ელექტროენერგეტიკის ტარიფები და ენერგეტიკული მომავალი

ელექტროენერგეტიკის ტარიფები და ენერგეტიკული მომავალი

ამ სტატიის დაწერას არ ვაპირებდი, რომ არა  რუსულ გაზეთ „კომერსანტში“ 10.01.2013-ში გამოქვეყნებული სტატია- „Интер РАО готова дать Тбилиси скидку на энерготарифы для населения“,  ესე იგი „თელასის“ ანუ დედაქალაქის ელექტროსადისტრიბუციო კომპანიის რუსულმა მფლობელმა

თბილისის მოსახლეობას, რუსულ გამოთქმას გამოვიყენებ  „с барского плеча“ (თავადური ძღვენი, თარგმანი ჩემია!) საახალწლო საჩუქარი გაგვიკეთა და ელექტოენერგიის გარკვეულ მომხმარებლებს ტარიფებზე „სეილი“ გამოგვიცხადა!

დიდი მადლობა ჩვენი ყოფილი „დიდი ძმის“ ნახევრად სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დღენიადაგ თბილისის  მოსახლეობის შეჭირვებულ ცხოვრებაზე ფიქრსა და ზრუნვაში ათენებს და აღამებს. მეტსაც გეტყვით, საკუთარი კეთილდღეობის საზიანოდ იმასაც აცხადებს, რომ არ შეამცირებს მაღალი ტარიფების დროს დაგეგმილ საინვესტიციო პროგრამას. რა უნდა ვთქვათ, ნამდვილად

ალტრუისტები, უფრო სწორედ კეთილი სამარიტანელები არიან! სხვას ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე ამის არ მჯერა და მკითხველსაც ვთხოვ ნუ დაიჯერებს. მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ენერგეტიკულ კომპანიას ვინც საკუთარი

კომერციული ინტერესების საზიანოდ ამას გააკეთებს. დედამიწის ზურგზე ასეთები არ არსებობენ! შეიძლება, რომელიმე ახლად აღმოჩენილ გალაქტიკაში მოძებნონ მსურველებმა!

ლოგიკური კითხვა ჩნდება, აბა რაშია საქმე? რეალობა ის არის, რომ დაახლოებით 6 წლის განმავლობაში, დაახლოებით 2007 წლის ბოლოდან ჩვენი ენერგოჩინოვნიკების ზოგი ყოფილის,  ზოგი ახლაც „მუხლჩაუხრელად“ მოღვაწე, მარეგულირებელ  კომისის წევრებსაც ვგულისხმობ, უნიათობით, ან  შეიძლება  სრულიად შეგნებული ხელშეწყობით, „თელასმა“ დამატებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო  350 მილონამდე ლარი შემოსავალი (პლიუს მინუს 10 მილიონი). და, რომ არა დღევანდელი მთავრობის და „გამოფხიზლებული“ საზოგადოების (ეს ფაქტორი უმთავრესია) მონდომება „თელასი“ უპრობლემოდ გააგრძელებდა დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღებას, რომელიც მის ზემოგებებს უზრუნველყოფდა და ამასთანავე არ ასრულებდა 2007 და 2011 წლებში გაფორმებული მემორანდუმებით აღებულ ვალდებულებებს.

ძალიან კარგი, რომ სატარიფო ციებ-ცხელება სწორი მიმართულებით წავიდა და ტარიფები შემცირდა, თუმცა აქ  მინდა გავაკეთო აუცილებელი განმარტება, იმის

შესახებ, რომ სოციალურად ორიენტირებულ ტარიფებს პრინციპულად არ ვემხრობი, ანუ არ ვარ მომხრე ისეთი ტარიფების, რომლებიც სოციალური პრობლემების

მოსაგვარებლად იქნება გამოყენებული. ვაღიარებ, ამდაგვარი ტიპის ტარიფები ძალიან ცუდია და ეს ინვესტიციების  გაზრდისათვის მოწადინებულმა ქვეყანამ არ უნდა დაუშვას, თუმცა ამასთნავე მიმაჩნია, რომ გამანაწილებელ კომპანიას  უნდა ჰქონდეს გონივრული, რეალურ ეკონომიკურ გათვლებზე და მაჩვენებელზე დაფუძნებული ტარიფი და არა ისეთი, როგორიც  „თელასს“ ჰქონდა, მემორანდუმებზე დაყრდნობით გამოყვანილი ციფრებით და მომავალში განსახორციელებელი შეპირებებით დათვლილი, რამაც ნათლად აჩვენა, რომ დაპირებები დაპირებებად დარჩა და კომპანიას კი ზემოგებები მოუტანა.

