„თუკი ვანო მერაბიშვილი რაიმეს გეგმავს, ამაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იზრუნონ, ხალხი მათ მაგივრად ვერაფერს იზამს“

„თუკი ვანო მერაბიშვილი რაიმეს გეგმავს, ამაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იზრუნონ, ხალხი მათ მაგივრად ვერაფერს იზამს“

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია რევოლუციური სცენარისთვის ემზადება, რადგანაც იციან, რომ „ოცნება“ იმარჯვებს. ამიტომაც რადიკალური მეთოდების გამოყენებით, ქვეყანაში არეულობის მოწყობას შეეცდებიან. კერძოდ ენმ-ს ვანო მერაბიშვილის მეშვეობით სხვადასხვა ე.წ. შტაბები აქვს შექმნილი, სადაც სწორედ რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ.

ანალიტიკოსები კი for.ge-სთან ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არეულობის მოწყობა გულითაც რომ უნდოდეს, ხალხი არ გაჰყვება. მათი აზრით, თავად პარტიაშიც იციან, რომ 15%-იანი ამომრჩევლის გარდა, რუსთაველზე მათ გამო არავინ გავა. ასევე საზოგადოებაში არაა განწყობა, რომ ოღონდ ხელისუფლება წავიდეს და სხვა ვინც გინდა მოვიდეს. შესაბამისად, „ოცნება“, დიდი ალბათობით, მესამე ვადით ხელისუფლებაში მოვა. ისინი ხელისუფლებას ურჩევენ, თუკი მსგავსი ინფორმაცია რეალურია, მაშინ იმოქმედონ და ეს უკანონობა შესაბამისმა უწყებამ აღკვეთოს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას. რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ზრახვებზე მეტყველებს მათ მიერ გაყალბებულ კვლევებში დასმული აქცენტები და ამ კვლევების პროპაგანდირების ფორმებიც. საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია კვლევებს არა საზოგადოების განწყობების შესასწავლად, არამედ საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს, თუმცა მათი ამგვარი მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის - „აიპიემისთვის“ დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ? და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებელი პასუხები - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება!“, - აცხადებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს!

ამასთანავე კობახიძის მტკიცებით, მათ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

„გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა.

ჩვენი მხრივ, ვპირდებით მოქალაქეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად. სწორედ ასეთ, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველ ხალხთან ერთად, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე კი ამბობს, რომ შაბათს, არჩევნების დღეს, პარლამენტის წინ აქცია იგეგმება. ბარამიძე ამბობს, რომ ეს იქნება გამარჯვების აქცია. გიორგი ბარამიძის თქმით, ქართველი ხალხის ვერდიქტი მშვიდობიანად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა და მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება.

„ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვების აქციას და გვინდა, რომ პარლამენტის წინ ეს აღვნიშნოთ. 8 წელიწადია იძახიან, რომ დესტაბილიზაციას ვახდენთ, სახელმწიფო გადატრიალებას ვახდენთ, საბურავებს ვაგროვებთ. სად არის? შიშს დიდი თვალები აქვს, იციან, რომ აგებენ და არ უნდათ, რომ ეს დათმონ და ისიც იციან, რომ ხალხის ძალას ვერაფერს ვერ დაუპირისპირებენ. გამარჯვებული ადამიანები რომ შეიკრიბებიან, მერე როგორ დაიწერენ გაყალბებულ ციფრებს, ეგ რომ ვერ მოხდება, ეს კარგად იციან და ამის ეშინიათ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ ლევან კობერიძე კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, არჩევნების დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განმარტავს, რომ ამ პოლიტიკური ძალის მიერ, პროვოკაციული ქმედებები გასაკვირი არ არის.

ამასთან, ლევან კობერიძემ ისიც აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს აქციის გამართვა, მათი პოლიტიკური პარტიის დღის წერიგში არ შედის.

„ჩვენ დღეს გვაქვს წინასაარჩევნო აქცია დაანონსებული მოსახლეობის მობილიზაციისათვის. ისე, სულ არ გამიკვირდება ასეთი ტიპის ძალებისაგან პროვოკაციული ქმედებები და „ქართულ ოცნებასთან“ გარკვეული შეთანხმებული მოქმედებები. ჩვენ ხშირად გვინახავს პოლიტიკურ ასპარეზზე ეს ორი ძალა როგორ კვებავს ერთმანეთს. დღეს, დღის წესრიგი არის ის, რომ მოსახლეობამ აირჩიოს ისეთი ახალი ძალა, რომელსაც თავისი პოლიტიკური შინაარსით შეუძლია, რომ ქვეყნის მართვა მშვიდობიანად გადმოიბაროს, ასეთი ძალა კი არის „ლელო“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალურმა მაოძრაობამ“ კარგად იცის საზოგადოებაში პოპულარულები არ არინ და რევოლუციას ვერ მოაწყობენ ეს რომც უნდოდეთ. მისი აზრით, პარტიას ხალხი არ აყვება და შესაბამისად მათგან რაიმე გადატრიალებებს ვინმე რომც ელოდებოდეს, ეს შეუძლებელი იქნება, რადგან ხალისგან მხადაჭერა სჭირდებათ, რასაც ვერ მიიღებენ.

 ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ენმ-ს ძალიან მოსწონს საყვარელი ოპოზიციური პარტიის როლში ყოფნა. კომფორტულად არიან და პირველი ოპოზიციური პარტიის ნიშასაც კარგად ყაბულდებიან. ამიტომ ანალიტიკოსი არ მოელის, რომ მათ რაიმე რევოლუციური სცენარის რესურსი ჰქონდეთ.

„15%-ანი ამომრჩეველი ჰყავთ სტაბილურად და იციან, რომ დანარჩენ ამომრჩეველს ისინი სძულს. ამიტომაც ამ რაოდენობის პარტიული ამომრჩევლის ხარჯზე რა რევოლუცია უნდა მოაწყონ? ამიტომ კარგად იციან რას ფიქრობს ხალხი მათზე. ძალიან კარგად არიან და ეჭვი მეპარება ამ კომფორტულად ყოფნას შეელიონ და შარში თავი გაყონ. მით უმეტეს როცა იციან, რომ ხალხი მათ გვერდით არ დადგება. თუ ნაციონალებს თავზე ისეთი ბედნიერება დაეცათ, რომ „ოცნებამ“ მთავრობა ვერც უმრავლესობით და ვერც კოალიციით ვერ ჩამოაყალიბა, აი, მაშინ კი, ამის გამოყენებას შეეცდებიან, მერე რომ სხვა პარტიებთან ერთად მთავრობის დაკომპლექტება შეძლონ, ამიტომ რევოლუციით საქმეს არ გაიფუჭებენ. ერთი მხრივ, ენმ იქნება ისევ ოპოზიციაში და ყველაფერს ივანიშვილს და რუსეთს დააბრალებს. ხოლო, თუ კიდევ შანსი მიეცა, როგორც ვთქვი, მის გამოყენებას შეეცდება“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციის გზით წავიდა, როგორც ხელისუფლებას, ასევე პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსაც დაკარგავს. ხალხის აგრესია სრულიად მასზე გადავა და ამით ვერაფერს მოიგებს. ამიტომაც ეს ზედმეტი თავის ტკივილი არავის არაფერში სჭირდება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პირიქით, პარტია 2024 წლამდე კომფორტული ცხოვრებისთვის ემზადება. ხოლო როდესაც საარჩევნო სისტემა უკვე მთლინად პროპორციულზე გადავა, ამ შემთხვევაში უფრო მეტი ამბიციები ექნებათ.

