დემოკრატიზაციის პროცესი კავკასიასა და ცენტრალური აზიაში

დემოკრატიზაციის პროცესი კავკასიასა და ცენტრალური აზიაში

როდესაც საქმე დემოკრატიზაციაზე მიდგება, კავკასია და ცენტრალური აზია სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ქვეყნებმა და ტერიტორიებმა კავკასიაში გასული წლის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების კონტექსტში უკეთესი შეფასება მიიღეს, ხოლო ცენტრალურმა აზიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული ადგილია. ასეთია „ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები.

რაპორტში „თავისუფლება მსოფლიოში 2013 წელს“, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა, „ფრიდომ ჰაუსი“ აღნიშნავს, რომ პოლიტიკური უფლებების დაცვის საკითხი გაუმჯობესდა სომხეთში, საქართველოში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში. საქართველომ თავისი სტატუსი „ელექტორალურ დემოკრატიამდე“ აიყვანა, რაც შედეგად მოჰყვა „ოპოზიციისთვის ძალაუფლების პირველ მშვიდობიან გადაცემას იმ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასებული იყო, როგორც სამართლიანი და მშვიდობიანი და რომელიც უფრო პლურალისტურად შუქდებოდა მედიაში“.

მაგრამ ანგარიშის ავტორები საქართველოს აკრიტიკებენ ყოფილი მთავრობის ოფიციალურ პირთა დაპატიმრებათა ტალღის გამო. „საქართველომაც კი, სადაც ოპოზიციას პირველად გადაეცა ძალაუფლება დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით, წელი არცთუ ისე დამაკმაყოფილებლად დაასრულა, რადგან ახალმა მთავრობამ მალევე დააპატიმრა წინა მთავრობის 30-მდე წევრი, რამაც გააჩინა შეშფოთება პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ“.

ანგარიშში ქვეყნებს მთელ მსოფლიოში მათი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების ნიშნით ანიჭებენ ქულებს 1-დან 7-მდე (1 ყველაზე მაღალი შეფასებაა). წლევანდელ ანგარიშში საქართველო პოლიტიკური თავისუფლებების ნიშნით წინ წავიდა და შარშანდელი 4 ქულის მაგივრად 3 ქულით შეფასდა, თუმცა სამოქალაქო თავისუფლებების ნიშნით, მას ისევ 3 ქულა მიენიჭა. სომხეთმა, პოლიტიკური თავისუფლებების თვალსაზრისით, 6-ის მაგივრად 5 ქულა მიიღო იმიტომ, რომ „მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არ ჰქონდა ადგილი ძალადობას, ხოლო ნამდვილად ოპოზიციური პარტია პარლამენტში შევიდა“.

ორმა სეპარატისტულმა ტერიტორიამაც გააუმჯობესა პოლიტიკურ თავისუფლებათა მაჩვენებელი: მთიანმა ყარაბაღმა 6-ის შემდეგ, 5 ქულა მიიღო „ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში ნამდვილი ოპოზიციის მონაწილეობის გამო“, ხოლო აფხაზეთმა – 5-ის მაგივრად 4 ქულა დაიმსახურა „ნამდვილად კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების გამო, რომელშიც აქცენტი გადატანილი იქნა დამოუკიდებელ კანდიდატებზე, ნაცვლად იმისა, რომ მონაწილეობა მიეღოთ მხოლოდ სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს“.

მიუხედავად ამ პროგრესისა, დემოკრატიზაციის პროცესს რეგიონში მაინც ბევრი ხარვეზი აქვს, ამბობს კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი და კავკასიის ექსპერტი. აზერბაიჯანი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, პრობლემატურ ქვეყნად რჩება. „ფრიდომ ჰაუსმა“ ბაქო „არათავისუფალი“ ქვეყნების რიგს მიაკუთვნა და მას პოლიტიკური თავისუფლებებისთვის 6 ქულა მიანიჭა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებებისთვის – 5. გარდა ამისა, სეპარატისტულმა ტერიტორიამ, სამხრეთ ოსეთმა პოლიტიკურ თავისუფლებებში 7 ქულა მიიღო, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებებში – 6.

ველტმა აღნიშნა, რომ „სიტუაცია ადგილზე“, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში, ნამდვილად გამოსწორდა იქაური მოსახლეობისთვის, მაგრამ „მთიანი ყარაბაღისა და განსაკუთრებით აფხაზეთის რეიტინგები მუდმივად ბადებენ შემდეგ კითხვას – როგორ უნდა გაიზომოს პოლიტიკური უფლებები იმ წარმონაქმნებში, რომლებმაც საკუთარი მოსახლეობის დიდ პროცენტს ეთნიკური წმენდა მოუწყეს“.

ზაურ შირიევი, ანალიტიკოსი ბაქოდან, ჟურნალ „კავკაზუს ინტერნეიშენელის“ რედაქტორი ამბობს, რომ ცვლილებები კავკასიაში ნელა, მაგრამ მაინც ხდება, ნაწილობრივ ევროპის კავშირის ზეწოლის გამოც. „შარშანდელ წელს რომ გადავხედოთ, ცვილილებები შედგა და შედგა ძალადობის გარეშე“, ამბობს შირიევი. „მთავარი მაგალითი საქართველოა, სადაც მმართველმა პარტიამ წააგო არჩევნები და პოლიტიკური ძალაუფლება მშვიდობიანად შეიცვალა. ეს უპრეცედენტო ამბავია კავკასიისთვის. რაც შეეხება სომხეთს, მაისის საპარლამენტო არჩევნები ასეთი საეტაპო მოვლენა არ იყო, მაგრამ ამ არჩევნებმა შედეგად ის გამოიღო, რომ განმტკიცდა ევროკავშირის მონაწილეობა ევროპაში სომხეთის „პირობებით დადგენილი ინტეგრაციისათვის“. და რადგან ევროკავშირმა გაზარდა თავისი როლი სომხეთში, ერევანი ცოტ-ცოტა მიიწევს წინ დემოკრატიული განვითარებისკენ“.

ცენტრალურ აზიაში სვლა ლიბერალიზაციისკენ არ შეინიშნება – ყაზახეთმა და ტაჯიკეთმა უფრო დაბალი ქულები მიიღეს წელს. ხოლო უზბეკეთი და თურქმენეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის რჩებიან, რომელთაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამოქალაქო თავისუფლებათა კონტექსტში.

ტაჯიკეთმა სამოქალაქო თავისუფლებებში 5-ის ნაცვლად 6 ქულა მიიღო იმ სამხედრო ოპერაციის გამო, რომელიც მთიან ბადახშანში ჩაატარა და რომელშიც დაიღუპა ბევრი ადამიანი, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დაისაჯა ბევრი და მედია დაარბიეს.

და მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი წელს ისევე შეფასდა, როგორც შარშან, მან 6 ქულა მიიღო პოლიტიკური თავისუფლებებისთვის, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებებისთვის – 5 ( შესაბამისად, ისევ მიეკუთვნა „არათავისუფალი“ ქვეყნების რიცხვს), „ფრიდომ ჰაუსის“ თქმით, გამოიკვეთა რეგრესის ტენდენცია, რადგან ქვეყნის მედიაგარემო „გაუარესდა 2011 წლის სოციალური არეულობების დროს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური გაზეთების გაუქმების, ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების დაბლოკვის გამო“. ყირგიზეთს ასევე ცუდი რეიტინგი აქვს, პოლიტიკურ და სამოქალაქო თავისუფლებებში მან 5-5 ქულა მიიღო.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მაგალითად, თურქეთის რეიტინგი სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით, 3-დან 4-მდე შემცირდა „იმის გამო, რომ ათასობით ადამიანი, მათ შორის – ქურთები, ჟურნალისტები, პროფკავშირის ლიდერები, სტუდენტები და სამხედრო ოფიცრები სასამართლომდე დააპატიმრეს. ბევრის აზრით, ეს კამპანია პოლიტიკურად იყო მოტივირებული“.

foreignpress.ge