ზოგიერთი ექსპერტი, ირიბად თუ  პირდაპირ მიუთითებს, რომ მთავრობის მცდელობა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით, წინაასაარჩევნო დაპირებების შესრულებას უკავშირდებოდა. დარწმუნებული ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ მთავრობის ამოცანა არ ყოფილა მაღალი ტარიფების დაწევა იმ მიზნით, რომ მოსახლეობის სოციალური პრობლემები გადაეწყვიტა.

ილუზია იმისა, რომ რამდენიმე თეთრით დაწეული ტარიფი  სოციალურ პრობლემებს გადაწყვიტავდა ძალიან მიამიტურია. ამ აქციის მთავარი მიზანი, ჩემი აზრით, იყო გამანაწილებელი კომპანიისათვის დაუსაბუთებლი ტარიფის შემცირება, რადგან კომპანიას ჰქონდა ტარიფი, რომელიც მნიშვნელოვნად

აღემატებოდა მოცემულ ეტაპზე ენერგიის საიმედო მიწოდების აუცილებელ ხარჯებს.

ეს რომ ნამდვილად ასე იყო „თელასის“ შემთხვევაში, ისიც ადასტურებს, რომ 2007 წლის შემდეგ „თელასს“ ჰქონდა აღებული ჰიდროსადგურის მშენებლობის ვალდებულა, რაც არ განახორციელა. ამ პერიოდში „თელასმა“ დაახლოებით ზემოგების სახით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიიღო 350 მილიონ ლარამდე - ესე იგი 200 მილიონ აშშ  დოლარზე მეტი.  სამწუხაროდ უცნობია, თუ რა ნაწილი დაიხარჯა ამ თანხიდან   საერთოდ ინვესტირებაზე, (მემორანდუმების პირობების არ შესრულება აშკარად უკანონობაა, ესეც არავის აწუხებდა!).  გამანაწილებელი კომპანიისთვის ტარიფზე დაუსაბუთებელი მინიმალური ოდენობის დანამატიც აშკარა დანაშაულია და  დღეს არ შეიძლება საუბარი იყოს მხოლოდ ამ უკანონოდ მიღებული თანხის ამოღების მექანიზმის ძიებაზე (თუმცა რა თქმა უნდა მიმაჩნია ესეც ძალიან  მნიშვნელოვანია). ისე რა სიმძლავრის ჰიდროსადგურის, გნებავთ თბოსადგურის აშენება შეიძლებოდა ზემოთ აღნიშნული თანხით? მე მგონი ეს ჩვენმა ენერგეტიკაში უკვე საკმაოდ გათვიცნობირებულმა

მკითხველმა კარგად იცის.

ხუმრობა იქეთ იყოს და მუდმივად მქონდა სურვილი კითხვა დამესვა ამ აბსურდული მემორანდუმების შემქმნელ „ნაციონალ-ენერგეტიკოსებისათვის“, რომლებიც აღარ არიან დღეს ენერგეტიკაში, თუმცა მათი დიდ ნაწილი ამჟამადაც „ნაყოფიერად“ იღწვის ამ დარგის აღორძინებისათვის, რა აიძულებდათ გამანაწილებელი კომპანიისთვის (მათ  შორის ნაციონალი ლიდერების მიერ ყოველდღიურად საჯაროდ განცხადებული მტრული რუსეთის საკუთრებაში არსებულის) გენერაციის ახალი ობიექტის მშენებლობისათვის ასეთი სუპერ სასათბურე პირობების შექმნას? ის, რომ ასეთი კომპანიებისათვის მათი მონოპოლიური მდგომარეობის განმტკიცება უდიდესი შეცდომაა, გნებავთ დანაშაულია,  ენერგეტიკული დარგის ლიბერალიზაციის, რეფორმირების  კუთხით, ეს ცალსახაა. მეორე - შეადარეთ რამდენად „უკეთეს“ ფინანსურ პირობებს „სთავაზობდა“ ნაციონალური ხელისუფლება გენერაციის ობიექტის მშენებლობისათვის ამ მონოპოლურ სტრუქტურებს (ინტერრაოს, ენერგოპროს), ვიდრე შეიძლება ჰქონოდათ ქვეყანაში გენერაციის ობიექტების - ჰესების, თბოსადგურების მშენებლობისათვის შემოსულ პოტენციურ დამოუკიდებელ ინვესტორებს?!

