შეუსაბამობათა შესაბამისი და მთავარი

შეუსაბამობათა შესაბამისი და მთავარი

ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა ძირეულად შეიცვალა. ძალაუფლების ავადმყოფური სიყვარულით დამუხტულმა რეპრესიულმა მანქანამ მუშაობა შეაჩერა. ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ნება დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისა ეჭვს არ იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა, ხსენებული პოლიტიკური  ნება უწყვეტ პროცესად აქციოს.

მოქმედი უმრავლესობა, თავისი ფორმითა და შინაარსით, ამ ეტაპზე ისეთივეა, როგორიც 1 ოქტომბრის არჩევნებამდე იყო - ერთსუბიექტიანი მმართველობა ერთი გამორჩეული ლიდერით. ტირანიის დამარცხება მხოლოდ დიდი ერთობით იყო შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას ობიექტური საფუძველი გააჩნია. უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ახსნა არ გვაძლევს უფლებას, პროცესი თვითდინებაზე მივუშვათ და მოვლენათა განვითარებას მშვიდად მივადევნოთ თვალი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მთავარი პრობლემის „სათაური“ ჯერჯერობით იგივე რჩება - „ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური გარემო“. ამ წერილში შევეცდები შეძლებისდაგვარად გავმიჯნო გარდამავალი პერიოდის პრობლემები სტრატეგიული მნიშვნელობის, თუ შეიძლება ასე ითქვას, პრობლემებისგან.

ჩემი წერილების ციკლი (იხ. For.ge – 24.11.2012 „ცხრა წლის შემდეგ“, For.ge – 04.01.2013 „გაუმარჯოს გულახდილობას“) იმ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად განვსაზღვროთ სამოქმედო გეგმა და მექანიზმები, რომელიც უმოკლესი გზით და უმოკლეს დროში, „დანაკარგების გარეშე“ მიგვიყვანს იმ პოლიტიკურ გარემოში, რასაც დემოკრატიული სახელმწიფო ჰქვია.

I. შეუსაბამობათა შესაბამისი, ანუ გარდამავალი პერიოდის პრობლემები

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური გარემოს მთავარი ნაკლოვანება ის გახლავთ, რომ იგი ხასიათდება მრავალი შეუსაბამობით და აქედან გამომდინარე არ არის მდგრადი. ასეთ ვითარებაში ყოველთვის არსებობს პოლიტიკური პროცესის არასასურველი მიმართულებებით  განვითარების საფრთხეები.

დიაგნოზი რომ არ შეგვეშალოს, ჩავატაროთ ხსენებული შეუსაბამობების მოკლე ანალიზი.

მცირე ექსკურსით დავიწყებ - ვეთანხმები შეფასებას, რომ „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ შექმნილ სისტემას ჰქონდა ქვიშაზე აშენებული გრანდიოზული შენობის სახე. ამ „შენების“ ნებსით თუ იძულებით მონაწილეებს მუდმივად თან გვდევდა განცდა, რომ სისტემა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაინგრეოდა. მეტაფორიდან გამომდინარე, პრობლემა განსაზღვრული მიზნის შესაბამისი ფუნდამენტის არარსებობა იყო. პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტის მახასიათებელი ერთ ნიშნულამდე რომ დავიყვანოთ, მივიღებთ, რომ „ნაგებობის“ კატასტროფა გარდაუვალია, თუ ხალხის განწყობა და ხელისუფლების შინაარსი, ხალხის ნება და ხელისუფლების პოლიტიკური კურსი ერთმანეთთან არ არის შესაბამისობაში.

1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეფასება მრავალ დამაფიქრებელ დასკვნამდე მიგვიყვანს: „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წარმომადგენლობის რიცხოვნობა შეუსაბამოა მათი მხარდამჭერების რაოდენობასთან. არჩევნები იყო არადემოკრატიული, არასამართლიანი, არათავისუფალი, რამაც გამოიწვია ეს და კიდევ სხვა მრავალი შეუსაბამობა. აღნიშნულს ოფიციალურად დღემდე არ მისცემია შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება;

საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ქვეყნის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები და პრეზიდენტ სააკაშვილის დე-ფაქტო უფლება-მოვალეობები ერთმანეთთან არ არის შესაბამისობაში. მიხეილ სააკაშვილის მხატვრული აზროვნების ერთ ნიმუშს თუ გამოვიყენებთ, („მუმიები“ მაქვს მხედველობაში), დღეს ტუტანჰამონი ბევრად უფრო ცოცხლად გამოიყურება, ვიდრე პრეზიდენტადწოდებული „მიშა მაგარია“. (კიდევ ერთ შეუსაბამობაზე, პრეზიდენტის ოპოზიციაში გადასვლაზე, ადრე უკვე მქონდა საუბარი.);

უზენაესი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გუბერნატორის ინსტიტუტი და სხვ. მეტ-ნაკლები მოცულობით გასული არიან ახალი ხელისუფლების „მომსახურების ზონიდან“. იგივე ითქმის ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებზე, სადაც ყოველდღიურად ვხდებით მტკინვეული პროცესების მოწმე. მიზეზი ერთია - ცხრაწლიან რეჟიმს ჯერაც არ მისცემია შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება;

პასუხისმგებლობის შიშით შეპყრობილი ძველი ხელისუფლება გულში ინახავს იმედს, რომ მოვლენათა გარკვეული განვითარების პირობებში, შეძლებს სიტუაციის შემობრუნებას. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს „გარკვეული პირობები“ ამა თუ იმ არჩევნებს შეიძლება უკავშირდებოდეს. როდესაც ბრძოლის მეთოდად გამოიყენება არა პოლიტიკური ოპონირების მექანიზმები, არამედ ობსტრუქცია, საბოტაჟი, პროვოკაცია, დისკრედიტაციის ათასგვარი ხერხი და დიდი მოცულობის რესურსი და დესტრუქციული მოქმედებების სხვა საშუალებები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გათვლა უფრო „ოპერატიული ღონისძიებების“ სცენარს უნდა გულისხმობდეს.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ცხელ ტვინებში მოხარშული ყველა მსგავსი გეგმა უშედეგობისთვის არის განწირული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ „კუდის მოქნევას“ მშვიდად უნდა ვუყუროთ. ზემოთ ჩამოთვლილ შეუსაბამობებს შესაბამის გადაწყვეტას თუ დროულად ვერ მოვუძებნით, რეფორმებს და წინასაარჩევნო დაპირებების ასრულებას სირთულეები არ გამოელევათ.

მთლიანობაში, სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივებთან შეუსაბამოდ უნდა ჩაითვალოს ის ვითარება, რომ ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია. შექმნილ რეალობას კიდევ უფრო დამაფიქრებელს ხდის ბიძინა ივანიშვილის ორი განცხადება, რომელიც მან ერთი საჯარო გამოსვლისას გააკეთა: „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებების გათვალისწინებით, მომავალ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ კონკურენტი არ ეყოლება“; „შესაძლოა, გარეთ რეალური ოპოზიციური ძალა არ არსებობდეს, ამიტომ შიდა კონკურენცია უნდა გვქონდეს“.

შეუსაბამობათა ჩამონათვალი ამით არ ამოიწურება. გაცილებით მნიშვნელოვანია იმ პრობლემათა ანალიზი, რაც მმართველ კოალიციაში და ამ კოალიციის ირგვლივ შეინიშნება. ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელისუფლებო უმრავლესობას ხელთა აქვს ორი დიდი კოზირი - ძლიერი ლიდერი და ხალხის მხარდაჭერა - რაც აძლევს საშუალებას, გარდამავალ პერიოდში იმოქმედოს მშვიდად, არ აჰყვეს პოპულიზმს და გრძელვადიან შედეგზე იყოს ორიენტირებული.

ახალი უმრავლესობის პრობლემათა შორის უპირველესად ის გარემოება უნდა ჩაითვალოს, რომ ზემოხსენებული ხალხის მხარდაჭერა პროპორციულად არ არის განაწილებული. ნდობის განუზომლად დიდი წილი ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე მოდის. კოალიციის სხვა სუბიექტებზე გადაცემითი ნდობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვრცელდება. ამ დისპროპორციის მიზეზი მარტო ბატონი ბიძინას ავტორიტეტი რომ იყოს, ეს შეუსაბამობა შეიძლება პრობლემად არც ჩათვლილიყო, მაგრამ ამ „მედალს“ მეორე მხარეც აქვს:

ე.წ. „რვიანის“ ყოფილი პარტიების და მათი ლიდერების რეიტინგები 2011 წლის 7 ოქტომბრამდე, სრულიად დამსახურებულად, ნულიდან 3%-მდე მერყეობდა. როდესაც თითოეული „რვიანელის“ საოცნებო მიზანს სააკაშვილის 190 კაციან პარლამენტში, ანუ პოლიტიკურ ჭაობში, 1/3 უმცირესობის კიდევ უფრო მცირე ნაწილად ყოფნა წარმოადგენდა, მათი „ქართულ ოცნებაში“ უცაბედი „ამოყვინთვა“, ბუნებრივია, საზოგადოებაში უსამართლობის განცდას იწვევს.

აღნიშნული განცდა პროტესტში არ გადაიზრდება მანამ, სანამ სააკაშვილს და მის ფაშისტურ კლანს ჯერ კიდევ აქვს ბოგინის საშუალება. ქართველმა ხალხმა ბრძოლით მოიპოვა ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრების შანსი და ამ შესაძლებლობას ხელიდან იოლად არ გაუშვებს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე დამოკიდებულებას გამოხატავენ პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციებიც.

კანონი და სამართალი როგორც კი მიუზღავს საკადრისს ცხრაწლიანი განუკითხაობის „შემოქმედთ“, საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც მოვლენებს დაგროვილი პოლიტიკური გამოცდილების თვალით უყურებს, ამოიზრდება ახალი პოლიტიკური ძალა (ან ძალები)... მინდოდა მეთქვა - და ის დაიკავებს ოპოზიციურ სეგმენტს მეთქი, მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ბატონმა ბიძინამ ამ ძალასთან (ძალებთან) თანამშრომლობა უფრო კომფორტულად და პერსპექტიულად მიიჩნიოს და კოალიციის რომელიმე სუბიექტი (სუბიექტები) აღმოჩნდეს ოპოზიციაში.

ეს ვარაუდები ჰაერიდან ნამდვილად არ მომაქვს. ნდობის არაპროპორციული განაწილება თავის თავში იმასაც გულისხმობს, რომ ზოგიერთი პარტია თუ ინდივიდი შეიძლება მზად არ აღმოჩნდეს იმ პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვისთვის, რასაც ქვეყნის მართვა ჰქვია. სამწუხაროდ, ამის ნიშნები უკვე თვალშისაცემი ხდება და აქ, უწინარეს ყოვლისა, საკადრო პოლიტიკას ვგულისხმობ. მიზეზთა და მიზეზთა გამო, ვცდილობ, სამართლიანობის აღდგენის ეტაპის დასრულებამდე კრიტიკა არ განვავრცო, არ ჩავუღრმავდე დეტალებამდე. საზოგადოების შინაგანი თანხმობა, რომ ხელისუფლებას მივცეთ გარკვეული დრო შეუფერხებელი საქმიანობისთვის, ვფიქრობ, ერის პოლიტიკური აზროვნებისა და პასუხისმგებლობის მაღალი დონის მაჩვენებელია.

II. მთავარი, ანუ სტრატეგიული მნიშვნელობის პრობლემები

საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების წინაშე დგას საპასუხისმგებლო ამოცანა, - ქვეყნის ცხოვრება გადაიყვანოს თვისებრივად ახალ რეალობაში, ანუ მოხდეს ქვიშაზე აშენებული უშინაარსო ნაგებობის დემონტაჟი და მომზადდეს მკვიდრი ფუნდამენტი ახლი, ფუნქციურად გამართლებული, ლამაზი შენობისთვის.

ეფექტიანი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა მარტივ, სამპუნქტიან სქემას ეფუძნება: 1. არსებული რეალობის ობიექტური ანალიზი, ანუ სად ვიმყოფებით; 2. მიზანი, ანუ სად გვინდა რომ მივიდეთ; 3. როგორ გავიაროთ ეს გზა შესაძლებლად მცირე დროში და უმტკივნეულოდ, საერთო სახალხო თანხმობის პირობებში.

წარმოდგენილი სქემის სამივე შემადგენელი კომპლექსური შინაარსის მატარებელია და სახელმწიფოსგან ინსტიტუციურ მიდგომებს (უზრუნველყოფას) მოითხოვს. ბოლო დროს ხშირია საუბრები რიგგარეშე საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. უკვე სახელისუფლებო დონეზე განიხილება ინიციატივები მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების ვადის გადმოწევასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნები სრულიად ლეგიტიმურია, ვფიქრობ, თემის წამოწევას ჯერჯერობით მხოლოდ ემოციური ფაქტორები განაპირობებს. საზოგადოება ცდილობს, ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა დესტაბილიზაციისკენ მიმართულ საქმიანობას ამ გზით გამოაცალოს საყრდენები, რათა როგორმე დასრულდეს ორხელისუფლებიანობის (თუნდაც მოჩვენებითის) პერიოდი და უზრუნვებელყოფილ იქნეს პოლიტიკური სტაბილურობა.

მკითხველი შეამჩნევდა, რომ კატეგორიულობა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში სრული კატეგორიულობით შემიძლია ვამტკიცო - სააკაშვილს და მის კასტას არათუ სიტუაციის შეტრიალების, არამედ იოტისოდენა დესტაბილიზაციის გამოწვევის რესურსიც არ გააჩნიათ. ყველა მკვეთრი მოძრაობა, რის საშუალებასაც პრეზიდენტს მოქმედი კონსტიტუციის ანტიდემოკრატიული დებულებები აძლევს, ამ ბოროტმოქმედთა სინდიკატისთვის უფრო მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მაქსიმუმი, რის მიღწევასაც „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ესწრაფვოდეს, ის პოლიტიკური ამნისტიაა, რაზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა ახალი წლის წინა დღეებში.

ქვეყნის მოწყობის წესი და ხსენებული სამი დონის არჩევნებია ის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ერის ბედს მომავალი საუკუნეების თუ არა, მრავალი ათწლეულის განმავლობაში მაინც. თუკი არ იქნება მიღწეული საერთო სახალხო თანხმობა, როგორ სახელმწიფოში ვაპირებთ ცხოვრებას, აგრეთვე - რა პირობებში, რა წესით და რა თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს ესა თუ ის არჩევნები, აუცილებლად ჩიხში აღმოვჩნდებით.

შევეცდები, ზემოთ წარმოდგენილი სქემის თითოეულ პუნქტზე ზოგადი სახით ჩამოვაყალიბო ჩემი მოსაზრებები:

  1. სად ვიმყოფებით

დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ვითარება მძიმეა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ სწორი მუშაობის პირობებში პრობლემების სწრაფი ტემპით დაძლევის პერსპექტივა რეალურად არსებობს. იმედის საფუძველს, უპირველეს ყოვლისა, იძლევა ის დიდი გამოცდილება, რომელიც ერთად დავაგროვეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ უკვე კარგად ვიცით, როგორ არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როგორ არ უნდა შენდებოდეს სახელმწიფო, როგორ არ გვინდა რომ ვიცხოვროთ... და, რაც მთავარია, ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როცა ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა რომ ხდებოდეს.

იმედის მეორე საფუძველია ახალი ხელისუფლების მზადყოფნა, იყოს ხალხის ნების გამომხატველი პოლიტიკური სუბიექტი.

რაც შეეხება მთავარ პოლიტიკურ პრობლემებს: ა) პარტიული სისტემა განუვითარებელია, პარტიული კონკურენცია სრული უძრაობის ხანაშია; ბ) პოლიტიკური პროცესი ორ (მოქმედ და მომავალ), ყოვლად უვარგის (ერთ პიროვნებაზე მორგებულ), კონსტიტუციას შორის არის მოქცეული; გ) ქვეყანაში არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა; დ) სასამართლო ებრძვის სამართალს... ამას ემატება ყველა ის დიდი თუ მცირე პრობლემა, რომელთა შესახებაც წინა წერილებში და ამ წერილის პირველ ნახევარში მქონდა საუბარი.

  1. სად გვინდა რომ მივიდეთ

მიზანი ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაა. დემოკრატიულ სახელმწიფოს თავისი სტანდარტები აქვს, რომლის საფუძველთა საფუძველია მრავალსუბიექტიანი მმართველობა, კონკურენცია, ხელისუფლების შტოთა გამიჯვნა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის გარანტიებს ხალხის მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად. ავტომატურად, ეს სტანდარტებია ის ორიენტირი, საითაც უნდა იაროს ქართველმა ერმა საქართველოს ხელისუფლების წინამძღოლობით.

  1. როგორ გავიაროთ გზა პირველი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე

ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ამ კითხვაზე ოპტიმალური პასუხის მოძებნა. აღნიშნულ გზაზე შეუფერხებელი სვლის უზრუნველსაყოფად, პირველი ნაბიჯი ქმედითი მექანიზმების შემუშავება იქნება. როგორც არ უნდა ვიაროთ, ყველა გზა აუცილებლად კონსტიტუციამდე მიგვიყვანს. საერთო სახალხო თანხმობით მიღწეული გადაწყვეტილებების უმრავლესობა აუცილებლად აისახება ქვეყნის მთავარ კანონში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, ვფიქრობ, საშური საქმეა. ჩემი აზრით, ამ კომისიის ფუნქცია მხოლოდ კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება არ უნდა იყოს. ის უნდა გახდეს რეფორმის საბაზისო დოკუმენტების შემმუშავებელი ჯგუფების მთავარი მაკოორდინარებელი ორგანო, რომელიც შეჯერებულ პოზიციებს, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების სახით, მიაწვდის საქართველოს პარლამენტს.

