლს“, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 43–ე კოჭს“ და „ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის 44–ე ბარძაყს“ ვიდეოკადრების გამოქვეყნების გარდა სხვა არაფერი გაუპროტესტებიათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ თვალში მიშას ბრძანება და ელგბტ პიონერული მზაობა, მაგარი ჯიგრული ამბავია, გამოქვეყნება კი არის არაკაცური საქციელი.

„უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა ვიდეომასალები იძლეოდეს იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რაც პირადი ცხოვრების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს. გარდა ამისა, ისეთი ვიდეომასალების გავრცელება, რომელიც სექსუალური უმცირესობების ურთიერთობებს ასახავს, კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას“ – ესეც იმ განცხადებიდან არის და დიდი წინასწარმეტყველური ნიჭი არ არის საჭირო რომ მიხვდე – უახლოეს მომავალში ეს ფრაზა გრანტის მოსაპოვებელ რომელიმე განაცხადში ამოყოფს თავს.

შე საწყალო კონსტიტუციავ, ვისი დასაცავი გახდი!.. ისე, რომ ვფიქრობ, ალბათ სადმე, მანჰეტენელი სააკაშვილის რომელიმე ავლაბრულ სეიფში, იმის ფარული ჩანაწერიც დევს, თუ როგორი მონდომებით აუპატიურებენ ენჯეოშნიკი უფლებადამცველები კონსტიტუციის სწორედ იმ მუხლებს, რომლებშიც ადამიანის უფლებებზეა საუბარი.

მინდოდა მეთქვა, ეგ იქით იყოს, სხვაც ბევრი იყო–მეთქი, მაგრამ არ გამოდის და აი რატომ: „...ამიტომ, შემომაქვს კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება ასეთი მასალების გავრცელება, დაისჯება ის სისხლის სამართლებრივად. თუ სახელმწიფო ორგანოებს ასეთი მასალა ჩაუვარდებათ, ის განადგურებულ უნდა იქნას“. სააკაშვილის სიტყვებია.

როგორც იქნა მივხვდი, რას ნიშნავს კოჰაბიტაცია. კოჰაბიტაცია არის კეკელასა და მაროს მღერა უნისონში, ანაც ჯორჯ მაიკლისა და რიკი მარტინის ერთობლივი განცხადება იმის თაობაზე, რომ სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს ჯაკომო კაზანოვას მოგონებები, რადგან კაზანოვას კოლექციაში აღმაშფოთებელი გენდერული დისბალანსია.

სააკაშვილის იმავე გამოსვლიდან: „8 წელი იყო საქართველოში ჩემი მთავრობა, ოფიციალური ორგანოების მიერ გავრცელებული ერთი ფაქტი მაინც მითხარით, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველ მასალებს შეიცავდა. შეიძლება ბევრი იფიქროთ და ვერ მოიფიქროთ. ამას მე ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდი, ესაა ჩემთვის ძალიან პრინციპული და მტკივნეული საკითხი“.

ეს ციტატა ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველი ნაწილის მიხედვით („...ერთი ფაქტი მაინც მითხარით...“), აუცილებელია დაგინება – „მტყუანს მოხვდა იმდენი, რამდენი მარცვალიც არის ერთ კილო გრეჩიხაში“ რაც შეეხება მეორე ნაწილს („...მტკივნეული საკითხი“), ძალიან საინტერესოა, რატომ არის ეს მისთვის მტკივნეული. ახლა, მე არც „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ ვარ და არც „ინტერნიუსი“, დაჟინებული მზერით რომ შევისწავლო ის კადრები, სადაც ლგბტ საზოგადოების წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა და მხარდამჭერთა რაოდენობას ხელოვნურად (არც თუ მთლად ხელოვნურად) ზრდიან და დავასკვნა, რომ სრულიად შესაძლებელია ამოცნობა, მაგრამ რადგან მაინც სხედან და მაინც ათვალიერებენ, კარგად დააკვირდნენ, რომელიმე სახედაფარულ მაღალ–ჩინოსანს წვინტლები ხომ არ მოსდის და ვაშლს თქლაფათქლუფით ხომ არ ჭამს. სააკაშვილმა – მტკივნეულიაო... ისა და... რამდენი მარცვალია ერთ კილო გრეჩიხაში?

ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ მოვიხსენიე, თუმცა ყველას მგონი „ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ“ დაასწრო. ციციკორე ხომ გახსოვთ? ყველაფერში ცხვირს რომ ყოფს, ცხენს ყელს რომ გამოჭრის, გოგოს ვირზე უკუღმა რომ შემოსვამს... მოკლედ, ციციკორე დეიდამ თავისი 200 შვილის სახელით ყველა დანარჩენს, დაახლოებით ორ ათას ჟურნალისტს, კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თამაშის წესებს სწორედ თვითონ აწესებს. აღარ შეგახსენებთ, რომ ბოლოს ციციკორეს ტალახი ხვდება. არც ნიულავიმი ჯოს ანეკდოტს გაგახსენებთ... უბრალოდ, ციციკორე დეიდებს ვურჩევ, ააგროვონ 20–20 თეთრი და... მეცხრე არხი – ერთ ლარად, „იმედი“ – ერთ ლარად, „მაესტრო“ – 80 თეთრად და „კავკასია“ – 70 თეთრად... ჩამოიარონ და სადღაც 19 ლარად და 99 თეთრად, ერთი–ორის გარდა, ყველა მედია–საშუალებას შეიძენენ. შეიძენენ და მერე აწესონ და უწესონ ის, რის დაწესებასაც, აგერ უკვე რამდენი ხანია, უწესოები ითხოვენ. და ის ერთი, უკანასკნელი თეთრი? ერთი ჟურნალი გამოდის, უკვე რვა წელია მედია–ბაზარზეა და იმ ერთ თეთრად იმ ჟურნალის ყველა მომდევნო ტირაჟის ყიდვაა შესაძლებელი.

ბოლოში გავდივარ და ისევ იმ ერთ თემას ვუტრიალებ,მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და ამიტომაც გამიგრძელდა.

ახლა ერთ ნიუსსაც გაახლებთ, სხვა თემაა, მაგრამ ძალიანაც არ განსხვავდება: „საერთაშორისო გამჭვირვალობას" მინდა ვკითხო, გაუჩნდა თუ არა იგივე შეკითხვა, როდესაც მე გამათავისუფლეს სამსახურიდან. დასვა თუ არა იგივე შეკითხვა, როდესაც ძალიან ბევრი ელჩი გაათავისუფლეს სამსახურიდან, გამოიწვიეს ვადაზე ადრე“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ... გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების სტატისტიკა გამოაქვეყნა“.

მე მგონი, ყველაფერი ნათელია, მაგრამ მეტი სიცხადისათვის სხვა ნიუსსაც შემოგთავაზებთ, რომელიც იგივე ოპერიდან არის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ფრაქციის ფორმატში მაია ფანჯიკიძეს იბარებს, პრემიერ-მინისტრს კი, საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით მიმართავს“.

კოჰაბიტაცია.  კეკელა და მარო... ოღონდ, რომელი უფრო კეკელაა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თუ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება, ეს თავად გადაწყვიტეთ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ „ქონი პირში იგლისება და დიდხანს ძლებს უფრო“.

სამი ამბავი ქონზე, რომელიც დიდხანს ძლებს:

„საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შს სამინისტროდან წამოსული კარინა გრიგორიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, კარინა გრიგორიანი შსს-ში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა უცხოური სპეცსამსახურების, შემდეგ ტრეფიკინგის მიმართულებით, ასევე მუშაობდა საქართველოს ინტერესების დასაცავად და პოლიცია მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა ჯაშუშობაში ბრალდებულები ციხიდან გაათავისუფლა. „მის მიერ პოლიციის დატოვება, არის ღირსეული საქციელი...“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, კარინა გრიგორიანი ეთნიკურად სომეხია, მისი დედა კი ეთნიკურად რუსია და „ასე პატრიოტულად გაზარდა თავისი ქვეყნის სამსახურში“.

„საქართველოს პრეზიდენტი „ქრისტიან-დემოკრატების“ ყოფილ წევრ გიორგი გოგელაშვილს შეხვდა, რომელიც ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. მიხეილ სააკაშვილმა გოგელაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახლა ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან სჭირდებოდა. „ის, რომ ქუთაისის საკრებულოში სამი ადამიანი შემოუერთდა „ნაციონალურ მოძაობას" აჩვენებს, რომ ქუთაისლები მაგარი ხალხი ხართ. სწორედ ამ ქალაქში უნდა დაიწყოს ჩვენი ორგანიზაციის ხელახალი გაძლიერება და ყველა ერთად უნდა ვზრუნავდეთ ხალხის ინტერესების დაცვაზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა“.

„საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა არ იცის, აპირებენ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას მისი პოლიტდევნილის სტატუსის მქონე მაზლები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ყეინიშვილმა განუცხადა, მაზლების გეგმების შესახებ არაფერი იცის. „სამწუხაროდ, ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ. მათთვის ნამდვილად არ დაგვისვამს ეს შეკითხვა. უხერხულიც კია ასეთი შეკითხვის დასმა. რატომ არ უნდა დაბრუნდნენ, როცა ბრალდება უკვე მოეხსნებათ? ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, ამდენად მე არც მიფიქრია, რომ ასეთი შეკითხვა მათთვის დამესვა. რასაკვირველია,  კონტაქტი მქონია, თუმცა არ მიკითხავს“, - აღნიშნა ყეინიშვილმა“.

კომუნისტების დროს გაზეთ „თბილისში“ იყო ასეთი რუბრიკა – „მე რომ აღმასკომის თავმჯდომარე ვიყო...“. ეს იმიტომ გამახსენდა, რომ მე რომ ბიძინა ივანიშვილი ვიყო, სასწრაფოდ შევქმნიდი დაბალბიუჯეტიან ტელევიზიას „მიშა ტვ“, რომლის ეთერშსაც მხოლოდ სააკაშვილს დავუთმობდი, რადგან სააკაშვილის ყოველი გამოსვლა არის თითო ლურსმანი „ნაციონალური მოძრაობის“ კუბოში.

საბედნიეროდ, მე არ ვარ ბიძინა ივანიშვილი და საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ვარ პურის რიგში სასიკვდილოდ გადადებული თერაპევტი, რომელიც შიშობს, რომ იმ სიაფანდი გოჩა ტყეშელაშვილის „ყველაზე ეროვნულ მედია პროექტში“ ზედმეტად დასერიოზულებული ზვიად ძიძიგური, გუგული მაღრაძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, კობა დავითაშვილი, ზაზა პაპუაშვილი და სოსო ჯაჭვლიანი, ასევე – „ვანოს შოუში“ გაკრეჭილი მეოცნებე ფეისები, ასევე – კასპში გაჯეჯილებული ოლეგ იაძე, ზესტაფონში გამეფებული გოგი ქავთარაძე და პარლამენტში დავანებული ნანა ყეენიშვილი და სხვები და სხვები... რაც დრო გადის, სია იზრდება და იზრდება. მინდოდა, რომ რაღაც ძალიან მწარე მეთქვა და ვერ გადავწყვიტე, რომელი იქნებოდა ყველაზე შესაბამისად მწარე.

ჩათვალეთ, რომ ვთქვი.

სია იზრდება და იზრდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მიშათა ბანაკს რამე ეშველება. მიშათა ბანაკი მკვდარია, ნეკროლოგი იწერება, ლხინის სუფრა გაშლილია, მეგრელი ქალები სიცილით ტირიან: „საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გამართული აქცია პერფორმანსით დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ზუგდიდიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა მიცვალებულის სასახლე ადმინისტრაციის შენობას სამჯერ შემოატარეს მოთქმით და შემდეგ ის შენობის შესასვლელთან დაასვენეს. ადმინისტრაციულ შენობას ასევე პრეზიდენტის ფიტულიც მიაყუდეს. კახა მიქაიას თქმით, დღეს ზუგდიდში პრეზიდენტი ცოცხლად დაიტირეს“.

თქვენ გენაცვალოთ თქვენი დიტო–ექიმი. მიყვარხართ და მხოლოდ ერთს გთხოვთ – ამ აქციის სანაცვლოდ თანამდებობები არ მოითხოვოთ. სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მესაფლავეობა უკვე თანამდებობაა და, თანაც – უსერიოზულესი და საპატიო თანამდებობა. ნახეთ და იამაყეთ, რა ტიპებს ასაფლავებთ: „ანდრო ბარნოვმა ლოქაბიძეების ოჯახს დახმარების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება გააცნო“; „ლაშა მაქაცარია ქუთაისის ჩიხად ქცევის საფრთხეზე საუბრობს“; „მიხეილ მაჭავარიანისთვის უცნობია, პრეზიდენტი ანგარიშით წარსდგება თუ არა პარლამენტის წინაშე“; „საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს“...