ელექტროენერგიის ტარიფები უდაოდ გადასახედი იყო და ეს მაშინ მაინც უნდა მომხდარიყო, როდესაც 2011 წლის 8 ივნისს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ

ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის ახალი მეთოდოლოგია (აქაც უნდა ითქვას მეთედოლოგიის ასეთ ცვლილებას რეფორმირებაზე ორიენტირებული  ხელისუფლება გაცილებით ადრე, 5-6 წლის წინ განახორციელებდა და არა ასე გვიან!) დაამტკიცა, რაც უდაოდ თეორიულადაც და კანონითაც აშკარად  ითვალისწინებდა უცხოურ ენერგოკომპანიებთან დადებული მემორანდუმებიდან გამოსვლას.

სემეკის მიერ დამტკიცებული 2011 წლის ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია კომპანიის მიერ ბიზნესს გეგმის წარდგენის მიხედვით ითვალისწინებს გრძელვადიანი ტარიფის დადგენას, მაგრამ სემეკმა ეს დადგენილება, ეტყობა, დადგენილებისთვის მიიღო და თავი ნამდვილად არ

შეუწუხებია (კომპანიების მიერ წარდგენილი ბიზნეს გეგმების საინვესტიციო შეფასებებისათვის და კანონიერი კონტროლისათვის), რომ მის მიერ 2008 წლის დეკემბრის N33 დადგენილებაში - „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“,  2011 წელს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მთავრობასა და „თელასს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განახორციელა, ამ მეთოდოლოგიასთან შესაბამისობაში მოეყვანა.

რა თქმა უნდა, „დამოუკიდებელი“ ორგანოსთვის გილაურის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი, სამწუხაროდ, უფრო მისაღები იყო, ვიდრე ეკონომიკური გათვლები და კანონიერი მეთოდოლოგია. (თან მემორანდუმის მიხედვით ტარიფის დადგენას არანაირი  გათვლა არ სჭირდებოდა).

სემეკის მიერ 1998 წელს მიღებული ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია დაფუძნებული იყო  „დანახარჯები პლუს“ (cost plus) მეთოდზე, 2011

წლის დადგენილებით კი, ტარიფების დადგენა უნდა მოხდეს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ზღვრული ფასების მეთოდოლოგიის პრინციპების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების ეფექტიანობის

ზრდის სტიმულირებას, საწარმოს ხარჯების ოპტიმიზაციას. ტარიფი ეკონომიკურად დასაბუთებულ ინვესტირებული კაპიტალის უკუგების RAB (Return  Asset Base -რეგულირებადი აქტივის ბაზა) მეთოდით უნდა დაანგარიშდეს. RAB-ს ძირითადი მეთოდი არის ის, რომ რეგულირების საფუძველს წარმოადგენს დადგენილი ტარიფის გრძელვადიანობა, რაც

ბუნებრივია ამცირებს ინვესტორების რისკს და საშუალებას აძლევს მათ მოიზიდონ ასევე გრძელვადიანი სესხები. მეთოდი გარანტირებულს ხდის ინვესტიციების შენარჩუნებას და ასევე აშკარა სტიმულია ბიზნესისთვის. ამავდროულად, ეს მეთოდი უზრუნველყოფს სამართლიან უკუგებას რეგულირებადი

ორგანიზაციისათვის.

მეტად მნიშვნელოვანია, რომ რეალურად ამ მეთოდის ამუშავებით მიიღწეული იქნება, მაპატიეთ უნდა იყოს ის, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ- საქართველოს მთავრობამ აღარ გააფორმოს საეჭვო ლეგიტიმურობის მემეორანდუმები გამანაწილებელ კომპანიებთან და ტარიფის დადგენა დაუბრუნდეს მას, ვისაც კანონით ეკუთვნის მისი დადგენა-დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიას.

დღეს ფაქტიურად „ინტერრაო“, ასევე „ენერგოპრო“ მემორანდუმების გაფორმებით, რაც არაკანონიერია - ისევ ცდილობს მიიღოს თავისათვის სასათბურე და სასარგებლო პირობები. RAB-ის მეთოდოლოგიის რეალური ამოქმედებით  სემეკს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ამ კომპანიების ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული, გრძელვადიანი საინვესტიციო პროგრამა შეისწავლოს, დაადგინოს და კანონით დანერგოს კომპანიების ეკონომიკური უკუგების გონივრულობის, სამართლიანობის მონიტორინგი, რაც ამ ეტაპზე აშკარად დარღვეულია, როგორც  „თელასის“ ასევე „ენერგოპროს“ შემთხვევაში).

კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას - შეიძლებოდა თუ არა ეს ადრე განხორციელებულიყო და მიღებულიყო შესაბამისი მეთოდოლოგია, მაგალითად 2006 წლიდან ან უფრო ადრე? მიმაჩნია, შეიძლებოდა, თუ იქნებოდა ამის პოლიტიკური ნება და რეფორმების გაგრძელების მყარი სურვილი. სამწუხაროდ, რეფორმირების სურვილი ნამდვილად არ იყო.

საქართველოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რომ  სწრაფი რეფორმირება სჭირდება უდაო. რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის, რათა კრიზისში არ შევიდეს ქვეყანა?

საქართველოს ელექტროენერგეტიკისათვის აუცილებელი იყო ელექტროენერგეტიკის სრული ლიბერალიზაცია, (პროფესიულ საზოგადოებაში უდაოა, რომელ ექტროენერგეტიკის ლიბერალიზაციას ალტერნატივა არა აქვს), რაც განხორციელდა კიდევაც რეფორმების დაწყების ეტაპზე. მოხდა ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურების დაშლა და განცალკავება, ანუ - გენერაციის ობიექტების და გამანაწილებელი კომპანიების. ელექტროენერგეტიკული დარგი  ბუნებრივი მონოპოლიური სექტორების გარდა, როგორიცაა ელექტოენერგიის დიპეჩერიზაცია-გადაცემა და გამანაწილებელი ქსელები, მოიცავს ისეთ პოტენციურად კონკურენტულ სექტორებს, როგორიცაა წარმოება და გასაღება. გადაწყდა დისპეჩერიზაცია-გადაცემის სექტორი დარჩენილიყო სახელმწიფოს განმგებლობაში, ხოლო  პრივატიზაცია შეხებოდა გამანაწილებელ კომპანიებს და გენერაციას, მაგრამ უნდა ითქვას, პირველივე პრივატიზაციას დროს, როდესაც

მოხდა „თელასის“ გამანაწილებელი ქსელის განსახელმწიფოება და ის ამერიკულმა კომპანიამ  შეიძინა, მოხდა დარღვევა და გამანაწილებელი კომპანია გახდა ასევე გენერაციის ობიექტების მფლობელიც - გარდაბნის თბოსადგურის 300 მეგავატიანი ორი ბლოკი და ასევე, ჰიდროსადგურები „ხრამი 1“ და „ხრამი 2“, გრძელვადიან მართვაში გადაეცა კომპანიას, ეს იყო 1999 წელს.

პრივატიზაციის შემდგომ ეტაპზე 2007 წელს ქვეყანას შეეძლო არ მოეხდინა ახალი ვერტიკალური სტრუქტურის შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და დაშვებულ იქნა კიდევ ერთი დიდი შეცდომა, როდესაც გაერთიანებული

სადისტრიბუციო კომპანია  ჩეხურ კომპანიას „ენერგოპროს“ გადასცა, (მე აქ არ ვსაუბრობ ამ პრივატიზაციის გაუმჭირვალე სახეზე, რომელთანაც საზოგადობას უამრავი ლეგიტიმური შეკითხვა ბუნებრივად ჰქონდა და აქვს). „ენერგოპრომ“

გამანაწილებელ კომპანიასთან ერთად, ერთ პაკეტად შეიძინა იმერეთის ყველა ჰესი, ვარციხეჰესის გამოკლებით. ფაქტიურად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც გვაქვს ვერტიკალურად ინტეგრირებული ორი  კომპანია - „თელასი“ (რუსული

„ინტერრაო“) და ჩეხური „ენერგოპრო“, სადაც არის სრულად ინტეგრირებული მთელი ციკლი ენერგიის გამომუშავებით, განაწილებით და მოხმარებით.