„ქუჩაში გამოვლენ, ცოტას იყვირებენ და დაიშლებიან. ხალხში არ არის განცდა, რომ ოღონდ ეს მთავრობა წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს. მართალია კორონა ვირუსი პრობლემაა, გაღარიბებულია ხალხი, მაგრამ ნაციონალების გამო გარეთ არავინ გამოვა. სხვა ვიღაც „თეთრ ცხენზე“ ამხედრებული ივანიშვილი რომ გამოჩნდეს, კიდევ ჰო და ახლა ამათ გამო ისედაც გაუბედურებული ხალხი ქუჩაში არ დადგება. ამ წარსულის პარტიებში ხალხი მომავალს ვერ ხედავს. მოსახლეობა გამოსავალს ვერ ხედავს და ამიტომაც ისევ ეს ხელისუფლება ურჩევნია. ნაციონალები კი ფიქრობენ, რომ 2024 წლამდე ოპოზიციით უფრო ადვილად მივლენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასეთ განცახდებას აკეთებს, უცნაურია, რადგანაც მათი ვალდებულებაა, რომ ქვეყანაში თუკი ვინმე უკანონობას სჩადის, ამაზე რეგირება მოახდინოს. ძაბირაძე ამბობს, რომ თუკი ვანო მერაბიშვილი სამხედროებთან თუ ძალოვანი სტურქტურების წარმომადგენლებთან ერთად რაიმეს გეგმავს, მაშინ ამაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხალხი მათ მაგივრად ვერაფერს იზამს და თუკი რეგირებაა საჭირო, სჯობს დროზე ჩაერიონ.

„თუ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ ბანკის მძარცველს ნუ კი დასდევენ, ამათ მიხედონ. ქვეყანაში ერთი ბანკის ძარცვას როგორღაც ავიტანთ, მარა რევოლუციებს და გადატრიალებას ისედაც გაჭირვებული ქვეყანა ვერ აიტანს. მეორე რევოლუციები ასე მარტივად არ ხდება. ამას მინიმუმ საზოგადოებაში განწყობა სჭირდება. ან მერაბიშვილს შეიარაღებული ფორმირება უნდა ჰყავდეს. თუ ამ ხალხს უკანონო დაჯგუფებები ჰყავს, მაშინ რას აკეთებენ? სერიოზული საპროტესტო მუხტიც კი არ არის საზოგადოებაში, რაზე ვსაუბრობთ.

ის რასაც მედიაში ვხედავთ, ეს არის პოლიტიკური ელიტა და მათი ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ რომ სიტუაცია ხელოვნურად დაძაბონ. ისიც კი არ იგრძნობა, რომ ერთ დღეში არჩევნებია. რა რევოლუციურ სცენარზე ვსაუბრობთ ვერ ვიგებ. მათი აქტივის რაღაცა გამოსვლები იქნება, მაგრამ ამ აქტივს ხალხის მხადაჭერა არ ექნება. ხალხს სულაც არ აინტერესებს ახლა ნაციონალების საპროტესტო აქციები. კობახიძის განცახდება მაინც მგონია, რომ საკუთარი ამომრჩევლის უკან დაბრუნების მცდელობაა. ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობენ, თორემ ნაციონალებს რომ არავინ გაყვება რევოლუციისთვის, ეს თავად ამ პარტიამაც კარგად იცის“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ყველა კვლევებიდან ნათლად ჩანს ტენდენცია, რომ „ოცნება“ ამ არჩევნებში პირველ ადგილზე გავა, რაც კონსტიტუციით მას აძლევს საშუალებას, რომ ხელისუფლების დაკომპლექტება მან სცადოს. ძაბირაძე ამბობს, რომ ძალიან მაღალი ალბათობით მმართველი გუნდი ამას შეძლებს. აქ მხოლოდ ერთი ინტრიგა რჩება, შეძლებს მთავრობის მარტო დაკომპლექტებას დეპუტატების გადაბირებით თუ შეძლებს 76-მანდატის აღებას. მისი აზრით, მაღალია ალბათობა იმის, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს.