ახალი მთავრობის მინისტრთა კაბინეტში სულ სუსტი სქესის სამი წარმომადგენელია, მათგან ერთს კი ძალოვანი უწყების მნიშვნელოვანი რგოლი აბარია.
"ის საკმაოდ ცნობილი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გამხდარი ქალბატონია, ძალიან მებრძოლი გახლავთ.. მას გუნდში აქვს გამორჩეული ადგილი. მოკლედ, თეა რომ გაიმარჯვებს, ეჭვი არავის ეპარება, ჟურნალისტებსაც კი..." _ ასე შეაფასა თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში.
ივანიშვილის პროგნოზი გამართლდა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით წულუკიანი ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, თუმცა ძალიან მალე საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და დღეს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობს.
ალბათ, უდავოა, რომ დღეს ახალ ხელისუფლებაში ყველაზე მეტი საქმე სწორედ იუსტიციის სამინისტროს გააჩნია და მუშაობს კიდეც. ამას უმცირესობაშიც აღიარებენ.
"ჯერჯერობით ამ ხელისუფლებისგან, ავად თუ კარგად, მხოლოდ საგამოძიებო სისტემა მუშაობას" - აღნიშნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
თავის მხრივ კი, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ "დროებითი მინისტრია".
"მე მაინც ვთვლი, რომ დროებით ვარ საქართველოში. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი მიღწეულია. ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" ისე დამარცხება, რომ მე არ მგონია, რომ მათ პოლიტიკური მომავალი უმრავლესობაში ჰქონდეთ. ეს მე ძალიან მახარებს. ამისთვის ჩამოვედი მე საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩემი პატარა მიზანი რაც დარჩა, მოკლე დროის განმავლობაში, რაც აქ დავრჩები არის, რომ იმ სამინისტროში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა გამომიცხადა და ჩამაბარა, რამდენიმე სერიოზული რეფორმა განვახორციელო", - განაცხადა წულუკიანმა.
ამდენად, "პირWელი" თეა წულუკიანის ფინანსურ დეკლარაციას გთავაზობთ:
2012 წლის 21 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, თეა წულუკიანს და მისი ოჯახის წევრებს – დედას (გიული შანიძე), მამას (ავთანდილ წულუკიანს) და ძმას (ბათუ წულუკიანს) მიწის 4 ნაკვეთი გააჩნიათ თბილისში (სოფელი დიღომი), საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, დუშეთის რაიონის სოფელ ანანურსა და სამტრედიის რაიონის სოფელ ნოღაში. ნაკვეთების საერთო ფართობი 5 277 კვ.მ-ია.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის სახელზეა გაფორმებული 120 კვ.მ ფართობის ბინა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში და 6 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართი. ასევე წულუკიანს ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი თბილისში, სოფელ დიღომში, საერთო ფართობით, 400 კვ.მ. და დიღომშივე - ავტოფარეხი (30 კვ.მ.).
რაც შეეხება ოჯახის წევრებზე გაფორმებულ სხვა უძრავ ქონებას, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მინისტრის მამას ეკუთვნის დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში საცხოვრებელი სახლი (300 კვ.მ), ხოლო დედის კუთვნილებაა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ ფართობის ბინა და არასაცხოვრებელი ფართი (36.0 კვ.მ).
მოძრავ ქონებას რაც შეეხება, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), იუსტიციის მინისტრს დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული აქვს, რომ მას 2003 წელს გამოშვებული Mini Cooper ჰყავს, ხოლო მის ძმას – 2000 წლის BMW 323.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, არც წულუკიანს და არც მისი ოჯახის წვერებს ფასიანი ქაღალდები არ გააჩნიათ.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", ჩაწერილია, რომ წულუკიანს 6 000 აშშ დოლარი გააჩნია.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, არც მინისტრი და არც მისი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება არასამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალს, ფინანსური დეკლარაციის თანახმად, 2011 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ადამიანის უფლებათა სამართალში ლექციების წაკითხვისთვის ანაზღაურების სახით, 5 396.48 ლარი მიიღო. მისმა ძმამ ბათუ წულუკიანმა კი საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობაში პროექტის მენეჯერობისთვის ხელფასის სახით, 26 000 ლარი გამოიმუშავა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრს "საქართველოს ბანკში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე კრედიტის სახით, 3 779 ლარი აქვს დაფიქსირებული, "კრედი ლიონეს" მიმდინარე ანგარიშზე კი – 801 ლარი (კრედიტი).
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, 2011 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, არც წულუკიანს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღია.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში, რომელშიც 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, იუსტიციის მინისტრს და მისი ოჯახის წევრების შემოსავალ-გასავალია დაფიქსირებული, მითითებულია, რომ წულუკიანმა მსუბუქი ავტომობილის გასხვისების შედეგად 6 000 აშშ დოლარი მიიღო, დედამისმა – გიული შანიძემ პენსიის სახით, 1524 ლარის შემოსავალი მიიღო, მამამისმა კი – 14 440 ლარის.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის ოჯახი დედის – გიული შანიძის, მამის – ავთანდილ წულუკიანის და ძმის - ბათუ წულუკიანისგან შედგება.