რეალურად მომხმარებელი ორგანიზაციულად და ტექნოლოგიურად მიმაგრებულია კონკრეტულ მიმწოდებელზე და სახეზე გვაქვს ფუნდამენტური ნაკლი ვერტიკალური მოდელის და კონკურენციის შესაძლებლობის თითქმის სრულიად  გამორიცხვა.

ბუნებრივია, საქართველოში არის გენერაციის ისეთი დიდ დამოუკიდებელი წყაროები, როგორც ენგურჰესია და ვარდნილჰესი, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაა და ასევე რამდენიმე საშუალო და მცირე ჰიდროსადგური.

აფერხებს თუ არა დღეს მოქმედი სტრუქტურა დარგის

ლიბერალიზაციას? - აშკარად აფერხებს. იდეალური მოდელი იქნებოდა თუ გენერაციის ობიექტები არ იქნებიან ინტეგრირებული გამანაწილებელ კომპანიებთან და ასევე სახელმწიფო გამოსულიყო მათი სააქციო კაპიტალში მონაწილეობიდან. (ენგურჰესის და ვარდნილჰესიის შემთხვევაში გასაგები სირთულეებია). გვაქვს ურთულესი მოცემულობა (პრობლემა) და სექტორის რეფორმირების სასწრაფო და გადაუდებელი აუცილებლობა. თუმცა, ამის აუცილებლობა დგას ბოლო 5-6 წელია და დაშვებული  შეცდომების გამო, ისევ რუსულ გამოთქმას მოვიშველიებ „განვითარებული სოციალიზმის ეპოქიდან“ აშკარად „период застоя“-ში აღმოვჩნდით ენერგეტიკული რეფორმების გაგრძელების კუთხით.

მეტად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებაც, ანუ მისი ლიბერალიზაცია და მთლიანად კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, რისი საფუძველიც უნდა იყოს, მარტივად რომ ვთქვათ, ელექტროტექნიკური სიმძლავრის გადადინების „კირხოფის“ კანონები და ადამ სმიტის ეკონომიკის მოთხოვნა მიწოდების კანონები. ასევე, გადასახედია ენერგეტიკული კანონმდებლობა და ენერგეტიკის სამინისტროს როლი. ნაციონალური ხელისუფლების მიერ დანერგილი სამინისტროს „ძლიერი, არაფორმალური“ გავლენა არქაულ, საბჭოურ „საქენერგოს“ უფრო ჰგავდა. მისი მთავარი ფუნქცია ცენტრალიზებულ-მბრძანებლობითი სისტემით გამოიხატებებოდა, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება ლიბერალურ, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის მოდელს და აფერხებდა დარგის განვითარებას, რაც უეჭველად სავალალო შედეგების მომტანი იყო.

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა საინვესტიციო კლიმატზე ენერგეტიკულ სექტორშიც. არა იმაზე პასუხად, რაც ტარიფების შემცირების დროს განაცხადა ყოფილმა პრემიემინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომ

ამ აქციით საინვესტიციო კლიმატი გაუარესდა და ა. შ. ეს იმდენად უსუსური განაცხადი იყო, რომ მასზე ყურადღების შეჩერებაც არ ღირს. „თელასისთვის“ დაუმსახურებელი, ზემოგებების უზრუნველმყოფი ტარიფი უფრო

კორუფციაზე მიანიშნებდა და კორუფციულ გარემოზე, ვიდრე საინვესტიციო კლიმატზე ზრუნვაზე. მრავალი არგუმენტის მოყვანა შეიძლება იმის შესახებ, რომ ამდაგვარი მიდგომები პირიქით აუარესებდა საინვესტიციო კლიმატს. საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად უამრავი რამ არის გასაკეთებელი. დაუშვებელია, რომ საქართველოში შემოსული ინვესტორისათვის თურქეთის ენერგეტიკულ ბაზარზე შესვლის პერსპექტივა, რაც მართლა მნიშვნელოვანია, იყოს მიმზიდველობის თვალსაზრისით ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. და კიდევ, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების საქმეც მეტად მნიშვნელოვანია და მოითხოვს არაორდინალურ გადაწყვეტილებებს. სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს პროტექციონისტური პოლიტიკის (მოდელი მოსაფიქრებელია) გატარება ამ მიმართულებით და სასურველია „მწვანე ენერგიის“ მწარმოებელ ქვეყნად რაც შეიძლება მალე ჩამოვყალიბდეთ.