გარკვეული მიზეზების გამო, ყველაზე მეტად ეს მომეწონა – „ლაშა მაქაცარია ქუთაისის ჩიხად ქცევის საფრთხეზე საუბრობს“. ჯერ ერთი, ქუთაისი ჩიხად ვერ გადაიქცევა, რადგან ქუთაისი ქუთაისია, ხოლო ჩიხა – საჩხერის რაიონის ლამაზი სოფელი, სადაც იაკობაშვილები ცხოვრობენ. მეორეც – ქუთაისთან არის სათაფლია, სათაფლიაში კი წელს ნახევარ მილიონ ტურისტს ელოდებიან და მინდა გითხრათ, რომ დინოზვარის ნაკვალევი და კაკო ბობოხიძის ნაკვერცხალი თავი ტურისტებისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება.

მერე რა, რომ მილების დაზიანების გამო პარლამენტის ბიუროს სხდომა სხვა დარბაზში იმართება?! მერე რა, რომ სემეკის მამა, გურამ ჩალაგაშვილი ქუთაისელებს დენს თავის დილიხორზე უთიშავს? მერე რა, რომ ნუგზარ წიკლაურის ყოველ სიტყვაზე და გოკა გაბაშვილის თვალების კარკვლაზე ქუთაისური დუქნები სირცხვილით იწვებიან?

ქუთაისში უნდა გაქეიფოთ, ქუთაისში!!!

რაღაცეები ირკვევა... გასულ კვირაში მზის სინათლემ ირაკლი ოქრუაშვილი იხილა. რა კარგი ბიჭი ყოფილა – როგორი თავმდაბალი, ზრდილი, ჩუმი, მართალზე მართალი და წესიერზე წესიერი. თავდაცვის სამინისტროში გადაბარგების პროცესში ვიყავი და ბუტა რობაქიძის ამბავმა გვერდით ჩამიარა, არ გამიგია, ჩემოდნებზე ვიჯექიო... საწყალი ოქრო! კინაღამ ვიტირე, თავს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს მაინც ავქვითინდი. ბოლოს, ანუ როცა ეს სიტყვები წარმოთქვა: „მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიდიოდა, დავით უსუფაშვილი შემხვდა და მკითხა, რას აკეთებთო. ასეთი საკოსტიტუციო ცვლილებებით ქვეყანაში ფაქტიურად პოლიტიკური ბალანსი ნადგურდებოდა. გულახდილად ვუთხარი, მე მგონი, ჩემი შინაგანი რწმენით, ჩვენ დროებით დიქტატურას ვამყარებთ. ყველამ ვნახეთ, ეს დროებითი შემდეგ გაგრძელდა 9 წლის განმავლობაში“.

რა გულუბრყვილო ყოფილა, როგორი მიამიტი... ვაუპატიურებდი, მაგრამ მეგონა დემოგრაფიულ პრობლემას ვწყვეტდიო... ჭირს ვავრცელებდი, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო...

კაროჩე, სკლიხასოვსკი!!! და სკლიხასოვსკი კი არა, დროა მეც დავასრულო. აბა, რა გაწვდება ყველაფერს, რაც გასულ კვირაში ხდებოდა? მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა, ახალი მემერჯვენეები უცოდველი კრავებივით კიკინებდნენ (მიშა იტყუება! მიშა, წადი), გიგი უგულავა კი იჯდა, ფიქრობდა და ითვლიდა – რამდენ რაიონად უნდა დაიყოს თბილისი, ყველა ნაციონალი რომ დასაქმდეს? პასუხი იყო – ათი.

გინდა ათი იყოს, გინდაც ოცი და გინდაც ოცდაათი, ბოლო მაინც ერთია – ადგილი პარაშასთან.

საერთოდ კი, თუ მზის ქვეშ მხოლოდ შენ ადგილს ხედავ, ეს იმას ნიშნავს რომ შენი ადგილი პარაშასთან არის, რადგან ხარ ქონი, რომელიც პირში იგლისება და დიდხანს ძლებს უფრო.

ა.ა. (არა, არა) „რა ვქნა? გავძეხი... – საბრალოდ თქვა ჩიჩიომ. სახე მოეღრიცა. – მე მგონი, ნამდვილად მეტი მომივიდა, ჰალე...  ოთო–ექიმი ტახტიდან წამოდგა, შარვალი კოხტად ჩამოკიდა. „რა ვქნა? – იკითხა ისევ ჩიჩიომ, – მეტი მომივიდა, რა ვუყო? აა? – მუცელზე ფრთხილად მიიდო ხელები, სახემობრეცილმა, თვალები სიმწრით მილულა, „წყალი, დამალევინე... დომენიკო, რა... ოღონდ, გამჭვირვალე ჭიქით... ოთო–ძია, შეიძლება ტახტზე წამოვწვე?“ „კი, კი“.

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)