2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთო ჯამში მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობოდა. დაფიქსირდება მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან, მათ შორის გლდანში, ზუგდიდში და მარნეულში. დაფიქსირდება მაღალი აქტივობა.
ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნაკლებად იქნება წარმოდგენილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისთვის.
„თითოეული ხმა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის იმიტომ, რომ ზოგ შემთხვევაში სწორედ მცირედით შეიძლება გადაწყდეს პირველი ტურის ბედი. შესაბამისად, ყველა ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საარჩევნო უბნების დახურვამდე გამარჯვებას ზეიმობს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. აქციაზე უკვე დამონტაჟებულია სცენა და ეკრანი, საიდანაც პარტიის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღეს „ქართულ ოცნებას“ დაემშვიდობებიან.
საარჩევნო უბნების დახურვამდე განცხადება გააკეთა აშშ–ის ელჩმა, კელი დეგნანმა, რომლის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიის მხარდამჭერმა მშვიდად მიიღოს შედეგები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ“, – განახცადა კელი დეგნანმა.
„ყველას ვურჩევ, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება“, – ასეთია ადამ კინზინგერის გზავნილი. ამერიკელი კონგრესმენი „ტვიტერზე“ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ თვალს ადევნებს ამერიკის მოკავშირე საქართველოში არჩევნებზე განვითარებულ პროცესებს.
„თვალს ვადევნებ ჩვენს მოკავშირე საქართველოში მიმდინარე არჩევნებს. ყველას ვურჩევ, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში თაღლითობას, დაშინებასა და ხმების მოსყიდვას ადგილი არ აქვს. ჩვენი ერები ძლიერი და ერთიანია და ამერიკას საქართველოს იმედი აქვს“, – წერს ადამ კინზინგერი.
„ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, „ქართული ოცნება“ დამარცხდა“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, რომლის განცხადებით, პარტიის ხელთ არსებული ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ ოპოზიცია იგებს, არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ დედაქალაქ თბილისშიც. უდუმაშვილმა ხელისუფლებას მიმართა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„შემიძლია დამაჯერებლად გითხრათ, ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვდის საარჩევნო უბნებიდან გვიდასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში. მოვიგეთ ყველა დიდ ქალაქში და მათ შორის, გავიმარჯვეთ თბილისშიც. ყველა ინფორმაცია გვიდასტურებს, რომ თბილისი მოიგო ოპოზიციამ.
ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, რომ პარტია ან პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც თბილისს იგებენ, ისინი მარცხდებოდნენ არჩევნებში. ვინც იგებს თბილისს, ის აკომპლექტებს მთავრობას, ანუ მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კი მივმართავ, ნუ ჩაყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს. არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
მხარდამჭერებს მიმართავს ნიკა მელია, რომ კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება. მელია, მომხრეებს გლდანის ცენტრალურ შტაბში იწვევს. სწორედ გლდანი იყო დაპირისპირების ერთ–ერთი ადგლი, სადაც მელიას მხარდამჭერები შეიარაღებული გადააგილდებოდნენ, ასევე მელიას შტაბში გამოჩნდნენ კრიმინალური ავტორიტეტები, რომელებიც ღიად დაუპირისპირდნენ ამომრჩევლებს. მელია აცხადებს, რომ გლდანში მმართველი გუნდის კანდიდატი მარცხდება და ამ მოტივით კრიმინალური ავტორიტეტები ჰყვათ მობილიზებული.
„მობილიზაციაა ყველა კრიმინალის. იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ პირველ მიკრორაიონში, 84–ე საარჩევნო უბანთან და იარაღის მუქარით, ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც კახი კალაძის ბავშვობის მეგობარია, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს. ამ დროს პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელი იყო საარჩევნო უბანზე, ირაკლი ეძგვერაძე, ჩემი მეგობარი დააკავეს. ჩვენ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი და ადვოკატებიც ვერ პოულობენ. ეს არჩევნები დიდი სხვაობით გაქვთ წაგებული და როგორც ვატყობ, არა მხოლოდ გლდანის რაიონში. ჩვენ ხმებს დავიცავთ, არ გაგაყალბებინებთ. ეს არჩევნები მოგებულია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ძალიან დიდ ტყუილს“ უწოდებს გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კალაძის ბავშვობის მეგობარმა დათო კვიჟინაძემ დამკვირვებლებს საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი იარაღი დაუმიზნა. როგორც კალაძე აცხადებს, მელია არის კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს კრიმინალური ავტორიტეტები.
„ნიკა მელია არის კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს კრიმინალური ავტორიტეტები. კონკრეტულად დავასახელე – მეტსახელად „ჭყიპინა“. მთელი დღის განმავლობაში არაერთი ვიდეო–მასალა გავრცელდა, როგორ აშინებდა ეს ადამიანი ამომრჩეველს. პროვოკაცია რომ მოხდა, პასუხისმგებლობა ამ კრიმინალებს ეკისრებათ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს ქვეყნის მოსახლეობა დაასრულებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.