პოლიტიკურ-სარეკლამო-ვაუჩერული დაპირისპირება

პოლიტიკურ-სარეკლამო-ვაუჩერული დაპირისპირება

ენერგეტიკის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის ვაუჩერულმა დაპირისპირებამ იფეთქა. ამ პროცესს წინ უძღოდა ცალკერძ ელექტროენერგიის გაიაფება, ცალკერძ კი მერიის მიერ 100-ლარიანი ვაუჩერის შემოღება. ორივე უწყება თვლის, რომ სწორედ მისი შეთავაზებაა თბილისელებისთვის დიდი შვება. ამიტომ ამ ნიადაგზე დაპირისპირება მომავალშიც გაგრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, თბილისის მერიას სურვილი აქვს, მის მიერ შემოღებულ 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერთან დაკავშირებით გადახდის ქვითარზეც იყოს მითითებული, მაგრამ შესაბამისი წარწერის გაკეთების შესაძლებლობას მას მთავრობა, კერძოდ კი, ენერგეტიკის სამინისტრო არ აძლევს.

„მიდის პოლიტიკური ბრძოლა. არ უნდათ, რომ ქვითარზე თბილისის მერია გაჩნდეს და ბატონი კალაძე მთელ თავის ენერგიას ამაში ხარჯავს. კი ბატონი, არ დააწერენ და ნუ დააწერენ, ვაუჩერი იქნება და ჩვენ გამოვალთ და ვიტყვით“, - აცხადებს მაჭავარიანი.

დეპუტატის განმარტებით, 100-ლარიანი კომუნალური ვაუჩერის ფარგლებში, მერიის მიერ შემუშავებული მოდელი, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში აბონენტებისათვის ელექტოენერგიაზე - 8.45 ლარის, ხოლო დასუფთავებისთვის - 8.40 ლარის დაფარვას გულისხმობს, გაცილებით მეტად შეღავათიანია, ვიდრე თინა ხიდაშელის საკანონმდებლო წინადადება და დასუფთავების გადასახადის სულზე თუნდაც 2,5 ლარის ოდენობით დაწესება.

„მერიას ეს ერთი წლის წინათ რომ გაეკეთებინა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა და ნეგატიურ დამოკიდებულებასაც არ ექნებოდა ადგილი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ქვითრები არ არის სარეკლამო ბარათი, თუ მერიას რეკლამა და რეკლამის განთავსება უნდა, ამისთვის ქალაქში ბილბორდები არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ თბილისის მერიის საპასუხოდ განაცხადა, - „მერიას აქვს საშუალება, მას დაეწეროს უბრალოდ ვაუჩერი და მითითებულ იქნას თანხა, როგორც ეს კახეთის მოსახლეობასთან მიმართებაში მოხდა, როდესაც მთავრობამ სუბსიდირება გააკეთა“.

კალაძის განმარტებით, იქ არ არის მითითებული, რომ ეს მოხდა სახელმწიფოს, ახალი მთავრობის, ან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მხოლოდ მითითებულია, რომ ეს არის სუბსიდირება.

მინისტრმა დედაქალაქის მერია თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაშიც დაადანაშაულა. „მინდა, განმარტება გავაკეთო ვაუჩერებთან დაკავშირებით, თუ როგორ აქვთ პრიორიტეტები განაწილებული. ამ 20 ლარიდან პირველად დასუფთავების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს და ეს აბსურდია. საერთოდ, ნაგვის გადასახადი ამოსაღებია და ამასთან დაკავშირებით ზოგადად, კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები. თუ რატომ იქცა პრიორიტეტად ნაგავი და ეს თანხა სად მიდის, თქვენ ძალიან კარგად იცით.

ამის შემდეგ, როდესაც ნაგვის გადასახადი იქნება გადახდილი, თუ დარჩება რამე თანხა, ეს მიმართული იქნება დენის ან გაზის გადასახადთან. ასეთი ხრიკებით ცდილობს თბილისის მერია  მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, თუმცა დღეს ყველამ ყველაფერი იცის, ყველაფერი ნათელია თუ რისთვის აკეთებენ ეს ადამიანები ამ ყველაფერს. ცდილობენ, აღიდგინონ დაკარგული რეპუტაცია, თუმცა 9 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ბელადის, სააკაშვილის მეთაურობით ისეთ მდგომარეობაში ჩაადგო ქვეყანა და მოსახლეობა, რომ ეს შეუძლებელია“, - მიაჩნია კალაძეს.

მინისტრმა ვაუჩერებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ მაჭავარიანის განცხადების შეფასებაც არ ისურვა.

„მაჭავარიანს პასუხის ღირსად ნამდვილად არ ვთვლი.  მაჭავარიანიც იმ ბინძური პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელსაც დღეს სააკაშვილი წარმოადგენს“, - აღნიშნა კალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

თბილისის მერია კი ენერგეტიკის სამინისტროს მოუწოდებს, საკუთარი უფლებამოსილებისამებრ იმოქმედოს.

„ჩვენ გვსურდა, გადახდის ქვითარზე ყოფილიყო წარწერა - თბილისის მერიის ვაუჩერი, თუმცა სამწუხაროდ, ენერგეტიკის სამინისტრომ ჩათვალა, რომ თბილისის მერია ნახსენები არ უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია საერთოდ არ იქნება ნახსენები, თუმცა თითოეულმა მოსახლემ იცის, რომ აღნიშნული ვაუჩერი და ინიციატივა სწორედ თბილისის მერიას ეკუთვნის“, - აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

მერიისთვის ცოტა გაუგებარია, რატომ ერევა ენერგეტიკის სამინისტრო თვითმმართველი ერთეულისა და კერძო კომპანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში.

„ენერგეტიკის სამინისტროს მოვუწოდებთ, იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილებისამებრ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას“, - განაცხადა მერის პრეს-სპიკერმა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ შემდგომში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.