ეკა ბესელია:

ეკა ბესელია: "სააკაშვილი ცდილობს, ქართველ ხალხს და ახალ ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას"

13 იანვარს ციხის კედლები 190-მდე პოლიტპატიმარმა დატოვა. ცოტა ხანში კი ამნისტია სხვა კატეგორიის პატიმართა მიმართაც აღსრულდება. ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება.

- ქალბატონო ეკა, ამნისტიის შედეგად პოლიტპატიმარებმა ციხეები უკვე დატოვეს, თუ განაგრძობს თქვენი კომიტეტი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ სხვა პირთა საქმეების შესწავლას, ან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთა საქმეებს თუ გადახედავთ?
- დავიწყოთ იმით, რომ არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე ვნახე ერთად თავმოყრილი უამრავი უდანაშაულო, ხელისუფლებისგან გაწამებული ადამიანი, რომლებმაც ციხეში არაერთი წელი გაატარეს. ეს წლები, როგორც მათთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის დარჩება როგორც ავადმოსაგონარი და ჯოჯოხეთური. ვნახე ძალიან ბევრი გაბრწყინებული და იმედიანი ადამიანი. არჩევნების შემდეგ, ეს დღე ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამდენი პოლიტპატიმარი მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია. საოცარია, როგორ გაუძლო ჩვენმა ხალხმა ამხელა წნეხს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ კუთხით ლიდერები ვართ. უამრავი ადამიანი გახდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ეს იყო პოლიტპატიმართა გათავისუფლების მხოლოდ პირველი ეტაპი, მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ სხვა პირთა საქმეების შესწავლა. ადვილი შესაძლებელია პოლიტპატიმართა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას ამ კუთხით, კვლავ გამოვავლენთ წინა ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებს. მე შემოვიარე ყველა ის დაწესებულება, სადაც პატიმართა ცემისა და წამების შემზარავი კადრებია გადაღებული. კიდევ ერთხელ გავაანალიზე, რა არაადამიანური ტანჯვა-წამება გადაიტანეს ამ ადამიანებმა. ამიტომაც იყო დაუვიწყარი ის დღე, როცა ამდენ პოლიტპატიმარს ჩემი ხელით გავუღე ციხის კარი და წინ გავუძეხი თავისუფლებისკენ. არასოდეს დამავიწყდება ამ დატანჯული ადამიანების მადლერებით აღსავსე თვალები...

- ამნისტიის პირველი ეტაპი პოლიტპატიმრებს შეეხო, შემდეგი ეტაპი რა იქნება და რა პერიოდს მოიცავს ამნისტიის საბოლოო აღსრულება?
- ამის შემდეგ გაგრძელდება პოლიტდევნილების ქვეყანაში დაბრუნების და მათზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის პროცესი. წინა ხელისუფლებისგან უსამართლოდ და უკანონოდ დევნილი ადამიანები დროულად რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყანას და ოჯახებს. შემდეგ ეტაპზე ამნისტია აღსრულდება სხვა პირთა მიმართ, რომელთა საქმეები ექვემდებარება გათავისუფლებას და სასჯელის შემსუბუქებას. ეს პროცესი დაახლოებით ორ თვეს გასტანს. ასევე განვაგრძობთ იმ საქმეების შესწავლას, რომლებზეც შემოსულია საჩივრები. განვაგრძობთ მუშაობას სასამართლო რეფორმაზე, რათა დროულად მოხდეს ამ საქმეების განხილვა დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ.

- საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თქვენი კომიტეტის, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების გვერდის ავლით, ერთპიროვნულად შეიწყალა 1500 საშიში დამნაშავე და კრიმინალი. თუ ხართ საქმის კურსში, ვინ შეიწყალა პრეზიდენტმა?
- მოგახსენებთ. მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებული 1500 პირიდან, 800-მდე მსჯავრდადებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, მათ შორის - არასრულწლოვანთა გაუპატიურებისთვის, მკვლელობებისთვის... მიხეილ სააკაშვილი გვადანაშაულებს, რომ თითქოს გამოვუშვით პედოფილიაში გასამართლებული პირები, არადა, თვითონ შეიწყალა ყველაზე საშიში დამნაშავეები, თანაც ჩუმად, არავის რომ არ გაეგო. აშკარაა, პრეზიდენტი დგამს სახიფათო ნაბიჯებს, მეტი პრობლემები
რომ შეუქმნას ქართველ ხალხს და ახალ ხელისუფლებას. მიხეილ
სააკაშვილის 9-წლიანი მოღვაწობა სწორედ იმის დასტურია, რომ ის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს.