„მიხეილ მავნე“

„მიხეილ მავნე“

საქართველოს პრეზიდენტი სამი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. როგორც მან განაცხადა, პირველი ეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას და ეკონომიკურ ამნისტიას. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ თურმე ეკონომიკაში საგანგაშო ტენდენციებია. სააკშვილის განმარტებით, მას ეროვნული ბანკი ყოველდღე აწვდის ინფორმაციას  დღგ-ს ბრუნვასა და ინვესტიციების ოდენობაზე, რაც არასახარბიელო სურათს აჩვენებს და საგანგაშო მდგომარეობაა ინვესტიციების შემცირების კუთხითაც.

„მთავრობა ეუბნება ინვესტორებს, უახლოესი 3 წლის განმავლობაში არ იქნება ეკონომიკური ზრდა. წელი დაიწყო ცუდი მონაცემებით და ამიტომ გვჭირდება განსაკუთრებული ზომები, რათა ინვესტორები დაბრუნდნენ. ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ ხუთპუნქტიანი გეგმა, რომ ერთი მხრივ მივიდეთ ბიზნესმენებთან და მეორე მხრივ, ერთად გავაკეთოთ რაღაც ქვეყნის შიგნით. საქართველოს მთავრობას სრული ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადებას ვთავაზობ ყველა საგადასახადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე 2013 წლამდე. მოახდინონ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და ეკონომიკურ დანაშაულზე აიკრძალოს საპატიმრო სასჯელები“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამის გარდა, მიხეილ სააკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების აკრძალვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი სისხლის სამართლებრივად დასჯის ინიციატივითაც გამოდის.

 „იცით, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალები, რომელიც შეიცავს კერძო მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. მინდა ყველას შევახსენო - 8 წელი იყო საქართველოში ჩემი მთავრობა, ოფიციალური ორგანოების მიერ გავრცელებული ერთი ფაქტი მაინც მითხარით, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველ მასალებს შეიცავდა. შეიძლება ბევრი იფიქროთ და ვერ მოიფიქროთ. ამას მე ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდი, ესაა ჩემთვის ძალიან პრინციპული და მტკივნეული საკითხი. ამიტომ, შემომაქვს კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება ასეთი მასალების გავრცელება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მესამე ინიციატივა სოციალურია და ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის პენსიის გაორმაგებას, გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებისთვის კი პენსიის დანიშვნას გულისხმობს.

პრეზიდენტი ამ ინიციატივების გარდა, პრესკონფერენციაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო. რა სურს ამ ინიციატივებით მიხეილ სააკაშვილს, ეს თანამშრომლობაა ახალ ხელისუფლებასთან თუ გარკვეული გარანტიების მიღების სურვილი საკუთარი გუნდისათვის, ამ თემებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, ამნისტია თავისთავად ჰუმანური აქტია, თუმცა ძველი ვალების პატიება ყველასათვის და ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია ამ ეტაპზე რამდენად აქტუალურია, როგორ შეიძლება ამან ინვესტორები მოიზიდოს?

- დიდი ალბათობით, ამ ინიციატივების ავტორი ცდილობს წარსულში დაბრუნებას და ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტიცია ისე, რომ მას და მის უახლოეს გარემოცვას რაიმე ხეირი არ ჰქონდეს ამისგან. როგორც ჩანს, აქვს შიში იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის აქტივობის შედეგად შემოსული ინვესტიცია მისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება და ურჩევნია, ორმა ამ თემაზე ერთად ისაუბროს, რომ თავის წილს დასჯერდეს, შემცირებულს, მაგრამ სერიოზულს.

ამისი თქმის უფლებას მაძლევს არაერთი ფაქტი, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დამოკიდებულებისა უცხოელ ინვესტორებთან. თავად ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე მიუღებელი და საშიში მტერი იყო მდიდარი ქართველი, საყოველთაოდ ცნობილია და ისიც, რომ არაერთი უცხოელი ინვესტორი გაწბილებული ტოვებდა საქართველოს.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელისგან მუდმივად მიიღებს სააკაშვილი იმ ინფორმაციას, რაც მას სიამოვნებს, რადგან  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის სინდისგარეცხილი მოქალაქე ამ ქვეყნისა - პოლიტიკური გვამი. ამის მიუხედავად, მაინც პოლიტიკური ნიშნით ექცევა მთლიანად საბანკო სისტემას და სრულ დისკრედიტაციას უკეთებს ქართულ საბანკო სექტორს, რაც დიდწილად დააფრთხობს ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც ცხადია, ინფორმირებული იქნება ეროვნული ბანკის უპრინციპობის შესახებ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ამნისტიას, იგი მიმართულია იქითკენ, რომ შერჩეთ და შეერგოთ ის,  რაც მათ უკანონოდ ჭამეს. ალბათ, ასე უნდათ დაფარონ 20-მილიონიანი ვალი საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელიც გაუგებარია, როგორ დაგროვდა წლების განმავლობაში და რას აკეთებდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უპირველესი პასუხისმგებელია ვალის წარმოშობაზე. ეს ვალი წლების განმავლობაში გროვდებოდა, შემდეგ ხდებოდა მისი ჩამოწერა. სამეთვალყურეო საბჭოს ვალდებულება უპირველესად ფინანსური წესრიგის კონტროლია ამა თუ იმ უწყებაში. დღეს ხელს დააფარებენ გახელაძეს და შეიძლება ხელი ოთარ კობერიძისაკენ გაიშვირონ, როგორც აქტიური ადამიანისაკენ, რადგან ეს მილიონები სხვაგან მიდიოდა და არა გახელაძესთან.

ამიტომ, ამნისტია უნდა გაკეთდეს მას შემდეგ, რაც ძირითადი მასაზრდოებელი ძალა კორუფციისა, ქვეყანაში იქნება განეიტრალებული. მას შემდეგ, რაც ხელოვნურად დაგროვილი ვალები იქნება გასტუმრებული, სწორედ იმ დამნაშავე მოხელეების მიერ, რომლებიც სჩადიოდნენ წლების განმავლობაში დანაშაულს.

რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას?

- ვინ გაბედავდა ეკონომიკური დანაშულის ჩადენას განვლილი 9 წლის განმავლობაში? ვისაც არაფერი ჩაუდენია, ისინი ისხდნენ ციხეში. ეკონომიკური დანაშაული მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისადმი“ კეთილგანწყობილ და მათთან დაახლოებულ სუბიექტებს შეიძლებოდა ჩაედინათ.

როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ეგულება ასეთი კრიმინალი თავის გარემოცვაში და ახლა ინიციატივით შემოდის, რომ ამ ჩემს ბიჭებსა და გოგოებს ნუ დაიჭერთო. ამას არ ჰქვია სამართლიანობის აღდგენა, ამას ჰქვია პრეზიდენტის უნიჭო მცდელობა, დაიცვას საკუთარი კრიმინალებით სავსე გარემოცვა ნებისმიერი ტიპის პასუხისმგებლობისგან.

ეს არ იქნება არც კოჰაბიტაციის საფუძველი და უფრო გაამწვავებს მოვლენებს ქვეყანაში, როცა უკვე მუშტი-კრივი აღარ იქნება საკმარისი ურთიერთობების გასარკვევად სოფლებში. მაშინ უფრო საშინელი ეტაპი დაიწყება, თუ დროულად არ იმოქმედა სასამართლომ და პროკურატურამ, თუ არ აღდგა სამართლიანობა.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთათვის კომპენსციებს, პენსიების გაზრდას, ამით ვისი გულის მოგებას ცდილობს?

- ერთი გვითხრას, ვინ დაუშალა ამდენი დაღუპული სამხედროს ოჯახისთვის პენსიის დანიშვნა მისი პირველკაცობისას აღმასრულებელ ხელისუფლებაში? ბოდიში მაინც მოიხადოს, რომ ამაზე აქამდე არ უფიქრია. ან ის ახსნას, ვეტერანებს რატომ ექცევა ასე უდიერად. ან ის ახსნას 2008 წლის აგვისტოში ტყეებში მიტოვებული ჯარისკაცები, რომლებიც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად გამოჰქონდათ იარაღი და 2-3 დღით დააგვიანეს ნაწილში მისვლა, ამის გამო რატომ გახდნენ წამების მსხვერპლი ციხეებში? ჰკითხეთ პოლიტპატიმრებს, ისინი გიამბობენ ახალგაზრდა ბიჭების მიმართ როგორი სადისტური დამოკიდებულება იყო. ამიტომ, ნუ მოიჩლექს დღეს ენას ბატონი მიხეილი. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც საპრეზიდენტო ფიცს დავით აღმაშენებლის საფლავზე დებდა, რაიმე სასიკეთოს მოუტანდა თავის ქვეყანას, მაგრამ სამწუხაროდ, „მიხეილ აღმაშენებლის“ თემა უტოპიაა და ვართ მოწმე სრულიად პრიმიტიული აზროვნების ლიდერისა, რომელსაც უკეთეს შემთხვევში შეიძლება დარჩეს ისტორიაში სახელი - „მიხეილ მავნე“.

სააკშვილის ისევ საუბრობს შეჩერებულ პროექტებზე, რომელსაც ქვეყანა უკან მიჰყავს, როგორ ფიქრობთ, რატომ ლაპარაკობს სააკაშვილი გამუდმებით ნგრევაზე, უფსკრულში გადაჩეხვაზე, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო გარკვეული მისაღები ნაბიჯების გადადგმა?

- ეს უკვე ქცევითი პათოლოგიის შედეგია, მანიაკალური, აჩემებული სიცრუის  მუდმივი გამეორებისა. დემაგოგიურ-ცილისმწამებლური განცხადებები ამ ადამიანისთვის ბუნებრივი გარემო გახდა. ჩაიძირა ამ საკუთარ ვირტუალურ გარემოში და ის რასაკვირველია, იქ მარტო საკუთარი სურვილით არ აღმოჩნდებოდა, აქეთ უბიძგა თავისმა უახლოესმა გარემოცვამ, რომელმაც ფაქტობრივად შეუზღუდა თავისუფლება იმ საყვედურებით, რაც პირველი ოქრტომბრის მერე ისმოდა. ამის მერე ისევ გაააქტიურეს, აღმგზნები საშუალებების მიცემა დაუწყეს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების დაცულობის შესახებ მის ინიციატივას. სააკაშვილმა მაგალითად მოიყვანა ციხის თანამნშრომლების გვარებისა და მისამართების გამოქვეყნების, მოსამართლის თანაშემწეზე ზეწოლის და იმ კადრების გავრცელების შემთხვევა, რომლის გადაღების ინიციატორიც, პროკურატურის მტკიცებით, არის მეგის ქარდავა. და, რომ ამ ტიპის მასალას ხელისუფლება ადამიანების დასაშანტაჟებლად იყენებდა. სააკაშვილი ამბობს, რომ ასეთი მასალის გავრცელება უნდა აიკრძალოს...

- ჩემს ახალგაზრდობაში ამისთანა სიცრუეზე პოპულარული გამოთქმა იყო-ხოლმე, „ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში“, არ შეიძლება ტყუილის მუდმივად ფრქვევის პროცესში რაიმე სერიოზული ანალიზის კეთება, რა თანამდებობის პირმაც არ უნდა იკადროს ის. ამიტომ, ერთი ბოდიში მაინც მოეხადა დალოცვილს, იმისათვის, რაც ხდებოდა მისი ხელისუფლებაში აღზევების პერიოდში. არც ერთი საიდუმლო ჩანაწერი არ გვინახავს? როგორც ჩანს, მხოლოდ წერტილოვანი მეხსირება შემორჩა და ვიყოთ გულმოწყალენი და შევიბრალოთ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებს.

მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა სომხეთის რკინიგზასთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ მისი აღდგენა არის პუტინის გეგმის ნაწილი...

- საკუთარ გეგმაზე ხომ არაფერი უთქვამს? ხომ არ აქვს გეგმა, რომ ამოქოლოს საქართველო ყველა მხრიდან და რაც შეიძლება დააპატარავოს მისი ტერიტორია? მაშინ გადავკეტოთ ყველა გზა. ნუ გვექნება ურთიერთობა ნურავისთან და ყველას ჯაშუში და პუტინის აპოლოგეტი ვეძახოთ.

ამის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, თუნდაც თვითონ რომ დარწმუნდეს საკუთარი გამონათქვამების აბსურდულობაში, ყველა ზომა მიიღოს, რათა განსაჯაროვდეს ჯაშუშებად შერაცხულ ადამიანთა საქმეები და თითოეული მოქალაქისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ყველაფერი, რაც წერია იმ დოკუმენტებში.

დემაგოგია იმის თაობაზე, რომ თურმე პუტინი გაიგებს, ამათ რა მეთოდები აქვთ, შეინახოს საკუთარი უმეცარი წრისთვის. არანაირი მეთოდები მათ არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ შეთხზან, დააბრალონ და აწამონ. ეს სამი მეთოდია და ამას სამართალთან არაფერი საერთო არ აქვს. თუ ვცდები, დამარწმუნონ, ამ საქმეების ნახვით, მხოლოდ ყოფილ პატიმართა ადვოკატების თანდასწრებით. განვასაჯაროოთ, მოვუსმინოთ ღია ინსტიტუტებში პროკურორებს და ადვოკატებს და როცა ყველა დარწმუნდება რაშია საქმე, მერე იმ მოსამართლეების უფლებების დაცვაზე და სიკვლილამდე საკუთარ სავაძელში ჯდომაზე კრინტი აღარ დაძრას ცხოვრებაამღვრეულმა კოტე კუბლაშვილმა.

სხვათა შორის, სააკაშვილი შეეხო ამნისტიასაც და იგი 1992 წლის ამნისტიას შეადარა, რომელიც როგორც მან თქვა, ჯაბა იოსელიანმა გააკეთა. სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ამნისტიაც იმ ადამიანების მომზადებული იყო, რომლებმაც 1992 წლის ამნისტია მოამზადეს...

- მაშინ ჯაბა იოსელიანი პატიმარი იყო და მისი ციხიდან გამოსვლა ხელისუფლების შეცვლას უკავშირდებოდა. ამნისტია როგორც ასეთი, ფართე ცნება, პოლიტიკური პატიმრების რაოდენობიდან გამომდინარე, დღეს არის ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე ეს ოდესმე იყო, მათ შორის, საბჭოთა საქართველოს ჩათვლით. ამიტომ, თუ რაიმე ისტორიულ მაგალითს ეყრდნობა, მოდით ვკითხოთ, ვინ იჭერდა ამდენ ქართველს? მაშინ, როდესაც სტატისტიკურად დაზუსტებულია, რომ ბერიასდროინდელი სასამართლო 70-ჯერ უფრო ჰუმანური იყო, ვიდრე სააკაშვილის სასამართლო, ამის შემდეგ ხმას როგორ იღებს ან პირველი პირი ამ ქვეყნისა, ან პირველი მოსამართლე ამ ქვეყნისა? ეს დოკუმენტები, ეს სტატისტიკა არსებობს. ახლა დადგა დრო, მოვუსმინოთ პოლიტპატიმრებს, რას ყვებიან ისინი, რა გადაიტანეს და მთელმა საზოგადოებამ უნდა მოთხოვოს გასაჯაროვდეს ის ბრალდებები და მტკიცებულებები, რომელიც მხოლოდ უნიჭო, ბოროტი ადამიანების ფანტაზიის ნაყოფია.

ბუნებრივია, ამ ინიციატივების მომზადებას აქვს თავისი მიზეზი, სააკაშვილს სურს საკუთარი თანაგუნდელების უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. პარლამენტი მხარს თუ არ დაუჭერს, სააკაშვილს ექნება სალაპარაკო, რომ კოჰაბიტაცია და თანამშრომლობა არ ხერხდება, ეს მიზანი შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტს?

- როგორც ის საახალწლო 5 წინადადება განიხილეს, ისეთივე ბედი ექნება ამ წინადადებასაც. როგორმე გამოჩნდება ერთი რომელიმე დეპუტატი, რომელიც ამ ყველაფერს ბევრად უკეთ ჩამოაყალიბებს და ეს ინიციატივაც მისი იქნება. ვერ აცნობიერებს ეს ადამიანი, რომ წავიდა დრო, როცა რასაც დაიძახებდა, უცებ სრულდებოდა.

პარლამენტი ბევრად უფრო გონიერია. უფრო მრავალმხრივი მსჯელობები მიდის და რაც უფრო მალე გათავისუფლდება საპარლამენტო უმცირესობა თავიანთი ბელადის წნეხისგან, მით უფრო პოზიტიური იქნება მათი არსებობა პარლამენტშიც და მთლიანად, ქვეყანაშიც.