რეფორმის საკითხთა რიგითობა მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე განისაზღვრება. პირველი, უთუოდ, ქვეყნის მოწყობის წესზე შეთანხმება იქნება. გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ფორმაციის ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, ლეგიტიმაციის უმაღლეს ხარისხს მოითხოვს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა, ამ ეტაპზე (კონსტიტუციური მონარქიისკენ სწრაფვას გულში ვინახავ), ოპტიმალური პოლიტიკური ნაბიჯია. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციაც სწორედ ამ სისტემას აკანონებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც დიდ პროტესტს იწვევს ჩემში. მიზეზი გახლავთ არა ის, რომ დოკუმენტი სერიოზულ ნაკლოვანებებს შეიცავს (ამას ადვილად მოევლება, როცა ხელისუფლების პოლიტიკური ნება არსებობს), არამედ ის, რომ გადაწყვეტილებას საერთო სახალხო მხარდაჭერა არ უმაგრებს პოზიციებს. ცვლილება ერთი კლანის მიერ მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა და ვოლუნტარისტულად არის მიღებული.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, დღევანდელ რეალობაში, პლებისციტის ჩატარებაა, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, პასუხი გასცეს კითხვას - გსურთ თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკაში ცხოვრება? ხომ არსებობს იმის ალბათობა, რომ უმრავლესობისთვის, მაგალითად, საპრეზიდენტო მმართველობა უფრო მისაღები აღმოჩნდეს.  ლეგიტიმაციის ხარისხის ამაღლების გარდა, საყოველთაო-სახალხო გამოკითხვა სხვა დადებით მხარეებსაც შეიცავს, რომელთა შორის მთავარი მაინც საქართველოს კონსტიტუციის იმ ფუძემდებლური დებულების აღსრულებისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის სამომავლო განვითარების ვექტორს - „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ (მუხლი 5).

დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე ასევე პირველი რიგის ამოცანად მიმაჩნია რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისადმი დამოკიდებულების განსაზღვრა. ჩემთვის ძნელია, კონკრეტულად ვისაუბრო, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით  და როგორ. ამის კომპეტენცია არ გამაჩნია. მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ რეალური თვითმმართველობების არარსებობის პირობებში დემოკრატიულ  აღმშენებლობაზე საუბარი აბსურდია.

როდესაც შევთანხმდებით, როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, როგორი უნდა იყოს რეგიონული პოლიტიკა და რა ფორმით უნდა მოეწყოს ადგილობრივი თვითმმართველობები, დღის წესრიგში დგება სხვადასხვა დონის არჩევნების ჩატარების წესისა და რიგითობის განსაზღვრა. საარჩევნო საკითხებზე დისკუსიის დაწყებამდე, აუცილებლად მიმაჩნია შეთანხმება ერთ წინაპირობაზე - გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკის მართვის მთავარი სუბიექტი პოლიტიკური პარტიაა, ყველა გადაწყვეტილება ორიენტირებული უნდა იყოს პარტიული სისტემის ჩამოყალიბებაზე.

აღნიშნული მიზნის რეალიზების ინტერესიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნები წინ უნდა უსწრებდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რადგან პოლიტიკურ გაერთიანებათა შორის ბალანსს, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე ობიექტურად საპარლამენტო არჩევნები ამყარებს (უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება განიხილებოდეს ამ ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარება). თუ ეს დამოკიდებულება მხარდაჭერას დაიმსახურებს, დღის წესრიგში თავისთავად დადგება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა.

პარტიული სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ასევე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების წესის განსაზღვრას. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ის დამოკიდებული იქნება იმ უფლება-მოვალეობებზე, რასაც განახლებული კონსტიტუცია დაუდებს საფუძვლად ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებას... მაგრამ ამ თემებზე შემდეგ წერილში.

ჩემი მიზანი დაუფარავად ერთხელ უკვე გამოვხატე და კვლავაც გავიმეორებ - მინდა ვიყო ახალი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი. სამოქალაქო საზოგადოება ვერ შედგება პოზიციათა გაზიარების, ჯანსაღი კამათის გარეშე. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, ჩვენი სურვილები და ინტერესები დავტვირთოთ არგუმენტებით და ისინი მოთხოვნებად ვაქციოთ. ჩვენი ამოცანაა, რეალურად იმუშაოს თეზამ - ხალხია ხელისუფლების წყარო.