„რადგან ბარათელმა სიმართლის თქმა გადაწყვიტა, ვალდებული ვარ საზოგადოებას სიმართლე მეც ვუთხრა“

„რადგან ბარათელმა სიმართლის თქმა გადაწყვიტა, ვალდებული ვარ საზოგადოებას სიმართლე მეც ვუთხრა“

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის პირველმა ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ ექვსწლიანი დუმილი for.ge-სთან დაარღვია - მილორავა, რომელიც ბარათელს, როგორც სახაზინო ადვოკატი ისე იცავდა, დღეს ხმამაღლა აცხადებს, რომ ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს. ჯუმბერ მილორავა მზადაა პროკურატურას ჩვენება მისცეს და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.

ამასთან, for.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პირადი მცველის გიორგი ჩიხლაძის ჩვენება უკვე პროკურატურაშია, რომელშიც იგი აღწერს როგორ დაემუქრა დათა ახალაია მოკვლით, თუ მისთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემდა - „დათა ახალაიამ მითხრა, შენც ისევე გაგასაღებ, როგორც გურამ შარაძის მკვლელობა დავგეგმე და გავასაღეო“.

ჩვენების მიცემის შესახებ ინფორმაცია ჩიხლაძის უფლებების დამცველი ადვოკატისგან ედიშერ ქარჩავასგან შევიტყვეთ.

for.ge-მ იუსტიციის მინისტრისგან თეა წულუკიანისგან წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ აკადემიკოს გურამ შარაძის საქმეზე სიმართლის დადგენა მათთვის პრიორიტეტულია - „გავეცანი თქვენს, მიმდინარე წლის 21 ნოემბრის N01/74004 და 04 დეკემბრის N01/79339 განცხადებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე სხვადასხვა პირთა დაკითხვის შესახებ თქვენი მომართვები გადაგზავნილია ქალაქ თბილისის პროკურატურაში. გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე სიმართლის გარკვევა საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“.

18 იანვარს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზე შევიდა რუსუდან შარაძის განცხადება, თანდართული მტკიცებულებებით. პლუს ამას, აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი პროკურატურას მამის მკვლელობის საქმეზე გარკვეული მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვასაც სთხოვს. ეს ინფორმაცია for.ge-ს თავად რუსუდან შარაძემ მიაწოდა.

გიორგი ბარათელის უფლებების დამცველი ადვოკატის მამუკა ნოზაძის თქმით, გურამ შარაძის საქმის ხელახალი ძიება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რის შესახებაც ადვოკატს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

ბარათელის პირველი ადვოკატი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად მზადაა

გიორგი ბარათელის უფლებების დაცვაში ჯუმბერ მილორავა 2007 წლის გაზაფხულზე სახაზინო წესით ჩაერთო და ის, რაც ახლა საჯაროდ განაცხადა, ორი წლის წინ პირადად მე მიამბო, იმ პირობით, რომ როცა სიმართლის ხმამაღლა თქმის დრო დადგებოდა, ამის შესახებ პირველად სწორედ მე მომცემდა ინტერვიუს. ადვოკატმა პირობა შეასრულა:

„რადგან ბარათელმა სიმართლის თქმა თავად გადაწყვიტა, ახლა მე ვალდებული ვარ ჩვენს საზოგადოებას სიმართლე მეც ვუთხრა - მას ვუდასტურებ, რომ ჩინებული მამულიშვილის გურამ შარაძის მკვლელი არ არის. თავის დროზე, როცა ბარათელის დაცვა გადავწყვიტე, კოლეგებს ეს ამბავი ეუცნაურათ - მკვლელს როგორ დაიცავო?! მაგრამ მე ცალსახად ვგრძნობდი და მოგვიანებით ამაში დავრწმუნდი კიდეც, რომ გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი არ იყო“.

შეგახსენებთ რომ გიორგი ბარათელმა ე.წ. აღიარებითი ჩვენება სასამართლოზე მისცა. მანამდე დუმილის უფლებას იყენებდა და სწორედ ამ პერიოდში იცავდა მას ჯუმბერ მილორავა:

„ბრალდებულის მხრიდან სახაზინო წესით მისულ ადვოკატთან განდობა მხოლოდამხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება - თუ კი ხელისუფლებასთან არის გარიგებული, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს ადვოკატი სახაზინო წესით დაიცავს, თუ პირადი გარიგებით. ახლა, თავად რას იტყვის, არ ვიცი, მაგრამ მაშინ ალბათ, ფიქრობდა, რომ მის გამოტეხვას ვცდილობდი. ბარათელმა დაინახა, რომ ხელისუფლების ინტერესებს არ ვიცავდი და ცდილობდა გაეგო რა განზრახვა მამოძრავებდა. ავუხსენი, რომ სიმართლის დადგენა და გამჟღავნება მინდოდა.

მას ჩემთვის სრული სიმართლე რომ გაენდო, სააშკარაოზე აუცილებლად გამოვიტანდი, საზოგადოებას მივაწვდიდი, მაგრამ ბარათელს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიას ვერ მივცემდი. ამიტომ, ვთვლი, რომ ბარათელი ჩემს შემთხვევაში სწორად მოიქცა - იმ პოლიტიკური რეჟიმის პირობებში, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო, თუკი სიმართლეს იტყოდა. ჩემი წასვლის შემდეგ მისი დაცვის საქმეში სხვა ადვოკატები ჩაერთვნენ და მან იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ თითქოსდა, გურამ შარაძე მან მოკლა, რაც აბსურდია“.

ადვოკატი ჯუმბერ მილორავა აცხადებს, რომ ბარათელის საქმეში არ არსებობდა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები:

„ბარათელის დაცვისას, როცა მტკიცებულებები მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ საქმეში არაფერი იყო. ბარათელის დამცველი ადვოკატი მამუკა ნოზაძე პროფესიონალია, ალბათ, ჩაეძიება, საქმის მასალებს გამოითხოვს, ნახავს როგორ წარიმართა გამოძიება, როგორ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ასე შემდეგ“.

რაც შეეხება ე.წ. შტირის გამო ბარათელისთვის სამი წლით ბრალის დამძიმების შესაძლებლობას, ადვოკატ ჯუმბერ მილორავას აზრით, ობიექტურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს ხომ არ უკავშირდება ე.წ. შტირის ინცინდენტი მის გულწრფელ აღიარებას, განცხადებას, რომლითაც მან პროკურატურას მიმართა და მისი დაკითხვა მოითხოვა.

გიორგი ჩიხლაძის ოფიციალური ჩვენება პროკურატურაში დევს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პირადმა მცველმა ირაკლი ჩიხლაძემ საპატიმრო 13 იანვარს, პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. მისი უფლებების დამცველმა ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ გურამ შარაძის მკვლელობასთან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას კავშირზე ტელეკომპანია „მაესტროს“ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე განუცხადა:

„უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჩიხლაძე უშუალოდ დათა ახალაიამ აწამა. ერთ-ერთი წამების დროს, ახალაიამ თავის კაბინეტში უთხრა - როგორც გურამ შარაძე მოვკალი, ისე გაგასაღებ შე საწყალოო. სხვა მოკლულების გვარებიც დაუსახელა, თუმცა, გიორგი ჩიხლაძე უმძიმეს მდგომარეობაში იყო, აპარატზე შეერთებული და ამიტომ, ყველას დამახსოვრება ვერ შეძლო. 

ციხის ცნობილი კადრების ეთერში გასვლის შემდეგ გიორგი ჩიხლაძემ მითხრა: „ჩუმად ჯდომის და ამ ჯალათის მხრიდან ჩემთან მიმართებაში განხორციელებული წამების დამალვის მორალური უფლება არ მაქვს. შენზეა დამოკიდებული, თუ გარისკავ და ამ ყველაფერს იტყვი“.

საჯარო განცხადების გაკეთებამდე გიორგი ჩიხლაძის ოჯახის წევრებს ვესაუბრე. გიორგი ჩიხლაძეს განცხადება დავაწერინე, რომელშიც დეტალურად ასახა მისი წამების დეტალები და დათა ახალაიას მუქარა, რომ გურამ შარაძესავით გაასაღებდა“.

გიორგი ჩიხლაძის განცხადება ადვოკატმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, იგივე საიაში მიიტანა. პატიმრის ვრცელი განცხადება საიამ მთავარ პროკურატურაში გადაგზავნა. 2012 წლის დეკემბერში პატიმართან მივიდნენ ვაკე-საბურთალოს პროკურორი, მისი მოადგილე, რომელთაც პატიმარმა სრულყოფილი ჩვენება მისცა:

„ჩვენებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტები, რაც განცხადებაში იყო ასახული. მათ შორის გურამ შარაძის მკვლელობის დაგეგმვისა და მისი გასაღების შესახებ. ასე რომ, გიორგი ჩიხლაძე დაკითხულია და მისი ჩვენება პროკურატურაში დევს“.